მარიკა თხელიძეს ქმარმა შვილის დაბადების აღსანიშნავად „მერსედესის ჯიპი“ აჩუქა
მომღერალი მარიკა თხელიძე, სულ რამდენიმე დღეა, რაც დედა გახდა – მას უსაყვარლესი ნიკუშა შეეძინა. როგორც ახალბედა დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, მას პატარასთან პირველივე დღეს კონტაქტი არ გასჭირვებია. ჟურნალი „თბილისელები“ მარიკა თხელიძეს და გიგა ანდრიაძეს ულოცავს შვილის დაბადებას და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს უსურვებს.
მარიკა თხელიძე: ჩემს თავს ცვლილებები რომ შევნიშნე და გავიგე, ორსულად ვიყავი, ასე მეგონა, დაუჯერებელი ამბავი ხდებოდა. სანამ კარგად არ დავრწმუნდი, არავის ვუთხარი. პირველად კი გიგას ვახარე, ბავშვს ველოდებით-მეთქი. როცა გრძნობ, შენს სხეულში მეორე ადამიანის გული ძგერს, ის შენი შვილია და სულ მალე მოევლინება ქვეყანას, ამაზე დიდი სიხარული, მართლა არაფერი ყოფილა. ექოსკოპიაზე გულისცემა რომ მოვისმინე, ექიმს ვთხოვე, იქნებ კიდევ ცოტათი აუწიოთ ხმას, ხომ არ მეჩვენება-მეთქი (იცინის). სასწაული გრძნობაა. იცით, სასაცილო რა იყო? პატარა მუცელი მქონდა და ხანდახან მავიწყდებოდა, ორსულად რომ ვიყავი და უცბად რომ გამახსენდებოდა, ლამის სიხარულით გადავრეულიყავი (იცინის). მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ძირითადად, წოლითი რეჟიმი მქონდა და სულ ვესაუბრებოდი, ვეფერებოდი და მეუბნებოდნენ, ეგ ბავშვი, ალბათ, პროფესორი გამოვაო.
– არ უმღეროდი?
– ყველა მეკითხებოდა, არ უმღერიო? სიმღერით – ნაკლებად, უფრო ვესაუბრებოდი. თუ არ ვეკონტაქტებოდი, ფეხებს მირტყამდა (იცინის). ახლაც, ცქმუტვას რომ დაიწყებს, მივალ, მოვეფერები და ველაპარაკები, ეგრევე ჩერდება, ინაბება და მისმენს. ასე რომ, მოფერებასა და მოსმენას მუცელშივე შევაჩვიე.
– როგორ გაითავისე დედობა და პირველად რომ დაინახე შვილი, ვის ჰგავდა?
– ნარკოზით ვიმშობიარე და რომ გამოვფხიზლდი და შემომიყვანეს, ჯერ ვერ გავიაზრე, რომ ნამდვილად ჩემი შვილი იყო, არადა, ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი და ჩავიხუტებდი. ისეთი საყვარელი, ტკბილი და პაწუკა იყო, იმწუთას გავითავისე, რომ ეს ბავშვი ჩემი ნაწილია და ცხოვრების მთავარი აზრი. რომ ეძინა, გაშტერებული ვაკვირდებოდი, არ მჯეროდა, რომ ნამდვილად ჩემი იყო. ამირან ქორიძემ მამშობიარა „ჯანმრთელობის სახლში“ და თამამად ვიტყვი, ეს არის ნამდვილი სამოთხე, შესანიშნავი კომფორტი იყო შექმნილი, რომ დედა-შვილს თავი კარგად გვეგრძნო. ნიკუშა 3 კილოგრამი და 49 სანტიმეტრი დაიბადა და რომ დავინახე, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ჩემს მუცელში როგორ ეტეოდა-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ყველა ამბობს, შენ გგავსო, მაგრამ ჩემი აზრით, მამის ნაკვთებიც აქვს. ორივეს – მამის და დედის მიქსია (იცინის). გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო. ფიზიკურად მომავალში ვის დაემსგავსება, არ ვიცი, მაგრამ იმერელ-გურულის ნაჯვარია და ეს ხასიათში უკვე ემჩნევა (იცინის).
– მშობიარობას მეუღლე ხომ არ დაესწრო?
– გიგა სამშობიაროში იყო, მაგრამ მშობიარობას არ დასწრებია. თუმცა, მეუბნებოდა, თუ ეს შენთვის ერთგვარი შვება იქნება, მზად ვარ მშობიარობის პროცესს დავეწროო. მე ვიყავი წინააღმდეგი, რადგან ვიცი, ეს დიდი სტრესია მამაკაცისთვის.
