კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თეორია ეკუთვნის ალექსანდრე ჯეჯელავას სიდედრებზე და როგორ გაიწვია ის პრემიერ-მინისტრმა ჯარში

როგორც თავად ამბობს, ყველაზე კარგად ლაპარაკი გამოსდის, რაც იყო კიდეც წლების განმავლობაში მისი მთავარი საქმე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას, როგორც  საინტერესო რესპონდენტს,   ბადალი არ ჰყავს.  მარტო გახსნილობა და გულწრფელობა არაა  მისი, როგორც მინისტრის ღირსება, რაც მას სხვა მაღალჩინოსნებისგან აშკარად გამოარჩევს. თუ ამას მის  სხვა  პიროვნულ ღირსებებსაც დავუმატებთ, განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან კომუნიკაცია  ერთი დიდი სიამოვნებაა. „წესები,” რომლითაც  ის  წარმატებულ ტოპმენეჯერად იქცა, „აიტიშნიკის” პოზიციით გახსნილი „შრომის წიგნაკი” და ცხოვრება კადრს მიღმა, სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდება...   
ალექსანდრე ჯეჯელავა: მინისტრობას საერთოდ არ ვაპირებდი, ასეთი სურვილი არ მქონია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ამაზე მიფიქრია და შემიძლია ვთქვა, როგორი   მეგონა მინისტრობა.   მიმუშავია ორგანიზაციების ტოპმენეჯმენტში, როდესაც ბევრი სამუშაო გაქვს და ეს სამუშაო მასშტაბურია – ეს გამოცდილება მქონდა და  ამ მხრივ განსაკუთრებული განსხვავება არაა.  რასაკვირველია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცილებით დიდი ორგანიზაციაა, მეტად მრავალფეროვანი, ვიდრე ყველაფერი ის, რაც აქამდე მიკეთებია.  ამ  საქმეს ართულებს მისი დაკავშირება  პოლიტიკასთან:   „რას გვიშვრება ეს მთავრობა” – ცხოვრებას მაგრად ართულებს, თუმცა  ამას ვეჩვევი.
– თქვენთვის ეს  არის დებიუტი  სახელმწიფო სამსახურში; დებიუტი  და, თანაც როგორი – პირდაპირ მინისტრის პოსტზე. აქამდე  თქვენს შრომის წიგნაკში იყო სხვა „სექტორი” – ალბათ, რთულია თავისუფალი ბუნების კაცისთვის ბიუროკრატიულ  ოფიციოზთან შეჩვევა. 
– მე თავის დროზე იმის გამო წავედი ბანკიდან, რომ ჩავთვალე, ბანკი ზედმეტად ზღუდავდა ჩემს თავისუფლებას. ახლა ვხვდები, რომ ის  სულ არ იყო შეზღუდვა. ეს გადართვა გამიადვილა  იმ ერთმა თვემ, რომელიც მქონდა მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად. როცა მივხვდი,  რომ   ჯარში  გამიწვიეს, უკვე სირთულეებიც  გაქრა.  ჯარი ხომ  სამშობლოს სამსახურია და, როცა ადამიანი მიდის ჯარში, ის მერე არ წუწუნებს იმაზე, რომ გვიან დაიძინა ან ადრე მოუწევს გაღვიძება, რადგან მან იცის, რომ ჯარშია – სამშობლოს სამსახურში. მართალია, მე ამ როლში მომიწევს სამსახური, თუმცა, ამის გაცნობიერებამ გამიადვილა ის დანაკლისები, რაც ამ პოზიციას მოსდევს –  თუნდაც ოჯახთან ურთიერთობა. ვხუმრობ ხოლმე: ჯარში რომ ვიყო, სახლში  საერთოდ  ხომ ვერ მოვიდოდი, ახლა კი გვიან, მაგრამ მაინც ხომ მოვდივარ?! (იცინის) როდესაც  ვინმე ნერვებს მიშლის და ვფიქრობ: აუ რა დავაშავე, ახლა ეს მინდა?” უცებ – მახსენდება, რომ ჯარში ვარ  და  სხვა არჩევანი არ არსებობს. ადამიანები ომში მიდიან და კვდებიან და, შენ რომ ცოტა ნერვები მოიშალო, არაფერი  მოგივა.     
