კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-31(814)

ნიასთვის საკმარისი აღმოჩნდა დავითის ემოციურ ნიადაგზე დაშვებული შეცდომა, რომ თავდაჯერებულობა შეჰმატებოდა. გადაწყვიტა – მორჩა, კაცი უკვე ყურებით მყავს დაჭერილი, უჩემოდ ვეღარ გაძლებს, ნაბიჯსაც კი არ გადადგამსო და ძალიან გაამაყდა. დერეფანში თავაწეული და სახეზე დამცინავი ღიმილით დადიოდა; დანარჩენ ექთნებთან ყავის დასალევადაც კი არ ჯდებოდა. ერთადერთი, ვისაც ელაპარაკებოდა, თიკო იყო, ისიც იმიტომ, რომ იცოდა დავითის ნდობა ამ ქალის მიმართ. დარწმუნებული იყო იმაში, რომ დავითს უკვე ჩვეულებად ექცეოდა მისი გამოძახება და ძალიან განცვიფრდა, როცა კაცი ერთბაშად გაუჩინარდა – გარდა იმისა, რომ არ დაურეკავს, არც კლინიკაში უნახავს; მის კაბინეტთანაც აღარ ირეოდნენ პაციენტები.  ორი დღე ითმინა. არ უცდია კაცთან დარეკვა. ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან და ადგილს ვერ პოულობდა. ბოლოს მოთმინებამ უმტყუნა, ექთნების მოსასვენებელ ოთახში თიკო დაიმარტოხელა და სიტყვა დავითზე ჩამოუგდო. ცდილობდა, ისეთი კითხვები დაესვა, რომ კაცის მიმართ ინტერესი ძალიან არ გამოეხატა.
– რაღაც ძალიან მშვიდად ვართ ბოლო დღეებია... – თქვა და თიკოს გაუღიმა, – მოწყენილობისგან გუნებაც კი გამიფუჭდა. მიყვარს, როცა ოპერაციას ოპერაციაზე ვაკეთებთ და ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს.
თიკომ გაიცინა:
– ახლა მჯერა, რომ ექიმობა შენი მოწოდებაა. მუშაობა არც ექთნებს გვეზარება, მაგრამ ქირურგები, უბრალოდ, მოწამლულები ხართ.
ნიამ სასურველი პასუხი ვერ მიიღო და გაღიზიანდა. „ეს ქალი ან შტერია, ან, უბრალოდ, არ უნდა, მიხვდეს, რას ვგულისხმობ...“
– რა ხდება, ოპერაციები რატომ არ არის? ყველა ერთბაშად გამოჯანმრთელდა?
– ყოველთვის ასეა, როცა ბატონი დავითი კლინიკაში არ არის. თუ ასე მოგენატრა ოპერაცია, ხვალ, მგონი, სოსო აკეთებს და, შეგიძლია, იმას დაეხმარო. მე ვეტყვი...
– მადლობელი დაგრჩები... – ნიამ ნაძალადევად გაუღიმა და მადუღარაში ყავა ჩაყარა, – ხომ დალევ?
– რა თქმა უნდა. სადღაც შოკოლადიც უნდა მქონდეს – პაციენტის ახლობელმა მომიტანა.
– სოსო კარგი ქირურგია? – ისე იკითხა ნიამ, თითქოს ძალიან აინტერესებდა ქირურგის კვალიფიკაცია.
– ნორმალური. ბატონი დავითი გენიაა, ასეთები ერთეულები არიან. ხომ ნახე, როგორია საოპერაციოში. ეს სივრცე მისი ტერიტორიაა. მისი ნამდვილი სახლია, რომლის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
– მაშინ, მით უფრო უცნაურად მეჩვენება დავითის არყოფნა. ქალაქშია? ავად ხომ არ გახდა?
თიკომ თავი გააქნია:
– კარგად არის. უბრალოდ, რაღაც საქმეები აქვს – მხოლოდ ეს ვიცი. თიკომ ყავა მოსვა და თვალები სიამოვნებისგან მილულა.
– შესანიშნავი ყავაა. საიდან მოიტანე?
– მე ვიცი, სადაც უნდა ვიყიდო... კარგი ყავაა...
– მერე, მასწავლე, თორემ, ბატონი დავითის იმედად ვარ ხოლმე.
– ეგ როგორ?! ბატონი დავითი რა შუაშია?
– ჩამოაქვს ხოლმე. როცა უცხოეთში მიემგზავრება თავის ქალიშვილთან, ყოველთვის ჩამოაქვს. იცის, რომ კარგი ყავა მიყვარს... სადღაც „ფრიში“ ყიდულობს ჩემთვის. ერთხელ სუნამოც კი ჩამომიტანა მაგ „ფრიში“ ნაყიდი. იცი, როგორი სუნი ჰქონდა და რამდენ ხანს გამყვებოდა ხოლმე? კარგი კაცია ბატონი დავითი... აი, ნახავ, ახლაც თუ არ ჩამომიტანს სუვენირს და ყავას... – თიკო მიხვდა, ზედმეტი რომ წამოსცდა, მაგრამ ნათქვამს ვეღარაფერს უშველიდა, ამიტომ მხოლოდ გაიღიმა.
– ანუ, უცხოეთშია? შვილთან? – ნიამ უკმაყოფილოდ ასწია წარბი. თუმცა მიხვდა, რომ თიკოსთან ბრაზი და წყენა არ უნდა შეემჩნია. იმ ამბავმა, რომ დავითმა არც კი დაურეკა, ისე ადგა და წავიდა, გოგო მიახვედრა, ნაადრევად რომ იზეიმა გამარჯვება.
– მთხოვა, არავისთვის მეთქვა... მაგრამ შენთან, მგონი, შეიძლება.
– ჰო, რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია ნიამ, – მალე ჩამოვა? ხომ არ უთქვამს? ერთი-ორი დღით დასვენება მინდოდა და, მგონი, ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა. რამე ხომ არ დაშავდება, ორი დღე სამსახურში რომ არ მოვიდე?
– რა უნდა დაშავდეს? – მხრები აიჩეჩა თიკომ, – მარტო სოსოს აქვს ჩანიშნული ოპერაცია. თუ დაგვჭირდები, დაგირეკავ.
– გმადლობ. ბატონ დავითსაც ხომ არ ეტყვი, მის არყოფნაში კლინიკაში რომ არ მოვედი?
– არა, რა თქმა უნდა. დაისვენე.
– კარგი ადამიანი ხარ, თიკო, ძალიან კარგი, – უთხრა ნიამ და გაუღიმა.
– ჰო, კარგი ვარ. უბრალოდ, არავის ვჭირდები, – სევდიანად ჩაილაპარაკა თიკომ და ამოიოხრა.
– სულ მინდოდა მეკითხა, მაგრამ... – ნია შეყოყმანდა.
– რა უნდა გეკითხა?
– რა ვიცი. არ მინდა, გაწყენინო. შეიძლება, იფიქრო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის...
– ნია, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. რა უნდა მეწყინოს?!
– მართლა არავინ გყავს? ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– არა. არ გამომდის ეგ ამბავი. ერთი-ორჯერ თითქოს რაღაც იყო, მაგრამ ურთიერთობა ბოლომდე ვერ მივიდა.
– რატომ?
– რა გითხრა. ეტყობა, კაცებისთვის საკმარისად საინტერესო არ ვარ.
– რა სისულელეა. უბრალოდ, ჯერ არ შეგხვედრია კაცი, რომელიც შენში იმ ღირსებებს დაინახავს, რამაც მე პირველივე შეხვედრისას მომხიბლა... გაგიცანი თუ არა, საკუთარ თავს ვუთხარი: ნია, შენ ამ გოგოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნება-მეთქი.
