კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ექსტრემალი მოლაშქრე ერთ ბინაში ფრინველებთან, გველთან, გომბეშოებთან და კუსთან ერთად

„ალბათ, ჩემი გზა მაქვს და სადაც მიმიყვანს ეს გზა, იქ მივალ” – ეს სიტყვები ექსტრემალ მოლაშქრეს, როგორც მას საზოგადოება იცნობს „თავისუფალ ადამიანს – თემოს” ეკუთვნის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთი მოლაშქრეა, რომელიც ველურ ბუნებაში მარტო, რამდენიმე ასეულ კილომეტრს გადის.
თემო: 12 წლის ასაკიდან დავიწყე მოლაშქრეობა, ახლო-მახლო დავდიოდი, ტყეში... უბანში „პარტიზანი” შემარქვეს. ჩემმა მშობლებმა ერთი-ორჯერ რომ დარეკეს პოლიციაში და მერე ხან თბილისის ზღვაზე მიპოვეს, ხან კიდევ სხვა ადგილას, უკვე არსად აღარ რეკავდნენ – თვითონ მოვა სახლშიო. ღამისთევით 14 წლის ასაკიდანაც გავსულვარ სალაშქროდ, თუმცა მაშინ არც კარავი მქონდა და არც აღჭურვილობა.
– ამ ასაკში, ძირითადად, პროტესტის გრძნობის გამო იქცევიან ასე. თქვენ მაშინ რა გამოძრავებდათ?
– შეიძლება, ეს ერთგვარი პროტესტიც იყო – მაშინ, გარდატეხის ასაკში ვიყავი, უამრავი პრობლემა მქონდა. გოგონებს არასდროს მოვწონდი – ეს მოქმედებდა ჩემზე. ბუნებაში, მარტოობაში რაღაც განსაკუთრებულ ძალას, სიბრძნეს ვპოულობდი, რაც ძალიან მჭირდებოდა. როგორც ნარკომანი ვერ ძლებს ნარკოტიკის გარეშე, ასე ვიყავი მეც – მუდმივად ვგრძნობდი ბუნების ძახილს. ახლაც ასე ვარ, თუმცა, პროტესტის გრძნობა აღარ მაქვს. ბევრს უკვირს: რატომ დადიხარ მარტოო. ეს ჩემთვის სპორტია, ბიოლოგია, გეოლოგია, არქეოლოგიაც – ივრის ზეგანზე აღმოვაჩინე სამარხები. სამწუხაროდ, ვერც ვიპოვე ისეთი კომპანიონი, რომელსაც გავუგებდი, ერთად ვივლიდით, რადგან შეიძლება, ბევრისთვის უცნაური ადამიანი ვარ, ბევრს არ მოსწონს ის, რაც მე მომწონს.
– როგორ ადგენთ მარშრუტს?
– თავიდან ცოტა ქაოსურად დავდიოდი. შემდეგ კახეთში წავედი, მომეწონა და გადავწყვიტე, მოვიარო კახეთი, ქართლი და ჯავახეთი. შემდეგ დასავლეთში გადავალ. კახეთის თითქმის ნახევარი მაქვს მოვლილი. ასობით კილომეტრს გავდივარ ფეხით, ხუთ დღეში 100 კილომეტრის დიდი ზურგჩანთით გავლა ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 6 დღე, 5 ღამე გამიტარებია ლაშქრობაში. ძალიან ბევრს დავდივარ: დილიდან დაღამებამდე. მძიმე ზურგჩანთით საშუალოდ დღეში 20-25 კილომეტრს გავდივარ,  პატარა ზურგჩანთით კი 60 კილომეტრი მივლია. ალბათ, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ მყავს კომპანიონი. ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა: რომ გახდე თავისუფალი, ყველაფერი უნდა დაკარგოო. მეც როცა წლების წინ სამსახური დავკარგე, თავისუფლება ვიპოვე, ეს მომენტი გამოვიყენე და უფრო სისტემატურად დავიწყე სიარული. რა თქმა უნდა, პრობლემები მეც მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სტაბილური შემოსავალი არ მაქვს, თორემ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მაქვს. მე საზოგადოებაზე ვმუშაობ, ბევრ პრობლემას ვხედავ და ვცდილობ, ეს დავანახვო ხალხს, გავუზიარო. ყოველი ლაშქრობიდან სხვა ადამიანად ვბრუნდები. ეს ჩემთვის სპორტია, ფოტოხელოვნება, ცხოველებზე დაკვრივება, ბრაკონიერებთან ბრძოლაც კი, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
– რა წესებს იცავთ უსაფრთხოებისთვის?
