რატომ უმალავს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეს ცოლი კაბებს საგულდაგულოდ და რამ ჩააგდო ცუდ დღეში მათი ოჯახი
ორ წელზე მეტია, რაც ქართული შოუ-ბიზნესის საყვარელი წყვილი – ტელესახე თამუნა მუსერიძე და რუსთაველის თეატრის მსახიობი, ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. მათ მუდმივად ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ერთმანეთს ყურადღებას არ აკლებენ. სიურპრიზები, მოულოდნელი თავგადასავლები და ბევრი სასიამოვნო სიგიჟე – ეს მათი სტიქიაა. რუსთაველის თეატრში სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანს“ დგამენ და სანდროს ყოველდღე რეპეტიციები აქვს, თამუნა კი ქმარს არ ღალატობს და მის გასამხნევებლად, მასთან ერთად, თბილისში ატარებს შვებულებით მინიჭებულ თავისუფალ დღეებს. წყვილი მათ ოჯახში დატრიალებულ სასიყვარულო თავგადასავლებზე გულახდილად საუბრობს და ბედნიერ ზაფხულს უსურვებს მკითხველს.
თამუნა: ახალი ის ხდება, რომ სეზონი დამთავრდა ტელევიზიაში და „დილა პირველზე“ სექტემბრამდე შვებულებაშია. რაც შეეხება რადიოს, ახალ ეტაპზე გადადის, მაუწყებლობის ფორმატს იცვლის, შესაბამისად, რადიოდანაც შვებულებაში ვარ. მაქსიმალური თავისუფლება მაქვს. მაგრამ, რა მიხარია?! სანდრო არ ისვენებს, რეპეტიციები დაეწყო თეატრში და ცალ-ცალკე რომ ვერ დავისვენებთ, ფაქტია. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდ დღეში ჩავცვივდით თეატრის გამო (იცინის). მთელ ზაფხულს აუზზე ვატარებთ.
სანდრო: ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით არის: თამუნა ისვენებს, მე კი – არა (იცინის). ახლა დამეწყო თეატრში რეპეტიციები. ისე მოხდა, რომ შარშან მე ვიყავი თავისუფალი და თამუნა მუშაობდა, ახლა კი, პირიქით – მე და თამუნამ როლები გავცვალეთ.
– სანდრო, თეატრში რეპეტიციები ახსენე. როგორც ვიცი, რუსთაველის თეატრი მაყურებელს ახალ და გრანდიოზულ სპექტაკლს შესთავაზებს...
– დიახ, ახალი და უკვე გახმაურებული სპექტაკლი – „ვეფხისტყაოსანი“ იდგმება. ბატონი რობიკო სტურუას მონდომებითა და ძალისხმევით დადგა ეს დღეც, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ. სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩავერთეთ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვის რა როლი გვერგება. ჯერ წაკითხვის პროცესში ვართ და ვემზადებით უფრო დატვირთული რეპეტიციებისთვის. მოლოდინი ძალიან დიდია.
თამუნა: მეც ვიტყვი (იცინის). სანდროს როლს და სპექტაკლებს ყოველთვის ვაკვირდები და აქტიურად განვიხილავ. მაგალითად, არ მომწონდა ის, რომ ძალიან რბილი იყო სერიალში, გრუშას როლში. მინდოდა, უფრო აგრესიული ყოფილიყო. სანდრო ისეთი იყო სერიალში, როგორიც არის სინამდვილეში. მე მინდოდა, როლიდან გამომდინარე, უფრო მეტი აგრესია წამოსულიყო. სახლში სანდროს სულ ვეუბნებოდი: მიდი, მიდი-მეთქი (იცინის).
– გინდა თქვა, რომ სანდრო რბილი ქმარია?
– ცხოვრებაში ძალიან რბილი, მარტივად დამყოლი ადამიანია. მაგრამ, ზოგჯერ არის მომენტები, როცა ვერანაირად ვერ მიუდგები, თავზეხელაღებულია. ერთი ასეთი მომენტიც გვქონდა: გადაწყვიტა, რომ ეყიდა მოპედი. მე სასტიკ უარზე ვიყავი. მეზიზღება მოპედი, მგონია, რომ ყველაზე არაუსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა. ერთ საღამოს სანდრო მეძახის, გადმოიხედე ფანჯრიდანო. მეგონა, სიურპრიზს მიწყობდა, გადავიხედე და იცით, რას ვხედავ? მოპედს!
სანდრო: საოცარი რეაქცია ჰქონდა (იცინის). თამუნას ჩხუბი არ ეხერხება გაბრაზდება და მაქსიმუმ, ოთახიდან გავა.
– მიუხედავად სანდროს გრაფიკისა, ცოლ-ქმარი მარტო რჩებით და ალბათ, მთელ ზაფხულს რომანტიკაში გალევთ. როგორც ვიცი, სიურპრიზები და მოგზაურობა თქვენი წყვილისთვის დამახასიათებელი ამბავია?
– ორივე ძალიან რომანტიკულები ვართ და ერთმანეთს ყოველდღიურად ვახალისებთ. მე შემიძლია, მისთვის ნებისმიერი ნივთი საჩუქრად ვაქციო. ჰკითხეთ, თავად გეტყვით, როგორ სიურპრიზებს ვუწყობ. თავადაც არ მაკლებს ყურადღებას და არაერთი მშვენიერი სიურპრიზი მაჩუქა დიდი ბედნიერების სახით.
