რას ვერ უძლებს და რას გაურბის ზოგიერთი ლამაზი ქალის ქმარი
ამბობენ, რომ ყველა კაცს უნდა, გვერდით ლამაზი ქალი ჰყავდეს, თავი მოიწონოს მისით და მზად არის, ამისთვის იბრძოლოს კიდეც. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში არცთუ იშვიათად, ლამაზი ცოლები მამაკაცებს პრობლემებს უქმნიან. შეიძლება, ყველას არა, მაგრამ ფაქტია, რომ სილამაზე ბედნიერებისთვის აუცილებელი არ არის, ზოგჯერ კი, ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი გვევლინება.
მარიკა (29 წლის): დავრწმუნდი, რომ მამაკაცების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ცხოვრებისგან. ვერ აცნობიერებენ საკუთარ დანიშნულებას და შესაძლებლობებს. ვერც იმას, რას ნიშნავს, იყო მამაკაცი და გვერდით ღირსეული ქალი გყავდეს. ვიცი, ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ ჩემი გარეგნობა არის ის, რაც გარანტირებულად ბედნიერს მხდის. თუმცა, რეალურად, სწორედ გარეგნობა მიქმნის სერიოზულ პრობლემებს.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ...
– ვიცი, რომ ვერ ხვდებით. ბევრის აზრით, ქალის სილამაზე ხომ მისი „მწვანე ბილეთია“, რომელიც ყველა გზას გაუხსნის. არ არის ასე. მართალია, კარგი გარეგნობა ბევრს ნიშნავს, რაღაც-რაღაცეები ადვილად გამომდის, მაგრამ პირადი ბედნიერება – ძნელად...
– კაცებს ხომ ძალიან მოსწონთ ლამაზი ქალები? იბრძვიან, რომ გვერდით სწორედ ასეთი ქალი ჰყავდეთ...
– დიახ, თავიდან სწორედ ასეა ყველაფერი... მართლა თავს იკლავენ, რომ ცოლი იყოს ლამაზი. მახსოვს, როგორ კონკურენციას გაუძლო ჩემმა ქმარმა. ოღონდ, მართლა გაუძლო და მეც იმ პრინციპით გავაკეთე მასზე არჩევანი, რომ ძალიან მშვიდი იყო, გაწონასწორებული, საიმედო, დამყოლი... მარტო ის არ ეჭვიანობდა და არ ფეთქდებოდა, როცა მასთან ყოფნისას ვიღაც მირეკავდა. არ ვტრაბახობ, მაგრამ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ახლაც არ მაქვს მოსვენება კაცებისგან.
– ანუ, თქვენზე ეჭვიანობის საფუძველი არსებობს?
– დიახ. მაგრამ საფუძველის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ნდობა არ შეიძლება. რა სისულელეა ასე მსჯელობა... მთავარი ხომ ურთიერთობაა. არ უნდა იცოდე, ვისთან ცხოვრობ? ვინ გყავს გვერდით და რა დამოკიდებულება გაქვთ? ნდობა არაფერია?! გამოდის, რომ ცხოვრობ ადამიანთან და საერთოდ არ იცნობ მას – ეს აღარ არის სიყვარული... ჩემი ქმარი სამი წლის განმავლობაში იკავებდა თავს და არ მაჩვენებდა, რომ პათოლოგიურად ეჭვიანობდა. როგორც ჩანს, ეს უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა, რადგან „ამოფრქვევა“ იყო ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი... ქორწინების მესამე წელს „გატყდა“. თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა... მე მისი სიყვარული არ გამნელებია. ძველებურად მიყვარდა და ახლაც მიყვარს...
– ეუბნებით ქმარს ამ სიტყვებს?
– რა თქმა უნდა, სულ ამაზე ველაპარაკები. ზოგადადაც, ვცდილობდი, ისეთი ურთიერთობა გვქონოდა, ჩვენ შორის დამალული არაფერი ყოფილიყო. მგონი, საკმაოდ გულახდილი ვიყავი და შეიძლება, ესეც შეცდომა იყო.
– რატომ? ურთიერთობა ხომ საუბრებია და სიახლოვე...