– სახლში სანადირო იარაღი მაქვს, თუმცა ნადირობა არ მიყვარს, არასდროს ვნადირობ. ეს იარაღი უფრო თავის დასაცავად მქონდა ან სავარჯიშოდ. ადრე ვატარებდი, მაგრამ ახლა აღარ დამაქვს, არ მჭირდება. საქართველოში არ არიან ისეთი ცხოველები, რომლებიც საფრთხეს შეგიქმნიან. მურა დათვი და მგელი კი არის, მაგრამ ადამიანებზე თავდასხმა არ დაფიქსირებულა. დათვი ღამით კარავში რომ დამესხას თავს მაინც ვერაფერი მიშველის. ველურ ბუნებაში დაცული არავინ არის, ყველაფერია მოსალოდნელი და შესაბამისად, არც მე ვარ დაცული. თუმცა სიფრთხილის ელემენტარული ზომები უნდა მიიღო. დათვი პირისპირ არ შემხვედრია, მაგრამ მგელი ახლოს მოსულა, უბრალოდ, ფოტო ვერ გადამიღია. ჩემი თავგადასავლები გრძელდება და იმედია, დათვსაც ვნახავ.
– რომელია ყველაზე მაღალი წერტილი, სადაც მარტო იყავით?
– მყინვარწვერზე, რომელიც საკმაოდ რთული ასასვლელია. ადგილობრივებიც გაოცებულები დარჩნენ, ისეთი აღჭურვილობით ვიყავი. მეც რომ მახსენდება, მეცინება – იმხელა რისკზე წავედი... მაგრამ მოვახერხე და ავედი, ყველას დავუმტკიცე, რომ მე ეს შემიძლია. გზაში ერთი პოლონელი შემხვდა და ისიც ავიყვანე, გზა აებნა, ვერ ადიოდა. მყინვარწვერზე ასვლაში ყველაზე მეტად  ცუდმა აღჭურვილობამ შემიშალა ხელი.  თან, უცნობი ადგილი იყო, ბევრი სახიფათო მონაკვეთით. მეტეოსადგურამდე ასვლას ორი დღე უნდა, მე ერთ დღეში მოვახერხე, თუმცა იმდენად გრძელი გზაა, სანამ პლატოდან მწვერვალზე ასვლას დაიწყებ, უკვე დაღლილი ხარ.
– მგონი, ყველაზე სწრაფი ადამიანი ხართ საქართველოში.