–  როგორც ამბობენ, პრემიერის განსაკუთრებული  რჩეული ხართ, ოთხი თვის ვადით არ ხართ დანიშნული და აქ თქვენი „სავალდებულო სამხედრო სამსახური” მეტხანს გაგრძელდება. 
–  მე ვფიქრობ, ჩემი აქ მუშაობა მკვეთრად  არის ასოცირებული იმ გუნდთან, ვისთანაც  დღეს ვმუშაობ. განათლების სისტემაში ბევრი და თანაც რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი,  სრული მხარდაჭერის გარეშე მათი განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი მეგობრობა პრემიერთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ძალიან მტკიცე და მნიშვნელოვანია.  ჩვენ არ ვართ პირადი მეგობრები, უფრო კომაროვის სკოლის დროს  და შემდეგ საბანკო სისტემაში გადავიკვეთეთ და  დავმეგობრდით და ეს აღმოჩნდა საკმარისი, გვცოდნოდა ერთმანეთის შეხედულებები, რაც იწვევს კიდეც ნდობას. წინა რამდენიმე მთავრობის დროსაც იყო ხოლმე საუბრები ჩემს ჩართვაზე სახელმწიფო სამსახურში, მაშინ არც კი განმიხილავს ასეთი  შესაძლებლობა. ახლაც, როცა პრემიერისგან შემოთავაზება მივიღე, თავიდან  ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე და ვკითხე კიდეც – ძალიან ხომ არ გეწყინება, უარი რომ გითხრა-მეთქი. მიპასუხა – პირადად არ მეწყინება, მაგრამ მერე არ თქვა, რომ  გედარდებოდაო. ეს ისეთი არგუმენტი იყო, ვერაფერს იტყვი.  პრემიერმაც იცოდა და ყველამ, ვინც ჩემს საჯარო გამოსვლებს უსმენს, რომ  ძალიან ხშირად გამოვთქვამდი ჩემს გულისტკივილს განათლებაზე, ჰოდა, მითხრეს: მოდი და, თუ გული შეგტკივა, გააკეთეო.
–  და ამის გამო სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაც კი გადადეთ.
– ჩემი გეგმა ასეთი იყო: დეკემბრამდე უნდა ჩამებარებინა აპლიკაცია და მომავალ წელს დამეწყო სწავლა, თუკი მიმიღებდნენ, რადგან, სტენფორდში მოხვედრა ადვილი ამოცანა არ არის. იმ სპეციალობაზე, სადაც მე მინდა ჩაბარება, წელიწადში ოთხ ადამიანს იღებენ ათი ათასი მსურველიდან. ჩემმა გეგმამ გადაიწია   მინიმუმ იმ ვადით, რა ვადითაც ამ თანამდებობაზე ვიქნები.  ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ, როცა აქედან გავალ, გავაგრძელებ ჩემს საქმეს და მივხედავ სამეცნიერო მუშაობას, თუმცა, არასდროს იცი, რა იქნება ორი-სამი წლის შემდეგ.  მე ძალიან „დამასედი” ადამიანი ვარ, ვებმევი იმ  გარემოს, სადაც ვარ. ალბათ, ამიტომაც  არასდროს არ წავედი უცხოეთში საცხოვრებლად  დიდი ხნით.  „საკუბოვე”  ხასიათზე ვდგები, როგორც კი საქართველოდან  მივდივარ – მეორე-მესამე დღეს  სახლში მინდა დაბრუნება.   სახლში ოჯახიც იგულისხმება და ის გარემოც, სადაც მიწევს  ცხოვრება.   წლების წინ ნიუ-იორკში  ვიყავი   რამდენიმე თვე,  ძალიან მძიმე იყო ეს თვეები, მიჭირდა  იმ სწრაფ გარემოსთან, გადარბენა-გადმორბენასთან შეჩვევა,  ვერ ვიყავი კარგად.  ერთი სული მქონდა, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მერე 6-7 თვე ვიცხოვრე   ყირგიზეთში – მოკლევადიანი პროგრამები იყო.  2009 წელს აღმოვაჩინე, რომ   კალიფორნია ისეთი  ადგილია, სადაც ვიცხოვრებ და გავძლებ. აუცილებელი არაა  სტენფორდის უნივერსიტეტი, შესაძლებელია, კალიფორნიის სხვა უნივერსიტეტზეც ვიფიქრო, თუმცა  ესეც ჩვენი კულტურის თავისებურებაა: რადგან ყველა უნივერსიტეტი არ იცის ხალხმა, ისეთი უნივერსიტეტი უნდა დაამთავრო, არ გკითხონ – ეგ სადაააო (იცინის).
