კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო ევგენიძე ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ვინც ვარსკვლავის გახსნაზე უარი თქვა

ზაფხულის ცხელ დღეებს მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე ბათუმის კონცერტის სამზადისში ატარებს,   მისი სატელევიზიო ტაიმაუტი სექტემბერში დასრულდება. იქამდე  კი თბილისთან ახლოს მდებარე სოფელში ისვენებს, სადაც  დიდ ოჯახთან ერთად „დაბანაკდა”. ამბობს, რომ ცივილიზაციისგან შორს, სიმშვიდეში ყოფნა ყველაზე მეტად მოსწონს, თუმცა უფრო აქტიური ზაფხულებიც ახსოვს, ოკეანის პირას, რაც მის წარსულში საკმაოდ ხშირი იყო.      
დათო ევგენიძე: ჩემი პროფესიის ადამიანისთვის არდადეგები არ არსებობს, გადაცემიდან ვისვენებ,  სექტემბერში დავბრუნდებით ეთერში. როგორც მუსიკოსს, დასვენებისთვის არ მცალია,   17 და 18 აგვისტოს ბათუმში მაქვს კონცერტი. კარგ კონცერტს ვაკეთებთ, განსხვავებულს, ტექნოლოგიურადაც ბევრი საინტერესო დეტალით იქნება გამორჩეული. ბენდთან ერთად იმღერებენ ვალერი კაჩაროვი და  მიშო ურუშაძე, ისინი ჩემი ძველი  მეგობრები  არიან, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ სცენაზეც, მიღმაც. ყველაზე სანდონი არიან ჩემთვის, ასე რომ არ იყოს სცენაზე ერთად ვერ ვიქნებოდით. სცენაზე ერთად დგომა დაზვერვაზე რომ კაცს გაჰყვები იმას ჰგავს, თუმცა სცენაზე შეცდომას არ გაპატიებენ, დაზვერვაზე კი  შეიძლება ისე მოკვდე, ვერც გაიგონ (იცინის). 
– ამ ცხელ აგვისტოს თბილისში ატარებთ?
– ოთხი წელი ვიცხოვრე სულ ზაფხულში, კანარის კუნძულებზე, როცა იქ კონტრაქტით ვმუშაობდი. იქ ზამთარი არ არსებობს, სულ ოკეანესთან ხარ.  მე  ყველაფერი მიყვარს – მზეც, მთვარეც,  ვარსკვლავებიც, ოკეანეც, მთაც. ახლახან მესტიაში მქონდა კონცერტი, სადაც ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. უდიდესი შთაბეჭდილებებით  დავბრუნდი იქიდან, საოცარი ბუნება გვაქვს ქართველებს, რასაც დაფასება უნდა.  თბილისთან ძალიან ახლოს მაქვს  სახლი – სოფელ ბევრეთში. ადრე ბერეთი ერქვა, მერე გაბევრდნენ და ბერებს სხვა ადამიანებიც შეემატნენ, სოფელიც ბევრეთი გახდა.  სოფელში წმიდა გიორგის ეკლესიაა და ულამაზესი დედათა მონასტერი. პაპაჩემის დატოვებული  სახლი გვაქვს,  მისგან მამაჩემს გადაეცა ესტაფეტა, მან მე გადმომცა, მე ჩემს შვილებს გადავცემ და ეს არასდროს დამთავრდება. სულ  25 წუთის სავალზეა თბილისიდან,  ყოველ საღამოს შეგიძლია ასვლა. ერთი წელია, რაც ამ სოფელში დენი გაიყვანეს, იქამდე თითქოს უკაცრიელი იყო. ამ სოფელში ყოფნისას, გგონია, ცივილიზაციიდან ძალიან შორს ხარ. მთელი ოჯახი ბევრეთში ვართ, ხუთი შვილი მყავს და ექვსი შვილიშვილი. დროსთან ერთად უფრო და უფრო ტკბება ურთიერთობები, ჩემი უმცროსი შვილი ათი წლისაა, უფროსები 32, 30, 27 წლისები.  როცა ისინი გაჩნდნენ, ახალგაზრდა ვიყავი და ვერ ვგრძნობდი, რა იყო მამობა. ახლა სხვაა – ახლა შვილსა და შვილიშვილებს ერთნაირად ვმამობ. ჩემი ქალიშვილი, ლიკაც ჩამოვიდა ამერიკიდან, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის, შორს ყოფნა უფრო ამძაფრებს მონატრებას. ახლა, ბავშვებთან ერთად, ისიც ჩვენთანაა. სულ რომ აქეთ იყვნენ, უფრო გამიხარდებოდა. როგორმე გავწვდებოდი ყველას მოვლას. ერთად ყოფნაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემი უფროსი პარიზელი შვილიც ჯერ ვერ ჩამოვიდა აქეთ. მაგრამ, როცა ჩამოვა, მასაც აუცილებლად ავიყვან ბევრეთში, სადაც გვაქვს  კარგი ეზო, ბევრი  სხვადასხვა ჯიშის ქლიავით. სოფლის მეურნეობა და ბოსტანი  იმ ხალხს აქვს, ვინც მუდმივად იქ ცხოვრობს.  ჩვენ ქლიავის მოსავალს ვიღებთ, რომლისგანაც   არაყი ჟიპიტაური გამოდის. ფანტასტიკური ადგილია ბევრეთი, ცივილიზაციისგან რაც უფრო შორს ხარ, უკეთესია, მით უფრო ახლოს ხარ ღმერთთან. მთელი ცხოვრება ამას ვცდილობ: ხან მუსიკაში „ვემალებოდი” ცივილიზაციას, ხან – ლექსში. 
