როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
რურუა
გვარის ფუძე რური იგივეა, რაც ხარო. სულხან-საბა წერს: „რური ხაროსთან ნახეო. ხარო – ქვიტკირის ორმო“.
გვარში ცალკე აღებული ნაწილი რუ არ მონაწილეობს, რამეთუ რუ ეს არის: „წყალი სარწყავად გაღებული“.
რურუა ხელობა-საქმიანობასთან დაკავშირებული გვარია. „ხარო – ქვიტკირის ორმო (ქვის ორმო), რური მიწაში ნაშენები (ქვიტკირით) „ხარო“ უფრო ქვემოთ, უფრო ღრმად, რაც საუკუნო დასამწყვდევს, ანუ ჯოჯოხეთს ნიშნავს.
ევროპის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის დასავლეთ და საფრანგეთის აღმოსავლეთ მხარეს, სწორედ რური ანუ „რურის აუზი“ ჰქვია. იქ, როგორც ვიცით, ქვანახშირის უმდიდრესი საბადოებია და დღესაც წარმოებს იქიდან ქვანახშირის ამოღება. ქვანახშირის მოპოვებისთვის საჭიროა საბადოს გამოთხრა, ცარიელი ადგილის ქვიტკირით ამოშენება.
შესაძლოა, გასაკვირი იყოს, მაგრამ, ამ ადგილს ქართული სახელწოდება ამშვენებს, იმიტომ რომ, იქ ცხოვრობენ გერმანელები, რომლებსაც შუა საუკუნეებში „კლდეკარები“ ანუ ხეთიბერები ერქვათ, ისე, როგორც ქართველებს ფრანგების მაგიერ ერქვათ „გალიელები“, ანუ იგივე იბერიელები. ამიტომ, ეს სახელწოდება შემორჩათ მათ, ისე, როგორც მის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს „ლომბარდია“, ანუ ბარდის, შამბის (შამბნარის) ლომი, ხოლო ევროპის მთავარ მდინარეს ჰქვია „დუნაი“. ის სათავეს იღებს რურის აუზის მწვერვალებიდან, ქართულად კი იგივეა, რაც „დუნე არისო“. ანუ, წყნარი, შედარებით უხიფათო მდინარეო. მსგავსად იმისა, როგორსაც იტყვიან ჩვენს მდინარე მტკვარზე – მტკნარი – წყნარი, რომელიც დიდ ზიანს არ აყენებს მის გარშემო მცხოვრებლებს. ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მახასიათებელსაც: „რურის აუზის“ მსგავსი ქვანახშირის საბადოები საქართველოშიცაა (ტყიბულში, ტყვარჩელში) და, თუნდაც მარტო ის რად ღირს, ახლახან რომ აღმოაჩინეს ოქროს საბადო სამხრეთ კავკასიაში – ჯავახეთში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე აწარმოებდნენ ოქროს ამოღება-მიღებას მიწაში აგებულ რურში.
სავარაუდოდ, რურუათა წინაპრები კოლხეთში იყვნენ საბადოთა ხელოსნები (სპეციალისტები) – ქვანახშირის, ოქროსა და მიწისქვეშ მყოფი საბადოებისა და შესაძლოა, განაგებდნენ ხელობა-საქმიანობას, წინაპრებისგან გადაცემულ ცოდნას. რურუების მრავალრიცხოვანი და ძირძველი სამკვიდრო არის ვედიდკარი.
საქართველოში 1 362 რურუა ცხოვრობს: თბილისში – 358, მარტვილში – 345, აბაშაში – 251. არიან სხვაგანაც.
ჭაობაშვილი
მეტსახელი ჭაობა დასდებია ფუძედ გვარს ჭაობაშვილი.
ჭაობი უბნის სახელწოდებაა დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათის ბოლოს. ამ ადგილს დღესაც ჭაობს ეძახიან. ადვილი შესაძლებელია, რომ აქედან წასულ კაცს თან წაეღო ეს სახელი.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, კვლევა კი გრძელდება.
საქართველოში 39 ჭაობაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, კასპში – 14.
ურიგაშვილი
გვარში ურიგაშვილი ფუძედ გამოყენებულია ქართველური საკუთარი სახელი ურიგა.
„საკუთარი სახელი ურიგა გვხვდება გვარში ურიგაშვილი“, – წერს ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“.
ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 173 ურიგაშვილი ცხოვრობს: გორში – 114, თბილისში – 49, ადიგენში – 5. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით