როგორ შეიძლება, იქცეს ჩინეთი საქართველოსთვის რუსული ფაქტორის განეიტრალების საშუალებად
უკვე გაჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, რუსეთის ნომერ პირველმა დიპლომატმაც განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპურთიერთობის აღდგენაზე და სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმაც კი გამოთქვა მზაობა, რომ შეხვდეს რუს კოლეგას. რას ვკარგავთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონით და რას შევიძენთ მისი აღდგენით? იმის გარდა, რომ როგორ შეიძლება იმ უხერხულობის მოხსნა, როდესაც მოსკოვში აფხაზეთის საელჩოცაა და „იუჟნაია ოსეტიასიც“? – ამ თემას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– არის თუ არა აქტუალური რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?
– დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თემა კი არა, უმაღლეს დონეზე შეხვედრების ორგანიზაციის თემასაც არ დახვედრია უპირობოდ ოფიციალური საქართველო (კულუარებში მიმდინარე პროცესები არ არის განხილვის თემა). საქართველოს მიაჩნია, რომ ამ შეხვედრის იქით უნდა იდგეს რუსეთის გარკვეული პოზიცია იმ საკითხების მოგვარებისთვის, რაც საქართველოს ინტერესია. რადგან მხოლოდ დიპლომატიური შეხვედრები ისე, რომ სხვა კომპონენტებში ცვლილება არ მოხდეს, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრაში, არის რუსეთის ინტერესი, რათა მან მსოფლიოს დაანახვოს, რომ ის მშვიდობის მტრედია და ასეთი საჩვენებელი მშვიდობიანობა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს ინტერესი არაფრით არ არის. რაც მეტად იქნება ეს ელემენტი წამოწეული წინ, საერთაშორისო საზოგადოება იტყვის, მაშინ რაღა საჭიროა ჩვენი ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, როდესაც საქართველო ირიბადაა თანახმა იმ რეალობაზე, რაც რუსეთმა შექმნა. დიპლომატიური ურთიერთობა წყდება, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა არღვევს მეორის ინტერესებს არსებითად, გაიწვევენ ელჩს და ასე შემდეგ. მეტი დარღვევა რა შეიძლება, როდესაც ტერიტორიის 20 პროცენტი წაიღო?!
– და ლამის ყოველდღიურია მცოცავი ოკუპაცია.
– და იურიდიული სტატუსი მიანიჭა ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს. ასე რომ, ამ ფონზე დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა ამ მდგომარეობის ირიბ ლეგიტიმაციას გულისხმობს საქართველოს მხრიდან, ამიტომ საქართველომ რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, მას ძალიან დიდი გარანტიები უნდა საიმისოდ, რომ რუსეთი გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯებს, რომლებიც გაამართლებს საქართველოს ამ დიპლომატიურ მსხვერპლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად გაუგებარი იქნება.
– არსებობს მოსაზრება, რომ პირდაპირ ლაპარაკი სჯობს შუამავლების მეშვეობით ლაპარაკს. რუსეთი, მისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური თავისებურების გათვალისწინებით, არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება, ერთი ერთზე ელაპარაკოს საქართველოს ტიპისა და ზომის ქვეყანა და მიაღწიოს მეტ-ნაკლებ წარმატებას ამ მოლაპარაკებებში?
– „ნაციონალების“ მიერ შემოთავაზებული მოდელია, რომ საქართველო-რუსეთის დატოვება პირისპირ მიუღებელია და საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იღებდეს მონაწილეობას ამ ურთიერთობის პროცესში. მე უარეს ვერსიას ვიტყოდი: მრავალი სახელმწიფო იღებს მონაწილეობას ჟენევის ფორმატში და კიდევ უფრო მეტი – უკრაინის პრობლემის გადაწყვეტაში, მთელმა დასავლეთმა სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რომელიმემ შედეგი გამოიღო?!
– ჯერჯერობით არანაირი.
