როგორ იშოვა მილიონი მანეთი ცნობილმა ქართველმა თაღლითმა – „ხიჭვმა“
გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ცნობილი თაღლითის, ვარლამ ოყროშიძის, მეტსახელად „ხიჭვის“, ცხოვრებიდან, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას და ყოფილ საბჭოთა კავშირში არაერთი აფერა განახორციელა.
აუქციონები
1927 წელს ქუთაისში დაბადებული ვარლამ ოყროშიძე ადრეული ბავშვობიდანვე ეზიარა თაღლითის „პროფესიას” და წვრილმანი აფერებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვარლამი ფულს იმით აკეთებდა, რომ გელათისა და ბაგრატის მონასტრების დასათვალიერებლად ჩამოსულ ტურისტებს ავტობუსთან ხვდებოდა და მათ ვითომდა აღმაშენებლისდროინდელ, მიწაში ნაპოვნ მონეტებს თუმრად (10 მანეთად) სთავაზობდა. სინამდვილეში, ეს ვერცხლის მონეტები მის მიერვე იყო დაშტამპული კუსტარულ დაზგაზე, რომელიც პატარა ვარლამმა თავადვე ააწყო და მონეტების ესკიზიც თავადვე მოიგონა... ეს საქმე იმდენად შემოსავლიანი გამოდგა, რომ ვარლამ ოყროშიძემ ათი ძროხა იყიდა. მამამისს ყველის კუსტარული საამქრო გაახსნევინა და ყველითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა დააწყებინა... ოყროშიძეების ლეგალური ბიზნესი მსუყე შემოსავალს იძლეოდა და ოჯახი ფეხზე დადგა. თუმცა, ვარლამს ეს არ აკმაყოფილებდა. თავგადასავლების საძიებლად 20 წლის ბიჭი თბილისში გაემგზავრა და უფრო მსხვილ აფერებს მიჰყო ხელი. ის და მეიდნელი ებრაელი სულიკო ყვითელაშვილი კონიაკის სპირტისგან ფალსიფიცირებულ, სამარკო კონიაკს ამზადებდნენ. შემდეგ ეტიკეტიან, ცარიელ ბოთლებში ასხამდნენ და თბილისის მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებს ნახევარ ფასში აბარებდნენ... კონიაკის აფერით თაღლითებმა იმდენი ფული იშოვეს, რომ პროფესიით იუველირმა ყვითელაშვილმა საიუვილირო სახელოსნო გახსნა თბილისში და დიდი შემოსავალი უკვე ლეგალურად ჰქონდა. მან ვარლამსაც შესთავაზა სრული წილი, მაგრამ ოყროშიძემ უარი თქვა პატიოსან ცხოვრებაზე და თაღლითობა გააგრძელა.
1957 წელს, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა დესტალინიზაციის პროცესი დაიწყოდა მთელი საბჭოთა ხალხის მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია, ოყროშიძემ ეს მომენტი ორიგინალური აფერების სერიისთვის გამოიყენა. ვარლამმა ერთ-ერთი მეძველმანისგან 20 ცალი გაცვეთილი შინელი და ტყავის ჩექმები იყიდა. უნივერმაღში 20 ცალი ჩიბუხი შეიძინა. ამ ნივთებით 30 წლის თაღლითმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქები მოიარა. ფარული აუქციონები მოაწყო, რომლებზეც შინელს, ჩექმებსა და ჩიბუხს სტალინის ნაქონ ნივთებად ასაღებდა და სარფიანად ჰყიდდა... „სტალინური აუქციონები“ ვარლამ ოყროშიძემ საბჭოეთის სხვადასხვა რესპუბლიკაშიც წარმატებით განახორციელა და დიდ შემოსავალთან ერთად, დიდი მორალური კმაყოფილებაც მიიღო... აუქციონებისგან შემოსულმა მოგებამ ვარლამ ოყროშიძეს 80 ათასი მანეთი მოუტანა.