 – იმიტომ, რომ ქალი ხარ და არა კაცი. მათ, უბრალოდ, არ მოვწონვარ.
– აჭარბებ. გეუბნები, აუცილებლად შეუყვარდები ვიღაცას გონების დაკარგვამდე. შენ თვითონ არავინ მოგწონს? მაგალითად, ბატონი დავითი...
– ხუმრობ? – თვალები გაუფართოვდა თიკოს, – ასეთი თავხედიც კი არ ვარ...
ნიამ ჩაიცინა.
– ანუ, მასზე გიფიქრია, ხომ?
– არა, არა, რას ამბობ? ბატონი დავითი... ის ბატონი დავითია და ამით ყველაფერია ნათქვამი...
– მაშინ, სოსო ექიმი... – მაშინვე შესთავაზა ალტერნატივა ნიამ.
თიკომ ტუჩი აიბზუა:
– არ მომწონს. რაღაცნაირი ტიპია... ვერ მიხვდები, რა მოსწონს, რა უნდა... ჯერ ისიც ვერ დავადგინეთ, უცოლოა თუ ცოლი ჰყავს... დიდ დროს რომ გაატარებ მის გვერდით, უკეთესად მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. მოკლედ, სოსო არ მაინტერესებს, ლაწირაკი რეზიდენტები – მით უმეტეს. ამ კლინიკაში სხვა პერსპექტივა არ არის.
 – მგონი, მაინც სოსოს ვარიანტია მისაღები... შენც მეტი ყურადღებით დააკვირდი... მეც შევართვალიერებ. გინდა, გაგიგო, ცოლი ჰყავს თუ არა?
– მაგას როგორ მოახერხებ? – ცნობისმოყვარედ მიაჩერდა თიკო და ნია მიხვდა, რომ მიზანში მოახვედრა. თიკო ტყუოდა, როცა ამბობდა, სოსო არ მაინტერესებსო. მისი კომპლექსი და გაუბედავობა აბსოლუტურად გასაგები იყო ნიასთვის. „ასეთი გარეგნობით კაცებს თავი რანაირად უნდა მოაწონოს... მართალია, ნებისმიერ ქალს შეუძლია მიიზიდოს საპირისპირო სქესი, მაგრამ ამას ნიჭი სჭირდება, რაც საერთოდ არა აქვს. რომ დავეხმარო, კიდევ უფრო მომეწებება და ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ“... – ნიამ თიკოს მეგობრულად გაუღიმა, – შენთვის გავაკეთებ ამას. ორი დღე მომეცი და მაგ სოსოს შესახებ ყველაფერი გეცოდინება...
***
... ბიჭმა სიგარეტს მოუკიდა და საწოლის ქვეშიდან საფერფლე გამოიღო.
– რამდენჯერ გითხარი, ლოგინში ნუ ეწევი-მეთქი, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ანდრო, – ერთხელაც იქნება ჩაგეძინება და დაიწვები.
გუკამ ჩაიცინა.
– კარგი რა, როგორ უნდა ჩამეძინოს... მძინარე სიგარეტს ვინ ეწევა. რა სისულელეა.
– მე გაგაფრთხილე! – თითი დაუქნია ანდრომ, – ისედაც ვერ ვიტან, ოთახში ყველაფერი სიგარეტის სუნით რომ არის გაჟღენთილი...
– ისე ლაპარაკობ, თითქოს შენ არ ეწეოდე.
– მე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ვეწევი, ლოგინში კი – არავითარ შემთხვევაში. რომ ჩაგეძინოს, დაიწვები...
– ჩამეძინოს, რა, ოთხმოცდაათი წლის ბებერი კი არ ვარ. შენ ის მითხარი, მორიგე როდის ხარ.
– ოჰო?! ისევ ის გოგო უნდა ამოიყვანო?
– დავუშვათ. შენ რამე პრობლემა გაქვს?
– არავითარი. გარდა იმისა, რომ სახლში ვეღარ მოვდივარ.
– მაგიტომაც გკითხე, მორიგე თუ ხარ-მეთქი.
ანდროს გაეღიმა:
– ჯერ საქმე ისეა, რომ მორიგეობებს თავად ვუწერ საკუთარ თავს, ასე რომ, თუ გინდა, არ მოვალ.
გუკამ ნამწვებით სავსე საფერფლე იატაკზე დადგა და გაიზმორა.
– კარგი ბიჭი ხარ. ცოტა ეგოისტურად კი ვიქცევი, მაგრამ, როგორც კი ვინმეს გაიჩენ, ეგრევე დაგიბრუნებ ვალს.
– კარგი. ვიმახსოვრებ, – ანდრომ საფერფლე აიღო და სამზარეულოში გავიდა. რამდენიმე წუთში გუკამაც მიაკითხა:
– მომისმინე, იქნებ სხვა კლინიკაში გადასულიყავი?
– რატომ?
– იმიტომ, რომ მანდ არაფერს გიხდიან. როდემდე უნდა იწვალო?
– ეგრე მარტივად რომ იყოს ჩემი საქმე... რეზიდენტისთვის ცხოვრება ადვილი არ არის... სად უნდა წავიდე, ექთნად ხომ არ დავიწყებ მუშაობას? ექიმი კი ჯერ არ ვარ. ფული იქით უნდა ვიხადო, რომ საოპერაციოში ყოფნის უფლება მომცენ.
– ცუდი პონტია, გეთანხმები. მეც კი არ მაქვს ჯერ სერიოზული პერსპექტივები, მაგრამ კერძო შეკვეთები მშველის. რაღაც ფული პერიოდულად მაქვს ხოლმე. ახლა ვიწყებ ერთ ტიპთან დიზაინზე მუშაობას. მაგარი ქაჯია, მაგრამ, ფულიანი ქაჯი... ცოტა რომ გადავახდევინო, შეურაცხყოფად მიიღებს. ასე რომ, მომდევნო ორი თვის ქირას მე გადავიხდი.
ანდრო შეიჭმუხნა და თავი გააქნია:
– არა, ასე არ გამოვა... ვერ ვიტან და თავს ცუდად ვგრძნობ ასეთ სიტუაციაში. ქირას ჩვეულებრივად გადავიხდი... მერე რა, რომ ჯერ შემოსავალი არ მაქვს. ჩემი მშობლები მდიდრები არ არიან, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსები მყოფნის, თავი რომ ვირჩინო.
– ნახევარჯერ სახლში არ ხარ, საავადმყოფოში რჩები.
– მერე რა, ეს მაინც ჩემი სახლია...
ანდრომ ჩაიდანი გაზქურაზე დადგა:
– ვისაუზმოთ და წავალ. ამაღამ არ უნდა მოვიდე... ასეა?
გუკამ თავი დაუქნია.
– ჰო, რა... მერე ქალაქიდან აპირებს გასვლას და დიდხანს ვეღარ ვნახავ.
– გახსოვს, მაგ გოგოსთან დაკავშირებით რა გითხარი?
– მახსოვს და ტყუილად ღელავ... რა დროს სიყვარულია, თუ ძმა ხარ...
– რა ვიცი, მე მაინც გაგაფრთხილე.
გუკამ გაიცინა და ანდროს მხარზე დაარტყა ხელი.
– მშვიდად იყავი. იმაზე ჭკვიანი ვარ, ვიდრე ერთი შეხედვით ვჩანვარ. საკუთარ თავს რაც შეიძლება ძვირად გავყიდი.
– რა? – გაეცინა ანდროს.
– რა და, საქმე მარტო ის არ არის, რომ პროფესიონალი უნდა იყო... თუ შენს თავს ვერ გაყიდი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.
ანდრო ჩაფიქრდა. შემთხვევით ნანახი ჩანაწერი გაახსენდა.
– მაგაში კი გეთანხმები. მართალი ხარ...
***
დოინჯშემოყრილი ანა ბუხართან იდგა და თვალებმოჭუტული შესცქეროდა შვილიშვილების ალერსში გართულ მამას. დავითს გოგონები ხელში ჰყავდა აყვანილი და ხან ერთს აკოცებდა, ხან  – მეორეს.
– ერთმანეთისგან როგორ ასხვავებ ამათ... გადავირიე, ისე ძალიან ჰგვანან...
– ჰო, ბრაიანსაც უჭირს გარჩევა. მე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომელია. სხვათა შორის, ხასიათით ძალიან განსხვავებულები არიან.
– გაზრდილან, რაც არ მინახავს, – დავითმა ბავშვები მანეჟში ჩასვა და შვილთან მივიდა, – შენ როგორ ხარ? – ჰკითხა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი. ქალმა ქვემოდან ახედა – უკმაყოფილო მზერა ჰქონდა.
– რა იყო, ანა, არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა?
– გამიხარდა, მაგრამ, წინასწარ რატომ არ დაგვირეკე?. ყოველთვის ასე იცი. გუშინ არ გელაპარაკე? ერთი სიტყვა არ დაგცდენია, ჩამოსვლას თუ აპირებდი.
– ჯერ ერთი, გუშინწინ გელაპარაკე. მეორეც  უცებ გადავწყვიტე. ჩემი ამბავი ხომ იცი. გადავხედე ოპერაციების გრაფიკს და ვნახე, რომ რამდენიმე დღე „ფანჯარა“ მაქვს. ერთი-ორი ოპერაცია, ნაკლებად საჩქაროები, გადავდე, ავიღე ბილეთი და გამოვფრინდი. გზაში, იცი, რაზე ვფიქრობდი? რომ ექვს თვეზე მეტია, არ მინახავხართ.
– ჰო, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ კლინიკა შენთვის ყველაფერია. არ არის ეს ამბავი ახალი ჩემთვის.
დავითმა ამოიოხრა:
– ანა, შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი და ეს გოგონები. კლინიკა კი საქმეა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვქმნიდი.
– ჰოდა, გიყვარს კიდეც, როგორც იშვიათი ქმნილება, – საყვედურნარევი ტონით ჩაილაპარაკა ანამ.
– ანა, შენთან საჩხუბრად არ ჩამოვსულვარ. ძალიან მომენატრეთ და... არ გჯერა?
– არ ვიცი. ექვსი თქვე გაჩერდი უჩვენოდ..
– ისევ საყვედურები... – შეიჭმუხნა დავითი, – კარგი, საღამომდე დავრჩები, ბრაიანსაც ვნახავ და წავალ.
– ბრაიანი ორი დღე არ იქნება. ვენაშია. საუზმე გაგიმზადო? შეჭამ?
– არ მინდა, სასტუმროში ვისაუზმე...
– სასტუმროში გაჩერდი? ჩვენთან არ დარჩები? – ანამ განცვიფრებით ასწია წარბები.
 – აქვეა, ორ ნაბიჯზე... მივალ და მოვალ... რატომ უნდა შეგაწუხოთ.
– აჯობებს, თქვა მარტო ცხოვრებას ისე შეეჩვიე, რომ ახლა ჩემ გვერდით ყოფნა გაგიძნელდება. ან, იქნებ, არც ხარ მარტო...
დავითი შეცბა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა. შეუძლებელი იყო, ანას ნიასთან მისი ურთიერთობის შესახებ რამე სცოდნოდა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა შვილს და ნაძალადევად გაუღიმა...
– აგიხსნა? მამა, შენ ჯერ ისეთი მოხუციც არ ხარ, რომ ამ ტიპის შეკითხვას აღარ გისვამდნენ. არც ის გამიკვირდება, ვიღაც გყავდეს – ქალს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა... – ანამ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და დავითს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3