– დიახ. ასეა. მაგრამ ჩემი ქმრისთვის პირიქით აღმოჩნდა. გულახდილობამ აწყინა. მეჩხუბებოდა ხოლმე – რა უბედურებაა ასეთი სილამაზე... ყველა რატომ გიყურებს... შენ ხომ არ იწვევ მათ არანორმალურ ყურადღებასო... მითხარით, რა უნდა მეპასუხა ასეთ პროვოკაციაზე. ხმას ამოვიღებდი თუ არა, ეგრევე შეტევაზე გადმოდიოდა – თავს რატომ იცავ, თუ არაფერი დაგიშავებიაო... საშინლად დამღალა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ცხოვრებამ. თუმცა, მაინც არ მიფიქრია გაშორებაზე. ისე მიყვარდა, რომ ვიტანდი. ვცდილობდი, გამენეიტრალებინა მისი არაბუნებრივი, უაზრო ეჭვები... ბოლოს ლამის ყოველდღე მატირებდა.
– წარსულ დროში რატომ ლაპარაკობთ? ერთად აღარ ხართ?
– მეტ-ნაკლებად ვართ... უცნაურად ვლაპარაკობ? მაგრამ, ჩვენს ახლანდელ ურთიერთობას და თანაცხოვრებას სხვა სახელს ვერ დავარქმევ. გაშორება არ შეგვიძლია – უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ და ერთადაც ძალიან ცუდად ვართ. ჩემი გარეგნობის გარე ეფექტებს ვერ უძლებს ქმარი. სურ ნერვიულობს, სულ დაძაბულია... ბედნიერება ჩემგან ძალიან შორს არის. რა გავაკეთო, თავს ხომ ვერ დავიმახინჯებ. ცხოვრება უნდა მიხაროდეს. მე კი დილით სარკეში ჩახედვა არ მინდა... შეიძლება, გიკვირთ. იმიტომ, რომ ყველა ლამაზი ქალი ბედნიერი ჰგონიათ – საზიზღარი სტერეოტიპია. ვერც ვერავის დაელაპარაკები – ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ. ყველა ტუჩს იბზუებს. არ სჯერათ და პირდაპირ მეუბნებიან: გეყოფა, შენი გარეგნობის პატრონი როგორ წუწუნებო... ზოგჯერ ისეთი მარტოსული ვარ, ტირილის უნარიც კი აღარ მაქვს. ემოციებიც გამომელია. აღარც ჩხუბი მინდა...
– ანუ, ეძებთ გზას, რომელიც პრობლემას მოგიგვარებთ?
– დიახ. ვეძებ და მინდა, ჩემი ესმოდეთ. რატომ უნდა ვეწირებოდეთ სტერეოტიპებს. ვინ მოიგონა, რომ ლამაზი ქალი აუცილებლად გიღალატებს, მახინჯი კი სიცოცხლის ბოლომდე შენი ერთგული იქნებაო. პირიქით მგონია – მე არ მაქვს არასრულფასოვნების კომპლექსი და ერთი მამაკაციც სავსებით მაკმაყოფილებს.
– მამაკაცების მხრიდან ფლირტი არ მოგწონთ, არ გსიამოვნებთ?
– რომ ვთქვა, არ მსიამოვნებს-მეთქი, ხომ არ დამიჯერებთ. მაშინ ქალიც აღარ ვიქნებოდი. ვერ ვაგებინებ ამას ჩემს ქმარს, რომელიც მემუქრება, რომ მიმატოვებს და ვინმე შეუხედავს მოძებნის... იცით, რამდენ შეუხედავ ქალს ვიცნობ, რომლებიც კაცებს ზედიზედ იცვლიან. რადგან ლამაზი ვარ, მხოლოდ ამიტომ უნდა მომაკრან მოღალატის იარლიყი?! რა გავაკეთო, არ ვიცი. ძალიან ვნერვიულობ – არც ოჯახის დაკარგვა მინდა, არც ქმართან კონფლიქტი... მიყვარს, მაგრამ ვერ ვუმტკიცებ, რომ მისი ერთგული ვარ.