– სად გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი და ვინ განსაზღვრა თქვენი პროფესიული გზა? 
–   არ ვიცი, საიდან  მოვიდა ეს, მაგრამ, მე  ვიზრდებოდი იმის გააზრებით, რომ უნდა გავმხდარიყავი ფიზიკოსი; ისიც ვიცოდი, რომ უნდა მესწავლა  მოსკოვში,  ბაუმანის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში და ამიტომაც ჩავაბარე კომაროვში. ვიცოდი, რომ კომაროვის ცოდნით ბაუმანში ჩაბარებას უფრო იოლად შევძლებდი. 1989 წელს, 9 აპრილს,  ერთ დღეში დაინგრა მთელი სამყარო -  იმ ღამეს დაიღუპა  ჩემი კომაროველი თანაკლასელი და არანაირი სურვილი აღარ მქონდა წავსულიყავი მოსკოვში.  სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი და დავიწყე ალტერნატივების განხილვა: - თუ ფიზიკოსი არ გამოვდივარ, აბა, ვინ უნდა გამოვიდე? ალერნატივა იყო ფილოსოფია-ფსიქოლოგია, რაც ასევე მაინტერესებდა, მაგრამ,  მცოდნე ხალხმა მითხრა,  მაგით  ოჯახს ვერ არჩენო.  აი, მაშინ გადავწყვიტე „აიტიშნიკობა”,  გამოყენებითი მათემატიკა და ტექნოლოგიები  ჩვენთან ახალი თემა იყო. დედაჩემმა მითხრა, საქართველოში, მგონი,  კომპიუტერი არასდროს იქნება  და ასეთ რამეს რატომ ირჩევო? იმ დროს   თითო-ოროლა არქაული კომპიუტერი იყო, თან, ქვეყანაც ისე „იქცეოდა”, ძნელი დასაჯერებელი იყო, არათუ აქამდე რომ მოვიდოდით, საერთოდ თუ გადავრჩებოდით. ჩემს „აიტიშნიკურ” სპეციალობას დღეს ძალიან ვუმადლი: იმ წლებში არა მარტო ოჯახი ვარჩინე,  ძალიან კარგი კარიერაც გავიკეთე პირველი 20 წლის განმავლობაში. ჩემი სამსახურების უმეტესობა დაკავშირებული იყო ჩემს სპეციალობასთან.     პირველი  ნამდვილი სამსახური, სადაც ხელფასი გადამიხადეს, იყო ფირმა „კომპი”, სადაც მუშაობა დავიწყე 1991 წელს, პირველი კურსის სტუდენტმა, ჯერ პროგრამისტად, შემდეგ გავხდი უფროსი პროგრამისტი, მერე გადავედი ეროვნულ  ბანკში. 1995 წელს ეროვნულ  ბანკში დამნიშნეს განყოფილების თუ სექტორის  უფროსად – ორი კაცის  უფროსი გავხდი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, სულ მენეჯერი ვარ, სულ ვლაპარაკობ  და თავის დროზე ისიც გაირკვა, რომ საქმის კეთებაზე მეტად ლაპარაკი გამომდის (იცინის).     
