როგორ გადაიკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და გია ჭირაქაძის ცხოვრება და რა ფუფუნება მოუწყო მას ექსპრემიერმა სეიშელის კუნძულებზე
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე გია ჭირაქაძე ძალიან მალე გახდება ფილარმონიასთან პერსონალური ვარსკვლავის „მფლობელი”. მომღერალსა და ყოფილ ტელეწამყვანს, რომლის კიდევ ერთი „როლი” თბილისის კოლორიტის ამპლუაც იყო, რეგალიები არასდროს აკლდა, თუმცა ვარსკვლავის გახსნას მაინც განსხვავებული ემოციით ხვდება. ძველი ისტორიები, საინტერესო ადამიანები, კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრება... – დღეს გია ჭირაქაძის ცხოვრების ეპიზოდებს გაგაცნობთ.
გია ჭირაქაძე: იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების განმავლობაში რეგალიები საკმაოდ მქონდა, ჩემი სახელობის ვარსკვლავის გახსნის გამო მაინც ვღელავ. ფილარმონიასთან უკვე არსებობს „ქართული ხმების” და „გეპეის” ორკესტრის ვარსკვლავები, რომელთა თითო ქიმი მეც მეკუთვნის, მაგრამ პერსონალური ვარსკვლავი მაინც სხვაა. „ქართული ხმების” ვარსკვლავი ცოტა მიკარგულ ადგილზეა, თან, ფირფიტები ამოცვივდა და გული დამწყდა. იმედი მაქვს, ჩემი ვარსკვლავი ამ ბედს არ გაიზიარებს. ღვთისმშობლობას 79 წლის ვხდები და სწორედ ამ დღეს გაიხსნება ეს ვარსკვლავი. საინტერესო გამოვიდა ჩემი ცხოვრება – ჯერ კიდევ მაშინ მოვევლინე ქვეყნიერებას, როცა მანქანები კანტიკუნტად, ფაეტონები კი ბლომად დაქროდნენ თბილისის ქუჩებში. ვარანცოვის მოედანზე, სადაც მოგვიანებით მოდის სახლი გაიხსნა, ფაეტონები იდგა ტროტუართან, როგორც ახლა ტაქსები დგას. ჩვენ იქვე ვცხოვრობდით. დედას მუცელი რომ ასტკიებია, სწორედ ფაეტონში ჩაუსვამთ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის მოუხერხებელი ტრანსპორტი გამოდგა ფაეტონი – თურმე, ბორბალი მოსძვრა. იმდენი მივაჟკაცია, მომითმენია და არამიანცის საავადმყოფომდე ამქვეყნად მოვლენა გადამიფიქრებია. რატომღაც, განგებამ შემაყოვნა და, ეტყობა, ამან ჩემი ბედ-იღბალიც განსაზღვრა.
– როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა?
– ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო, ჩამებარებინა „გეპეიში” და ორკესტრთან ახლოს ვყოფილიყავი. სულ ვფიქრობ, რომ ესტრადა იყო ჩემი სწორი არჩევანი. „რეროში” გატარებული წლები, ბევრი მოგზაურობა – დღეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. 50 წლის წინ მოვხვდი პირველად პარიზში. პარიზში ჩემი მოხვედრა იმას ჰგავდა, კაცი რომ უცოდველია, ქალი არ უნახავს და უცებ სოფი ლორენს ჩაუწვენენ ლოგინში. ასე დამემართა მეც – არსად არ ვიყავი ნამყოფი და პირდაპირ პარიზში ამოვყავი თავი, სადაც თვე-ნახევრის განმავლობაში გვქონდა კონცერტები (იცინის).
– თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ტელევიზიაში და ამ მხრივაც დიდი ისტორია გაქვთ.