– არ ვიცი, რადგან გზაში დეტალურ ფოტოებსაც ვიღებ,  რაც კი მხვდება, ყველაფერს ვაფიქსირებ და შეიძლება, მომავალში მცენარის რაიმე ახალი სახეობაც აღმოვაჩინო. იშვიათი ჯიშის და წითელ ნუსხაში შესული ბევრი მცენარე შემხვედრია. ასე აღმოვაჩინე სამარხებიც. ჩემი ძირითადი მარშრუტი ვაშლოვანის ნაკრძალი იყო. ზოგჯერ მიწევდა ნაკრძალის იქით, ივრის ზეგანზე გადასვლა. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაცას ვიპოვიდი. ეს ადგილი შეუსწავლელია, მაგრამ იმავდროულად ადვილია სამუშაოდ – ტყით არ არის დაფარული, თან, ისტორიულად ძალიან საინტერესოა – ერთი პერიოდი ალბანეთის სამეფო იყო, ბევრი რაღაცის პოვნა შეიძლება იქ, კულტურულად ძალიან მდიდარი ადგილია. კლიმატური პირობები უვარგისია, ამიტომ დასახლება არ არის. ალაგ-ალაგ ფერმებია. წინასწარ მქონდა მარშრუტი შედგენილი, იორზე დამიღამდა. მეორე მხარეს გადავედი და იქ დავიძინე. წყალს იორიდან ვიღებდი, ვადუღებდი და იმას ვსვამდი. მაგრამ რამდენი უნდა ამედუღებინა, დღეში 3 ლიტრი მჭირდება, პლუს ჩაი. დავინახე ფერმა, ვიფიქრე, მივალ, წყალს მომცემენ, თან, ვკითხავ, სად არის პატარა ქვაბები-მეთქი. შევედი და იქვე ახლოს დავინახე სამარხები. ძალიან გამიხარდა, ვიცოდი, რომ რაღაც სენსაციური აღმოვაჩინე – მეგალითური, დიდი ლოდები იყო, როგორც ჩანს, შორიდან მოთრეული, ძველი ხალხის ხელწერაა – ეს დავადგინე. როცა დავდივარ, მხვდება ისეთი ადგილები, სადაც ძალიან ბევრი ნიშნებია, ნასოფლარები, ძველი ქვები ყრია, იძარცვება. შეიძლება, იქ არქეოლოგიური ექსპედიცია გაიგზავნოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ინტერესდება.
– სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევა თუ გქონიათ?
– ლაგოდეხში წრიული მარშრუტით ვიყავი წასული, მე ვიყავი პირველი ტურისტი, რომელმაც ეს მარშრუტი გაიარა. მანამდე, მაისში იყო ერთი ბიჭი, რომელიც გადაიჩეხა. უგონოდ მყოფი იპოვეს და ძლივს გადარჩა. ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორთან ვმეგობრობ, დამირეკა: ისეთი ექსტრემალური გასვლები გაქვს, ვიცი, მოივლი ამ მარშრუტს, შენ შეგიძლიაო. რა თქმა უნდა, წავედი. სხვათა შორის, როცა ჩემი ლაშქრობა ცუდად იწყება (ან პოლიცია დამიჭერს; სირიიდან რომ ვრცელდებოდა ვიდეოები, მაშინ მე ზურგჩანთით, წვერით ყოველ ნაბიჯზე მაჩერებდნენ), ის აუცილებლად კარგად მთავრდება. პირიქით, როცა კარგად იწყება, გზაში რაღაც უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო, ცუდად დაიწყო: ახალი ბათინკები დასაწყისშივე დამეხა, თასმებით დავამაგრე და ასე მოვიარე ძალიან სახიფათო 50-კილომეტრიანი მარშრუტი. 