მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუკი მაღალი თანამდებობა ხელს უშლის მას, იცხოვროს ღვთიური კანონებით და იხსნას სული?
პასუხი: თუ თქვენი თანამდებობა ხელს გიშლით ღვთიური კანონებით ცხოვრებაში და თქვენი სულის ხსნას ეღობება წინ, უნდა დატოვოთ ასეთი თანამდებობა. ჯობია, იყოთ რიგითი მუშაკი, ოღონდ იხსნათ სული და თავი გადაირჩინოთ. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუნდაც მთელ ქვეყანას დაეუფლოს, თუკი ის სულს წაიწყმედს?!
კითხვა: ბევრნაირი ჯვარი მინახავს: წმიდა ნინოსი, ბოლნური, რუსულ ეკლესიებზე აღმართული და სხვა. არის თუ არა მათში მოქმედების ძალისა და უნარის მიხედვით სხვაობა?
პასუხი: ეს ჯვრები მხოლოდ ფორმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათგან გადმოსულ მადლს კი ერთი ძალა და უნარი აქვს.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ იწოდება ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მხოლოდშობილად?
პასუხი: წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ძე ღმრთისა არის მხოლოდშობილი (ერთადერთი ძე ღმერთი მამაღმერთისა): „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან, იმიტომ, რომ მხოლოდ იგია არსისმიერად ძე ღმრთისა“.
სხვები ღმერთის ძეებად იწოდებიან მადლისა და შვილობის გამო და არა ბუნებისმიერად: ასეთნი არიან ერთგულნი მორწმუნენი და რჩეულნი ღმრთისანი. შვილობის ეს მადლი, როგორც წმიდა წერილი გადმოგვცემს, ქრისტეს მიერ მოგვენიჭება.
კითხვა: ჩემი მოძღვარი ქუჩაში ანაფორის გარეშე დავინახე და ძალიან გამიკვირდა. აქვს თუ არა სასულიერო პირს შეუმოსავი სიარულის უფლება?
პასუხი: საქართველოს ეკლესიის კანონიკა სასულიერო პირს საერთო თავშეყრის ადგილებში ანაფორით სიარულს ავალებს. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა სასულიერო პირს საერთო სამოსით სიარულის ნება ეძლევა (მაგალითად, არაქრისტიანულ ქვეყანაში, სპეციფიკურ სიტუაციებში და სხვა), ოღონდ, ეს უნდა მოხდეს მღვდელმთავართან შეთანხმებით.
კითხვა: მსმენია, რომ ბოროტი ძალის წინააღმდეგ განსაკუთრებით გვაძლიერებს წმიდა მამათა წიგნები. მართლაც ასეა?
პასუხი: ეშმაკს ყველაზე მეტად სძულს წმიდა მამათა წიგნები, რადგან ისინი ამხელენ მის ყველა მხარესა და ცბიერებას.