როგორ აღმოჩნდა გოგა ნიქაბაძე სლავა ზაიცევთან და ვინ არიან მისი ქალღმერთები
ქართველი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე წლებია, მოსკოვში მოღვაწეობს. მისი ამ სფეროში მოხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა – ხელოვნებასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა, შემოქმედებით გარემოში გაიზარდა. ბებია საქორწილო კაბების დიზაინერი იყო. სწორედ მისი წყალობით შეძლო გოგამ პირველი კოლექციის გაკეთება... მოსკოვი მისთვის იღბლიანი ქალაქი აღმოჩნდა, ჩავიდა თუ არა, მალევე მოიპოვა წარმატება და უცხოელების ერთ-ერთი ფავორიტი დიზაინერიც გახდა. უფრო დაწვრილებით, რა გზა გაიარა მან, როგორ იხსენებს ბავშვობას და კიდევ, მის ცხოვრებასთან დაკავშირებით ბევრ საინტერესო თემაზე თავად გიამბობთ.
გოგა ნიქაბაძე: ბავშვობიდან ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. დედა დრამატულ თეატრში მუშაობდა ხმის რეჟისორი იყო. ხშირად ვესწრებოდი სპექტაკლების რეპეტიციებს, მაინტერესებდა იმ პროცესის ყურება, თუ როგორ გარდაისახებოდნენ მსახიობები, როგორ ემზადებოდნენ პრემიერისთვის. ყოველთვის მხიბლავდა გამორჩეული არტისტები. მინდა გავიხსენო დედას დაქალები მუსიკალური სასწავლებლიდან, რომელთა მეგობრობაც დღემდე გრძელდება და ნამდვილად სამაგალითოა. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ კარგი მუსიკალური გემოვნებით და ასევე, ჩაცმის სტილით. ის მელოდიები, რასაც უსმენდნენ, დღესაც მახსოვს... იცით, ამ ყველაფერს ვიხსენებ, როგორც მთხრობელი და ბევრი რამის თქმა შემიძლია – ეს იყო ნამდვილი სილამაზე... დღემდე საუბრობენ იმაზე, რომ ბებოს ულამაზესი საქორწილო კაბების სალონი ჰქონდა და ასევე ულამაზეს კაბებს ქმნიდა. მის სალონში უამრავი ფურნიტურა იყო და მეც ამ ყველაფრით ვერთობოდი. ბებომ თავიდანვე შენიშნა ჩემში ეს ნიჭი და მიყვებოდა ხოლმე ამა თუ იმ კაბის შექმნის პროცესის შესახებ. ასეთი ჩვევა ჰქონდა, როცა დაასრულებდა კაბას, დაკიდებდა, დაჯდებოდა ზურგით ჩემი ოთახისკენ (ავეჯის განლაგებიდან გამომდინარე) და დიდი ხანი უყურებდა მის შექმნილ მშვენიერებას, თითქოს რაღაც უძვირფასესს ემშვიდობებოდა. კარგა ხანს აკვირდებოდა, რომ რამე ნაკლი არ ჰქონოდა კაბას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის იყო შექმნილი. ამ ყველაფერს, როგორც ლამაზ მხატვრულ ფილმს, ისე ვიგონებ... ბავშვობაში ძალიან კარგ თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც დაკავებული ვიყავი სხვადასხვა მიუზიკლში. ამბობენ, რომ კარგად ვმღეროდი, მქონდა კარგი პლასტიკა და არტისტული მონაცემები. მონაწილეობას ვიღებდი მუსიკალურ კონკურსებში. სხვათა შორის ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი (იცინის). მინდა აღვნიშნო ამ სტუდიის პედაგოგების დამოკიდებულება ბავშვებისადმი, ისინი საოცარი აღმზრდელები იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბავშვობა მქონდა. 13 წლის ასაკში მყარად ავირჩიე მოდა და მივხვდი, რომ ეს არის ის საქმე, რასაც ჩემი ცხოვრების ყოველ წამს დავუთმობდი. 14 წლისას უკვე მქონდა პირველი კოლექცია, რომლის შექმნაშიც ბებო დამეხმარა. ჩვენების ვიდეო გადავიღეთ, შემდეგ კლიპის სახით დამონტაჟდა და პირველი არხის მეშვეობით გაშუქდა. მერე გაიმართა პირველი ჩვენება ბათუმში, რომლის წამყვანიც ულამაზესი და უნიჭიერესი ლიკა ქავჟარაძე იყო. კოლექცია წარმოადგინეს ჩემმა მეგობრებმა და რამდენიმე პროფესიონალმა მოდელმა ლიკას სააგენტოდან, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. მახსოვს, როცა ლიკამ კოლექცია ნახა, თქვა, რომ ორგანიზებას გაუწევდა ჩემი კოლექციის