მთავარია მოტივი
„სკოტლანდ იარდის“ კომისრის თანაშემწე მერკერი შესანიშნავ გუნებაზე იყო. ასე სწრაფად არასოდეს გაუხსნია მკვლელობის საქმე. მთავარი ეჭვმიტანილი, რომლის ბრალეულობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა, დაკავებული იყო და მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. უკვე წასვლას აპირებდა, რომ კომისარმა ფოლკნერმა გამოიძახა. მერკერს არ უყვარდა ასეთი გამოძახებები. ინტუიციით ხვდებოდა, რომ კარგს არაფერს მოასწავებდა. ალღომ არ უმტყუნა. მოღუშულმა ფოლკნერმა სკამზე მიანიშნა, დაჯექიო.
– მერკერ, მითხრეს, რომ ბროკ-პარკში მომხდარი მკვლელობის საქმე ჩიხშია.
– არანაირად. ეჭვმიტანილი გვყავს და მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება.
– ინსპექტორმა კლიტმა მითხრა, რომ ეჭვმიტანილის ქალიშვილი ცდილობს თქვენთან შეხვედრას. ის ამბობს, რომ დედამისი დამნაშავე არ არის. რატომ არ უსმენთ?
– იმიტომ, რომ აღგზნებული ქალიშვილის ემოციური განაცხადი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია. მკვლელი ის ქალია, ქვრივი. ჯერ გათხოვდა ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, მერე კი მოწამლა, რომ ქონებას დაპატრონებოდა.
– არ გინდა, კლიტს მოვუსმინოთ?
– თუ ეს აუცილებელია, მოვუსმინოთ... ლანჩზე გასვლას კი ვაპირებდი, მაგრამ...
– ლანჩი მოიცდის.
მერკერს მოეჩვენა, რომ კლიტს თავდაჯერებული კაცის იერი ჰქონდა.
– ეს საქმე ეჭვს არ იწვევს. მოტივიც არსებობს და არც ალიბი აქვს. ავადმყოფ ქმარს წამალი მან დაალევინა. კაცს ტკივილები ორი საათის შემდეგ დაეწყო და მეორე დღეს საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა. როცა გაკვეთეს, ორგანიზმში დარიშხანის ოქსიდის ნაკვალევი აღმოაჩინეს. მკვლელი მისი ცოლია, რომელსაც დარიშხანზე ხელი ადვილად მიუწვდებოდა. ის ხომ მხატვარია?! გინახავთ ეს ნახატები? გამოირჩევა იმით, რომ არაბუნებრივად მწვანე, ზურმუხტისფერ მდელოებს ხატავს, ამიტომ ფულს არ იშურებენ და მის ტილოებში საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიან. მე ყველა დეტალი კარგად გამოვიკვლიე და გავიგე, რომ ასეთი ფერის მწვანე მხოლოდ მაშინ მიიღება, თუ საღებავში დარიშხანს გაურევთ. კიდევ რა არგუმენტები გჭირდებათ?
– დაამთავრეთ? – მშვიდად იკითხა ინსპექტორმა კლიტმა, რომლის ღიმილსაც კომისრის თანაშემწე მოთმინებიდან გამოჰყავდა.
– დიახ, დავამთავრე.
– ახლა მე მომისმინეთ, მერკერ. თქვენ ჯიუტად არ მოინდომეთ ქვრივის ქალიშვილისთვის მოგესმინათ. მე კი ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე. არსებობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც მისტერ ტომას მედლის სიკვდილი ხელს აძლევდა – მერკური, მისი ვაჟი პირველი ქორწინებიდან. მამამ შვილი სახლიდან გააგდო, როცა მისი არალეგალური ქორწინების ამბავი გაიგო. მერკურიზე ცნობები საკმარისად მოვაგროვე. სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა. ექთანი შეუყვარდა და ცოლად შეირთო. როცა მისტერ მედლიმ ამის შესახებ შეიტყო, დაფინანსება შეუწყვიტა. მერკური იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და საავადმყოფოში ფერშლად დაიწყო მუშაობა. ვალებით აივსო. მამას რამდენიმეჯერ სთხოვა დახმარება, მაგრამ უარი მიიღო. ახლა ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს...
მერკერმა მხრები აიჩეჩა.
– ეს არ არის არგუმენტები. მერე რა, რომ ვალები აქვს. რატომ უნდა მოეწამლა მამა?