გრანდიოზული ავტოპარკი
ვარლამ ოყროშიძის აფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და შემოსავლიანი იყო, ეგრეთ წოდებული „ავტოპარკის აფერა“. ვარლამმა ეს თაღლითობა 1959 წელს თბილისში განახორციელა. ყალბი საბუთების გამოყენებით, რომლებიც ოყროშიძემ ძალიან იოლად თვითონ დაამზადა, ის უკავშირდებოდა თბილისსა და მის შემოგარენში მომუშავე მძღოლებს და ეუბნებოდა, რომ თითქოს ახალი გრანდიოზული ავტოპარკის გამგე იყო. ერთ თვეში ახალთახალი ავტომობილები უნდა ჩამოსვლოდა გორკის ავტოქარხნიდან და ახალი მანქანისა და შემოსავლიანი სამსახურის საფასურად, თითოეულ მძღოლს ათას მანეთს ართმევდა. თან, დანიშნულ დღეს იბარებდა მანქანის გადასაცემად და სამუშაო ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამგვარად, 1959 წლის 16 აპრილს დიდუბეში ეგრეთ წოდებული „იუჟნი პარკის“ ტერიტორიაზე 500 მძღოლი შეიკრიბა, რომლებსაც ახალთახალი მანქანები უნდა წაეყვანათ, თან სარფიანი სამუშაო კონტრაქტიც გაეფორმებინათ. დოყლაპია, გაბითურებული მძღოლები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ მოტყუვდნენ, როდესაც მათთან მილიციის ოპერჯგუფი მივიდა, რათა ამდენი ადამიანის ერთად შეკრების მიზეზი გაერკვიათ... როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა და მილიციელებმაც გულიანად იხალისეს, მოტყუვებული მძღოლებისგან ჩვენებები აიღეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის თაღლითურად მითვისების მუხლით და ოყროშიძეზე ძებნა გამოცხადდა. ის კი უკვე ლენინგრადში იყო და მძღოლებისთვის „ახეულ“ ნახევარ მილიონ მანეთს ხარჯავდა – ფანტასტიკურ დროს ატარებდა და ახალი აფერებისთვის ემზადებოდა.
მეტსახელად „ხიჭვი“
მეტსახელი „ხიჭვი“ ვარლამ ოყროშიძეს მისი მორიგი, ცნობილი აფერის შემდეგ შეარქვეს, რომელიც მან 1962 წელს 35 წლის ასაკში განახორციელა. ის სწორედ მაშინ დააპატიმრეს და 8 წლით ჩასვეს ციხეში.
ამ აფერამ, რომელიც „ხიჭვების“ სახელითაა ცნობილი, ოყროშიძეს მილიონი მანეთი მოუტანა. თუმცა, ფული ვერ აღმოუჩინეს და სწორედ ამან გადაარჩინა ვარლამი დახვრეტას. ის მხოლოდ 8 წლით ჩაჯდა ციხეში. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით, ვისაც 100 ათასი მანეთი და მეტი ჰქონდა მოპოვებული კრიმინალური გზით, მათ უპირობოდ ხვრეტდნენ. „ხიჭვების“ აფერის არსი კი, შემდეგში მდგომარეობდა – 1962 წლის თებერვალში ვარლამ ოყროშიძე დნეპროძერჟინსკის მეტალურგიულ ქარხანაში ყალბი საბჭოთა საბუთებით ჩავიდა, როგორც მინსკის სატრაქტორო ქარხნის მთავარი ტექნოლოგი და ახალთახალი მიწის დამამუშავებელი მანქანისთვის, ეგრეთ წოდებული „ხიჭვების“ გასაკეთებლად უმაღლესი ხარისხის ფოლადის ფურცლები შეუკვეთა... შეკვეთა ერთ კვირაში შესრულდა და არარსებული ხიჭვებისთვის (მსგავსი გამოთქმა ტექნოლოგიურ პროცესში არ არსებობს) განკუთვნილი ფოლადის ფირფიტები, ყალბი საბუთების გამოყენებით, ვარლამმა ერთ პოლონელს, ვინმე იაცეკ ჟმუდას გაატანა. მისგან კი ერთი მილიონი მანეთი მიიღო... ჟმუდა ამ უმაღლესი ხარისხის