რა პროექტის განხორციელებაში უშლიდა ხელს სტალინი ბერიას
რამდენი ცუდიც არ უნდა წერონ ლავრენტი ბერიაზე, ყველა ერთსულოვანია იმაში, რომ ის იყო ნოვატორი ადამიანი და მრავალი ისეთი სიახლე მოიფიქრა და დანერგა, რომლებმაც როგორც მას, ისე მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, სახელი და აღიარება მოუტანა.
ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი კირილ ვალუევი წერს: „ასეულ ათასობით ადამიანის ჯალათად წოდებული ლავრენტი ბერია სულაც არ ყოფილა ბუნებით ჯალათი და, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოეჩვენოს ჩემი სიტყვები მავანს, ეს კაცი (ბერია) სულით ნამდვილი პოეტი, მეოცნებე და რომანტიკოსი იყო... დიახ, დიახ, პოეტი და მეოცნებე, რადგან ლავრენტი ბერია მშვენიერ ლექსებს წერდა, რომელსაც ის თავის ულამაზეს მეუღლეს, ნინო გეგეჭკორს უძღვნიდა; გარდა ამისა, იგი ისეთი სოფლის შექმნაზე ოცნებობდა, სადაც სანიმუშო ადამიანები სანიმუშო გარემოში აღიზრდებოდნენ. ლექსებით სავსე ბლოკნოტიც და იდეალური სოფლის დაწვრილებითი გეგმაც ბერიას სახლიდან უშიშროებამ წაიღო ბერიას მკვლელობის დღეს და მათ დღემდე ადევს გრიფი „საიდუმლო”. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეგრეთ წოდებული იდეალური სოფელი საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ სანაპიროზე უნდა აშენებულიყო, სავარაუდოდ – აფხაზეთში. ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად განცალკევებული ადგილი, სადაც უნდა ეცხოვრათ და გამრავლებულიყვნენ სპეციალურად შერჩეული ოჯახები... ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა მიზანს ემსახურებოდა ბერიასეული „იდეალური სოფლის“ მშენებლობა, მაგრამ, ბოროტებას რომ არა – აშკარაა...”
1984 წელს ყაზანის აწ უკვე ყოფილ ფსიქიატრიულ საპყრობილეში 80 წლის პლატონ კეკელია გარდაიცვალა. ის შინაგან საქმეთა სამსახურის პოლკოვნიკი, ბერიასთან დაახლოებული პირი და აფხაზეთის „ჩეკას“ ზურგის სამსახურის უფროსი იყო. პოლკოვნიკი კეკელია 1953 წელს დააპატიმრეს და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს ბერიას თანამზრახველობისთვის, რომ მან სიგიჟე მოიგონა და ექიმების მოტყუება შეძლო. მან თითქმის 30 წელი გაატარა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში და ოჯახის უახლოეს წევრებთან წელიწადში ერთხელ ჰქონდა ორსაათიანი პაემნის უფლება. სწორედ ამ პაემნების დროს უყვებოდა პლატონ კეკელია თავის შვილს, ლავრენტის (მან ეს სახელი შვილს ბერიას პატივსაცემად დაარქვა), ბიჭვინთასა და მის შემოგარენში „დახურული სოფლის“ მშენებლობის შესახებ.
ლავრენტი კეკელია წერს: „მამაჩემის თქმით, ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით, ბიჭვინთასა და მის შემოგარენში სპეციალურად შერჩეული 20 ათასი წყვილი უნდა დასახლებულიყო და გამრავლებულიყო. ის ტერიტორია დახურულ ზონად გამოცხადდებოდა, მას საიმედოდ დაიცავდნენ და იქ შესვლა და იქიდან გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი. სოფელში იქნებოდა სკოლა, სამშობიარო, მაღაზია, ბაგა-ბაღი და ეზო-ნაკვეთიანი კერძო სახლები. მამაჩემს პირადად ბერიასგან ჰქონდა მითითება, რომ ბრძანების მიღებისთანავე ემოქმედა დასახული გეგმით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, როგორც კი მამას უბრძანებდნენ, მას ტერიტორია უნდა შეეღობა მავთულხლართით და ადგილზე სამშენებლო მასალები და ტექნიკა შეეყვანა. მამაჩემის თქმით, სოფლის მშენებლობის გეგმა ლავრენტი ბერიას ჯერ კიდევ 1947 წელს ჰქონდა, მაგრამ სტალინის გარდაცვალებას ელოდა მის სისრულეში მოსაყვანად, რადგან იცოდა, რომ სტალინი მას ასეთი პროექტის განხორციელების უფლებას არ მისცემდა. მამამ 1953 წლის 20 ივნისს ბერიასგან ბრძანება მიიღო, რომ 1 ივლისისთვის მზად ყოფილიყო საქმის დასაწყებად, რადგან სოფლის მშენებლობა სწორედ 1 ივლისს იწყებოდა. თუმცა, ექვსი დღის შემდეგ თავად ბერიაც დააპატიმრეს, ათი დღის შემდეგ კი – მამაჩემიც და სოფლის მშენებლობაც ამით ჩაიშალა...“ სინამდვილეში რას და რატომ აპირებდა ლავრენტი ბერია შავიზღვისპირეთის ზღაპრულ სანაპიროზე, ამას, ალბათ, მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც არქივში შენახული საბუთების შინაარსი გახდება ცნობილი. საინტერესოა აგრეთვე ბერიას ლექსების კრებულიც, რომელიც „ხალხთა ჯალათმა“ ცოლს მიუძღვნა და როგორც ნინო გეგეჭკორი ამბობდა, რომელიც განათლებული ქალი იყო და პოეზიაშიც კარგად ერკვეოდა, მისი მეუღლის ლექსები საკმაოდ მაღალი ხარისხის ყოფილა და არ ჩამოუვარდებოდა იმ ეპოქის ცნობილი პოეტების ლექსებსო...
