როგორ გააჭაღარავეს ავღანელი მოჯაჰედი ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში
ერთხელ ავღანეთში ერთი საველე მეთაური შევიპყარით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დავდევდით, მაგრამ ვერ ვიხელთებდით და ისე გაგვიხარდა, რომ მოსკოვში სასწრაფოდ გადავეცით ეს ინფორმაცია. ინსტრუქციით კი, ის ჯერ კარგად უნდა დაგვეკითხა და მისი იდენტიფიკაცია მოგვეხდინა. ჩვენ კი ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაგვიშვია. ჩვენი ტყვე მხოლოდ იმ მეთაურის მოგვარე ყოფილა. ყველაზე სამარცხვინო კი ის იყო, რომ ძებნილი ავღანელი სრულიად ჭაღარა კაცი იყო, ჩვენ მიერ დაკავებულს კი, კუპრივით შავი თმა ჰქონდა. საგონებელში ვიყავით ჩავარდნილები, რადგან შეცდომაცაა და შეცდომაც – გვეტყოდნენ, შავი ჭაღარისგან ვერ გაგირჩევიათო...
გამოსავალი მალხაზ მალაშხიამ მონახა, რომელმაც თქვა:
– გვარი იგივე აქვს. გარეგნობით ეს ავღანელები ყველა ერთმანეთს ჰგვანან... ეს ჩავაბაროთ, გაჭაღარავებას ჩემზე ვიღებ. იმას მაინც არ გვეტყვიან, შავი ჭაღარისგან ვერ გაგირჩევიათო.
ერთი სიტყვით, კუპრივით შავი ავღანელი ტომარაში ჩავსვით. შემდეგ ვერტმფრენში ჩავაგდეთ, ჩვენც ავედით და მალაშხიამ პილოტს ავღანურად, ისე რომ ტყვეს გაეგო, უთხრა: ოთხას მეტრზე რომ აიწევი, მითხარი და ამ ღორს ვერტმფრენიდან გადავაგდებო...
სამიოდე წუთის შემდეგ პილოტმა დაიყვირა: ოთხასზე ვართ, გადააგდეთო...
სინამდვილეში ვერტმფრენი სულ რაღაც ორი მეტრის სიმაღლეზე იყო დაკიდებული ჰაერში და სანამ ტომარაში გამომწყვდეული ავღანელი მიწაზე დაეცა, სულ ერთიანად გაჭაღარავდა შიშისგან...
მალხაზმა ტომარა გახსნა და გვიპატაკა:
– „გატოვია“, ჩაიბარეთ და ჩააბარეთ პატრონსო...
ომარ ჯიქიას ნაამბობის
მიხედვით