– თქვენი ვიდეო-გაკვეთილები ძალიან პოპულარული გახდა წლების წინ.
–  ახლა არ მაქვს ამის საშუალება, თუმცა, ალბათ, ეს დროც დაბრუნდება.  ახლა, როცა მასწავლებლებს ვხვდები, მაქვს  ეს გასაქანი. აგერ, ზუგდიდში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე, იმხელა სცენაზე ვიდექი, გამახსენდა, რომ ბავშვობაში სულ მინდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი.  რას წარმოვიდგენდი, რომ მინისტრის რანგში მომიწევდა სცენაზე ასვლა, მე უფრო  შემოქმედებითი ამბიციები  მქონდა. მგონია, რომ ძალიან გამიმართლა: სამი აღმზრდელი მყავდა, მამა, დედა და ჩემზე 7 წლით უფროსი და, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გაზრდაში.   მამა  მეცნიერი  იყო,  ბიოლოგი;  დედა უნივერსიტეტში ასწავლიდა ბიოლოგიას.  ჩემი ოჯახის ყველა წევრი ნაკბენი იყო თავისუფლების ბზიკით: მამა მთელი ცხოვრება იბრძოდა – იმის გამო, რომ პარტიული არ იყო, ძალიან ნიჭიერ მეცნიერს გასაქანს არ აძლევდნენ და  ამას ვუყურებდი მთელი ცხოვრება. დედაჩემი ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, მისი დამსახურებაა ჩემი თავისუფალი ბუნება.  დედა სულ არღვევდა პირობითობებსა და სტანდარტებს, თუნდაც ის, რომ ყოველ ჯერზე ისეთ საჭმელს  ვჭამდით, რომელსაც სახელი არ ერქვა. სულ ვამბობდი: ხომ შეიძლება, ვიცოდე, რა ჰქვია იმას, რასაც ვჭამ? დედაჩემს ჩვეულებრივი საჭმლის გაკეთება არ უყვარდა, მასში  იმხელა შემოქმედებითობა ბუდობდა, სულ რაღაცას იგონებდა.   როგორც ჩანს, მე უფრო კონსერვატიული მიდგომა მქონდა, თუმცა ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო. ჩემზე  მნიშვნელოვანი გავლენა  ჰქონდა დედაჩემის დედას, რომელიც აქტიური გურული ქალი იყო. მამის მხრიდან სოფელი არ გვქონდა, ბოლნისი იყო ჩვენი სოფელი.  ბოლნისში ნამდვილ  სოფელს ვერ იგრძნობ, აი, გურიის სოფელ  ნაბეღლავს კი, სადაც ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი, მშვიდად დღესაც ვერ ავუვლი  ხოლმე გვერდს. პირველი სოფელი, სადაც მასწავლებლებს შევხვდი, სწორედ ნაბეღლავი იყო, სადაც დღესაც ცხოვრობს ბებიაჩემის ძმა.  საჯავახოს გადასახვევიდან, ბათუმის გზაზე გავლისას, როგორც ფიზიკის გახსენებაზე, გული რეჩხს მიზამს ხოლმე (იცინის).
– ამბიციებთან როგორ ხართ?  
– მთელი ცხოვრება ვცდილობ, თავში არ ამივარდეს რამე.  თანამდებობები, ოქროს მედლები, წარმატებები სულ საპირისპიროს აკეთებს. კომაროველი რომ ვარ, ოქროს მედლით – ეს იყო საფუძველი, თავში ამვარდნოდა ეს ამბავი, მაგრამ, „გადავრჩი”. მერე იყო უნივერსიტეტის წითელი დიპლომი, მერე იყო წარმატებული კარიერა. მთელი ცხოვრება მიდის ჭიდილი: ჩემი ბედი ცდილობს, თავში ამივარდეს წარმატება, მე კი ვებრძვი ამას. ახლა ეს საშინელი  გამოცდა – მინისტრობა. სახიფათო ამბავია და, არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს. ვიღაცეები ისე მელაპარაკებიან, როგორც ოლიმპოს მთიდან გადმომდგარს. მთავარია ახლაც გავუძალიანდე ამ თავში ავარდნას, შევინარჩუნო საღი აზრი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს ბრძოლა ჯერ არც წაგებულია, არც – მოგებული (იცინის).