ლავრენტი ბერიას „იდეალური სოფლისგან” განსხვავებით, მისი სხვა ინოვაციუტი პროექტები ხორციელდებოდა ძალიან სწრაფად და დიდი ეფექტიც მოჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია იყო 1933 წელს განხორციელებული პროექტი, რომელიც საქართველოს პარტიულ და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების ალკოჰოლიკობასა და ნარკომანობაზე შემოწმებას ისახავდა მიზნად. ლავრენტი ბერიას ეს აზრი მაშინ მოუვიდა, როდესაც ერთ-ერთ გერმანულენოვან ჟურნალში გაეცნო დოქტორ იურგენ ვასერმანის სტატიას სწრაფი ტესტირების ლაბორატორიის შესახებ. ვასერმანის მტკიცებით, მას შეეძლო, მარტივი ქიმიურ-ბიოლოგიური ანალიზით, სულ რაღაც 48 საათში დაედგინა, ლოთი იყო ადამიანი თუ ნარკომანი. ბერიამ ვასერმანი ჯერ თბილისში მოიწვია და დაწვრილებით ესაუბრა მას, შემდეგ კი ტესტირებისთვის ჩამოიყვანა ერთი თვით და საქართველოს ცეკას წევრები შეამოწმებინა, პირველად კი თავად გაიარა ტესტი... ვასერმანის ერთთვიანი შემოწმების შემდეგ, რომელიც ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა, „ჩეკადან“ ლოთობისა და ნარკომანობისთვის 25, სხვადასხვა უწყებებიდან კი 87, ანუ, სულ 112 ადამიანი გათავისუფლდა სამსახურებიდან... ბერიას განკარგულებით, 1934 წლის პირველ იანვრამდე ვასერმანის ტესტი ყველა სახელმწიფო მოხელეს უნდა გაევლო. 1934 წლიდან კი სახელმწიფო სამსახურში ისე არავის მიიღებდნენ, თუ მას ვასერმანის ტესტი არ ექნებოდა გავლილი. ბერიამ ვასერმანის ლაბორატორიის ფილიალი პირველად თბილისში გახსნა, რომელიც 1956 წლამდე ფუნქციონირებდა და სამსახურში მიღებისას ტესტირების წესიც ამ წლამდე მოქმედებდა. შემდეგ კი ლაბორატორიაც და მიღების წესიც გააუქმეს და სწორედ ამიტომ ხვდებოდნენ სახელმწიფო სამსახურში ლოთები და ნარკომანები, ბერიას დროს კი ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო...
ასევე, ლავრენტი ბერიას ინიციატივით შეიქმნა თბილისში პირველი გამოსაფხიზლებელი და ლოთებისა და ნარკომანების სამკურნალო სტაციონარები. სტაციონარებში ბერიამ საუკეთესო სპეციალისტები დაასაქმა და მათ სათანადო მუშაობის პირობები შეუქმნა. ბერიას დროს ასეთი წესი მოქმედებდა: გამოსაფხიზლებელში მოხვედრილი ადამიანის სამსახურში წერილს გზავნიდნენ რეაგირებისთვის, რაც დადებითად მოქმედებდა; ხოლო, თუ გამოსაფხიზლებელში ერთი და იგივე ადამიანი სამჯერ მოხვდებოდა, მას უკვე სტაციონარში აწვენდნენ სამკურნალოდ. საგულისხმო ფაქტია, რომ საქართველოში ბერია მმართველობის დროს, ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების რიცხვი თითქმის ნულს გაუტოლდა, სახელმწიფო სამსახურში კი ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი.