რა სიგიჟეები გაუკეთებია მარიტა როხვაძეს საყვარელი ადამიანის გამო
მარიტა როხვაძე ახალ ამპლუაში წარდგა გულშემატკივრების წინაშე. ის ერთ–ერთი ტელევიზიის გადაცემის წამყვანია. როგორც თავად ამბობს, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, რადგან სცენა და ტელევიზია მისთვის განუყრელი რამაა. მომღერლის ცხოვრების მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და ბევრი ჭორიც გვსმენია მის შესახებ. რა ხდება რეალურად მის პირად ცხოვრებაში, სად ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს და როდის აპირებს თბილისში დაბრუნებას, თავად გიამბობთ.
მარიტა როხვაძე: სეზონის ბოლომდე ბათუმში ვარ და მაქვს კონცერტები სხვადასხვა ადგილზე. მუშაობასთან ერთად, ძალიან კარგად ვისვენებ. იქ, სადაც ვმუშაობ, აუზი ზღვის წყლითაა სავსე და ზღვაზე არც გავდივარ. ვისვენებ ჩემს მეგობართან ერთად. ყველაფერი ერთად მაქვს ბედნიერებისთვის.
– ბათუმში საკუთარი სახლიც ხომ გაქვს?
– კი, მაქვს. ეს ბინა მოვიგე „ჯეოსტარში“. ჩამბარდა ორი წლის წინ და რემონტი დავამთავრე შარშან. ასე რომ, ყოველ სეზონზე საკუთარ სახლში ჩამოვდივარ.
– ყველა ჭორი იცი, რაც კი თბილისში ხდება. როგორ მოერგე ტელევიზიას?
– კი, ნამდვილად ეგრეა (იცინის). ზოგადად, ყველამ იცის ჩემი სიყვარული კამერებისა და მიკროფონის მიმართ. ტელევიზიაზე ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება. 2011 წელს რომ შევაბიჯე ფეხი „რუსთავი 2-ში“, მაშინ ვთქვი, ეს ჩემი სახლია და არ მინდა აქედან წასვლა–მეთქი. ამიხდა კიდეც ეს ნატვრა, დავრჩი და დავრჩი. დამირეკა ჩემმა პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ და მითხრა, რომ ჰქონდათ მსგავსი ტიპის გადაცემა. ეს გადაცემა მიყავდა ნუკის, მაგრამ მისი ამერიკაში წასვლის შემდეგ მე შემომთავაზეს, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ კარგად ვგრძნობ თავს, კომფორტულად. არავინ არაფერს მაძალებს, არ მზღუდავს – ეს ასე უნდა გააკეთო, ის ისეო. არაფერში ვარ შეზღუდული, პირიქით. რესპონდენტებიც კარგად მომყვებიან და მოსწონთ ეს გადაცემა. ვამოწმებ იმ ჭორებს, რაზეც ლაპარაკობენ ქალაქში და რაც გახმაურებულია. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემი გადაცემაა ის, რომელიც ყოველთვის მაგარ ხასიათზე მაყენებს. სცენა და ტელევიზია – ეს ორი, ჩემთვის განუყრელი რამაა. შესაბამისად, კარგად მოვერგე ამ როლს და არ გამჭირვებია. თან, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა.
– საკუთარ თავზე ხშირად თუ იგებ ჭორებს და როგორ რეაგირებ მათზე?
