თიკო მოსემღვდლიშვილს „ძველი ბიჭები” მოსწონდა
მომღერალი და მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი თავის ყველაზე საყვარელ სეზონს დასვენებაში ატარებს. თუმცა, დასვენების გარდა, ის ახალ სიმღერაზეც მუშაობს, რომელიც მის მეგობარს ეკუთვნის და, ფიქრობს, რომ საინტერესო გამოვა. თიკო წამოვიდა „ქალთა სახეებიდან,“ თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ ჯგუფთან უკვე სხვა პროექტში ითანამშრომლოს.
თიკო მოსემღვდლიშვილი: ჩემთვის ზაფხული მზესთან, რუჯთან, დასვენებასთან ასოცირდება და ამიტომ ძალიან მიყვარს. დილით ყოველთვის მზეზე, ზღვაზე ვარ და გასართობად საღამოს მივდივარ. ძალიან კარგია, როდესაც ასეთ დროს გვერდს გიმშვენებს საყვარელი ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. ასე ეულად ვატარებ ზაფხულს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. არიან, რა თქმა უნდა, ვიღაცეები, მაგრამ მათ მიმართ ჩემი ინტერესის დონე იმ სიმაღლეზე არ ასულა, რომ ურთიერთობა გამეგრძელებინა.
– არ გქონია საკურორტო რომანი?
– საკურორტო რომანი, მერე წამოვედი და „პაკა“... – არ შემიძლია. მე ვარ ისეთი ტიპი, რომელიც ძალიან ეჩვევა ადამიანს. თუ დავიწყებ ურთიერთობას, ბოლომდე მივდივარ და მერე მიჭირს განშორება. რადგან ჩემი ხასიათი ვიცი, ვცდილობ, არ დავიწყო ურთიერთობა, რადგან, თუ დავიწყებ, მაშინ ეს საკურორტო რომანად ვერ დარჩება. ასე რომ, წელს თავი შევიკავე, რადგან სათანადო ობიექტი არ გამოჩნდა.
– როგორი უნდა იყოს სათანადო ობიექტი, რომ მასთან ურთიერთობა დაიწყო?
– ძალიან პატარა რომ ვიყავი, „ძველი ბიჭები” მომწონდა – ისეთები, ფოტოდან რომ გეჩხუბებიან. მაგრამ დღესდღეობით ასეთი ბიჭები საერთოდ არ მაინტერესებს. უნდა იყოს სიმპათიური, თავისი საქმე ჰქონდეს და იცოდეს, როგორ გამაბედნიეროს.
– რა სჭირდება თიკოს ბედნიერებისთვის?
– მცირედი რაღაც გაბედნიერებს ადამიანს, ცოტა ყურადღება, პატივისცემა. ამ მცირედსაც თუ არ გააკეთებს, ჩემში სერიოზულ წყენას გამოიწვევს. ჩემი ბედნიერებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ძალიან უყვარდეს ჩემი საქმე, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად და, ეცადოს, ხელი შემიწყოს. ზუსტად ვიცი, მხოლოდ პირადი ცხოვრებით ბედნიერი ვერ ვიქნები. კარგია, როცა ორივე მხარე თავისი საქმით არის დაკავებული, მერე ამას თან ახლავს მონატრება – ასეთი ცხოვრება მომწონს.
– უფლებები როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული?
– როცა სიყვარულია და კარგი ურთიერთობაა, რა თქმა უნდა, ბედნიერი ხარ, რომ იმ ადამიანს ასიამოვნებ, შენს გაკეთებულ რამეს დაახვედრებ. თუმცა არის მომენტი, როცა ხასიათზე არ ხარ, არ შეგიძლია და ეს არ უნდა გახდეს ჩხუბის მიზეზი: „რას ჰქვია საჭმელი არ დამახვედრე“. ვფიქრობ, თანასწორობა და თანაფარდობა უნდა იყოს. ვერასდროს გავიგებ და არ მესმის, როცა ამბობენ: ის მამაკაცია, შეუძლია, სხვასთან რომანი გააბას. ასეთ დროს ჩვეულებრივი „ფსიხი“ ვიქნები, არაადექვატური. ან ის ფრაზა – „მთავარია, მე ვერ გავიგო”... ეს საერთოდ არ მესმის. თუ ვერ გავიგებ, მაშინ ყოჩაღ, კიდევ ერთი პლუსი მას, მაგრამ არ ვიტყვი არასდროს ქმართან: „საყვარელიო, წადი, მთავარია მე ვერ გავიგო”. არ მაინტერესებს, ძმაკაცებთან ერთად იყო და სხვანაირად ვერ მოიქცეოდაო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ვინმეს სადმე წასვლა უნდა დაუშალოს ან რამის კეთება. გოგო ვარ და მეც მინდა დაქალებთან ერთად ყოფნა, გართობა, ისევე, როგორც კაცს – მეგობრებთან ერთად. ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, წლები ერთად რომ ხართ, ცოტა შეჩვევაში გადადის, რაღაცეები უბრალოვდება და იმის ნაცვლად, რომ იზრუნო იმაზე, როგორმე ეს ურთიერთობა შეინარჩუნო, ამ დროს, პირიქით, ყველაფერს აუარესებ. ასე რომ, მე ვერ ვაპატიებ – იცოდეს იმან, ვინც არის, არც კი იფიქროს.
– ზოგი შვილების გამო ოჯახის დანგრევაზე ამბობს უარს.
– არ მგონია, ის შვილიც ბედნიერი იყოს, რომელიც უყურებს, როგორ იტანჯება დედამისი, როგორ ცუდად არის. რომ გაიზრდება შვილი, ისიც მიხვდება ყველაფერს, რატომ და რისთვის გააკეთე. თუმცა, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მამასთან ურთიერთობა გაუწყვიტო. ეს კიდევ ცალკე თემაა. შვილების ან ვინმეს გამო არ გავწირავ თავს არასდროს და უბედური ვერ ვიქნები. შეიძლება, ძალიან ცუდად გადავიტანო, მაგრამ მიმაჩნია, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. თუმცა, არ არის ეს მარტივი გადასატანი. მე რთულ სიტუაციაში არასდროს ვიკეტები. თუ არ გავერთე, არ გავედი გარეთ, ისე ვერ გადავიტან. მაქსიმუმ ერთი კვირა და მაშინვე აზრზე მოვდივარ. თან, არ მაქვს იმის უფლება, დავჯდე და თავში შემოვირტყა, საკუთარი თავის გარდა, კიდევ ბევრი ადამიანი მყავს ყურადღებამისაქცევი.
– ბოლოს ფილმში ითამაშე, რომელიც გაზაფხულზე კინოთეატრებშიც გადიოდა.
– ამ ფილმში ჩემი გმირის ტიპაჟი ვარ: ცოტა კაპასი, რაღაცნაირი, თუმცა მთლად მასეთი არ ვარ, ანუ მოღალატე სულის ადამიანი არ ვარ. სულ რომ ყურადღებას ითხოვს, ასეთი ვარ. თუ არ გამიკეთებს ისეთ რამეს, რაც საჭიროა, მოვითხოვ, რადგან მიმაჩნია, რომ არცერთი დღესასწაული, მნიშვნელოვანი თარიღი შენს საყვარელ ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს. ვერ მოვახერხე – ასეთი რამ არ არსებობს ჩემთვის. თუ წასული ხარ სადმე, ახლა ისეთი საშუალებებია, ყველაფერს მოახერხებ – მთავარია, მონდომება გქონდეს.
– შენც ასეთი ხარ?
– რომ ვთქვა, მამაკაცები გამინებივრებია საჩუქრებით-მეთქი, მოვიტყუები. ჩემს ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელია ასეთი სიტუაციები. სიმართლე ის არის, რომ დიდხანს არავისთან არ მიცხოვრია, ამიტომაც არ მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რომ მამაკაცს თან გადავყვე და ყველაფერი გავუკეთო. რომ შევხედავ და დაიმსახურებს, რატომაც არა. პირველ ეტაპზე საჩუქრები ვუკეთო – არა, დადგება ეგ დროც. ზოგჯერ ქალები ბევრ რამეს თმობენ და მერე შეიძლება, ვიღაცას დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება: ეს ყველაფერს იტანს, რაც უნდა გაუკეთო, მაინც თავს დაგიხრის... არც ეს არის კარგი. საკუთარი ბედნიერებისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლო, რომ თავი ბედნიერ ქალად იგრძნო. უნდა მოითხოვო კიდეც, თუმცა ადამიანი თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რა გჭირდება, რა უნდა გააკეთო. თუ საშუალება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ესეც გასაგებია.
– როგორ გამოხატავს თიკო თავის სიკაპასეს?
– წიწინა ვარ და ვწიწინებ ხოლმე. თუმცა, ვისაც ვეყვარები, იმას ჩემი წიწინიც ეყვარება. იმისთვის საყვარლად ვიწიწინებ და ვისაც არ მოეწონება ჩემი წიწინი, ნუ მომისმენს.
– ალბათ, გიფიქრია მომავალში დაოჯახებაზე.
– არ მინდა, ასე ეულად დავდიოდე ცხოვრების ბოლომდე. უბრალოდ, ვერ აეწყო სიტუაცია, რომ მაგ დონემდე მისულიყო. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ფლირტიც არ მაქვს.