– მე ყველაფერი არ მითქვამს. მთავარია, რომ ამ ახალგაზრდას დარიშხანზე მიუწვდებოდა ხელი. როცა საავადმყოფოში მუშაობ, ეს ადვილია, თანაც, სუფთა დარიშხანზე, რომელიც კუჭში არ რჩება, მაგრამ მისი აღმოჩენა ღვიძლსა და თირკმელებშია შესაძლებელი. როგორც ეს ტომას მედლის შემთხვევაში მოხდა. ჭაბუკმა კარგად გათვალა – მოხუცებული ქმარი და ახალგაზრდა, ლამაზი, ფუფუნების მოყვარული ცოლი. ვის გაახსენდება ამ დროს მოძულებული ვაჟიშვილი? მერკერ, ის ქალი უნდა გავათავისუფლოთ და მერკური მედლი დავაკავოთ. დარწმუნებული ვარ, პირველივე დაკითხვაზე, თუკი ცოტა მკაცრად მივუდგებით, ყველაფერს აღიარებს. ჩვენ ოჯახის ექიმი დავკითხეთ. კუჭის ტკივილი ტომას მედლის ყოველთვის აწუხებდა. წამლებსაც სვამდა და შესაფერის დიეტაზეც იყო. მე გამოვკითხე მზარეული და გავიგე, რა მიირთვა მისტერ მედლიმ სიკვდილის დღეს სადილად. გაირკვა, რომ მოხარშული კარტოფილი და ისპანახი. წლის ამ დროს ისპანახი მხოლოდ დაკონსერვებული შეიძლება მიირთვა. რატომ უნდა ეჭამა, დიეტაზე მყოფ კაცს დაკონსერვებული ისპანახი?
– ამაზე მეც ვიფიქრე, – უხალისოდ აღიარა კომისრის თანაშემწემ, – მზარეული მეც დავკითხე. ვიცი, რომ იმ დღეს მერკური მედლი სტუმრად იყო მამასთან. მერკურს ისპანახი უყვარს და მზარეულმაც, რადგან ის ახალგაზრდა მედლის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, ისპანახი მოამზადა.
– იქნებ მერკურმა სთხოვა, ისპანახი მოემზადებინა? – ღიმილით ჩაეკითხა ინსპექტორი.
– შეიძლება. ეს თქვენი ვერსიაა, თუმცა მას აქვს არსებობის უფლება.
– იცით, დაკონსერვებულ ისპანახს როგორი გემო აქვს?
– ინსპექტორო, რის თქმა გინდათ?
– იმის, რომ ისპანახზე მოყრილ დარიშხანს ისე მიირთმევ, ვერც მიხვდები, იმიტომ, რომ ისპანახსაც ოდნავ მწარე არომატი დაჰკრავს.
კომისარმა თავის თანაშემწეს გადახედა.
– მოტივი უმცროს მედლის გაცილებით მეტი ჰქონდა. ასე არ ფიქრობ?
– თუ ვალებს გულისხმობ, მისის მედლის დანახარჯები უნდა ნახო. ამ ქალს ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაული უყვარს. ოთხი უძვირფასესი ქურქი აქვს და მისი ქმარი კი ასეთი ხელგაშლილი ნამდვილად არ იყო. მედლის სიკვდილის შემდეგ კი ქონების ნახევარს მიიღებდა, რაც ოცი ათას ფუნტს შეადგენს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა.
– ოცი ათასი ფუნტი უნდა მიეღო შვილსაც ასე არ არის? მოტივისთვის შანსები თანაბარია, – არ ნებდებოდა ინსპექტორი, – გარდა ერთი ნიუანსისა, – ქვრივს მედლიზე ათჯერ მეტი შემოსავალი აქვს. მისი ნახატები მოსწონთ და საკმაოდ ძვირად იყიდება. გალერეის მეპატრონემ მითხრა, წელიწადში რვიდან თორმეტ ნახატამდე ვყიდითო. სულაც არ მიკვირს, ძვირფასეულობა რომ უყვარს. საოცრად ელეგანტური და დახვეწილი ქალია. საკმარისია, ერთხელ ნახო და არასოდეს დაგავიწყდება. მისი ქალიშვილი საერთოდ არ ჰგავს დედას. დამფრთხალი კატის კნუტივით არის, სუსტია და დაუცველი.
– სამაგიეროდ, მოახერხა, დაერწმუნებინე დედის უდანაშაულობაში. მერკერ, ახალგაზრდა მედლი გამოიძახე და სასწრაფოდ დაკითხე.
რამდენიმე დღის შემდეგ კომისრის თანაშემწე უხალისოდ შეეგუა დამარცხებას. უმცროსმა მედლიმ აღიარა დანაშაული. არგუმენტი მოწამლულ ისპანახთან დაკავშირებით ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, გაცილებით დამაჯერებელი, ვიდრე მისტერ მედლის ქვრივის ქურქებისთვის აღებული ვალები...