პრეზენტაციას დედაქალაქში და გააკეთა კიდეც ეს პროექტი. ჩვენება შოთიკო კალანდაძემ დადგა. ლამაზი საღამო გამოვიდა. ამის შემდეგ დავიწყე აქტიური მუშაობა ამ სფეროში. რეკლამით არასდროს ვიყავი დაინტერესებული ყოველთვის სალონურ ჩვენებებს ვაკეთებდი, სადაც ახალი იდეების დემონსტრირებას ვახდენდი. წელიწადში რამდენიმე ჩვენებას ვმართავდი. მქონდა სამოდელო სააგენტო, რა თქმა უნდა, მაღაზიაც და ინდივიდუალური დაკვეთებიც. შემდეგ საქართველოში გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ბრენდი „გოგა ნიქაბაძე“ უცხოელი სტუმრების ფავორიტი გახდა და ყოველ სეზონზე ახერხებდა მათი ყურადღების მიპყრობას. ამ ყოველივეს მოჰყვა მოსკოვი. უსაზღვროდ მიყვარს ეს ქალაქი, სადაც ქალბატონ ქეთი დოლიძის დახმარებით მოვხვდი. ჩემი უსაყვარლესი ქეთი ბათუმში, ჩემს მაღაზიაში გავიცანი, ჩემი მეგობრის, ბევრისთვის საყვარელი ადამიანის ზიტა ბერძენიშვილის მეშვეობით. როცა ქეთიმ ჩემი კოლექცია ნახა, სლავა ზაიცევთან წასვლა შემომთავაზა. ძალიან მალე ასეც მოხდა ყველაფერი, ჩავედი მოსკოვში, ზაიცევის მოდის სახლში და გავიარე სტაჟირება. იმ ეტაპისთვის ეს იყო ქალაქი, სადაც არავინ მყავდა, ბიძაჩემის ოჯახის გარდა. შემდეგ სლავამ „მერსედესის მოდის კვირეულში” მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ეს იყო მომენტი, როცა ბედნიერება 100 პროცენტით შევიგრძენი. „Mercedes Bens Fadhion week Russia“ არის ის სივრცე, სადაც ჩემი ნიჭი ღირსეულად დააფასეს. მადლობა სლავას, ასეთი შემოთავაზებისთვის. შენ გაქვს შენი ნიშა მოდაში და ამ ქალაქში საკუთარი კოლექცია უნდა აჩვენოო, – მითხრა მან. ის სასწაული ადამიანია, მიყვარს, როგორც ჩემი ოჯახის წევრი.
– სლავა ზაიცევი კონკურენტად ხომ არ აღგიქვამთ?
– მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ფანტასტიკური ადამიანია და მასთან კარგ ურთიერთობაში რომ არ იყო, წარმოუდგენელია. არავის არ აღვიქვამ კონკურენტად. მოდაში ვქმნი ჩემს ისტორიას და ამ პროცესით ვტკბები. ასე რომ, არც არავის კონკურენტი ვარ და არც არავის ვთვლი კონკურენტად. მით უმეტეს, სლავას, რომელმაც გამიღო კარი მოსკოვის მოდის კვირეულში.
– ვიდრე რუსეთში წახვიდოდით, საქართველოში რითი იყავით დაკავებული?
– ვმუშაობდი კოლექციებზე, აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემს საქმიანობაში, ვიყავი ბედნიერი, რომ თავისუფალი დრო არ მრჩებოდა და დღემდე ასე ვარ. სულ ვმუშაობ და არ ვიშურებ დროს და ენერგიას იმისთვის, რომ ჩემ ირგვლივ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.
– უცხოეთში თავის დამკვიდრება რთულია, მით უმეტეს მოდის სამყაროში. როგორ შეძელით მოსკოვში წარმატების მოპოვება?
– ეს ძალიან მარტივად მოხდა. ვარ ბუნებრივი, არ შემიძლია თამაში. მიყვარს ადამიანები. ის, რაც ვაჩვენე პოდიუმზე გულით გაკეთებული იყო და სწორედ ამ ყველაფერმა მომიტანა ის შედეგი, როგორსაც იმსახურებდა საქმისადმი ასეთი განწყობა. არ არსებობს, აკეთებდე რამეს ჭეშმარიტი სიყვარულით, მთელი გულით და ამან კარგი შედეგი არ გამოიღოს.
– წარმატებას ყოველთვის ახლავს სირთულეები... როდის გქონდათ რთული პერიოდი?
– ყველა ადამიანის ცხოვრებას დაერთვის ხოლმე სირთულეები, მაგრამ ამ ყოველივეს ვერ დავაჩაგვრინებ ჩემს ბედნიერებას. ყველა დაბრკოლების მოგვარება შეიძლება. ბევრი წინააღმდეგობა ყოფილა. უბრალოდ, მას, როგორც საგანგაშოს, ისე არ ვუყურებ, ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მოვლენაა. ზუსტად ვიცი, რომ დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერი დალაგდება. ჩემი ცხოვრება ჩემს ხელშია და მაქვს უნარი, ვმართო კარგი და სწორი გზით.