თამუნა: სიურპრიზების მოწყობა თავიდან სანდროს უფრო უყვარდა – სანამ დავქორწინდებოდით, თუმცა, ახლაც მიწყობს სიურპრიზებს, მაგრამ ისეთი დოზით ვეღარ, როგორც ადრე. ბოლო შემთხვევას გავიხსენებ: მითხრა, რომ მაღაზიაში ჩავდივარ, სიგარეტს ამოვიტანო. ღამე იყო, 2-3 საათი. ჩავიდა მაღაზიაში და კარგა ხანს აღარ ამოვიდა. მე, რა თქმა უნდა, პანიკები მოვაწყვე. აღმოჩნდა, რომ თურმე ყვავილების მოსატანად წავიდა. მე კი, რომ დაბრუნდა, არ ველაპარაკებოდი. ბოლოს კი შემრცხვა, მაგრამ გვიან იყო.
სანდრო: მერე მე აღარ ველაპარაკებოდი და ასე... (იცინის).
თამუნა: მეც, რა თქმა უნდა, ვუწყობ სიურპრიზებს, რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი (იცინის). გადაღება ჰქონდა და სახლიდან გასვლისას გასაღებით გარედან ჩამიკეტა კარი. ზოგადად, მხატვრობა ძალიან უყვარს და ამ დროს გამოძახებული და შეკვეთილი მაქვს მოლბერტი, თავისი ფუნჯებით და მთელი ამბებით. მოვიდნენ, მოიტანეს მოლბერტი, მაგრამ სახლში ვერ ამოაქვთ, რადგან ჩაკეტილი ვარ. მესამე სართულზე ვცხოვრობდით მაშინ. მოკლედ, აივნიდან გადავძვერი მეზობლებში (იცინის).
– თავიდან ორივე უარყოფდით ერთმანეთის სიყვარულს. ორივემ თავის დროზე დახურეთ ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ოჯახები გქონდათ შექმნილი და ახალი ფურცლიდან დაიწყეთ თანაცხოვრება... ახლა რა ხდება თქვენში?
სანდრო: ჩვენი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ ბევრად უფრო დატვირთული გახდა, ვიდრე მანამდე იყო და ალბათ, ეს ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად. ადრე თუ ცალ-ცალკე მოსაგვარებელი რაღაც პრობლემები გვქონდა, ახლა ერთიანი ძალებით ვაგვარებთ. ეჭვიანობას რაც შეეხება, ამ თემასთან ორივე ძალიან კარგად ვართ ოჯახში. გაგიჟებული ოტელო არცერთი არა ვართ (იცინის). მიუხედავად სამსახურებრივი მოვალეობებისა, ერთმანეთისთვის დრო სულ გვაქვს.
თამუნა: ყველაფერი შეიცვალა, ოღონდ დადებითად. იდეალური წყვილი ვართ (იცინის). ადრე მე მიწევდა საჭმლის კეთება, ახლა კი, სანდრო აკეთებს. მზარეულობა ძალიან კარგად გამოსდის. ვერ ვიტყვი, მხოლოდ მე მიფრთხილდება-მეთქი, ალბათ, უფრო – საკუთარ თავს; იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ უფრო გემრიელს აკეთებს, ვიდრე მე და ალბათ, გემრიელის ჭამა ურჩევნია (იცინის). ისტერიკულად ეჭვიანი ცოლი არ ვარ, ამ მხრივ, სანდროც მიწყობს ხელს, კარგი ბიჭია. მაგრამ არასასიამოვნო მომენტი არის ის, როცა გოგოებმა ან ბიჭებმა იციან, რომ დაოჯახებულები ვართ და მაინც ისეთ რაღაცეებს წერენ, რაც არ უნდა მისწერონ ადამიანს. ვიღაც თუ ცნობადი სახეა, ნამდვილად არ აძლევს ნებისმიერ გოგოს იმის უფლებას, მისწეროს ცოლიან მამაკაცს: მერე რა, თუ ცოლი გყავს, მოდი მაინც გავერთოთო. მართლა აღარ მეცინება უკვე ამ თემაზე. სანდროს ეცინება ამ შემთხვევებზე და ასეთ წერილებს საბოლოოდ მაინც ხუმრობაში ვატარებთ. აკრძალვები არცერთს არ გვახასიათებს, მაგრამ ჩემს გარდერობში საგულდაგულოდ დამალული კაბებიც ინახება (იცინის). პირველად რომ გამიცნო სანდრომ, მეცვა კაბა, რომელიც დღეს სძულს (იცინის).
– პირველი ქორწინებებიდან ორივეს საკუთარი შვილები გყავთ, ბავშვები ვისთან იზრდებიან, ერთმანეთს თუ იცნობენ?
სანდრო: თამუნას შვილი, სანდრო, ჩვენთან ცხოვრობს. შაბათ-კვირას კი ბებიასთან ატარებს. ჩემი ელენე კი, პირიქით, პარასკევს მოგვყავს და კვირას მიგვყავს. ძალიან დაბალანსებული ოჯახი გვაქვს ამ მხრივ. ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი.
თამუნა: ახლა ელენე მანგლისშია და იქიდან რეკავს, სანდროსთან მინდაო, ეს აქიდან – ელენესთან მინდაო და ვართ ასე (იცინის). ოჯახში ორი სანდრო მყავს და ჩათვალეთ, რომ ორი ბავშვი არის ერთად – დიდი სანდრო და პატარა სანდრო (იცინის). ორივეს ერთდროულად უნდა ტელევიზორის ყურება, ლეპტოპი, ტელეფონი, პლანშეტი.