კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა 21 კილოგრამი ოქრო ქართველმა ბოროტმოქმედმა ციმბირიდან

გაქცევა
1969 წლის 11 აპრილს პერმის ოლქის პატარა სადგურ ლესნაიადან რეციდივისტი ოთარ კობახიძე სწორედ მაშინ გაიქცა, როცა ეტაპით სვერდლოვსკში მიჰყავდათ დროებითი დაკავების ციხეში ჩასასმელად. საღამოს 9 საათი სრულდებოდა. პატიმრები ბაქანზე გაამწკრივეს, რომ საეტაპო მატარებელში გაენაწილებინათ და სიის ამოკითხვა დაიწყეს. 36 წლის ოთარ კობახიძე უცებ ადგილს მოსწყდა და დაძრული მატარებლის ქვეშ შეხტა, შემდეგ მეორე მხარეს გავიდა და, სანამ ეშელონმა ჩაიარა, გაუჩინარდა. კობახიძეს იმავე წლის 7 აპრილს პერმის ¹9 ოქროს საბადოს უფლებამოსილ რწმუნებულზე თავდასხმა და 21 კილოგრამი ოქროს გატაცება ედებოდა ბრალად. იგი ოქროს საბადოს უფლებამოსილზე თავდასხმის ადგილიდან 4 კილომეტრის მოშორებით, პატარა ჭაობში შეიპყრეს. უფრო სწორად, მდევარმა ის სიკვდილისგან იხსნა, რადგან იხრჩობოდა. კობახიძემ გამომძიებელს  განუცხადა, რომ გატაცებული ოქრო და პისტოლეტი ჭაობში ჩაუვარდა. მილიციამ იარაღი იპოვა, ოქრო კი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ კობახიძეს თანამზრახველი ჰყავდა და ოქრო მან გაიტაცა, კობახიძე კი ჭაობში მიატოვა...
გაქცეულები
ეშელონის ქვეშ გამძვრალმა ოთარ კობახიძემ ასიოდე მეტრი ირბინა, თითქმის მთელი ჩიხი გადაკვეთა, ბოლოს ძროხებით სავსე, ნახევრად ღია ვაგონში შეხტა და გაისუსა. ვაგონი ხუთიოდე წუთის შემდეგ დაიძრა ადგილიდან და გეზი რუსეთის ევროპული ნაწილისკენ აიღო...
კობახიძეს არც ძალები ჰქონდა და არც სურვილი, რომ კვლავ ერბინა. ის ძალიან დაღლილი იყო და ეძინებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, სადმე კუთხეში მიწოლილიყო და წაეთვლიმა. მან თვალები მოიჩრდილა და მთვარის შუქით განათებულ ვაგონში მოსახერხებელი ადგილის ძებნა დაიწყო. უცებ მარცხენა კუთხეში  საშუალო სიმაღლის, ოცდაათიოდე წლის მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელიც გამჭოლად უყურებდა ოთარს, თან ხელში „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ეკავა. კობახიძე შეხტა, მაგრამ თავი მოთოკა და უცნობს ქართული აქცენტით, რუსულად ჰკითხა:
– ვინ ხარ?
– ქართველი ხარ? – კითხვითვე მიუგო უცნობმა ოთარს.
 – კი, ქართველი ვარ. გავიქეცი. შენ?
– საიდან გაიქეცი? – იკითხა ტეტეიანმა და, პასუხი რომ მიიღო, უთხრა:
– მეც გაქცეული ვარ, გუშინ საღამოს მეექვსე, ასობი ზონიდან ავიწიე. გურამი მქვია, ქორიძე ვარ, მცხეთელი. ყაჩაღობისთვის თხუთმეტი წელი მომისაჯეს.
– ეგ რკინა სად დაითრიე? – ოთარმა „ტეტეზე“ მიანიშნა ქორიძეს.
– წუხელ ერთ „ძაღლს” ავართვი პერმის სადგურის ჩიხში. თავში რკინა ვწყვიტე და ჩიხში მდგარ ეშელონში შევაგდე. გავთიშე და გავშმონე. ხუთი მანეთის მეტი არ აღმოაჩნდა იმ ნაბოზარს და მაყუთისთვის ხელი არ მიხლია. სამაგიეროდ, კენჭებით სავსე რკინა ავართვი და, როგორც კი ცოტა სულს მოვითქვამ, მაყუთიან საქმეს გავაკეთებ.
„მაგარი ვინმეა. ასე შემთხვევით რომ არ შემხვედროდა, ვიფიქრებდი, მოგზავნილია-მეთქი. მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია და გამომადგება“, – გაიფიქრა ოთარ კობახიძემ და ქორიძეს უთხრა:
– თუ თბილისში მოდიხარ, ერთად ვიყოთ. იქ მე საიმედოდ დაგმალავ, თან, კარგ მაყუთს გაგაკეთებინებ. გაწყობს?
