კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიანისტი გიორგი მიქაძე „იამაჰას“ პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა

პიანისტი გიორგი მიქაძე, რომელიც ნიუ-იორკში წარმატებით მოღვაწეობს, პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მოიპოვა. გარდა ამისა, გიორგი ცოტა ხნის წინ YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა. მას უდიდეს წარმატებას მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები და კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ და მას პროფესიონალ, უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც თითქმის ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და მუდმივად საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს.
გიორგი მიქაძე: ის ფაქტი, რომ „ბერკლი“ დავამთავრე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე Manhattan School of Music-ში, ჯაზის მასტერზე. მივიღე სწავლის ორწლიანი დაფინანსება და საცხოვრებლად გადავედი ნიუ-იორკში. თითქმის ყველაფერი შევისწავლე, რაც კომპოზიტორს უნდა ხელეწიფებოდეს. ასე რომ, ყველანაირი იარაღი გამაჩნია იმისთვის, რომ ნებისმიერი პროექტი, რაც მაქვს ჩაფიქრებული, განვახორციელო. რაც მთავარია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი – მე ვარ პირველი ქართველი, ვისაც აქვს ჯაზის მაგისტრის ხარისხი – ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ამ წლებმა ჩემთვის ნაყოფიერად ჩაიარა. სასიხარულოა ისიც, რომ იმ ნიჭიერ მუსიკოსებთან, რომლებმაც ჩემთან ერთად დაამთავრეს „ბერკლი“ დღემდე კარგი და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მათი უმრავლესობა დღეს წარმატებულია, რომლებიც ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა ტურნეებში დადიან. ზოგადად, ურთიერთობები, კონტაქტები ნებისმიერ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. „ბერკლის“ დამთავრების შემდეგ საშუალება მომეცა, წავსულიყავი „მონტროს“ ჯაზ-ფესტივალზე, სადაც გავიცანი ლეგენდარული გიტარისტი, „გრემის“ მფლობელი ლი რიტენური, რომელთანაც ვთანამშრომლობ და ერთად დავდივართ საინტერესო ტურნეებში. ცოტა ხნის წინ კონცერტზე ვიყავით ლოს-ანჯელესში, 17 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით კი, კონცერტები გვექნება ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჯაზ-კლუბში „ბლუ ნოუტში“. სადაც შემოგვიერთდება მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი პარტნიორი, პიანისტი დეივ გრუზინი. ჩვენ ერთად დავუკრავთ მთელი სამი დღის განმავლობაში. დეივ გრუზინს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ – ჩემი ერთ-ერთი მენტორია. მიხარია, რომ „ბლუ ნოუტში“ ასეთ ლეგენდებთან მომიწევს დაკვრა.
– ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერე ალბომი ლეგენდარულ დრამერთან, ჯეკ დეჯონეტისთან ერთად.
– ცოტა ხნის წინ მქონდა საშუალება, პირველი ალბომი ჩამეწერა ძალიან ცნობილ, „გრემის“ მფლობელ დრამერთან ჯეკ დეჯონეტისთან ერთად. ის ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა და ჯაზის ისტორიაში საუკეთესო დრამერად არის აღიარებული. თავისი კარიერის განმავლობაში ის თანამშრომლობდა ჯონ კოლტრეინთან, მაილს დევისთან, თელონიუს მონკთან, ბილ ევანსთან, ჰერბი ჰენკოკთან, ჯორჯ ბენსონთან, ასევე, ჯიმი ჰენდრიქსთან  და ასე შემდეგ. შესაბამისად, მისი კომენტარების მოსმენა, რაც ჩემი დაკვრის მანერას ეხებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ის 40 წლის განმავლობაში კიტ ჯარეტთან ერთად უკრავს. მე ყოველთვის ვცდილობ, ყველგან წარმოვაჩინო ის, რაც ქართული მაქვს და მიხარია, როცა ეს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების მოწონებას იმსახურებს. რაც შეეხება ალბომს, ეს არის მიკროტონალური კონცეფცია, რომლის ანალოგი ჯერ არცერთ ჯაზ-მუსიკოსს არ გაუკეთებია. პროექტის ერთ-ერთ ხელმძღვანელია დევიდ ფიუზინსკი, რომელთან ერთადაც 2014 წელს თბილისში, ჯაზ-ფესტივალზე დავუკარი. სწორედ მან შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენთან ერთად იყო მეთ გერისონიც. ოთხი დღის განმავლობაში ვმუშაობდით ალბომზე და ჩემთვის ბედნიერება იყო ამ ადამიანებთან ერთად მეცხოვრა, მემუშავა და ძალიან ბევრი რამ მესწავლა. პრეზენტაცია ამერიკასა და ბერლინში გაიმართება. ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტია.
– და რაც მთავარი და სასიხარულოა – შენი სახით მასზე ქართველი მუსიკოსი მუშაობდა.
– რა თქმა უნდა. მიხარია, რომ კარიერულად ყველაფერი წინ მიდის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „იამაჰას“ პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გავხდი – ეს ჩემთვის ნამდვილი ფუფუნებაა. ამის შემდეგ საკონცერტო დარბაზში, სადაც დავუკრავ, მე „იამაჰას“ წარმოვადგენ და უზრუნველყოფილი ვიქნები იმ ინსტრუმენტით, რომელიც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს არის პრივილეგია, რომელსაც ფლობს ბევრი ცნობილი არტისტი: სტივ უანდერი, ელტონ ჯონი, ტონი ბენეტი, ჩიკ კორეა, ბობ ჯეიმსი, კეიკო მაცუი და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რომ ჩემი სახელი მათ გვერდით მოხვდა. ხელი უკვე მოვაწერე კონტრაქტს და ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. მიხარია, რომ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ იმ დიდი მუსიკოსების მხრიდან, ვისაც თავის დროზე ვუსმენდი და დღეს მათთან ვმეგობრობ. მათი რჩევები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება მუსიკალური, ადამიანური თუ ცხოვრებისეული. ნიუ-იორკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ გვერდით ვიყო, ვიმუშაო და არ დავრჩე მხოლოდ მათ გულშემატკივრად.
– რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
– ბევრი პროექტი მაქვს დაგეგმილი. ოქტომბერში ანსამბლი „ბასიანი“, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ფოლკ-ანსამბლია, ამერიკულ ტურნეზე ჩამოდის და მათთან ერთად ვაპირებ გავაკეთო პროექტი, სადაც სხვადასხვა კომპოზიციებში შერწყმული იქნება ქართული ხმები და ბენდი. ამით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმება  ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის. როდესაც ეს იდეა ცნობილ ბას-გიტარისტს, მეთ გერისონს, წარვუდგინე, მოეწონა და შემომთავაზა ვიდეოგადაღებები მის კლუბში გაგვეკეთებინა. დიდი შანსია, ამ პროექტმა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაუროს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებ ჩემს კლასიკურ გამოცდილებას: ჩინეთში მაქვს საკონცერტო ტურნე ჩინელ მევიოლინესთან ერთად, სადაც პირველ განყოფილებაში დავუკრავთ კლასიკურ მუსიკას, მეორეში კი – ჯაზურ კომპოზიციებს. შემდეგ, ცოტა ხნით საქართველოში დავბრუნდები, ვახტანგ კახიძესთან და სიმფონიურ ორკესტრთან მექნება კონცერტი, რომელსაც შემდეგ ისრაელში წავიღებთ.

скачать dle 11.3