– ახალი რეგალია ოჯახის წევრებთან, ახლო მეგობრების წრესთან ურთიერთობებშიც  ხომ არ „შეიმჩნევა”?
–  ეს  საინტერესო საკითხია. მე მგონია, რომ არაფერი შეცვლილა, ოღონდ, ცოტა უფრო გაძვირფასდა ჩვენი ურთიერთობა დროის სიმცირის გამო. ჩემი პატარა შვილი, თუ ადრე არ გამოდიოდა ოთახიდან, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ახლა ცდილობს, შემომეგებოს. ჩემი უფროსი ქალიშვილი 22 წლისაა, ჩვენთან არ ცხოვრობს. მანაც კომაროვის სკოლა დაამთავრა, ახლა წარმატებულია და, მოსწონს, რასაც აკეთებს. ცალკე ცხოვრობს და ჩვენგან დამოუკიდებლად, ძალიან კარგად მიჰყავს თავისი საქმეები. თვითონ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ეცხოვრა,  ამისთვის დიდხანს იბრძოლა და დაიმსახურა. ფინანსურადაც  დამოუკიდებელი გოგონაა, მუშაობს, სწავლობს, ახლა ამერიკაში აპირებს წასვლას. კვირაში ერთხელ გვაქვს პაემანი,  ხან სახლში, ხან – გარეთ, როგორც გამოგვივა. ჩემს გამინისტრებაზე ძალიან ინერვიულა ჩემმა მეუღლემ. მანაც იცოდა, რომ მე აქეთ  მხარეს არ ვაპირებდი წასვლას. მგონი, გადაჭარბებული იყო მისი შიში, რომ არ ჰქონდა   ეგრეთ წოდებული ”ფაბლიქ” ცხოვრების გეგმა –  აგერ, ორი თვე გავიდა და არავინ შევარდნია სახლში. 
ნატო მართვის აკადემიაში დირექტორია. მას არ ემუქრება კარიერული ამბიციები  და   თავში ავარდნა, ძალიან თავმდაბალი და დაბალანსებული ადამიანია, რის გამოც  დიდ პატივისცემას იმსახურებს. მე ვეთანხმები   გამოთქმას – ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას; მაგრამ, მე და ჩემმა მეგობრებმა  გამოვიგონეთ და თქვენც გაგიზიარებთ ამ გამოთქმის ახალ ვერსიას: ყველა წარმატებული კაცის უკან დგას  გაკვირვებული სიდედრი – ამან როგორ მოახერხა ეს?! ამ თემაზე მე და ჩემმა მეგობრებმა სადღეგრძელოც კი მოვიფიქრეთ: თქვენს გაკვირვებულ სიდედრს გაუმარჯოს! ამ თემაზე კი  ვხუმრობ, მაგრამ, ძალიან მიყვარს ჩემი სიდედრი, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს  (იცინის).
– კადრს მიღმა თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ამბები ხდება? 
