კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანზე არსებულ რომელ წარმონაქმნებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და რა შემთხვევაში კრძალავენ დერმატოლოგები მზის აბაზანებს

სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანს უჩნდება კანზე ლაქები, ხალები ან რაიმე სხვა წარმონაქმნი. ეს ზრდისა და დაბერების ჩვეულებრივი თანმხლები პროცესია. ამასთან, შესაძლებელია, ზოგიერთი მათგანი ავთვისებიანობის ნიშნებს ატარებდეს ან ავთვისებიანობისკენ იყოს მიდრეკილი. ხშირად, კანზე არსებული, ერთი შეხედვით უწყინარი წანაზარდის გაღიზიანება ფატალური შედეგით მთავრდება. რა მიზეზით ჩნდება მეჭეჭები, როგორ მოვიშოროთ ისინი, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ხალს, რომ სიცოცხლისთვის საშიში არ გახდეს – ამ და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ექიმ დერმატოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ თამარ ებანოიძეს.
–  ძირითადად, საუბარია კანის ვირუსულ წარმონაქმნებზე, რომლებსაც იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. ამჟამად აღწერილია ამ ვირუსის 65-ზე მეტი სახეობა, რომლებიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პათოგენეზში. კანის დაავადებებს შორის, რომლებსაც იწვევს ადამიანის  პაპილომა ვირუსები, გავრცელებულია: ჩვეულებრივი მეჭეჭები (70 პროცენტი), ფეხისგულის მეჭეჭები (30 პროცენტი), ბრტყელი მეჭეჭები (4 პროცენტი) და კონტაგიოზური მოლუსკი. ადამიანის პაპილომა ვირუსის მიერ გამოწვეული ლორწოვანი გარსების დაზიანებიდან გვხვდება მახვილწვეტიანი კონდილომები. ადამიანის პაპილომა ვირუსის ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით – ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს, იწვევს ბრტყელუჯრედოვან კიბოს. კანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაავადებები მიეკუთვნება კანის ეპიდერმული შრის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას და, განსაკუთრებული ტრავმებისა და გაღიზიანების შემთხვევის გარდა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აღიქმება მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად, თუ არ ჩავთვლით მათ ისეთ ლოკალიზაციას, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი ან სხვა უხერხული სუბიექტური შეგრძნება. რაც შეეხება ხალებს, გეტყვით, რომ ყველა პიგმენტური ხასიათის წარმონაქმნი ხალი არ არის. არსებობს პიგმენტური წარმონაქმნები – თანდაყოლილი ნევუსები, რომლებიც დაბადებიდან აღენიშნება ადამიანს. თანდაყოლილ ნევუსს აუცილებლად სჭირდება მოფრთხილება, რაც – დერმატოლოგები ამ შემთხვევაში ხაზს ვუსვამთ – არის მზის ულტრაიისფერი სხივებისგან თავდაცვა და მექანიკური გაღიზიანების, ტრავმების თავიდან აცილება. სულ მცირე ზომის (1 სანტიმეტრი დიამეტრის) კეთილთვისებიანი, უპრობლემო წარმონაქმნი, შეიძლება, მზის  ხანგრძლივი და მრავალჯერადი ინსოლაციის შედეგად, ავთვისებიანად იქცეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვურჩევთ ადამიანებს, არ გავიდნენ მზეზე. მზეზე გასვლა არ ნიშნავს მხოლოდ რუჯის მიღებას პლაჟზე; ჩვენ გავდივართ სახლიდან,  ქუჩაში ვმოძრაობთ და ეს კი სრულიად საკმარისია კანის ზედაპირზე არსებული ავთვისებიანობისკენ მიდრეკილი წარმონაქმნის გასააქტიურებლად.
– აღნიშნეთ, რომ კანის დაავადებათაგან ძალიან გავრცელებულია მეჭეჭები. რა იწვევს მათ გაჩენას და რა ხერხებით ხდება მათი მოშორება?
