პოლიტლოგიკა – ქართულად
ანუ ვისი პარტნიორი ვის როიალშია
მაშინ, როდესაც რეგიონში ისეთი არეულობა-გადაჯგუფებებია, ვერც კი გაარკვევ, ვისი პარტნიორი ვის როიალშია, ეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ფიცხელ ბრძოლაშია ჩაბმული და განა მხოლოდ სკამების დასაუფლებლად?! იმის გასარკვევად, ბოლოს და ბოლოს, რომელ სქესებს აქვთ დაქორწინების უფლება (ანუ უსაქმო კაცის გასართობი არა მხოლოდ მახათია?!).
ჰოდა, რაკი ბრძოლა ფიცხელია, მთავარსარდალმაც გამოიჩინა ფხა (ცხადია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, თორემ ჩვენ კი ვიცით, როგორიცაა ნამდვილი ფხა) და საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ 200 000 ხელმოწერას (რათა რეფერენდუმი ჩატარებულიყო იმის გასაფორმებლად, რომ ქორწინება მხოლოდ დედაკაცისა და მამაკაცის კავშირია) უარი უთხრა, სავარაუდოდ, იმ 200 000-ზე გაცილებით ნაკლებხელმომწერიანი პეტიციის გავლენით, რის მიხედვითაც, საპირისპირო სქესთა ქორწინების საჯარო დაკანონება რუსული ნარატივია.
თუმცა თავად პრეზიდენტმა უარის მიზეზად შემდეგი დაასახელა (მოვიტან მთავარსარდლის ციტატას): „მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს.“
აძლევს, ვინაიდან, მთავარსარდლის ლოგიკით, რაკი მასში მონაწილეობას ვერ იღებენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მკვიდრები, შედეგები იქნება არალეგიტიმური.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ამგვარ რეალობაში აქამომდე რეფერენდუმიც ჩაგვიტარებია და პლებისციტიც: თვით ჩრდილოატლანტიკური მისწრაფების გამოსახატავადაც და ამ ჩვენი პარლამენტის წევრთა ოდენობის 150-მდე შესამცირებლად, მეტიც, არჩევნებიც – წარმატებით და, თუ პრეზიდენტის ლოგიკას გავყვებით, არაერთი დამატებითი სამართლებრივი არგუმენტიც მიგვიცია ოკუპანტისთვის.
თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის მრჩევლების რაოდენობა ისეთია, „რამ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავებიო“, იბადება რიტორიკული კითხვა: ტყუილად ვაჭმევთ პურსა, რომ ერთი ხეირიანი არგუმენტიც კი ვერ მოუფიქრებიათ?! –