–    ერთი წელია, რაც GDS-ზე, შუადღის ეთერში  ტელეწამყვანის ამპლუა მოირგეთ, მოგწონთ ამ როლში საკუთარი თავი?
–  საინტერესოა. ახალი გამოწვევა ყოველთვის გაძლევს ახალ გამოცდილებას.   ძალიან მინდა, ახალი თაობა გემოვნებიან  მუსიკაზე გაიზარდოს.  არა მხოლოდ ახალი თაობა, ზოგადად,  მინდა, ჩემს მაყურებელს და მსმენელს, კარგი მუსიკა შევთავაზო, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მასმედია ვერ ახერხებს.  ამ საქმეს   ადრე  ვაკეთებდი თეატრალურ სარდაფში ლექციების სახით,   ბოლოს და ბოლოს დამიძახეს და მეც სიამოვნებით  დავთანხმდი. ახლა ამ საქმეს გადაცემაში ვაკეთებ. იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიას ექვსი წლიდან ახლოს ვიცნობ, ტელეწამყვანობა ჩემთვის მაინც დებიუტი იყო. პირდაპირ ეთერს აქვს თავისი ხიბლი.  თავიდან ცოტა მიჭირდა, განსაკუთრებით „ყურის” გამო, საიდანაც პროდიუსერი მელაპარაკებოდა.  უცებ რომ მეუბნებოდა ყურში – ახლა გავდივართ ეთერიდან,  უნდა დავამთვაროთ, რეაქცია მემჩნეოდა, ცოტა სასაცილო ვიყავი, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე.  პირდაპირ ეთერში ვერაფერს გამოასწორებ, ექსკლუზიურია და ამ ექსკლუზიურობაშიც არის ამ საქმის ხიბლი. ახალზე, ჯერჯერობით, არაფერზე ვფიქრობ და საერთოდაც, არც  ვფიქრობ და ვგეგმავ  ხოლმე ბევრს, სექტემბრიდან ისევ ეთერში ვარ, იქამდე – კონცერტები. 
–  ვარსკვლავთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ, მგონი, ერთადერთი  ხელოვანი ხართ, ვინც საკუთარი სახელობის  ვარსკვლავის გახსნაზე თქვა უარი, რატომ?
–  კი. ასე იყო. იმდენად უცებ მივიღე ეს გადაწყვეტილება, დიდი  ანალიზი არ გამიკეთებია.  როცა  მითხრეს, ვარსკვლავს გაგიხსნითო,  მე  ლექსად ვუპასუხე: „ამათ უნდათ ვარსკვლავი გამიხსნან, მე კი მინდა სიყვარული ამიხსნან“. მე ხალხის სიყვარული მაქვს. ამაზე დიდი საჩუქარი კი არ არსებობს და არც მინდა. ამ სიყვარულის სადღაც დაბეტონება რა საჭიროა? ვარსკვლავი, თანაც მოციმციმე, კარგია ცაში, როგორც კი ცემენტში ჩასვამ, ხიბლს კარგავს. ამას გარდა, მე მგონია, რომ ჩვენთან  ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი,  ჩემზე მეტად პატივცემული, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს კულტურაში. ჯერ მათი დროა, ჯერ მათ გაუხსნან ვარსკვლავები, მერე ვნახოთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. 
–  ჩვენთან, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები ბევრ ხელოვანს უცვლის გეზს, თქვენ როგორ შეგეხოთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნათესაური კავშირი?
–  ის, რომ ჩემი შვილი  მიხეილ სააკაშვილის ოჯახის რძალია, რაც არის ჩვენი ნათესაური კავშირი,  მე არ შემხებია, ან რატომ უნდა შემხებოდა? მე არც წინა ხელისუფლების დროს შემხებია ეს, არ შემიცვლია ცხოვრება, მიხეილ სააკაშვილი  ახლოს ორჯერ-სამჯერ, ქორწილსა და ქელეხში მყავს ნანახი. მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ყოველთვის იმ ადამიანების მომხრე ვიქნები, ვინც თავის ქვეყანას მოემსახურება. ხელოვანმა ხელოვანის ენით უნდა ილაპარაკოს და არა პოლიტიკის, მე დღეს არ მაქვს ურთიერთობა  მიხეილ სააკაშვილთან, ეს ურთიერთობა არაფრით არაა გამორჩეული და ექსკლუზიური.  ის, რომ დღეს GDS-ზე ვმუშაობ, რა პრობლემაა? არ ვფიქრობ, იმაზე, ვის ეკუთვნის ეს ტელევიზია,  მე ვფიქრობ იმაზე, რა  მუსიკა მივაწოდო ჩემს მაყურებელს. მგონია, რომ იმ რეალობაში, რაც დღეს გვაქვს, აქ უნდა ვიყო და ის ვაკეთო, რასაც ახლა ვაკეთებ. მეც ვჭირდები ამ ხალხს და მეც მჭირდებიან ისინი. მაქვს შემოთავაზებები ამერიკიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, მაგრამ  ახლა აქ  ყველაზე კარგად ვარ. მე ვსაზრდოობ აქაურობით, საქართველოა  ჩემი  ხორბალი და პური.

скачать dle 11.3