– ამდენად, მოდელი, რომ პრობლემის გასაღები დასავლეთშია, ცოტა გულუბრყვილოა და რბილად რომ ვთქვათ, საბჭოური დისიდენტური პერიოდის ცნობიერების გამომხატველი, როდესაც ითვლებოდა, რომ, თუ ხმამაღლა იტყოდნენ, თუ რა დანაშაული ხდებოდა საბჭოთა კავშირში, ეს გავლენას მოახდენდა ამ დანაშაულის სიხშირეზე. გათვლით, რომ რუსეთს ანგარიშს უწევს მსოფლიო, მაგრამ რუსეთი არ უწევს ანგარიშს მსოფლიოს და ეს რეალობა დავინახეთ უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, საქართველოზე აღარ ვაკეთებ აქცენტს, რადგან, თავის დროზე, საქართველოს პრობლემა დასავლეთმა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია და ენერგიულად დახუჭა თვალები მასში რუსეთის როლზე. უფრო მწვავედ აღიქვა მან უკრაინის პრობლემა, რომელიც სიდიდით ლამის მთელი ევროპის ზომისაა და ევროპა-რუსეთის წყალგამყოფია, მაგრამ, მიუხედავად ასეთი კარდინალური ინტერესისა, იქაც არ არის წინსვლა. ამდენად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ჰგონია, რომ ეს არის გამოსავალი, მაგრამ არც მათ და არც მსოფლიომ, სამწუხაროდ, არ იციან, რუსეთთან როგორი ურთიერთობა იქნება შედეგიანი. ჩვენც ნუ დავიჩემებთ, რომ ვიცით. ეს პრობლემა ღიაა, ოღონდ, რომ დათმობაც არ არის რუსეთთან მიმართებაში სწორი გზა, ესეც გვიჩვენა მსოფლიო და რეგიონულმა გამოცდილებამ. მსოფლიომ გადატვირთვაზე ააგო თავისი საგარეო-პოლიტიკური კურსი, მოხსნა პრობლემები რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ამანაც არ გამოიღო შედეგი.
– მედვედევის პრეზიდენტობისას ობამას მიერ შეთავაზებულ გადატვირთვის პოლიტიკას გულისხმობთ?
– დიახ და რეგიონში სომხეთია ისეთი ფიგურა, რომელიც ყველაფერს უსრულებს რუსეთს, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთმა, რაც სურდა სომხეთში, ყველაფერი გააკეთა. ვალის ანგარიშში მიითვალა მთელი სომხური ეკონომიკა. ასე რომ, არც იმ მიმართულებით ჩანს პერსპექტივა, რომ ჩვენ გადავდგათ რუსეთისთვის ხელსაყრელი ნაბიჯი და ამით მოვიგოთ მისი გული. ასეთი უპერსპექტივობის პირობებში, როდესაც არ ჩანს, რომელი სტრატეგიაა მომგებიანი, რაღაც ინიციატივების გამოჩენა ან აყოლა, სანამ არ მოიძებნება რუსული პოლიტიკის გასაღები, საქართველოს მხრიდან, მით უმეტეს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მოუმზადებელი და ნაადრევი ნაბიჯი მგონია.
– ერთი ერთზე არათუ საქართველოს, დასავლეთს არ შეუძლია რუსეთთან პრობლემის მოგვარება, დასავლეთთან ერთად და მისი შუამავლობით პრობლემა ვერ გვარდება, იქნებ საერთოდ არ არსებობს ამ პრობლემების მოგვარების გასაღები ბუნებაში? უკეთესი დროის მოლოდინში ვართ თუ აღმოსავლეთისკენ უნდა მივბრუნდეთ და ჩინეთისა თუ ირანის მეშვეობით ვეცადოთ ახალი გასაღების შექმნა?
– აღმოსავლეთისკენ ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მიერ.
– ირანს გულისხმობთ თუ ჩინეთს?
– ირანთან გადადგმულმა ნაბიჯმა, რაც სააკაშვილის დროს მოხდა, ვერანაირი არსებითი გავლენა ვერ მოახდინა რუსეთთან ურთიერთბაზე.
– მაშინ ირანს სანქციები ჰქონდა დაწესებული. ახლა არ აქვს.
– ვიტყვი… ვერც შეცვლიდა, რადგან ირანი არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა და არ აქვს ის ურთიერთობა რუსეთთან, რომ რუსეთზე გავლენა მოახდინოს. მაგრამ არსებობს ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის – ჩინეთი, რომელსაც რუსეთთან ყოველთვის ექნება ტერიტორიული პრეტენზიები და ჩვენ შევქმენით ჩინეთთან ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში ჩინური პოლიტიკის თანამონაწილეები ვართ და, თუ პრობლემა გაჩნდება, მოსალოდნელია, რომ ჩინეთი უფრო აბრეშუმის გზის შენაჩრუნებაზე იზრუნებს, ვიდრე რუსეთის ინტერესების დაცვაზე. ამ მხრივ, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. მეორე მხრივ კი, დასავლეთი ეძებს რუსეთის გასაღებს, მაგრამ იმავე დასავლეთს აქვს უფრო მშვიდი სტრატეგია, იმიტომ რომ მათი ტერიტორიები რუსეთს არ აქვს წაღებული და ეს სიმშვიდე ბუნებრივია. დასავლეთი ცდილობს ეკონომიკური პროცესებით გახადოს რუსეთი უფრო დამთმობი: ნავთობის ფასზე ზემოქმედება, სანქციები და ასე შემდეგ. თუ ეს პროცესები არ მივიდა რაღაც კონდიციამდე, ისე რუსეთი რატომ დათმობს?! რუსეთის პოლიტიკის გასაღები შეიძლება, საერთოდ არ მოიძებნოს, თუ რუსეთი არ დასუსტდა. თუ კარი არ აქვს ციხე-სიმაგრეს, რა აზრი აქვს იმ კარის გასაღების ძებნას?!
– ან გარედან უნდა შეანგრიო, ან ვინმემ შიგნიდან გამოანგრიოს.
– თუ მისი დანგრევის უნარი არ გაქვს, რა უნდა ქნა?! მაშინ ჩინური ანდაზის მიხედვით უნდა იმოქმედო: დაჯდე მდინარის პირას და დაელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს. ანუ ბევრი რამ დროზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, პატარა ქვეყნისთვისაა აუცილებელი დროისა და იმ პროცესების გათვალისწინება, საითაც იმ დროში მიდის მსოფლიო. ჩვენ, სამწუხაროდ, არც დროს ვუყურებთ, არც სივრცეს და, თუ არაფერს შეხედე და დააკვირდი და მხოლოდ, მინდა, იძახე, რაც ქართული ფენომენია, რა თქმა უნდა, გასაღებს ვერ იპოვი. ამიტომ ამბობენ პირველს, რაც თავში მოსდით: რუსეთი მეზობელია და კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდესო, მაგრამ იმასაც უნდა დააკვირდე, ის მეზობელი ამ კარგ ურთიერთობას სათავისოდ იყენებს თუ საშენოდ?! არც ერთ თავის მეზობელთან რუსეთს იმ მეზობლისთვის სახეირო ურთიერთობა არ აქვს: შენ მეზობლობ, ის ყაჩაღობს და ამ ფონზე ცოტა მეტი დაკვირვებაა, ალბათ, საჭირო ამ ტიპის საკითხების წინ წამოწევის დროს.
– მეზობლობაც ორმხრივია სიყვარულისა და მეგობრობის არ იყოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი წინა კვირას ბაქოში შეხვდა რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს და ის იღებს მონაწილეობას ინდოეთ-ირან-რუსეთის სატრანსპორტო პროექტში, რაც არის ჩინეთიდან აზერბაიჯან-საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი პროექტის ალტერნატივა. აზერბაიჯანი ევრაზიული ბანაკისკენ გადაიხარა თუ თავისი ინტერესებით მოქმედებს და აბალანსებს?
– აზერბაიჯანი გადაიხარა რას ნიშნავს, რომ მას ალტერნატივები აქვს და ახლა მოეწონა რუსეთთან ურთიერთობა?! ასე ხომ არ დგას საკითხი?!
– არა.
– ჩვენგან განსხვავებით აზერბაიჯანი ცდილობს, იყოს უფრო ელასტიკური და არ აიღოს რომელიმე ერთ მხარეს კარდინალური პოზიცია: რაღაც ელემენტები ჰქონდეს მისაღები რუსული პოლიტიკისთვის, რაღაც ელემენტები – ევროპული პოლიტიკისთვის მისაღები და საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტები – აზიური პოლიტიკისთვის. ანუ გაიხსენეს ის აღმოსავლური ელასტიკურობა, რაც საუკუნეებით მოსდგამდა აღმოსავლეთის ქვეყნებს ზოგადად და ჩვენც. გაიხსენეთ ერეკლე მეორე.
– თავზე რა ეხურა და გულზე რა ეკიდა.
– ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ და მეორე ჯერზეც აბსოლუტურად დაგვეკარგა ეს უნარი და ცალსახა პოლიტიკაზე გადავედით. აზერბაიჯანმა კი გაიხსენა თავისი არქეტიპული ფორმულები პოლიტიკაში, რადგან ნახა, რომ ძალით ვერ ჯობნის და დროის გაყვანა სჭირდება, ამიტომ თამაშობს იქითაც და აქეთაც. ჩვენთვის ეს უკვე გავლილი ეტაპია, იმიტომ რომ, როდესაც ერთ მხარეს რადიკალური იქნები, მერე უკვე შუალედურ პოლიტიკაში გადმოინაცვლებს. იმ პარტნიორსაც დაგაკარაგვინებს, ვინც ამ რადიკალობით მოიპოვე და ვერც ახალს მოიპოვებ, იმიტომ რომ ახალი აღარ გენდობა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, აზერბაიჯანს – თავისი. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ვიღაცის მტერი და ვიღაცის მოყვარეა, პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს.
– ამ მოცემულობაში რუსეთთან ელასტიკურობა აღარც გამოგვიგვა, აღიარებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი, ყარაბაღზე კი პუტინმა თქვა, რომ აქტიურადაა დაინტერესებული, რომ არც ერთი მხარის მხარეს არ დადგეს და ყველასთვის მისაღები ფორმით გადაწყვიტოს პრობლემა. გვაქვს ელასტიკურობის ფუფუნება?
– გვაქვს, ოღონდ ამის ნიშანი უნდა იყოს გინდ, აფხაზეთიდან და გინდ, ცხინვალიდან. ვინაიდან ის, რაც ითქვა ყარაბაღთან მიმართებაში სიტყვის მასალაა. მასე, აფხაზეთსა და ცხინვალზეც აქვს ნათქვამი რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომლებითაც შეგვიძლია, გული მოვიფხანოთ. ყარაბაღის თემაშიც ამგვარი გამოსავლის ძებნაზე იქნება ლაპარაკი. ჩვენ შეიძლება, შემოგვთავაზოს ფედერაციულ ან კონფერედაციულ ურთიერთობაზე დათანხმება. ამით თავის აღიარებას ძალაში დატოვებს, ოღონდ ერთიანი მმართველობის ქუდის ქვეშ მოაქცევს საქართველოს ამ ტერიტორიებს. ასეთი თეორიულ მოდელი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ამაზეც არ არის ლაპარაკი რუსეთის მხრიდან.
– საქართველოში აშკარად პრორუსული ძალების გააქტიურების უკან რა დგას: რუსეთი თუ ამ ძალების მიზანი, თავი მოაწონონ რუსეთს?
– არ მგონია, რომ რუსეთს დღეს რამე სერიოზული ინტერესი ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ეს მე თვითონ ამ პოლიტიკური ძალების თვითშემოქმედება მგონია. ამაზე ისიც მიუთითებს, თუ როგორია ამ პოლიტიკური ძალების ფინანსური შესაძლებლობები. რუსეთის ინტერესი რომ იყოს და ის რომ იყოს მუსიკის დამკვეთი, მაშინ ამ მუსიკაში ფულს გადაიხდიდა. ეს მუსიკა კი, მგონი, უფულო მუსიკაა. ამიტომ მგონია, რომ თვითშემოქმედებაა და არა დაკვეთილი პროცესი.