– კი, ძალიან ბევრი ჭორია. ახლაც, ბათუმიდან გავრცელდა ახალი ჭორი. ჩემს მეგობართან, გიორგი ნაკაშიძესთან ერთად, კლუბში გადავიღე ფოტო და მაშინვე დაწერეს: „რომელ ცნობილ ბიჭთან ერთად ისვენებს მარიტა როხვაძე“. ფოტო გადავიღე იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩემი მეგობარი და კოლეგაა და არა იმიტომ, რომ მასთან ერთად ვისვენებ (იცინის). თუმცა, მერე დამირეკეს და გადაამოწმეს ეს ჭორი. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, ქალაქში ჭორებს ვამოწმებთ მე და ჩემი ნიკოლოზი (იცინის). ბევრი ჭორი მსმენია ჩემზე. ადრე უფრო ხშირად მესმოდა მსგავსი რაღაცეები და გული მწყდებოდა, ვბრაზდებოდი. ვამბობდი: რატომ? რას მერჩიან? ახლა არაფერი მწყინს. რომ ვუკვირდები ხალხი რაზე ჭორაობს: ვის რა ზომა ფეხი აქვს, ვის რა აცვია და ასე შემდეგ, აღარ ვბრაზდები. იმასაც ვამართლებ, რომ, როცა ცნობილი ხარ და პატივს გცემენ, შენმა მსმენელმა და გულშემატკივარმა უნდა იცოდეს შენ შესახებ რაღაცეები.
– ძალიან ბევრს აინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში.
– ეს არის თემა, რომელიც ყველასთვის დახურულია. მარიტა როხვაძე არ არის არავისთან. ძალიან ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, გოგონებზე მეტიც კი. იმიტომ რომ, მართლა კარგი მეგობრები არიან. ისეთ რჩევებს მაძლევენ, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვიყო მათთან ერთად. ყოფილა შემთხვევა, ნათლიაჩემთან ერთად გავსულვარ ქუჩაში და მეორე დღეს უთქვამთ: შეყვარებულთან ერთად დაგინახე, ვიღაც ბიჭთან ერთად მისეირნობდიო. ეს არის საშინელება. ასე რომ, არ მყავს არავინ. ჩემთვის „ბოიფრენდი“ და შეყვარებული ჩემი საქმეა და არ მინდა რაღაცეებისთვის დრო დავკარგო მანამდე, ვიდრე ისე არ ვიქნები, როგორც მე მინდა. როცა მყავდა საყვარელი ადამიანი, ის ჩემთან ერთად აკეთებდა ყველაფერს და უყვარდა ჩემი საქმე. თუმცა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაინც იჩენს პირად ურთიერთობებში თავს პრობლემები. თავიდან მოსწონთ, როცა სცენაზე დგახარ, გადაცემა მშვენივრად მიგყავს, მერე რატომღაც, ამბიციები უჩნდებათ – ჩემს შეყვარებულს ეს არ უნდა ეცვას, სცენაზე რატომ დგას და ასე შემდეგ. ისეთი ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, რომელსაც, იმ დონეზე ეყვარება ჩემი საქმე, მსგავსი რამ დისკომფორტს არ შეუქმნის.
– მსგავს რამეზე უთანხმოება შენს საყვარელ ადამიანთანაც მოგსვლია?
– კი, ყოფილა. როცა მსგავს რაიმეს ვამჩნევ, მაშინვე ვამთავრებ ყველანაირ ურთიერთობას. ძალიან რომ ვგიჟდებოდე, ისე მიყვარდეს, მაინც. ვინც პატივს არ სცემს ჩემს საქმაინობას, ვერაფრით დავიყენებ გვერდით და ვერ შევიყვარებ.
– შენი შეყვარებული ამერიკაში იყო და ალბათ, მას გულისხმობ. რატომ დასრულდა თქვენი ურთიერთობა?
– დიახ, ის ვიგულისხმე და მასზე ვლაპარაკობ. დროის უკმარისობა, ერთად არყოფნა, ურთიერთობისთვის ძალიან ცუდია. ის შორსაა, ვერ ახერხებ ნახვას... ჩვენი დაშორება განაპირობა იმ ყოველივემ, რაც უკვე ვთქვი. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ის გრძნობა, ემოციები და მოგონებებია, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება არც მე და არც მას. ორივეს მაგარი მოგონებები დაგვრჩა.
– მას შემდეგ არავინ გყვარებია?
