წმიდა სწავლებანი
მათთვის, ვისაც იმიტომ დასცინიან, რომ ეკლესიაში დადიან...
დაცინვას ღიმილით უპასუხე. მათი დაცინვა გაბოროტებული გულიდან მომდინარეობს, ხოლო შენი ღიმილი, დე, უბოროტო იყოს. დაცინვა უმეცრებისგან იღებს სათავეს, ხოლო ცოდნას ღიმილი შეშვენის. შენს ლოცვას მარადიული მსაჯულის წინაშე მათი დაცინვა მხოლოდ ღირსებას მატებს, რადგან უფალს უფრო მეტად მხნე გულის მიერ აღვლენილი ლოცვა ესათნოება, რომელსაც ბოროტების, სიძულვილის, სისაძაგლისა და დაცინვის ისრები გარემოიცავენ. ყველა ეს ისარი, რომელთაც ბლაგვი წვეროები, მაგრამ მახვილი ბოლოები აქვთ, შენგან უკუიქცევა და თვით მსროლელთ მოცელავს.
გახსოვს, მელქოლას, დავითის ცოლს, უფლის წინაშე თავისი ქმრის გულითად ლოცვაზე როგორ გაეცინა? მან დაცინვით ღმერთი შეურაცხყო და არა მეფე დავითი. ამისთვის კადნიერი დედაკაცი უზენაესმა დასაჯა და მას შვილები არ მიეცა. ვინც ადამიანთა ბედ-იღბალს და ცხოვრებისეულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება, დარწმუნდება, რომ უფალი სიწმინდის შეურაცხმყოფელთ ამჟამადაც სასტიკად სჯის.
შენს გამკილავო (თუკი მიგაჩნია, რომ მათთვის სიტყვა უფრო ძლიერი წამალია, ვიდრე დუმილი), ასე უპასუხე: „თვალები არ მატყუებს და კარგად ვხედავ, ყოველდღიურად როგორ ევედრებით ვაჭრებს, პოლიციელებს, მოხელეებს, ხან ერთს, ხან მეორეს! მაშ რაღად დამცინით, როდესაც მე ჩვენს მარადიულ შემოქმედს ვევედრები უფრო სასაცილო არ არის – ევედრო უძლურთ, ვიდრე ყოვლადძლიერს? უგუნურება არ არის, გვამს ეთაყვანო, ვიდრე „სიცოცხლის მომნიჭებელს“?
ერთ-ერთი წინასწარმეტყველის სიტყვებია: წყეულიმც იყოს კაცი, რომელიც ადამიანს ესავს. ვინც იმედს მოკვდავ ადამიანზე ამყარებს და არა ყოვლადსახიერ ღმერთზე. ის მართლაც წყეულია. მასზე და მის სახლეულზე რომ წყევა მოიწევა, ყოველდღიური გამოცდილებით დარწმუნდები. იგივე მოელის ადამიანს, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ევედრება და არა იმას, ვისაც ყოველივე უპყრია და ყოველივე ძალუძს. ნუ აჩქარდები: ზოგჯერ დუმილი ნებისმიერ სიტყვაზე უფრო სასარგებლოა.
პირველი დაცინვა მლოცველის სულს აშფოთებს, მაგრამ შენ ეს უკვე დაძლიე და ლოცვა არ მიატოვე. ხოლო განმეორებით თუ გაგკილავენ, ეს მხოლოდ მხურვალე ლოცვისთვის აღგძრავს. შენ თვითონ ამბობ, რომ ამგვარი რამ გამოგიცდია. უკვე უფლის სიახლოვეს შეიგრძნობ, შენთვის ეკლესიაც უფრო სასურველია და ლოცვაც შეიტკბე. იცოდე, დადგება დრო, როდესაც გაკილვა შეწყდება, პირიქით, შეგაქებენ, გაიოცებენ და მოგიწონებენ – შენი სული მაშინ უფრო დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე ამჟამად ემუქრება. ამჟამად სიმდაბლეს სწავლობ, მაშინ კი ბრძოლა ამპარტავნებასთან მოგიწევს. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა და სხვაგვარი განსაცდელია.
