რომელი გვარების აღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და რა შემთხვევაშია შესაძლებელი მამის სახელის შეცვლა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქისვე სარჩელი განიხილა და ნება დართო, რომ მან მამის გვართან ერთად ბებიის გვარიც ატაროს. ამ ფაქტმა ქართულ სოციალურ ქსელებში დიდი მხიარულება გამოიწვია, ვინაიდან, ფაქტის არასწორად გაშუქების გამო, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოგვეცა ბებიების გვარების არჩევის უფლება. თუმცა, რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა: ბებიების და, ზოგადად, სისხლისმიერი ნათესავების ნებისმიერი გვარის აღება ისედაც შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. იმის შესახებ, თუ რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში გვარ-სახელების გადარქმევა-შეცვლასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, საიას იურისტი – გიორგი გოცირიძე გვესაუბრება, მით უფრო, რომ ის აწარმოებდა ხსენებული მოქალაქის საქმეს სასამართლოში.
– როგორც ვიცი, მოქალაქეებს ნებისმიერი სახელის არჩევის უფლება აქვთ ოღონდ არ უნდა იყოს უცენზურო სიტყვა და ციფრებისა და სიმბოლოების ერთობლიობა. ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია?
– სახელი შეიძლება, თავად აირჩიოს ადამიანმა, თუმცა ის არ უნდა შედგებოდეს შეურაცხმყოფელი სიტყვისგან და სასვენი ნიშნებისგან. ასევე, შესაძლებელია, სახელი იყოს ორწევრიანი, მაგალითად, ლაშა-გიორგი, მაგრამ არ შეიძლება, სამი ან მეტი წევრისგან შედგებოდეს.
– ლაშა-გიორგი-ნოდარი…
– დიახ და კიდევ ერთი რეგულაციაა, რომ სახელი შეიძლება, შეიცვალო მხოლოდ ერთხელ, თუ გერქვა გიორგი და გახდი ნოდარი, ვეღარ გახდები ვერც გიორგი და ვერც ლაშა.
– ცოტა დისკრიმინაციული არ არის, თუ ერთხელ, მაშინ რატომ არ შემიძლია, მეორედ ან მესამედ შევიცვალო სახელი?
– ადამიანის იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრით, იმიტომ რომ პირადი ნომერი არასდროს მეორდება და არასდროს იცვლება, ამიტომ კითხვის ნიშნები არსებობს ამ რეგულაციასთან მიმართებაში.
რაც შეეხება გვარებს: გვარების არჩევის თავისუფლება შეზღუდულია, შეგიძლია, მიიღო მხოლოდ ის გვარი, რომელთანაც კავშირი გაქვს: მშობლების გვარი ან ნათესავების, წინაპრების ან მშვილებლის, ან ფაქტობრივი აღმზრდელის. ასევე, დადგინდა რეგულაცია, რომ შესაძლებელია ისტორიული გვარების აღდგენა. მაგალითად, ქურთული ჯგუფის წარმომადგენლების გვარებმა დროთა განმავლობაში რუსული ან სომხური ფორმა მიიღო და, ამდენად, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებობა, რომ მათი გვარი გამოითქვას ისე, რომ შესაბამისობაში მოვიდეს მათ ენასთან. ლაპარაკია ისტორიულ გვარებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიცვალა.
– არა მარტო ქურთული. ეს რეგულაცია დიდი ხნის წინანდელია, მაგალითად, გასული საუკუნის 90-ან წლებში ქართველებმა, რომელთა გვარებს ჰქონდათ სომხური დაბოლოებები, იმის გამო, რომ თავის დროზე მათი წინაპარი მონათლა ტერტერამ და ამიტომ გადაუკეთდათ, საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაიბრუნეს ისტორიული გვარები.
– ეს რეგულაცია დიდი ხანია არსებობს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას ენათმეცნიერის ან ისტორიკოსის დასკვნა სჭირდება, რომ ასეთი ცვლილება მოხდა გვართან მიმართებაში და ადამიანს სურს თავისი ისტორიული გვარის დაბრუნება.
– რატომ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა, მაშინ, როდესაც მოქალაქეებს ისედაც შეეძლოთ, აეღოთ ბებიების გვარები?
– ადამიანს შეეძლო, გადასულიყო ბებიის გვარზე, მაგრამ ამისთვის უარი უნდა ეთქვა თავის გვარზე.