– მაწყობს, – მიუგო ოთარს ქორიძემ და ხელი ხელზე დაჰკრა...
ოქროსუბნელი კოლა
გაჭირვების მიუხედავად, გაქცეულებმა 9 დღის შემდეგ, 20 აპრილს თბილისში ჩამოაღწიეს. დედაქალაქამდე ერევანში მიმავალ მატარებელს ჩამოჰყვნენ და ღამის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც ვაგზლის მოედანზე გამოვიდნენ.
– ცუდ დროს ჩამოვედით. ღამის ორი საათია და „ძაღლებმა” არ გაგვაჩერონ, – უთხრა ქორიძემ კობახიძეს. მან კი მიუგო:
– აქვე, გოგოლის ქუჩაზე მივდივართ, ოქროსუბნელ კოლასთან და ათიოდე მეტრში უკან გამომყევი. თუ „ძაღლები” გაგვეჩითებიან, გავიქცეთ, აქ ყველგან პატარა ჩიხებია და გავექცევით, – კობახიძემ ქორიძეს კოლას მისამართი უთხრა და წინ წავიდა. ქორიძე უკან გაჰყვა, თან ქამარში გარჭობილი პისტოლეტისთვის ხელი არ გაუშვია.
გაქცეულებმა ხუთიოდე წუთი იარეს და მშვიდობიანად მიაღწიეს ნიკოლოზ ქავთარაძის სახლამდე, რომელსაც ოქროსუბნელ კოლას ეძახდნენ. მან რომ კობახიძე დაინახა, გადაეხვია და სახლში შეიპატიჟა.
– პაბეგში ვართ, – უთხრა კობახიძემ კოლას და ქორიძე გააცნო.
მასპინძელმა ხელი ჩამოართვა ქორიძეს და კობახიძეს უთხრა:
– კი მაგრამ, მარტის ბოლოს გნახე და, როდის მოასწარი ჩაჯდომაც და გაქცევაც? არ იტყვი, რა მოხდა?
– თუ იცი, მეფუნე ილო თბილისშია? – კითხვითვე უპასუხა კობახიძემ კოლას.
– კი, გუშინ ვერის ბაზართან მოვკარი თვალი. რა იყო, რა მოხდა?
– მოკლედ, კოლა, ასეა საქმე: მეფუნეს, მაგ ნაბოზარს, ოქროს ნაკოლი ჰქონდა და ციმბირში წავედით საჩალიჩოდ. მე ოცდაერთი კილოგრამი ოქრო ავწიე და გავიქეცი. ილო, ის ნაბოზარი, შეთანხმებულ ადგილზე დამხვდა და ოქრო გამომართვა. მე ჭაობში ჩავვარდი, ის კი არ მომეშველა და მოტყდა. მას ჰგონია, რომ დავიხრჩვე, მე კი მდევრებმა ამომიყვანეს ჭაობიდან, მაგრამ, ოქრო რომ ვერ იპოვეს, ვარაუდობენ, რომ თანამზრახველი მყავდა. მე, რა თქმა უნდა, კრინტიც არ დამიძრავს, როგორც კი შანსი მომეცა, მოვტყდი. ახლა აქ ვარ და ის ნაბოზარი მეფუნე ილო უნდა ვნახო, ოქრო წავართვა და ყურები მოვაჭრა, – დაასრულა თხრობა კობახიძემ და ქორიძეს თვალი ჩაუკრა, რომელიც პირდაღებული უსმენდა მას.
ქორიძეს რომ დაეძინა, მასპინძელმა კობახიძე დაიმარტოხელა და უთხრა:
– ოთარ, საეჭვოდ მეჩვენება ეგ შენი ახალგაცნობილი პაძელნიკი, „ძაღლების” შემოგდებული არ იყოს. პაბეგიც მათი მოწყობილი არ იყოს. თუ ეჭვი აქვთ, რომ თანამზრახველი გყავდა, განგებ ხომ არ გამოგაქციეს და კუდიც გამოგაყოლეს, რომ ოქროსთან მიიყვანო?