4 დღე მოვუნდი. უამრავი გადასაჩეხი ადგილი შემხვდა. ბილიკი დაკარგული იყო, არყის ხეებია გაზრდილი, ხეობაა... სველი ბალახი, უამინდობა, ორმეტრიანი მაყვლის ბუჩქები. გზა ამებნა, მობილურები დამისველდა, ბოლოს ისეთ ადგილში შევედი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, დასალევი წყალიც არ მქონდა. ჩემ წინ ორმეტრიანი მაყვლის კედელი იყო, დიდი ეკლებით, უკან ვერ მივდიოდი, რადგან 50-გრადუსინი აღმართი იყო, ფეხსაცმელი დახეული მქონდა, სველი ბალახი იყო. წინ რა ხდებოდა, არ ვიცოდი, დასაჯდომი ადგილიც არ იყო. ამ დროს მთელი ცხოვრება ჩემ თვალწინ იდგა, ვემშვიდობებოდი, ვფიქრობდი: შეიძლება ყველაფერი დასრულდეს-მეთქი. მაგრამ ჩემი თავის მობილიზება შევძელი, გონება დავასვენე და მარჯვნივ ხე დავინახე, სალაშქრო ჯოხით ვჩეხავდი მაყვლის ბუჩქებს, სულ სისხლიანი ვიყავი, მივედი ხემდე და გზაც დაიწყო, გამოვედი. ლაშქრობაში ხშირად არის მომენტები, როცა რაღაც წამით კარგავ იმედს. ვუძლებ უწყლობას, შიმშილს, სიცივეს. არასდროს ვნადირობ. ცეცხლი ბოლოს როდის დავანთე  აღარ მახსოვს, რადგან ვცდილობ, ბუნებას არ მივაყენო ზიანი. ყოველთვის ახალ-ახალ უცნობ მარშრუტებს ვირჩევ. შეიძლება, ნაცნობ ადგილზეც წავიდე, ოღონდ ისეთი გზით, სადაც არავინ ყოფილა. ხიფათები მიყვარს, მაგრამ გარკვეულ დონემდე – დიდად არ ვრისკავ, განსაკუთრებით მწვერვალებზე. შეიძლება კარგი მოლაშქრე ვიყო, მაგრამ ალპინისტი „დამწყები” ვარ. ლაგოდეხში, ხოჩალდაღზე ვიყავი,  იქ ადამიანი უკანასკნელად კომუნისტების დროს იყო. ბოლოს ცოცვის ელემენტებიც დამჭირდა, შემეშინდა, მაგრამ რადგან საზოგადოებას ყველაფერს ვუზიარებ და გარკვეულწილად, ჩემი თავი ბოლომდე მე არ მეკუთვნის, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას იმასაც ვითვალისწინებ, ხალხს რა ვუთხრა.
– როგორც ვიცი, სახლში ფრინველები გყავთ, ასევე, გველი, კუ, სხვადასხვა მწერები...
– ბავშვობიდან მიყვარს არა მხოლოდ ხეტიალი, არამედ ფრინველები, მწერები. სახლში ყოველთვის მყავდა თევზები, თუთიყუშებიც. მერე მათი რაოდენობა გავზარდე, ზოგმა კუ მაჩუქა, ზოგმა – გველხოკერა, მეზობლებმა მტრედი მომიყვანეს, ცუდად იყო, ვუმკურნალე. ამჟამად ძალიან ბევრი ფრინველი მყავს, ერთი ოთახი მათია. გველხოკერაც მყავს – მეტრანახევრიანი, გავზარდე. გომბეშოები მყავს, კუ, რომელიც გზაზე ვიპოვე, ძალიან პატარა იყო. სერიოზულ სამეცნიერო საიტზე წავიკითხე, რომ ხმელთაშუაზღვის კუთა ახალი გამოჩეკილი 99 პროცენტი სახლის პირობებში 3 წლამდე ვერ ძლებს, კვდება. შეუძლებელია გადარჩენა, ამის გაკეთება მხოლოდ მოსკოვის ზოოპარკში შეძლეს. ეს რომ წავიკითხე, ვთქვი, მე კაცი არ ვიყო ეს კუ თუ არ გადავარჩინო-მეთქი. ხელისგულზე ვატარებდი და ახლა უკვე 5 წლის არის. დეკორატიული ტარაკნებიც მყავდა, იშვიათი სახეობა, მაგრამ გველხოკერამ შემიჭამა. აკვარიუმის ხამანწკები მყავს, წარმატებით ვამრავლებ და ესეც ჩემი შემოსავლის წყაროა, ისევე, როგორც თუთიყუშები, თევზები. მე თუ არ დამრჩება ფული, ამათ ხომ მაინც ვუყიდი საჭმელს. ერთხელ მეზობლებმა გაიგეს, რომ გველი მყავდა სახლში.  ნახეს და შოკში ჩავარდნენ, პანიკა ატყდა. ბოლოს გავბრაზდი და ვეხუმრე: არ მინდოდა მეთქვა, გუშინ შხამიანი გველი გამექცა, სადარბაზოში დადის-მეთქი. ისეთი კივილი ატყდა, საპატრულოში რეკავდნენ, ლამის კორპუსის ევაკუაცია გამოაცხადეს. ძლივს დავარწმუნე, რომ ვხუმრობდი.

скачать dle 11.3