– ორი გვარი ვერ ექნებოდა?
– ორი გვარის აღებაცაა შესაძლებელი: მაგრამ ეს უნდა იყოს ან მშობლების გაერთიანებული გვარები, ან მეუღლისა და საკუთარი გვარების გაერთიანება. შესაძლებლობას, რომ მამის გვარზეც ყოფილიყავი და ბებიის გვარზეც, არ ითვალისწინებდა ჩვენი კანონმდებლობა. ეს ადამიანი იყო ნუგზარ ხუნდაძე და უნდოდა გვარი ხუნდაძე შეერთებინა ბებიის გვარისთვის – ჯაყელისთვის, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ იძულებული გახდა, ხუნდაძეზე ეთქვა უარი, რომ აეღო ბებიის გვარი ჯაყელი, მაგრამ, რადგან უნდოდა ორივე გვარის ტარება, 2013 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და სასამართლომ 4 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმეზე. დააკმაყოფილა ამ ადამიანის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლი, რომელიც იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას, მოქალაქეს აძლევს საშუალებას, გააერთიანოს თავისი წინაპრის გვარები და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც ადამიანს ზღუდავდა გვარების გაერთიანებაში, როდესაც შეეძლო ან მეუღლის გვართან გაეერთიანებინა თავისი გვარი, ან მშობლების გაერთიანებული გვარები მიეღო.
– რამდენწევრიანი შეიძლება, იყოს გვარი?
– ისევე, როგორც სახელი, გვარიც მხოლოდ ორწევრიანი შეიძლება, იყოს. არ შეიძლება სამი ან მეტი გვარის გაერთიანება. გვარ-სახელი შეიძლება, იყოს ორ-ორწევრიანი იმის გამო, რომ საზოგადოებამ ადვილად შეძლოს ადამიანის გვარის დამახსოვრება. როდესაც გვარი რთულად დასამახსოვრებელია, ადამიანის იდენტიფიცირება გართულებულია; თუმცა პირადი ნომრით შესაძლებელია, მაგრამ საუბრისას შეიძლება, ვერ მოახდინოთ ჩემი იდენტიფიცირება, თუ ჩემი გვარი ხუთწევრიანია და ამიტომ რთულად გამოსათქმელია. ამდენად კანონმდებელი მივიდა დასკვნამდე, რომ სახელი და გვარი უნდა იყოს მხოლოდ ორ-ორწევრიანი, მაგრამ, როდესაც ადამიანი იღებს სახელსა და გვარს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს.
– თუმცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბებიების გვარების მიღების უფლება მოგვეცაო, არადა ეს უფლება ისედაც არსებობდა.
– მედიამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა. ამ ადამიანს, ვინც სარჩელით მიმართა სასამართლოს, ჰქონდა ბებიის გვარი და უნდოდა მამისა და ბებიის გვარების ერთდროულად ტარება.
– სხვა ნათესავის გვარების შეერთებაც შეიძლება?
– აღმავალი წინაპრების გვარების საკუთარ გვართან შეერთებაცაა შესაძლებელი.
– იმ გადაწყვეტილებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, არასისხლისმიერი ნათესავის გვარს, მაგალითად, დეიდის ან მამიდის ქმრების გვარებს თუ გავაერთიანებ ჩემს გვართან?
– ამ შემთხვევაში ნორმატიული შინაარსი არის ის, რომ მხოლოდ აღმავალი შტოს ნათესავების გვარების მიერთებაა შესაძლებელი. მოსარჩელეც ამაზე დაობდა. რადგან ჩვენი მოსარჩელე მხოლოდ ამაზე დაობდა, სასამართლო ასე გლობალურად ვერ გასცდებოდა საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის პარლამენტი და მსჯელობს მხოლოდ მოსარჩელის სიტუაციიდან გამომდინარე. მოსარჩელე არ ითხოვდა, მაგალითად, მეუღლის მამიდის ქმრის გვარს.
– რამე სამართლებრივ ან იურიდიულ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული გვარებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება თუ მხოლოდ სურვილის ამბავია?
– მხოლოდ სურვილის ამბავია. ნებისმიერს შეუძლია, მივიდეს იუსტიციის სახლებში და მოითხოვოს თავისი გვარის რომელიმე თავისი წინაპრის გვართან შეერთება.