– არა, არავისთან მქონია ურთიერთობა. იმიტომ რომ, ეს იყო ძლიერი, პირველი სიყვარული. სიმართლე გითხრათ, მერე იმდენად გადავერთე კარიერაზე, რომ ყველა მეუბნება, კარიერისტი გახდიო. პირად ცხოვრებაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. მინდა, კარგად ვიყო და არა – ვიღაცის ხარჯზე. ამისთვის, დამიჯერეთ, ყველაფერი მიღირს.
– როგორია შეყვარებული მარიტა?
– შეყვარებული მარიტა ძალიან გიჟი და არანორმალურია, ისედაც ხომ მაკლია (იცინის), მაგრამ ურთიერთობებში მიყვარს არაორდინარულობა. არ მიყვარს ბანალურობა. მინდა, ყველა ბედნიერი წამი და ის შეგრძნებები, რაც მაბედნიერებს ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, გამოვცადო. ეს არის წუთები, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს გავიწყდება.
– რა სიგიჟე გაგიკეთებია?
– ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი რამ. ერთხელ ბათუმში მქონდა კონცერტი და ჩემი საყვარელი ადამინი თბილისში იყო, ვერ ჩამოდიოდა. იმდენად მომინდა მის გვერდით ყოფნა, ყველაფერი მოვაგვარე ბათუმში ისე, რომ საქმე არ გამფუჭებოდა და წამოვედი. წამოსვლამდე ვიყიდე ათასი გიჟობები, ბუშტები, გულები და ასე შემდეგ. გზიდან ვურეკავ და ვეუბნები, რა ცუდია, რომ ვერ ჩამოდიხარ-მეთქი. საუბრიდან დაახლოებით სამ საათში, სრულიად მოულოდნელად, დავადექი თავზე ამ რაღაცეებით. შოკში იყო (იცინის). მიყვარს ასეთი მოულოდნელობები.
– ალბათ, შენთვისაც არაერთხელ გაუკეთებიათ სიურპრიზი...
– ყოფილა რაღაცეები, ისეთი საჩუქრები, რომლების გამომგზავნიც არ ვიცოდი, ვინ იყო. კართან მხვდებოდა ყვავილები და რაღაცეები. მერე ეჭვები გამიჩნდა... იმდენად დავინტერესდი ვინ ტოვებდა, რომ ერთი–ორს პირდაპირ ვკითხე: შენ ტოვებ საჩუქრებს–მეთქი (იცინის), მაგრამ ჩემმა ვარაუდმა არ გაამართლა. როცა საყვარელი ადამიანი მყავდა, ისიც ხშირად მიკეთებდა სიურპრიზებს. ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე, დილით, კარზე კაკუნია. გავაღე კარი და ვიღაც ორმეტრიანი კაცია ვარდების თაიგულით ხელში. ვინ ხართ–მეთქი, შევეკითხე. ბარათი გახსენიო, მიპასუხა. ცოტა შემეშინდა – ვიღაც დიდი კაცი ვარდების თაიგულით ხელში. გავხსენი წერილი და ჩემი საყვარელი ადამიანისგან იყო. ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ მაინც შეძლო ჩემი გახარება და სიურპრიზის მოწყობა.
– საცურაო კოსტიუმში შენი ფოტოები ინტერნეტს იპყრობს. არ გაღიზიანებს მსგავსი რამ?
– ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე. კარგია ეს, მაგრამ ყველას აქვს „კუპალნიკში“ გადაღებული ფოტოები. საერთოდ შიშვლებიც იღებენ ფოტოებს. რაღაც კუთხით კარგია, პიარი აუცილებელია. ისეთიც არაფერი ყოფილა, რომ გავგიჟებულიყავი. არ მაქვს პრობლემა, მთავარია, ბოროტი და ცუდი ჭორი არ იყოს, რასაც შეიძლება, ხალხის წარმოდგენის შეცვლა მოჰყვეს. არ მაღიზიანებს.
– წონას ისევ აკონტროლებ?
– რაც ბათუმში ჩამოვედი, აღარც ვვარჯიშობ და აღარც დიეტას ვიცავ. ცურვა მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. ერთი-ორი კილო მოვიმატე, თუმცა ჯერჯერობით არ მაწუხებს.