–  დიახ, საკმაოდ ბევრი. მყავს ძალიან კარგი მეგობრები. ეს  აუცილებლად უნდა ვთქვა: დედაჩემმა ბევრი უცნაური სიკეთე გამიკეთა. როგორც ბიოლოგმა, იცოდა, რომ არსებობს ფერმენტი – ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა. ეს არის ნივთიერება, რომელიც შლის ალკოჰოლს და  აგვარებს პრობლემას, რომ არ დათვრე. ორგანიზმი დეჰიდროგენაზას მეშვეობით, იმუნიტეტს გამოიმუშავებს ალკოჰოლის წინააღმდეგ. დედას სურდა, რომ ეს იმუნიტეტი მქონოდა მაღალი და ადრეული ასაკიდან და ცოტ-ცოტა ღვინოს მასმევდა – ქართული ტრადიციაც ხომ ასეთია. ამან შედეგი გამოიღო: მეათე კლასში ბიჭებმა  სმა რომ დავიწყეთ, ყველამ აღმოაჩინა, რომ მე ამ მხრივ მქონდა საოცარი „ტალანტი” – რაც არ უნდა დამელია, არ ვთვრებოდი, არც ხასიათი მიფუჭდებოდა და არც არაფერი მემართებოდა. ამიტომაც, 1989 წლიდან ათი წლის განმავლობაში, ყველა სუფრაზე მე ვიყავი თამადა. მოგეხსენებათ, ლაპარაკი მეხერხება, ხალხი მიყვარს, კონფლიქტური არ ვარ, ბევრს ვსვამდი და მეტი რა უნდა კარგ თამადობას? ამ საქმემ, რომელიც არც მოსაწყენი იყო და გავიწაფე,  სერიოზულად დამაინტერესა. 1999 წელს გადავწყვიტე, რომ დამთავრდა ჩემი ეს კარიერა. ამაზე ჩემმა მეგობრებმა ძალიან ინერვიულეს, რომ დაკარგეს მაღალი კვალიფიკაციის მორიგე თამადა. მე ვუთხარი: ახლა მე გავჩერდები, თქვენ სანამდე დალევთ იმდენს, რაც უნდა დალიოთ და მერე ისევ გავაგრძელებ-მეთქი. ჯერჯერობით ისევ ტაიმ-აუტში ვარ. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, მაგრამ,  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, თუ გული ძალიან მღერის, მაშინ თუ  დავლევ ხოლმე ცოტას.
– გამინისტრება სამეგობროში ქეიფით  არ აღნიშნეთ?
–   იყო სუფრა, რომელიც მიეძღვნა ჩემს გამინისტრებას და მე, რა თქმა უნდა,  მიწვეული ვიყავი ამ ღონისძიებაზე (იცინის). ყველას აინტერესებდა რა მოხდა, რატომ შევცვალე ჩემი გეგმები. საბოლოო ჯამში, ქეიფი გამოვიდა. ახლა მსმელად აღარ გამოვდგები. ჩემი  კომპლექცია  კი უჩენთ სურვილს,  ვინც გამიცნობს, მითხრას –  უხ, შენთან ერთად უნდა დავლიოო, მაგრამ, გულს ვწყვეტ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ არ ვსვამ და ჩემი კომპლექცია მხოლოდ ურეჟიმო კვების ბრალია და არა დალევის. დიდი გურმანი არ ვარ. რომ გითხრათ, საჭმელს ვარჩევ და  ჭამის დიდი მოყვარული ვარ, მოვიტყუები. მარტო რომ დამტოვონ,  თავს მოვუვლი, ყველაფრის გაკეთება შემიძლია,  გარეცხვაც კი, ოღონდ, კულინარიის ნაწილში ჩემი მენიუ კვერცხი და მაკარონი იქნება – მეტი არაფერი ვიცი, კარტოფილიც კი სარისკო თემაა ჩემთვის. 
– ოჯახური საზრუნავებისგან გათავისუფლებული ხართ?