– საესტრადო გადაცემები მიგვყავდა მე და ევგენი მაჭავარიანს ცალ-ცალკე და, რატომღაც, მაყურებელს ერთმანეთში ვერეოდით. ერთხელაც, ორივე ერთად დაგვსვა ეთერში თამაზ ლეჟავამ და მაყურებელს განუცხადა: დაიმახსოვრეთ, ეს ჟენია მაჭავარიანია, ეს კი გია ჭირაქაძეო. დაახლოებით 18 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში. ეს იყო ძალიან საინტერესო წლები, ურთიერთობები საოცარ ადამიანებთან, მათ შორის ქალბატონებთან გამორჩეული და იშვიათი დამოკიდებულებები, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია.
– ახლა, როცა ამ ისტორიებს ვისმენთ, მაინც ლეგენდები გვგონია.
– შორიდან შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ, მართლაც იყო ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც თვითონ ქალებმა გვასწავლეს (იცინის). ქალი რომ გაივლიდა, გზა რომ უნდა დაგეთმო, უხეშად რომ არ უნდა დალაპარაკებოდი და, თუ ძალიან მოგწონდა, თვალის გაყოლებაც შეიძლებოდა – ეს იყო იმ დროის „წესი”. პატარები ვიყავით, მაგრამ, ვისაც საკუთარი თავი მამაკაცად მიაჩნდა, ამ წესებს იცავდა. ამაზე ერთ ისტორიას გავიხსენებ: ერთხელ ვაკეში შეყვარებულ გოგონასთან ერთად მოვდიოდი. მე ამ გოგოს ვეპრანჭები, თავს ვაწონებ, ვუხსნი, რომ კაცმა ქალის გამო თავი უნდა გაწირო, რომ მას უნდა გაუფრთხილდე, ხელისგულზე ატარო, ეთაყვანო და... გავიხედე – ვიღაც ბიჭს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული გოგონა და, რაც ძალი და ღონე აქვს, გამეტებით ურტყამს. ვერ მოვითმინე, ვეცი იმ ბიჭს და დავარტყი. ძირს რომ დაეცა, ხელი დავუჭირე და ვუთხარი, აზრზე მოდი, რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა – ნუ მიჭერ ხელს, არ დაგარტყამ, ქალთან ერთად ხარო. გადავირიე და კიდევ ერთი მოვდე: შე კაი კაცო, ამდენი თუ გესმის, რომ ქალთან ერთად არ შეიძლება მუშტზე ყურება, ეს ქალი რომ გაგიგდია და ურტყამ, ნამუსი არ გაქვს? თბილისელი მაინც არ ხარ? არ იცი, რომ ამ ქალაქში ასეთი რამეები არ მოსულა? აზრზე მოდი-მეთქი. დაფიქრდა, ამომხედა და ჩუმად მითხრა: მართალი კი ხარ, მაგრამ, კაცის ბუნება ხომ იცი, თან, საყვარელ ქალსაც ხომ გააჩნია, ამ ურთიერთობაში თბილისელობა და კაი ბიჭობა არ ჭრისო.
– როგორც ვიცი, ის ქალბატონი, ვისი თანდასწრებითაც ვაკეში ის ინციდენტი შეგემთხვათ, თქვენი მეუღლე გახდა.
– მაშინ არ იყო მეუღლე, მერე ვითხოვე ცოლად. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, შვილიც გვეყოლა, მაგრამ, ურთიერთობა ვერ აეწყო და მაინც დავშორდით ერთმანეთს. კარგა ხანს ვიყავი მარტო, ცალკე ბინა მქონდა, თავისუფლების მორევში გადავეშვი და ძალიან შევტოპე. მე და ჩემი მეგობრები პოპულარულებიც ვიყავით და ესეც გვიწყობდა ხელს. პირველი ესპადრელები და თეთრი ჯინსები ჩვენ გვეცვა, არაფერს ვიკლებდით. მივხვდი, რომ დიდხანს ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, სასწრაფოდ ოჯახი უნდა შემექმნა. ჩემი ახლანდელი მეუღლე, ნინო ბაბუხადია შევირთე ცოლად და აგერ უკვე ორმოცდაათი წელი ხდება, ერთად ვართ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, მაინც კარგი მეოჯახე ვიყავი. ჩემი ცოლი ბაზარში სამჯერ იქნება ნამყოფი – ეს ჩემი საქმე იყო. ხანდახან კერძის კეთებაც მეხერხება. აგერ მანგლისში, შუშა კიტრს ჩავაწყობდი და მეორე დღეს კიტრის მწნილი უკვე მზად იყო. სამი შვილი მყავდა, ერთი გარდაიცვალა – სამხედრო ექიმი იყო, აფხაზეთში ომს გადაურჩა და აქ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სამი შვილიდან რვა შვილიშვილი მყავს. იმედია, კიდევ იმრავლებენ. თითოეული მათგანის დაბადებით ჩვენს ოჯახში თავიდან იწყება ცხოვრება. თითქოს მანამდე ბავშვი არ გვყოლია (იცინის).
– „ქართული ხმების” შექმნისა და მისი საოცარი წარმატებების პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
– ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ტელევიზიაში ვიკრიბებოდით მუსიკალური რედაქციის თანამშრომლები და ხან სუფრაზე და ხანაც სუფრის გარეშე ვმღეროდით. გოგიც მოვიდა, დოლიძე, თამაზ ელიავაც, თემურ ჭკუასელიც, მოგვიანებით შემოგვიერთდნენ დათო აბესაძე, ცხონებული ომარ კელაპტრიშვილი. თავიდან სამოყვარულო დონეზე ვმღეროდით. მაშინ ტელერადიოდეპარტამენტის თავმჯდომარემ, ნუგზარ ფოფხაძემ გვითხრა: მაინც სულ ერთად ხართ, დღედაღამ მღერით, დაარქვით თქვენს გუნდს ოფიციალური სახელიო და თვითონ „მოგვნათლა” – „ჟურნალისტი” დაგვარქვა. უკვე უცხოეთში გასვლისას ჩვენმა უცხოელმა იმპრესარიომ, ემიგრანტმა ქართველმა გვითხრა, რომ კომერციული თვალსაზრისით, „ჟურნალისტი” წარმატებული სახელი არ იქნებოდა და გვირჩია, ანსამბლისთვის „ქართული ხმები” დაგვერქმია. ასე დაიწყო ყველაფერი. წლების განმავლობაში გვქონდა გასტროლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოშიც კარგ საქმეს ვაკეთებდით, ხალხს თავიდან გავუჩინეთ ინტერესი ხალხური სიმღერის მიმართ – ეს ჩვენი „აგდებული” საჯილდაო ქვა იყო.
– „ქართული ხმების” წევრების უმეტესობას, ახლო ურთიერთობა გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან. როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
– ჩვენი ურთიერთობა დაიწყო წლების წინ, მას შემთხვევით მოუსმენია თავგასას, ზაურ ბოლქვაძისა და გურამ თამაზაშვილის სიმღერა, ძალიან მოსწონებია და უკითხავს – ვინ ხართო. მარტონი კი არ ვართ, მეგობრებიც გვყავს, ასეთი და ასეთი ანსამბლი ვართო, – უპასუხიათ ბიჭებს. გამაცანით ეს ხალხიო, – უთხოვია ბიძინას. ასე გავიცანით ერთმანეთი და მაშინვე ჩაგვიხუტა. მაშინ ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ აქ ხშირად ჩამოდიოდა. ბევრჯერ მიგვიწვია მასთან ჯერ რუსეთში, მერე საფრანგეთშიც. სან-ტროპეში ჰქონდა აგარაკი, იქაც ბევრჯერ ვართ ნამყოფი. საოცარი მასპინძელი იყო. მასთან ყოველდღე მივდიოდით სახლში, კარგი მზარეული ჰყავდა და ძალიან გვანებივრებდა გემრიელი სადილებით. სან-ტროპედან ორჯერ წავედით მონტე-კარლოში, ერთხელ – ბიძინას საკუთარი კატერით, მაგრამ, ხმელთაშუა