– როდესაც ბავშვს არ ჰყავს სამოქალაქო მამა და ჰყავს მხოლოდ დედა. ავტომატურად მიეკუთვნება დედის გვარი თუ დედას შეუძლია, შეურჩიოს თავისი აღმავალი შტოს ნათესავების გვარებიდან?
– ბავშვს გვარი ენიჭება მხოლოდ მშობლების შეთანხმებით და, თუ მხოლოდ დედა ჰყავს ბავშვს, ის არჩევს გვარს შვილისთვის: თავის ან ბებიის გვარს, თუ ბებია თანახმაა.
– მეორე გვარის მიღებისას გვარის მატარებლის თანხმობაა აუცილებელი?
– თუ ცოცხალია, აუცილებელია თანხმობა, თუ არ არის ცოცხალი, აღარ არის საჭირო.
– როგორც მივხვდი, ფსევდონიმსაც ვერ დაირქმევ გვარად?
– არა, ასეთი რამ შეუძლებელია.
– „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, მახსოვს, დიდი აჟიოტაჟი იყო, როდესაც საუბრობდნენ მოქალაქეებისთვის ნებისმიერი გვარის მინიჭებაზე.
– ასეთი ცვლილება არ მიღებულა. სააკაშვილის დროსაც და დღესაც მხოლოდ მშობლების, ბებიის, მშვილებლის, ფაქტობრივი აღმზრდელის ან ისტორიული გვარის მიღებაა შესაძლებელი. ისეთი გვარის მიღება, რომელთანაც არანაირი კავშირი არ გაქვს, არც სააკაშვილის დროს შეიძლებოდა და არც დღეს შეიძლება; მათ შორის, არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
– როდესაც ბავშვს მამა არ ჰყავს, მამის სახელი რა პრინციპით მიეთითება?
– დედა მიუთითებს კონკრეტული ადამიანის სახელს. შეიძლება, არარსებული ადამიანის სახელი მიუთითოს, რომ ბავშვის სტიგმატიზება არ მოხდეს.
– მამის სახელის შეცვლა რა შემთხვევაშია შესაძლებელი?
– თუ ბავშვი ათ წლამდე არ არის მიღწეული, მშობელმა შეიძლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება შვილისთვის გვარის ან სახელის შეცვლაზე, მაგრამ ათ წელზე ზემოთ სრულწლოვნების მიღწევამდე, ბავშვის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია, ბავშვიც უნდა იყოს თანახმა, ამ შემთხვევაში მხოლოდ მშობლის თანხმობა არ იქნება საკმარისი.
– თუ სრულწლოვანს უნდა მამის სახელის შეცვლა?
– შეუძლებელია. დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ის პირობითი სახელი იყო და შემდგომ მამობა დადგინდა. დედის სახელი, უბრალოდ, ვერ შეიცვლება, მაგრამ მამის სახელი იმ შემთხვევაშიც შეიცვლება, თუ მამობა სადავო გახდა და თუ სხვა ადამიანის მამობა დადასტურდა.
– თუ დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა მამობა, ბავშვს ავტომატურად ენიჭება ბიოლოგიური მამის სახელი და გვარი?
– სასამართლოში უნდა წარადგინონ ცნობა და შემდეგ სასამართლო დაადგენს მამობას.
– მართალია, პირადი ნომერია პიროვნების იდენტიფიცრების საშუალება, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ნებას რთავს დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ქორწინების უფლებას, რადგან ეს მიღებულია სხვა კონფესიებისთვის, თუმცა ქართული ტრადიციით, სისხლისმიერად 7 თაობასა და მირონით 9 თაობაშია აკრძალული ქორწინება. გვარების ცვლილების შემთხვევაში ნათესაობის დადგენა როგორაა შესაძლებელი?
– ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებულია დედაც და მამაც, მათი პირადი ნომრებიც და, ამდენად, შესაძლებელია ინდენტიფიცირება, ვინ ვისი და ან ძმაა და, თუ ასეთი რამ აღმოჩნდა, ქორწინების საშუალებას არ მისცემენ, იმიტომ რომ აკრძალულია დასა და ძმას შორის ქორწინება. ამის შემოწმება ფურცლებით აღარ ხდება და ამიტომ რამდენიმე წამი სჭირდება იდენტიფიცირებას, ყველა მონაცემი გაციფრულებულია. მაგრამ იუსტიციის სახლის თანამშრომელი და-ძმის გარდა სხვა ნათესაური კავშირით არ უნდა დაინტერესდეს ეს არარელევანტურია.