ფოლადის ფირფიტებს დასავლეთ გერმანიაში ყიდდა და იქ კი უმაღლესი ხარისხის დანებს ამზადებდნენ, რასაც დიდი შემოსავალი მოჰქონდა. როდესაც ყველაფერი გაირკვა და ოყროშიძეს ხიჭვების შესახებ განმარტება უკვე „კაგებემ“ მოსთხოვა, თაღლითმა იმით გადაირჩინა თავი, რომ ვერცერთმა გრაფიკულმა ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა მისი ხელმოწერები ფალსიფიცირებულ საბუთებზე. ის ვერც მომჩივნებმა ამოიცნეს დაპირისპირებისას, რადგან პირად კონტაქტებზე ის დაქირავებულ პირებს უშვებდა, თვითონ კი არსად ჩნდებოდა... ვარლამს 8-წლიანი ციხეც მხოლოდ წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის მიუსაჯეს და ავტოპარკის ნახევარმილიონიანი საქმისთვისაც იმიტომ ვერ მიაყენეს კედელთან, რომ ფულის აღების ფაქტი არ დაუდასტურდა... ვარლამი 1970 წელს გათავისუფლდა ციხიდან. მართალია, 43 წლის იყო, მაგრამ ძველი ჟინი არ განელებოდა და ახალი ძალით შეუდგა ძველ საქმიანობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვარლამის მარტოხელა ცხოვრება დასრულდა. ის დაოჯახდა და სულ მალე სამი ტყუპი ვაჟი შეეძინა.
მრავალშვილიანი მამა
საგულისხმო ფაქტია, რომ ხიჭვი, მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობას განაგრძობდა, ციხეში აღარ ჩამჯდარა. თუმცა, მილიცია რეგულარულად აკავებდა და თუკი სადმე დიდი თუ პატარა აფერა მოხდებოდა, დაპირისპირებაზე სწორედ ოყროშიძე მიჰყავდათ.
აფერების პარალელურად, იზრდებოდა უკვე ცნობილი თაღლითის ოჯახიც და 50 წლის ვარლამს კიდევ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა... მრავალშვილიანმა მამამ მოსკოვის მახლობლად, ეგრეთ წოდებულ ნიკოლინა გორაზე (იქ ახლა რუსული ელიტის უპრესტიჟულესი დასახლებაა) ფეშენებელური, სამსართულიანი აგარაკი აიშენა და მთელი ოჯახით იქ ცხოვრობდა. ვარლამმა დროთა განმავლობაში იმდენი მოახერხა, რომ საბჭოთა პარტიულ-კულტურულ ელიტაში „შეჰყო თავი“ და ისეთ ცნობილ ადამიანებს დაუახლოვდა, როგორებიც იყვნენ: პოლიტბიუროს წევრი, ბრეჟნევის მემკვიდრედ წოდებული გრიგორი რომანოვი, პოეტი და მსახიობი ვლადიმირ ვისოცკი და მისი მეუღლე მარინა ვლადი, ცნობილი მეკარე ლევ იაშინი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ვასილ ალექსეევი და მრავალი ცნობილი საბჭოთა სახე... ხიჭვი თავის ფეშენებელურ აგარაკზე მათთვის მდიდრულ სუფრებს მართავდა და კიდევ უფრო უახლოვდებოდა მათ... „პერესტროიკის“ პერიოდში ოყროშიძე საგრძნობლად მომძლავრებული კრიმინალური სამყაროს მესვეურებს დაუახლოვდა და მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი ქურდი – პარმენ ქუჩულორია, მეტსახელად „ფუსო“ და ძმები კვანტრიშვილები... დაუდასტურებელი ცნობებით, ცნობილი ქართველი თაღლითი 1987 წლისთვის ეგრეთ წოდებული „სოლნცევოს დაჯგუფების“ ერთ-ერთი ბოსი გახლდათ და მოსკოვის არალეგალური ბიზნესის წილში იჯდა.
ვარლამ ოყროშიძე 1999 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვაგანკოვის ცნობილ სასაფლაოზე, სადაც მრავალი ცნობილი ადამიანი განისვენებს.