ზღვაზე დიდი ღელვა ატყდა და იქიდან ვერტმფრენებით დავბრუნდით სან-ტროპეში. მაშინ ცოლ-შვილიც ახლდა თან. სეიშელის კუნძულებზეც ვყოფილვარ მისი სტუმარი – ზამთრის პერიოდში ტროპიკებში ყოფნა დიდი ფუფუნება იყო. როცა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, უფრო ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ ახლა ვეღარ ვიცლით ხშირი შეხვედრებისთვის. მას ბევრი საქმე აქვს, თუმცა, ჩვენ გვაქვს ტრადიცია, ყოველ ბედობის დღეს მასთან ვიკრიბებით და ამ ტრადიციას არ ვარღვევთ. ქართული სუფრა ქართული სიმღერით მისთვის დიდი ბედნიერებაა. თავადაც უყვარს, როცა სიმღერაში აგვყვება ხოლმე, თუმცა, ის, რაც მან ქართული კულტურის განვითარებისთვის გააკეთა, ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ უზარმაზარი ღვაწლია.
– ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ, ახლოს იცნობდით ნოდარ დუმბაძეს და სხვა ცნობილ ქართველებს. მათთან დაკავშირებით მოსაგონარიც ბევრი გექნებათ.
– ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, მართლაც ბევრ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ბატონი ნოდარი გამახსენეთ. ეს იყო ადამიანი საოცარი იუმორით. მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და, გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა... – და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა და ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და, რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო, ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ, საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და რელსზე დამადებინე თავიო (იცინის).
ერთხელ ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და ბიძინა კვერნაძე დავნიშნეთ თამადად. დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად ბიძინა წამოდგა და თქვა: მაპატიეთ, კონსერვატორიაში „პინგვინები” მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა გავიდეო. დაგვაინტერესა და ვკითხეთ: თუ კაცი ხარ, აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო. გაეცინა და გვიპასუხა: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები: აბა, ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით და მუსიკაც დაიწერებაო. აბა, სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვოო (იცინის).
– როგორც ყველა ხელოვანი, თქვენც ქეიფის მოყვარული კაცი ხართ, თანაც, ისეთი ქეიფის, ხელოვნებას რომ უტოლდება.
– ქეიფი და ქართული სუფრა მიყვარდა, თუმცა დალევა დიდად არა. ამ მხრივ მამაჩემი გამოირჩეოდა – დუდუკებით ქეიფი იმან შემაყვარა. როდესაც მამა გარდაიცვალა, პატივი ვეცი: მის სამარესთან მედუდუკეები მივიყვანე, დავაკვრევინე და ასე გამოვემშვიდობე. „ქართულ ხმებს” გასტროლების დროს ხშირად გვიწევდა სუფრასთან შეხვედრა. ერთხელ ერთმა ძალიან ჭკვიანმა და პრაქტიკულმა ქართველმა ამსტერდამში ჩვენი ყოფნა შესანიშნავად გამოიყენა: გვთხოვა, ერთი დღე დამითმეთ, კარგად უნდა მოგალხენინოთო. დაიქირავა რესტორანი და გააკეთა რეკლამა: ვისაც საღამოს ლამაზად გატარება გსურთ, შეიძინეთ ბილეთები და თქვენ გახდებით ქართველების არნახული ქეიფის თვითმხილველნიო. უამრავი სტუმარი მოვიდა. ჩვენ ვისხედით და ჩვეულებრივად ვქეიფობდით. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენი ქეიფის საყურებლად და მოსასმენად ბილეთები იყო გაყიდული. ყველა კმაყოფილი დარჩა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარიც, რომელსაც იმ დღეს „საქველმოქმედო ქეიფი” მოვუწყვეთ და ფული ვაშოვნინეთ (იცინის).