ბოლოგაკვირვებულები
ანუ ვჭამოთ ხელებით
იქნებ იმიტომ, რომ პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია ან იმის გამო, რომ ყველაზე მეტს სწორედ არჩევნების წინ იტყუებიან და ნადირობის შემდეგაც (აბა, ომში ტყუილები არ დაგვცალდა: ხუთი დღე ამისთვისაც კი ცოტაა), ამ ჩვენს პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებებს არც პატრიოტული პათოსი აკლია და არც „ოქროს სარაიების“ აშენების იმედები.
ჰოდა, რაკი არ აკლია, მარაქაში, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობაცაა“ გარეული. მეტიც, არათუ გარეულია, ფონად ერგნეთიც აირჩიეს: გასულ კვირას საოკუპაციო ზოლთან დავით ბაქრაძემ მეტად პათეტიკური სიტყვაც წარმოთქვა.
მომყავს ციტატა: „ცხინვალი და ის საოკუპაციო ზოლი, რომელიც აქედან რამდენიმე მეტრში გადის, არის თითოეული ქართველის გულში გამავალი საოკუპაციო ზოლი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით ჩვენი მიწის დაკარგვას, არასდროს შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას!“
სამწუხაროდ, მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა არშეგუებაში და რა კონკრეტული გეგმებითაა შესაძლებელი არსებული რეალობის შეცვლა, თუმცა, რაკი გვახსოვს (ან კი რა დაგვავიწყებს) მისი მოწოდება ოკუპაციის დღეებში: თავი დაიცავით, რითაც შეგიძლიათო (დანა-ჩანგლის ჩათვლით), არც ისაა გამორიცხული, ოკუპაციის დასრულებამდე ხელებით ჭამასა და დანა-ჩანგლის ალესვასა და ჭერში შეწყობას გვთავაზობდეს?! –