– მეჭეჭი, შეიძლება, დამოუკიდებლადაც გაჩნდეს და კონტაქტის შედეგადაც იყოს გადამდები. რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება იმუნოდეფიციტი, კანის ხშირი ტრავმირება, მიკროტრავმები, როდესაც კანი ქრონიკულად ზიანდება. თუნდაც პროფესიული საქმიანობის გამო. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც კანის ზედაპირს აზიანებს, მეჭეჭის გაჩენას უწყობს ხელს. ამიტომაც, ყველაზე ხშირად ზიანდება ხელის თითები. სხვათა შორის, ბავშვებს, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ, მეჭეჭები ხშირად უჩნდებათ. ტერფების მეჭეჭებისთვის მნიშვნელოვან წინასწარგანწყობის ფაქტორს წარმოადგენს ტერფის მიკროტრავმა და მომატებული ოფლიანობა. მახვილწვეტიანი  კონდილომების გადაცემა ხდება სქესობრივი გზით. წინასწარგანწყობის ფაქტორია კანის მაცერაცია, გამონადენი ურეთრიდან და საშოდან შარდსასქესო ინფექციების დროს. მეჭეჭების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: მედიკამენტური, კრიოდესტრუქცია – მოყინვა თხევადი აზოტის საშუალებით და ელექტროკოაგულაცია (გააჩნია მეჭეჭის ზომას, ადგილს და პაციენტის ასაკს).
– დავუშვათ, პაციენტმა მოზრდილი წანაზარდი, მეჭეჭი ან ხორცმეტი მოიცილა. მის ადგილას კვალი თუ დარჩება?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნება ჩატარებული პროცედურა. კრიოდესტრუქცია და ელექტროკულაგულაცია არ ტოვებს ნაწიბურს. სააფთიაქო ქსელში იყიდება სხვადასხვა სახის მოსაწვავი სითხე,  რომლებიც ექიმის გამოსაყენებელია და არა პაციენტის, რადგან, მსგავსი საშუალებების გამოყენებისას ზუსტად უნდა იყოს დაცული მოხმარების წესი:  განსაზღვრული უნდა იყოს წვეთების რაოდენობა, დაცული უნდა იყოს საღი ქსოვილი... ნაწიბური რომ არ დარჩეს, სიღრმე უნდა იყოს განსაზღვრული – ძალიან ღრმად არ უნდა მოხდეს წარმონაქმნის მოწვა, რათა არ დარჩეს ნაწიბური. მაგალითად, ძირითადად, პაპილომებს იშორებენ ძაფით, რაც ხშირად მთავრდება მეორადი დაინფიცირებით. ჩვენთან ხშირად მოდიან მსგავსი პრობლემით პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საერთოდ, წარმონაქმნები კანზე მოიაზრება როგორც კანის კიბოს წინარე პროცესები, ამიტომ მათ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.
– კანზე არსებულ კიდევ რომელ წარმონაქმნებს უნდა მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით და ვინ დგას კანის კიბოს რისკის ქვეშ?
– განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია კაპილარული ჰემანგიომები, კერატომები (სებორეული, აქტინური, მოხუცებულობის), ბოტრიომიკომა, კანის რქა და ასე შემდეგ.  კანის კიბო ძირითადად ვლინდება 50 წლის ასაკის ზემოთ იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში დიდხანს იმყოფებოდნენ მზის ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოსხივების ქვეშ, თუმცა მისი განვითარება ადრეულ ასაკშიცაა შესაძლებელი. ჩვეულებრივზე უფრო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან:  ადამიანები ღია ფერის კანით, ან ისინი, ვინც ადვილად იწვებიან მზეზე; ისინი, ვისაც ბავშვობაში აქვთ მიღებული მზით დამწვრობა თუნდაც ერთხელ;  რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე ან ხშირად დადიან სოლარიუმში; რომელთაც სხეულზე აქვთ მრავლობითი ხალი (50-ზე მეტი); რომლებსაც აღენიშნებათ კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა; რომელთა ასაკიც აღემატება 50 წელს; რომლებსაც გადანერგილი აქვთ რომელიმე ორგანო.
– რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა დერმატოლოგს და რა სახის გამოვლინებებია დამახასიათებელი კანზე წარმოქმნილი წანაზარდების გაღიზიანების შემთხვევაში?
– პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს  კანზე წარმონაქმნს, როდესაც ის იცვლის ზომას, ფერს, კონტურს;  უჩნდება სხვადასხვა ფერის  ჩანართები; ხდება ასიმეტრიული; არის უხეში, აქერცვლადი ან არაერთფეროვანი; სისხლმდენია ან აქვს გამონადენი; გააჩნია სუბიექტური შეგრძნება – თუნდაც ქავილი; უცნაურად გამოიყურება. თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე აღინიშნება, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია და ამ წარმონაქმნს ყურადღება უნდა მიექცეს. დერმატოლოგები ამ წარმონაქმნებს ვაფასებთ თვალით, შემდეგ მას ემატება დერმატოსკოპიული გამოკვლევა; საჭიროების შემთხვევაში, კეთდება ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური კვლევა და მუშავდება მკურნალობის ტაქტიკა.

скачать dle 11.3