– ვინ გეხმარება ბავშვის მოვლაში?
– ბავშვის მოვლაში დედა მეხმარება და მაღაზიაში რომ გადის და ბავშვთან მარტო ვრჩები, გულში ცოტა კი გამიელვებს ხოლმე შიში, ვაიმე, ახლა არ დაიწყოს პატარამ ტირილი-მეთქი (იცინის). ნიკუშა ხელოვნურ კვებაზეა და განსაკუთრებით, გამთენიისას მიჭირს ადგომა და ბავშვის გამოკვება. გიგაც, როგორც შეუძლია, მეხმარება, ხელშიც იჭერს და ეფერება კიდეც. არ დამავიწყდება, ნიკუშა სახლში რომ გამოვიყვანეთ, გამოვუცვალე და ვაბანავე, იმდენი ენერგია დავხარჯე და ისე ვინერვიულე, ადამიანად აღარ ვვარგოდი (იცინის). ძალიან ღონიერი და ჯანმრთელი ბიჭია, თუ დროზე აჭამე და გამოუცვალე, მშვიდად სძინავს და არ გვაწვალებს.
– პატარას ვისი სახელი დაარქვით?
– მამაჩემის სახელი დავარქვი და ამის წინაარმდეგი არც გიგა ყოფილა, მან იცის, ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.
– გავიგე, მეუღლემ საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაგიკეთა. რა გაჩუქა?
– გიგამ, სიურპრიზი გამიკეთა – მანქანა მაჩუქა, შავი ფერის „ემელის ჯიპი.” სხვათა შორის, ამ მანქანით მე და ნიკუშა უკვე ვიყავით მთაწმინდაზე სასეირნოდ. სამშობიაროდან სახლში რომ გამოვედით, ოთახი ბუშტებითა და ყვავილებით მორთული დაგვხვდა. მამიკომ ფოიერვერკებიც გაუშვა. მანამდე, საბავშვო მაღაზიაში რომ შევედით, ისეთ რამეები ვნახე, ყველაფრის ყიდვა მინდოდა და ვამბობდი, ესეც მინდა, ესეც-მეთქი (იცინის), გამყიდველი გოგონები ეკითხებოდნენ გიგას, რა ვქნათო. გიგა პასუხობდა, რაც მარიკას სურს, ყველაფერი შეუფუთეთო.
– ბოლო დროს საზოგადოებაში არ ჩანდი, არც შენი ინტერვიუებით სწყალობდი პრესასა თუ ტელევიზიებს. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს შენ და გიგა ერთმანეთს დაშორდით. ამაზე რას მეტყვი?
– გეტყვით, რომ ეს ნამდვილად ჭორია და მე და გიგას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. იმდენი ხანია, არ გამოვჩენილვარ საზოგადოებაში, ალბათ, ეს ჭორი აქედან წამოვიდა. ისე, გეტყვით, რომ ჭორები ჩემზე არ მსმენია და რომც გავიგო, არ მივაქცევ ყურადღებას. არაფერი მქონდა სათქმელი, პირადზე საუბარი არ მიყვარს. მე და გიგას ქორწილიც კი საკმაოდ მოკრძალებული გვქონდა, მხოლოდ ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ხანდახან ვხუმრობ, იმდენი ხანია, არ მიმღერია, მგონი, სიმღერაც დამავიწყდა-მეთქი და რაზე უნდა მესაუბრა, პრესაში ან ტელევიზიაში რომ გამოვჩენილიყავი? ახლა ვაპირებ გააქტიურებას, ახალი სიმღერების ჩაწერას და გამოვჩნდები.
– როდის გეგმავთ პატარას ნათლობას და ვინ იქნებიან მისი ნათლიები? როდის გამოჩნდება სოციალურ ქსელში ნიკუშას ფოტოები?
– ორმოცი დღის რომ გახდება, მამადავითზე მოვნათლავთ. მისი ნათლიები იქნებიან, ცნობილი ადამიანები, ჩემი მეგობარი და მეჯვარე – თიკა ჯამბურია და კიდევ ხუთი ნათლია ანუ სამი დედიკოსგან და სამიც მამიკოსგან. სურათს რომ გადავუღებ პატარას, მინდა, სოციალურ ქსელში დავდო, მაგრამ სანამ არ მოინათლება, თავს ვიკავებ. ისეთ ემოციებში ვარ, ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი დადგა, ყველაზე საპასუხისმგებლო. ეს რომ ღუღუნს იწყებს, შემიძლია, საათობით ვიჯდე, ვუსმინო და ვუყურო და ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება.