კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება თბილისი 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში და გახშირებულია თუ არა მიწისძვრები ქვეყნის მასშტაბით

საქართველო სეისმურ რეგიონს განეკუთვნება. ბოლო პერიოდში მიწისძვრის ბიძგები მოსახლეობისთვის საგრძნობი გახდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ივლისიდან დღემდე 10 მიწისძვრა მოხდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე იგრძნო მოსახლეობამ. მათ შორის, ყველაზე ძლიერი იყო ჯავახეთის ქედზე, რომლის მაგნიტუდაც 4.8-ს შეადგენდა. გახშირებულ მიწისძვრებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თეა გოდოლაძე გვესაუბრა.
– ბოლო პერიოდში საქართველოში მიწისძვრების რიცხვმა იმატა. რით არის ეს განპირობებული?
– რიცხვს არ მოუმატია, უბრალოდ, ბოლო პერიოდში მოხდა ოდნავ უფრო მეტი მაგნიტუდის მიწისძვრები, ვიდრე ხდებოდა. ჩვენი სეისმური ქსელი ყოველდღიურად აფიქსირებს მიწისძვრებს, რომლებსაც მოსახლეობა ვერ შეიგრძნობს. სეისმოგრაფი კი ასეთი სახის მიწისძვრებსაც აფიქსირებს. ჩვენს საიტზე მათ შესახებ სრული ინფორმაცია დევს, სტატისტიკაც მოცემულია. საქართველოში ხშირად ხდება ისეთი მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 3.5-დან ზემოთაა. ასეთი მიწისძვრები ეპიცენტრში შეიგრძნობა, მის შემოგარენში კი –  არა. მაგალითად მოვიყვან თბილისის 2008 წლის მიწისძვრას. მაშინაც მსგავსი მაგნიტუდა იყო დაფიქსირებული და რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ, მახსოვს, შენობა დავტოვეთ, თუმცა ეს მიწისძვრა არ უგრძნიათ სხვა რეგიონში. ჩვენ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ხშირია მიწისძვრები და ეს ბუნებრივია. 3.5 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრა ჩვენთან 100-200– ზე მეტი ხდება, მაგრამ ისინი არ შეიგრძნობა. ამიტომ ვამობ, რომ რიცხვი არ გაზრდილა, გაიზარდა სიმძლავრე, თუმცა, ესეც არ არის საგანგაშო. პატარა მიწისძვრებს ქვეყნის სეისმურობა განაპირობებს. ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი ხალხისთვის. უბრალოდ, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის იმის შესახებ, თუ როგორ ზონაში ცხოვრობს. სეისმურ ზონაში ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ მიწისძვრა მოხდება, თუმცა, ის შეიძლება იყოს შეგრძნებადი და შეიძლება –  არა. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, აუცილებლად მოხდება დიდი მიწისძვრა, ოღონდ არავინ იცის, როდის –  სამწუხაროდ, პროგნოზის გაკეთება –  შეუძლებელია. ჯავახეთის ქედზე 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.  ეს იგრძნო ხალხმა, მაგრამ ამის შემდეგ დღე-ნახევარში 200 ბიძგი დაფიქსირდა, რაც შეუმჩნეველი აღმოჩნდა ყველასთვის. სამაგიეროდ, ამ ყოველივეს ჩვენ ვიწერთ და ვაკვირდებით. რაც მოსახლეობისთვის საგრძნობია, ესაა ჩვენთვის პრობლემური, თორემ, მსგავსი მიწისძვრები ყოველდღიურად ხდება.
– რამდენი მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით, რომელიც იგრძნო მოსახლეობამ?
– პირველი მიწისძვრა, რომელიც მოსახლეობამ იგრძნო, დაფიქსირდა 12 ივლისს და რომელიც მოხდა ჯავახეთის ზეგანზე, მისი მაგნიტუდა იყო 4.8. ეს არის საშუალო კლასისი მიწისძვრა, არ მიეკუთვნება რთულს. ამ დროს თქვენ შეიგრძენით 3-4 ბალი, თუმცა ეპიცენტრში აუცილებლად იქნებოდა მძლავრი. შემდეგ განმეორდა ქვემო ქართლში, სადაც მაგნიტუდა 3.5 იყო, მერე აზერბაიჯანში –  3.1-იანი, რაც არ გვიგრძნია. მთავარი ბიძგები მოხდა თბილისიდან შედარებით ახლოს –  დმანისში, რომლის სიმძლავრეც 4.2 მაგნიტუდა იყო. ამას მოჰყვა შავი ზღვის  –  4.4-იანი –  ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე შეინიშნა და სოხუმი გამოვიდა გარეთ; შემდეგი იყო ქობულეთის მიწისძვრა, რომელიც 3.6 მაგნიტუდას არ აღემატებოდა. შავი ზღვის მიწისძვრის დღეს მიწისძვრა მოხდა ქობულეთშიც, დაახლოებით ნახევარი საათის განსხვავებით. ეპიცენტრში იგრძნეს, მაგრამ მოშორებით –  არა. 2.5 მაგნიტუდა მსოფლიოში 2 მილიონამდე ხდება.  დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია. ის, შეიძლება, შევადაროთ კვერცხს. კვერცხის გული ეს არის დედამიწის შიდა ბირთვი, ცილა –  მანტია და, ბოლოს, ნაჭუჭი –  ქერქი. ქერქი შედგება ფილაქნებისგან, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ და ამ ფილაქნების საზღვრებში ხდება მიწისძვრები.  8 დიდი ფილაქანია და 7 პატარა. როგორც ვთქვი, ისინი სულ ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ჩვენ ვართ ორი ფილაქნის –  ევრაზიისა და არაბეთის შეჯახების ზოლში –  ამიტომ გვაქვს ლამაზი მთები, ბუნება, თბილი წყალი –  აქტიური შეჯახების ზოლი განაპირობებს ამ ყველაფერს. ქერქი სულ  მოძრაობაშია, შესაბამისად, თუკი ის მილიონი და მილიარდი წლებია, არ ჩერდება, ხვალ რატომ გაჩერდება? შეიძლება, წელს მოხდეს უფრო მეტი მიწისძვრა, ან გაისად, ან, შეიძლება, 2 წლის შემდეგ ისეთი მიწისძვრა მოხდეს, რომ დაანგრიოს ყველაფერი. ამიტომ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის ცხოვრობს ასეთ რეგიონში. სირაქლემის პოზიცია თუ მივიღეთ, მაშინ, კი ბატონო, ავაშენოთ ცუდი სახლები, დავაგოთ ცუდი გზები და მივიღებთ ჰაიტის პრეცედენტს. ჰაიტზე მაგნიტუდა 7.8 იყო, რომელმაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გაანადგურა – უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ყველა შენობა დაინგრა. მიწისძვრა არ კლავს ადამიანს, ადამიანს კლავს მის მიერ აშენებული შენობა და ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ პრობლემა ჩვენს ქალაქშიც არის.
– რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება თბილისი, საშუალო ზომის მიწისძვრა თუ დაფიქსირდება?
– გავიხსენებ 2002 წლის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრიც იყო თბილისში და 4.5 მაგნიტუდას შეადგენდა. ამ მოვლენას ემსხვერპლა 8 ადამიანი და ყველა სკოლის შენობა დაზიანდა, თან, იმდენად დაზიანდა, რომ სასწავლო პროცესი გადაიდო. წესით, მსგავსი მაგნიტუდა ბზარს არ ტოვებს, რისი მაგალითიც გვაქვს ამერიკასა და იაპონიაში. თბილისში მსგავსი ტიპის მიწისძვრა თუ განმეორდა, ბევრი შენობა დაინგრევა, მათ შორის –  ახალი აშენებულებიც.
–  მომხდარი მიწისძვრებიდან დაფიქსირდა თუ არა სადმე ნგრევა და არის თუ არა ამ ეტაპისთვის პანიკის საფუძველი?
–  არა, ნგრევა არ დაფიქსირებულა. ეპიცენტრი ისეთ ადილებში იყო, სადაც არ არის დასახლება. მაგალითად, ჯავახეთის ქედზე ძალიან მეჩხერი დასახლებაა და არავინ დაზიანებულა და დაზარალებულა. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, პროგნოზს ვერავინ აკეთებს. ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება დიდი მიწისძვრა, მაგრამ, როდის –  ვერ გეუბნებით.
– შედარებით სახიფათო რეგიონები რომელია?
– ამ მხრივ ძალიან აქტიურია რაჭა,  ასევეა ჯავახეთის ქედიც. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მხარე დაზღვეულია, ქობულეთში და აფხაზეთშიც კი მოხდა. კახეთიც სეისმურად აქტიური რეგიონია, მაგრამ მას ცოტა ღრმა მიწისძვრები აქვს, თუმცა არ შეიგრძნობა.
– სამშენებლო ნორმები რამდენად დაცულია ამ საკითხთან მიმართებაში?
– ყველგან ყველაფრის აშენება შეიძლება, თუ სწორად დაგეგმავთ. ასეთი ლამაზი ბუნება არ გვექნებოდა, ეს რეგიონი გეოლოგიურად რთული რომ არ იყოს. ნებისმიერ ქვეყნაში არსებობს საერთაშორისო სამშენებლო ნორმები. ესენი არის ნორმატიული აქტები და რეგულაციები, რომლებსაც სახელმწიფო სეისმოლოგებზე დაყრდნობით ადგენს. ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგრადობა და განვითარება. ამიტომ, თუ ჭკვიანურად არ დაგეგმეთ და იმ ჯაჭვს არ მიჰყევით, რასაც ჰქვია ჯერ კვლევა და შემდეგ განვითარება, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თუ პირდაპირ განვითარებაზე გადახვალთ, აუცილებლად გექნებათ პრობლემა. შეიძლება, ეს პრობლემა თქვენს თაობაში არ გამომჟღავნდეს, მაგრამ, თქვენს შემდეგ თაობაში იჩენს თავს. მიწისძვრა ერთხელ არ ხდება, მას განმეორებითი პროცესები ახასიათებს. შეიძლება განმეორდეს 500 ან 1 000 წელიწადში, ან –  ერთ დღეში, ეს არავინ იცის. არის გამონაკლისი უცხოური კომპანიები, რომლებიც აუცილებლად იცავენ ამ ყოველივეს, რადგან უცხოეთში მკაცრად მოქმედებს მსგავსი რეგულაციები ჩვენთან კი, ერთია ქონა და მეორე –  დაცვა.
– ქვეყანაში რამდენიმე ვულკანური ცენტრია, ამ საკითხზე რას გვეტყვით?
– დიახ,  მაგრამ, ესენია მიძინებული ვულკანები, რომელთა აქტივობა 1 000 და მეტი წლის წინ იყო. ვულკანია კავკასიონზე, ვულკანური კერაა იალბუზი, რომელიც ჩვეულებრივი მთა გვგონია, ყაზბეგიც ვულკანია, მაგრამ მათი ამოფრქვევის საფრთხე არ გვემუქრება.

скачать dle 11.3