იცოდე, ისინი, ვინც გაკილვით გვიწვევენ, ის მტრები არიან, რომელთა შესახებ უფალი მცნებაში გვაუწყებს: „გიყვარდეს მტერი შენი“. არ იციან, რას იქმან და ამ დროს ჩვენთვის სიკეთეს აღასრულებენ. ისინი გულს გვტკენენ და გვჩაგრავენ, მაგრამ ჩვენში საღმრთო ნაპერწკალს აღვივებენ. როდესაც ტაძარში მივდივართ, ზურგს უკან გვიღრენენ და ამგვარად ღმერთთან გვაახლოვებენ. მიწაზე წყენას გვაყენებენ, მაგრამ ზეცას გვაყვარებენ. როგორც თოვლი და ქარი ხეს კარგს არაფერს უქადიან, მაშინ მოყინვისგან უნებლიეთ იცავენ, შენი მტრებიც ასევე არიან.
ამიტომ შეუნდე მათ, აკურთხე და ეს ყველაზე აღმატებულია, – გიყვარდეს ისინი, როგორც საუკეთესო კეთილისმყოფელნი შემდგომად ღმრთისა.
თუმცა, თუკი მიწის მტვერთა ამ უბადრუკ სისინს არ დაითმენ და ქრისტეს მიმართ ლოცვისა შეგრცხვება, მაშინ არა მარტო ადამიანები, არამედ ეშმაკებიც დაგცინებენ.
ეცადე, ხშირად მოიხილო ის სახლები, სადაც ნაღველია დავანებული, მოიხილე სასაფლაოები. ქრისტეს ჯვარზე იფიქრე და მას ხშირად ემთხვიე. აგრეთვე, სიცოცხლის დასასრულზეც იზრახე. ეს ყოველივე ლოცვის განმტკიცებაში შეგეწევა და გამარჯვებული შეიქნები.
ეძღვნება ორ მეგობარს, რომლებიც კამათობენ, საჭიროა თუ არა ავადმყოფის ზიარება
ერთ-ერთი თქვენგანი ამბობს: „არ არის საჭირო“. ის ასე იმიტომ ამბობს, რომ არსებობს აზრი: თითქოს ავადმყოფი ზიარებისთანავე გარდაიცვლება. მეორე ამბობს: „საჭიროა, რადგან ცოდვაა, როდესაც ქრისტიანი ამქვეყნიდან უზიარებელი მიდის“.
სწორია მეორე თქვენგანი, რადგან ეკლესიაც ამასვე გვასწავლის. მრავალ განდეგილს, რომლებიც ეკლესიისგან და მღვდლისგან მოშორებით ცხოვრობდნენ, ეშინოდათ, უზიარებლად არ გარდაცვლილიყვნენ და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდნენ, რომ მას სიკვდილის წინ მათთვის მღვდელი წარმოეგზავნა წმიდა ზიარებით. სახიერი ღმერთი ისმენდა მის სათნომყოფელთა ვედრებას და რომელიმე ღმრთისმსახურს უგზავნიდა, რათა წმიდა საიდუმლოთი ზიარებოდნენ. ზიარების შემდეგ სიხარულით აღვსილნი ამ სოფლიდან მშვიდად გადიოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ სნეულს ზიარების მიღება სურდა, მაგრამ მღვდელმა ვერ მიუსწრო და ის გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევა ნათლად მოწმობს, რომ ყოველივე ღმერთის ნებაა.
გონიერი ადამიანი სიკვდილზე ფიქრობს მაშინაც, როდესაც ჯანმრთელია. მით უმეტეს, ავადმყოფობის ჟამს. სიკვდილის საუფლოში სიკვდილის სიახლოვეზე უფრო სარწმუნო არაფერია. ჯანმრთელ მდიდარს, რომელიც შორეულ გეგმებს ისახავდა, უფალმა უთხრა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოემზადე, ვისა იყოს?“ (ლკ. 12,20).
როდესაც ავადმყოფი გარდაიცვლება, მაშინ ის, ვინც წინ აღუდგა მის ზიარებას, მწარედ ინანებს. ერთი ადამიანი ავად გახდა. ამის შესახებ მღვდელმა შეიტყო, მივიდა და შესთავაზა – აღსარება ეთქვა და წმინდა ზიარება მიეღო. მაგრამ ავადმყოფის ცოლმა უთხრა: „მამაო, მომაკვდავი ხომ არ არის!“ მღვდელი წავიდა, ის კაცი კი იმავე საღამოს გარდაიცვალა. მაშინ ცოლი მწარედ მოთქვამდა: „ვაი, მე უბადრუკს, რატომ არ ვაზიარე!“