– უნდა ვაღიარო, რომ დიდი მეოჯახე არასდროს ვყოფილვარ.  ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის მაღალი  გრძნობა ყოველთვის მქონდა,  არაფერს გავურბოდი, მაგრამ, კარგი ყიდვა, კარგი მოტანა რომ იციან სახლში, ასე ვერ ვიყავი. როგორც ტექნიკური განათლების კაცი, სახლში ტელევიზორი როგორ იმუშავებდა, ეს ჩემზე იყო, მიჭედება და რემონტიც გამომდიოდა, ელიავას  ბაზრობაზეც მივლია, მაგრამ, ენთუზიაზმის გარეშე. ჩემი მეუღლე არის ძალიან ყოჩაღი და კარგად ართმევს თავს ყველაფერს – სხვა გზა არც ჰქონდა, რომ არ ყოფილიყო ყოჩაღი. რომ გითხრათ, დიდი მეურნეობაც არც  გვქონია.  ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერასდროს გადავწყვიტეთ აგარაკის ყიდვა, ისიცაა, რომ მე მისი მომვლელი არ ვიყავი, ნატო კი ამ საქმისთვის ცოდო იყო, შრომით მოკვდებოდა. თბილისში გვაქვს ერთი ბინა, მამაჩემის დანატოვარი, მერე ცოტა გავაფართოვეთ. ერთი  პატარა ბინა  კი წლების წინ ვიყიდეთ ბათუმში და  იქ ვიპარებოდით ხოლმე. ახლა სადაა ამის დრო, ახლა ძილში თუ გავიპარები (იცინის).   
– მინისტრისთვის „შეუფერებელი” ჰობი გაქვთ?
– მუსიკა მიყვარს ძალიან, ჩემთვის უმუსიკოდ დღე არ გადის. ჩემთვის ვმღერი, ვუკრავ გიტარაზე; მიყვარს გამოცანები;  მილიონი ანეკდოტი ვიცი ყველა თემაზე, თუ რამ არსებობს.  მოსმენაც მიყვარს და მოყოლაც. ვფიქრობ, მხიარული ადამიანი ვარ.  ყველა უფროსს, ვისთანაც მიმუშავია და ყოველთვის პოზიტივი მოდიოდა მათგან, ერთხელ მაინც  აქვს ჩემთვის ნათქვამი – ყველაფერზე სიცილი ხომ არ შეიძლებაო. მიყვარს ჩოგბურთი, მაგრამ, ახლა აღარ ვთამაშობ ჩემი წონის გამო – შეიძლება, რამე დავიზიანო. როცა გავხდები, ჩოგბურთის თამაშსაც დავუბრუნდები. 35 წლის ასაკში ვისწავლე ცურვა. არ მჯეროდა, რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ გამომივიდა. მიყვარს სწავლა, სულ ვსწავლობ, თუმცა ცოტა  ზარმაცი კი  ვარ. 
– აბა, ეს კარიერა რისი წყალობა იყო? 
–  ზარმაცი რატომ ვარ? რაც გასაკეთებელია ვაკეთებ, პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ, სიბეჯითე მაკლია. სტუდენტობის დროს,  როცა მე გამოცდებისთვის ვიწყებდი მეცადინეობას, ჩემს მეგობრებს სამი კვირით ადრე ჰქონდათ  დაწყებული. მოკლე პერიოდში შედეგის დადება არის ჩემი მიდრეკილება. ბეჯითი და გამრჯეაო –  ჩემზე არაა ნათქვამი. ჩემს კარიერაში იყო იღბალი,  ღვთის წყალობა, ოღონდ, არ ვიცი, რისთვის გადაწყვიტა უფალმა, გამომსვლოდა ის, რაც გამომივიდა და, ის, რომ  მთელი ცხოვრების განმავლობაში, შინ თუ გარეთ,  არაჩვეულებრივი ადამიანები ზრუნავენ ჩემს კარგად ყოფნაზე. გამიმართლა მეგობრებში, თანამშრომლებში, ოჯახში. სხვათა შორის, ბაბუაჩემი,  ნესტორ გიორგაძე, ვაჭრობის, მძიმე  და მსუბუქი მრეწველობის მინისტრი იყო;  მისი აშენებულია რუსთავი და, როგორც ამბობენ,   გარეგნულად ბაბუას ვგავარ. ის საბჭოთა დროის მინისტრი იყო,  მე  როგორი ვიქნები – დრო გვიჩვენებს. ეს ჩაცმულობა ჩემთვის  ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ, როცა ჯარში ხარ,  ამასაც უნდა შეეგუო (იცინის).

скачать dle 11.3