როდის იღებდა ტაიმში დამატებით დროს ქალთან ურთიერთობისას პაატა გულიაშვილი და რაში ინდობენ მას სუსტი სქესის წარმომადგენლები
მსახიობ პაატა გულიაშვილს ცხოვრებაში ნამდვილად გაუმართლა – აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს, აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი და საძმაკაცო, შესაბამისად, აქვს უამრავი გასახსენებელი ისტორია, რომელსაც ღიმილით იხსენებს. ცოტა ხნის წინ პაატა სერიალ „ჩამი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა როგორც თავად ამბობს, საკმაოდ სახასიათო როლით. ეს ზაფხული მსახიობისთვის, მართალია დატვირთულია და დასვენებისთვის ჯერ ვერ მოიცალა, მაგრამ ის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე, ამასაც ბედი უნდა.
პაატა გულიაშვილი: ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლი, ნამდვილად იღბლიანი კაცი ვარ, საწუწუნო არაფერი მაქვს. ხშირად მიფიქრია, აი, წლების წინ რომ დამაბრუნა, ნეტავ, რას შევცვლი-მეთქი, მაგრამ – არაფერს. მე ბედისწერის მჯერა და რაც შუბლზე მაწერია, არ ამცდება. ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვერ ხვდება და იკარგება. მე პროფესიულ სფეროშიც და ოჯახურ ურთიერთობებშიც გამიმართლა. მართალია, მარტივად არ მიმიღწევია იმისთვის, რაც მაქვს და ბევრი შრომა დამჭირდა, მაგრამ უშრომლად არაფერი მოდის. ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა კი არ არის რთული, მისი შენარჩუნებაა გაცილებით რთული.
– მითხარი, არც ისეთი დალხენილი ცხოვრება მქონდა, როგორიც ეს, ერთი შეხედვით ჩანსო. იყო შენს ცხოვრებაში რთული პერიოდები?
– რასაკვირველია, იყო ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთულად გადასალახი პერიოდებიც. თუმცა, ესეც გავიარე. ემოციური ადამიანი ვარ და პატარა წვრილმანზეც ვნერვიულობ. თუმცა, იმიტომ რომ მხიარული ბუნება მაქვს და ვცდილობ, ირგვლივ პოზიტიური გარემო შევქმნა, ბევრს ჰგონია პრობლემა არ გამაჩნია. ბევრი სანერვიულოც გადამიტანია, ჩახლართული სიტუაციიდანაც გამოვმძვრალვარ და ბარიერებიც გადამილახავს. პირადად მე, ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს, რომელიც ამ ცხოვრებაში დაიკარგა და არსად ჩანს.
– პაატა, ზაფხული ის დროა, როცა მთელი წლის დახარჯული ენერგია დასვენებით უნდა აღიდგინო. ეს დასვენების დღეები შენთვის ჯერ არ დადგა?
– ისეთი ჩახლართული ზაფხული მაქვს, დასვენების დღეები ჩემთვის არ დადგა (იცინის). რომ მეგონა, ერთი პროექტი დამთავრდა და სეზონი მორჩა-მეთქი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დამიძახეს. მერე, ბაქოში მიწევს წასვლა. ფილმში მიღებენ და ამ ფილმში ქართველი ტაქსის მძღოლი ვარ. მართალია, გრძელი შავი ულვაშები არ მაქვს დაწკეპილი, მაგრამ ნაღდი თბილისელი ტაქსისტი ვარ – გამიჭირდა და რა ვქნა? (იცინის).
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბიზნესმენი ხარ. როგორ გგონია, სად უფრო გაგიმართლებს ბიზნესში თუ ტაქსისტობაში?
– (იცინის). ორივე საკმაოდ სახასიათო როლია და ვნახოთ, იმედია, მაყურებელს მოეწონება. მსახიობობა სახიფათო გზაა, თუ რამე ახალი არ შესთავაზე მაყურებელს, მობეზრდები. ამიტომ, აქაც ბედისწერის იმედი მაქვს (იცინის).
– საკმაოდ დატვირთული საზაფხულო სეზონი გაქვს. თუმცა, წლების წინ, ეს პერიოდი, ალბათ, ყველზე მეტად იყო დატვირთული რომანტიკული თავგადასავლებით. ასეა?