– გამორიცხულია, პაბეგი მე თვითონ ავწიე და, თანაც ისეთი, რომ ამას ვერავინ მომიწყობდა. ქორიძეს კი სრულიად შემთხვევით შევხვდი. შემეძლო, სულ სხვა ადგილზე აღმოვჩენილიყავი და სხვა მიმართულებით გავქცეულიყავი. ამაზე მე კარგა ხანს ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ ქორიძე სუფთაა, – მიუგო კოლას კობახიძემ და დაამატა: – ილო უნდა მოვიხელთო და ოქრო დავიბრუნო, მერე კი ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
21 კილოგრამი ოქრო
მეორე დღეს კოლამ, ქორიძემ და კობახიძემ ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ მეფუნე ილოს ქორიძე გაიტაცებდა. შეთანხმებულ ადგილზე მიიყვანდა, სადაც მათ კოლა და კობახიძე დახვდებოდნენ და ოქროზე დაელაპარაკებოდნენ მას.
24 აპრილს სახლიდან გამოსულ მეფუნე ილოს მოპარული „მოსკვიჩით“ აედევნა გურამ ქორიძე, შემდეგ გაასწრო, მანქანა გააჩერა. გადმოვიდა და მოახლოებულ მეფუნეს ასანთი სთხოვა. როდესაც ილომ ასანთი ამოიღო, ქორიძემ მას მალულად  „ტეტე“ მიუშვირა და უთხრა:
– ახლა ამ მანქანაში ჩაჯექი და არც პანიკა ატეხო და არც გაქცევა სცადო, თორემ ეგრეე მიგბრიდავ. აბა, ცოცხლად! გაინძერი!
მეფუნე ილო უკანა სავარძელზე მოთავსდა. ქორიძემ ის პისტოლეტის ტარით გათიშა და იქვე მიაწვინა, შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და ვერის სასაფლაოსკენ აიღო გეზი, სადაც მას ერთ უკაცრიელ, მყუდრო ადგილას კოლა და კობახიძე ელოდნენ.
გამოფხიზლებულ მეფუნე ილოს ისე გაუკვირდა კობახიძის დანახვა, რომ საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. კობახიძემ კი ის ჯერ წიხლით სცემა და ბოლოს უთხრა:
– იფიქრე, ჭაობში დაიხრჩო და ოქრო მე დამრჩებაო, არა?! შე ბოზო! ჩქარა თქვი, ოქრო სად გაქვს, თორემ, აქვე დაგკლავ და დაგტოვებ!
ნახევარსაათიანი ცემა-ტყეპის შემდეგ მეფუნე გამოტყდა, რომ 21 კილოგრამი ოქრო მას აქვე, ვერის სასაფლაოზე ჰქონდა ჩაფლული ბაბუამისის საფლავში, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობდა.
– იცოდე, თუ გვატყუებ, ბაბუაშენს მიგიწვენ გვერდით! დაემუქრა მეფუნეს კობახიძე და ნიჩაბი მიუგდო გასათხრელად.
ათწუთიანი თხრის შემდეგ, მეფუნე ილომ ბრეზენტის ზურგჩანთა ამოიღო მიწიდან, რომელშიც 21 კილოგრამი ოქრო იყო.
– ახლა ყურებს დაგაჭრი და წავალთ, – თქვა კობახიძემ, ოქროთი სავსე ჩანთა ქორიძეს მიაწოდა, დანა გახსნა და ილოსკენ წაიწია.
უცბად ქორიძემ კობახიძეს პისტოლეტი მიუშვრია და დანა წაართვა, შემდეგ დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და თქვა:
– არ გაინძრეთ, სამივე დაპატიმრებული ხართ!
– შენ „ძაღლი” ხარ? – აღმოხდა კობახიძეს და კოლას გახედა, რომელმაც უთხრა:
– ხომ გეუბნებოდი?
ხუთიოდე წუთში ვერის სასაფლაოზე თბილისისა და პერმის მილიციის ოპერჯგუფები ავიდნენ, რომლებიც ერთდროულად ატარებდნენ ოქროს ამოღების ოპერაციას და დაპატიმრებულები მილიციის სამმართველოში წაიყვანეს.
კობახიძეს ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ ქორიძე სინამდვილეში მილიციის კაპიტანი ავთო ჩქარეული იყო.
– როგორ, – იმეორებდა კობახიძე, – ასეთ პაბეგებს ხომ არ აწყობენ? მე თვითონ ჩავუხტი გაჩერებულ მატარებელს და, სხვა მიმართულებით რომ გავქცეულიყავი, მაშინ ხომ სხვა ვაგონში ავიდოდი?
– გაქანებულ მატარებელს რომ არ შეხტომოდი ბორბლებში, სხვაგვარად გაგაქცევდით – ღიმილით მიუგო ჩქარეულმა კობახიძეს.
ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის ჩქარეულს დროზე ადრე მიანიჭეს მაიორობა. კობახიძეს, კოლას და მეფუნე ილოს კი, შესაბამისად, 12, 5 და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

скачать dle 11.3