კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ავადმყოფობა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალება და როდის იყენებს ღმერთი მას თავისი განგებულების აღსასრულებლად

წმიდა მამების განმარტებით, ავადმყოფობა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალებაა, მისი მთავარი ამოცანა კი ავადმყოფის სულიერი მნიშვნელობის ამოცნობაა. უფლის მადლი კი განწმედს და კურნავს ადამიანს მძიმე სნეულებისგან, ისევე, როგორც გულწრფელი ზიარება. მაცხოვრის ცნობილი იგავის მიხედვით, მადლი ეწყალობება ყველას, მაგრამ მადლმოსილი გახდება „ქვეყანა კეთილი – ის გული, რომელმან სიტყვა იგი ისმინა და გულისხმაყო, რომელმან მოიღო ნაყოფი“. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, ხშირად გამიგონია, რომ ავადმყოფობა ადამიანს სულიერ გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მის სულს აძლიერებს და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ჩააფიქრებს.
– წმიდა მამები ხშირად ადევნებენ თვალს იმ უღრმეს სულიერ გრძნობებს, ავადმყოფობის სხვადასხვა სტადიაზე რომ განიცდის ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე მომენტის გამოყოფა. ავადმყოფობა საბედისწერო სიტუაციაა. უფალი ავადმყოფობას ზოგჯერ თავისი განგებულების აღსრულების იარაღად იყენებს: 1. დასასჯელად; 2. გამოსასწორებლად; 3. ცოდვის თავიდან ასაცილებლად; 4. გამოსაცდელად და ასე შემდეგ. ზოგიერთი ავადმყოფობა, თუმცა ცოდვასთან პირდაპირ კავშირში არ არის, იმისთვის გვევლინება, რომ „გაცხადდნენ საქმენი ღვთისა“; ან მაშინ, როცა „ესე სნეულება არ არის სასიკვდინე, არამედ დიდებისთვის ღმერთისა, რათა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“. ღმერთი ადამიანს უგზავნის სნეულებას, რადგან, თუკი ის დრტვინავს და ჰმადლობს უფალს, უმაღლესი დიდების ღირსი ხდება და ასკეტ მეუდაბნოეს ემსგავსება. ავადმყოფობის საშუალებით გადარჩენა და სულიერი სრულყოფილების მიღწევა მხოლოდ ავადმყოფს კი არა, მის მომვლელსაც შეუძლია. ორივე ქრისტიანი – ავადმყოფიც და მომვლელიც, ერთ ჯილდოს მიიღებენ. ამბა დოროთე ამბობს, რომ ავადმყოფი უფრო არგებს ექიმს, ვიდრე ექიმი – ავადმყოფს.
 ღვთის მიერ დაშვებული სნეულებანი ან ბუნებრივ მიზეზთა სახით წარმოიშობა, ან წმიდა ანგელოზების მოქმედების შედეგად. სიძაბუნე, უძლურება, ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება უნდა გავიგოთ როგორც ღვთისკენ მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული და მოთმინება ამ ცოდვათა განსაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებთ; ან, როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის გვირგვინს მოიხვეჭს. სულიერი ღვაწლი, ლოცვა, მარხვა, ეკლესიის საიდუმლოებში მონაწილეობა მოითხოვს სნეულების გადატანას, ტანჯვის შეძლებისდაგვარად დათმენას. აი, რას წერს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი: „ავადმყოფობის დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ადამიანური ცხოვრება ჰგავს ყვავილს, რომელიც გაფურჩქნისთანავე ჭკნება და ღრუბლებს, რომლებიც იფანტება და კვალს არ ტოვებს; რომ ჩვენი სხეული მინდვრის ბალახივით ხმება; რომ ყველაზე ჯანსაღი ადამიანის ცხოვრებაც ერთი ამოსუნთქვაა; რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად, ის მოკლდება და პულსის ცემა, ისევე, როგორც საათის წიკწიკი, ადამიანს უკანასკნელ წუთებს აახლოებს მაშინ, როცა ის ფიქრობს, რომ იმ წუთებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა“.
– ზიარებაც, უფლის სისხლთან და ხორცთან თავმდაბლობით მიახლება, ადამიანს განკურნავს, როგორც სულიერად ასევე ხორციელად.
– ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება გაცილებით მაღალსულიერი და დინამიკური, მადლის მოქმედებები კი ბევრად საგრძნობი და აშკარა იყო, ვიდრე დღეს არის. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის ნებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომელთა გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ, ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში, ზიარებისგან განყენებული ადამიანი თითქოს ფიზიკურადაც შეიგრძნობს დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო დღეს უფალი არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია. ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა კი შეუძლებელია. პატერიკონში ვკითხულობთ, რომ, როცა წმიდა ბერმა ლოცვის ძალით უბრძანა დემონს, ეთქვა, თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ბოროტმა სულმა უპასუხა: იმის, რითაც თქვენ განიბანებით (ნათლობის საიდუმლო); იმის, რაც თქვენ გკიდიათ (ჯვარი) და იმის, რასაც თქვენ ჭამთ (ზიარება), მაგრამ უკანასკნელი ყოველივეზე საშინელიაო. ასე რომ, დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხონებელი არის ზიარება. ამიტომ ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმიდა ბარძიმთან არ მიუშვას.
– თუმცა, დღეს არის მაგალითები, როდესაც სულიერი მოძღვარი მრევლს ეპიტიმიას ადებს და უარს ეუბნება ზიარებაზე.
– მღვდელი აღსარების მიღების დროს წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპეტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია, ან თუ ის სათანადოდ არ არის მომზადებული ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ. არ არსებობს წმიდა ბარძიმისგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყველა წევრს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს. წმიდა საიდუმლოებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა, თუ, რა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რამე მიზეზი, რომლის გამოც, ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა არის თვითნებური მაგისტრატურა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს. ზიარებას „პური ცხოვრებისა“ ჰქვია და, განა შეუძლია მღვდელს, უარი უთხრას პურზე მშიერს? ზიარება ჩვენი სულების ზეციერი წამლობაა – განა შეუძლია მწყემსს, უთხრას სნეულს: იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემო? ღირსი მაკარი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი მღვდლის დასჯის შესახებ, რომელიც თავისი მრევლის წევრებს უსამართლოდ განაყენებდა ზიარებისგან, რაც ბევრის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იოანე ოქროპირი ამბობს: თუ მღვდლის მიზეზით უზიარებელი ადამიანი გარდაიცვალა ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მღვდელმა თავი წარიწყმიდაო, ესე იგი, ეს ერთი ცოდვა მთელ მის სათნოებებს აღემატება. წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს, რომ, იმის მიხედვით, თუ რა ხალისითა და მოშურნებით მიდის მღვდელი სნეულთა საზიარებლად, მის რწმენასა და სულიერებაზე შეგვიძლია  მსჯელობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ცოდვილის დროებით განყენება ზიარებისგან და მისი ეპიტიმიით დასჯა, მაგრამ კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დასაჯეს, რას ითხოვენ მისგან და რა უნდა გამოასწროს. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. საეკლესიო ლოცვის თანხმად, ადამიანი ეზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა, მის ცოდვებს ზიარების ცეცხლი წვავს, სხეული იკურნება მასში დაბუდებული მრავალი სენისგან. და თუ ღმრთის განგებით, საჭიროა, რომ კაცმა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა დაითმონოს, ზიარება მას სნეულების გმირულად გადატანის ძალას ანიჭებს და ეხმარება, რისთვისაც ადამიანი ყოველთვის უნდა ჰმადლობდეს უფალს და განადიდებდეს.

скачать dle 11.3