– თუ გაიხსნებთ ჩვენებას, რომელმაც ასე ვთქვათ, გარდატეხა მოახდინა თქვენს კარიერაში?
– ყოველი ჩემი ჩვენება საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ვერცერთ მათგანს ვერ გამოვყოფ. ყველა ჩემი ნაწილია და ერთად ქმნიან ბრენდის იმიჯს, ისტორიას. ყოველი მათგანის თითოეული წამი მიყვარს.
– როგორც ვიცი, დედა და ბებია თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
– დიახ, ეს ასეა. ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი ქალღმერთები არიან. იცით, ზოგჯერ ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ, რომელი მათგანი უფრო მეტად მიყვარს. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და ყოველთვის დიდ იმედად მეგულებიან. მადლობა მათ ყველაფრისთვის. კიდევ მყავს უსიმპათიურესი, უსაყვარლესი ძმა და ერთგული მეგობრების ჯარი. ბედნიერი ადამიანი ვარ და მინდა ყოველ თქვენგანს ბედნიერება გისურვოთ.
– საქართველოშიც მუშაობთ და რუსეთშიც. როგორ ათავსებთ დროს?
– ჩემთვის არ არსებობს სირთულე, პირიქით, მომწონს, რომ მაქსიმალურად დატვირთღული ვარ და ჩემს საამაყო ქვეყანასა და უსაყვარლეს ქალაქს შორის მიწევს ფრენა, სილამაზის კეთება და ბედნიერების ფრქვევა.
– მამაკაცისა და ქალის სამოსის დიზაინს ქმნით, კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენს საქმიანობაში?
– დიახ, ბრენდი „გოგა ნიქაბაძე“ ქმნის მამაკაცისა და ქალის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. ინდივიდუალურად ვქმნით საბავშვო ტანსაცმელსაც. სიახლე ის არის, რომ მალე ინტერნეტ-აქსესუარების ხაზს იხილავთ.
– ყოველთვის გემოვნებით გაცვიათ, საკუთარი დიზაინის ტანსაცმელს ირჩვეთ თუ სხვა ბრენდებსაც ანიჭებთ უპირატესობას?
– მხოლოდ საკუთარი დიზაინით – არა, იშვიათად, მაგრამ სიამოვნებით ვუხამებ და ვატარებ სხვა ბრენდის ნაწარმსაც, დაწყებული ქართველი დიზაინერებით, დასრულებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით.
– ბევრ ცნობილ დიზაინერთან გიწევთ ურთიერთობა, რჩევებს თუ იღებთ მათგან?
– დიახ, ძალიან ბევრ დიზაინერთან მაქვს შეხება, მაგრამ არავის დაურღვევია ჩემი სივრცე თავისი რჩევებით (იცინის). ხომ იცით, სათქმელს ყოველთვის იპოვის ადამიანი. სხვანაირი მიდგომა მაქვს საქმისადმი, ვაჩვენებ ჩემს ისტორიას და მორჩა. არ ვადგამ ჩემს ნიჭს გვირგვინს. არ მიყვარს გვირგვინით სიარული. ალბათ, ამ განწყობასა და მსგავს მიდგომას მოაქვს ადამიანების სხვაგვარი დამოკიდებულებაც ჩემდამი. ასე, რომ, არც რჩევა და არც კრიტიკა არ მომისმენია, არც კოლეგებისგან და არც სხვა ადამიანებისგან. მე მათგან დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ.
– შეყვარებული ხართ?
– დიახ, ვარ შეყვარებული... მიყვარს ახლობელი ადამიანები, ზოგადად ცხოვრება და ჩემი საქმე. თუ მეორე ნახევარს გულისხმობთ, ასეთი ვინმე არ არსებობს, არც დაოჯახებული ვარ.
– როგორია შეყვარებული გოგა ნიქაბაძე? ამბობენ, ხელოვანებს სულ სხვანაირი სიყვარული შეუძლიათო...
– მე მუდამ შეყვარებული ვარ ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ჩემი მთავარი სიყვარული ჩემი ნიჭია, რომელსაც ჩემთვის არასოდეს უღალატია და არასოდეს დავუტივებივარ მარტო. მყვარებია, მყვარებია ძლიერ და მყვარებია სიგიჟემდე. უბრალოდ, გრძნობის სიმკვეთრე ადრე თუ გვიან ბაცდება. საბედნიეროდ, ჩემს შემოქმედებაზე წინ ვერაფერს და ვერავის ვაყენებ, უპირველესად ის და მერე სხვა დანარჩენი.