– რომანტიკული თავგადასავლები, სახლიდან გაპარვები და სიგიჟეები – ცოტა-ცოტა, ყველაფერი იყო. არ დამავიწყდება, ბატონ ავთო შარვაძის ვაჟთან, დიტოსთან ვმეგობრობდი და მის სახლში მომიწია რაღაც პერიოდი ცხოვრება. ზაფხულის პაპანაქება დღეები იყო. შეყვარებული მყავდა, რომელიც ქობულეთში ისვენებდა. მოკლედ, გადავწყვიტეთ იქ წასვლა, მაგრამ ფული არ გვქონდა. დიტოს ბებია ცხოვრობდა ვაკის პარკთან, სადაც ბიჭები იკრიბებოდნენ და „მაზიანზე“ ფეხბურთს თამაშობდნენ. მე და დიტო კი „ჯოკერს“ ვთამაშობდით მაგრად „პარაში“ „დამუღამებული“ გვქონდა – სიგარეტს თუ მოვუკიდებდი, რა კარტი უნდა ჩამოსულიყო, თუ წარბს ავწევდი რა, თვალს თუ გავუსწორებდი, ხვდებოდა, რა „მასტი“ უნდა ეტარებინა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ „ნამიოკებით“ სულ ვიგებდით. მოკლედ, მივედით მე და დიტო იმ ტიპებთან „დვიჟენიის“ გასარკვევად. შევთავაზეთ, ვითამაშოთ და თუ მოვიგებთ მატარებლის ორი ბილეთი გვიყიდეთ და თუ ჩვენ წავაგეთ, „ადიდასის“ ბურთს მოგიტანთო. რასაკვირველია, „შულერებივით“ მოვიგეთ და ორი ბილეთიც ჩავიჯიბეთ, მაგრამ ფულიც ხომ გვინდოდა? მივადექით ბატონ ავთოს და ფული ვთხოვეთ. გვითხრა, ფული არ მაქვს და აგერ ორ ბუტერბროდს გაგატანთ, გზაში გამოგადგებათო. (იცინის). იქ ორი დღე დავრჩით. იმ გოგოს მშობლებმა შეგვიკედლეს და არც რესტორანი დაგვკლებია. სიგარეტს კი ქუჩაში ვმათხოვრობდით (იცინის). მართალია, სხვის ხარჯზე დავისვენე, მაგრამ რომანტიკულად კი მახსენდება. ისეთ დროს დავიბადე, როცა უნდა „მეგულავა“, რუსეთისკენ 37 მანეთი აღარ ღირდა ბილეთი. ამიტომ, მოსკოვური „გულაობა“ გამოვტოვე (იცინის). არ დამავიწყდება, სანამ დავოჯახდებოდი, ერთი დაოსტატებული ბიჭი იყო, რომელიც თბილისიდან „აბამდა“ რუს გოგონებს მინსკში.
– თბილისიდან მინსკში როგორ „აბამდა“ გოგონებს?
– ინტერნეტით „გაჩითა“ ყვავილების მიტანის სერვისი. მოკლედ, ინტერნეტ-კაფედან, „კარტიდან” რიცხავდა ფულს და იქ მიჰქონდათ ყვავილები ქალებისთვის. თან, ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი და მერე ისინი თვითონ რეკავდნენ. რუს ქალს ყვავილი დაანახვე და მეტი რა უნდა? (იცინის) მოკლედ, მეც გადავწყვიტე ასეთი წესით ქალის შებმა. გავაგზავნე ყვავილები და ველოდები ზარს. გავიხედე, საღამოს რეკავს ტელეფონი, ვეცი, ავიღე და გადარეული მამაკაცის ხმა: დიდი მადლობა ყვავილებისთვის, მე მისი ქმარი ვარო. ასეთი რამ მარტო მე თუ დამემართება. მოკლედ, ჩემმა „გრუზინულმა სიურპრიზმა“ მინსკში არ გაჭრა (იცინის). მერე იყო ფანჯრებთან სანთლების შუქზე სიმღერები, ოღონდ იმ დროს, შუქი რომ არ იყო და სანთლის „ჩალიჩი“ იყო მთელი ამბავი. როცა შეყვარებული ხარ, ყველაზე ბედნიერი ხარ. ზოგადად, რომანტიკული ვარ და საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების გაკეთებაც მიყვარს. ახლა ცოლი მყავს, საქმე თავზე მაყრია და სადღა მცალია ფლირტაობებისთვის.
– ლამაზ გოგოს რომ დაინახავ, თვალი არ გარბის?
– ცოლის მოყვანა, გემოვნების დაკარგვას კი არ ნიშნავს (იცინის). მთავარია, ისეთი ნაბიჯი არ გადადგა კაცმა, მერე ინანო. ქალები გაუგებარი და ამოუცნობი ხალხი ხართ, რას გაგიგებთ კაცი? ისე, ამოუცნობი ქალი მომწონს. ზოგადად, ქალები თავის რესურსს ბოლომდე არ იყენებენ, კაცებს გვინდობენ, თორემ თუ ქალმა მოინდომა, დედამიწას გახვრეტს. ყველაფრის გაკეთება შეუძლია ქალს და განსაკუთრებით, მამაკაცთან ურთიერთობაში. აი, თუ რამე არ მოეწონა, მაშინ დაუნდობელია. ფაქტია, ქალი ამოუცნობი ფენომენია და თუ მამაკაცს დაუპირისპირდა, პირველი ტაიმის პირველივე წამს მოუგებს.
– ასეთი ტაიმებიც იყო შენს ცხოვრებაში?
– რასაკვირველია. ასეთი ტაიმებიც იყო და დამატებითი დროც (იცინის). მაგრამ, მაინც მოგებული დავრჩი – არაჩვეულებრივი ცოლი მყავს. ცოტა ჯუჯღუნა კახელი ვარ, მაგრამ დათმობებზეც მივდივარ. დავაკვირდი, დღეში ერთი საათი ვარ ნამდვილი კახელი და ის ერთი საათი, ზუსტად მაშინ მიწევს, როცა სახლში მივდივარ (იცინის).
– კახელებმა გემრიელი გინებაც ხომ იციან?
– როგორ არ იციან, მაგრამ მე ყიამყრალი ტიპი არ ვარ. თუმცა, ხანდახან, ქალი მძღოლი ისეთ რამეს სჩადის, მეც გემრიელად „დამიკურთხებია“ (იცინის).