როგორ ავიცილოთ თავიდან დიარეა ზაფხულის პერიოდში
ზაფხულის ცხელ პერიოდში, მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები, რაც დაკავშირებულია გარემოში, მაღალ ტემპერატურაზე, პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით. ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და დიდ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.
თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადებაგადატანილებში პათოგენური მიკროფლორის, ბაქტერიების ტარების ფართოდ გავრცელებას. ეს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.
დიარეული დაავადების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
* წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია, იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად. არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში.
* სასურველია, წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება. უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება. შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში.
* ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი.
*გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად.
* მირთმევამდე ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს.
*მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს.
*მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები – თავდახურულ ჭურჭელში;
*სამზარეულოში აუცილებელია, მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისთვის, ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის, იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
*არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე, აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები. სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ. მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. სასურველია, ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი.
*სასურველია, ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებული ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე.
დიარეის ანუ ფაღარათის დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ექიმის მოსვლამდე კი თავი უნდა შეიკავოთ კვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია, ავადმყოფს დაალევინოთ ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები ან ანადუღარი წყალი თუ სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს.
დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.
ზოგადად, ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე წყალსატევებში ბანაობისას. მოერიდეთ ასეთი წყლის ჩაყლაპვას და დაიცავით ჰიგიენის წესები.
როგორ გავარკვიოთ, რა აკლია ჩვენს ორგანიზმს
თუ ხშირად ხართ დიეტაზე და წონაში კლების მიზნით, გასახდომ კოქტეილებსა და აბებს სვამთ, მაშინ თქვენს ორგანიზმს აკლია ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. ისინი კიბოს გაჩენისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებენ. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი ჭამეთ სხვადასხვა სახის სეზონური ბოსტნეული და ხილი.
თუ ხშირად ამბობთ უარს საუზმეზე, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები. მაგალითად: კეფირი, იოგურტი, რძიანი ფაფა და ასე შემდეგ. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს. თუ დილით არ შეგიძლიათ, ისაუზმოთ, მაშინ რძის პროდუქტი დღის განმავლობაში მიირთვით.
თუ ეწევით, თქვენს ორგანიზმს აკლია ვიტამინი C. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხშირ გაციებას, გადაღლას, ღრძილების დაავადებას, უძილობას. ხშირად სვით ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მიირთვით მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა. ზოგადად, C ვიტამინი თითქმის ყველა სახის ბოსტნეულსა და ხილშია.
თუ არ ჭამთ ხორცს და ერიდებით ხორციან კერძებს, თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. ორგანიზმი მცენარეული საკვებიდან რკინას ცუდად ითვისებს. რკინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია და საერთო სისუსტე; B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ კი ნერვული სისტემის მოშლა. მცენარეულ საკვებში შემავალი რკინა, C ვიტამინთან ერთად, უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ. B ჯგუფის ვიტამინების აღსადგენად რაციონში ჩართეთ მეტი პარკოსნები და მიიღეთ პოლივიტამინები.
სამწუხაროდ, ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. ამიტომ, თავად უნდა დაეხმაროთ ორგანიზმს სიცოცხლის გახანგრძლივებაში. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მენიუ უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ასაკს. ადამიანს ნაოჭები გაუჩნდება ძალიან გვიან, თუ ის რეგულარულად მიირთმევს ნიგოზსა და საქონლის ღვიძლს. 35 წლის ასაკის ზემოთ სასარგებლოა ბეტა-კაროტინი, რომელიც ძალიან ბევრია სტაფილოში, ნარინჯისფერ და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში. 50 წლის ასაკის შემდეგ კარგია კალციუმის მიღება. ის ფორმას უნარჩუნებს ძვლებს, მაგნიუმი კი გულისთვის არის აუცილებელი. ასევე, ხშირად უნდა მიიღოთ სელენი, რომელსაც შეიცავს ყველი. ეს მინერალი ხსნის სტრესს. არ დაგავიწყდეთ თევზი, ის დაავადებებისგან იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ნებისმიერი სახის ვარჯიშის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონები, რომლებიც საგრძნობლად მცირდება 30 წლის ასაკის შემდეგ. აიძულეთ ტვინი, იმუშაოს და არ მოდუნდეს. როცა ტვინი მუშაობს, ამ დროს ადამიანი ერთდროულად ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებასა და ნივთიერებათა ცვლას.
გაუფრთხილდით ღვიძლს და გაიწმინდეთ სისხლი
ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება.
ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
ასევე, უნდა გაუფრთხილდეთ ღვიძლს. ღვიძლი შლის ორგანიზმში მოხვედრილ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ვიტამინების სინთეზიც მას ეხება, სისხლსაც ამდიდრებს და გვიცავს ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავისგან. დროდადრო ღვიძლს ძალიან უჭირს. სწორი მუშაობისთვის მას ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, E და F ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საკვები ძილის წინ. ივახშმეთ საღამოს 7 საათზე მსუბუქად. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურაც. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ცივი ან ცხელი. უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, რძეს, თევზს, წიწიბურას, მცენარეულ ზეთს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები, მაგალითად, სტაფილო, გარგარი, ჭარხალი და სხვა.
ღვიძლისთვის ძალიან კარგია ძველი, შავი პური. მავნეა თეთრი, თბილი და ფუმფულა პური. ყოველდღე მიირთვით ვეგეტარიანული წვნიანი კერძი, ასევე, მწვანილი, თაფლი, რძიანი ჩაი. რაციონიდან ამოიღეთ სპირტიანი სასმელები, ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცსა და შემწვარ თევზს, სოკოს, ნაყინსა და შოკოლადს.
ლუდი ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
ალკოჰოლის ნორმალური დოზა სისხლის წნევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. თუ წნევა მაღალია, მას ლუდი მცირედ, მაგრამ მაინც დაბლა სწევს, რადგან, სისხლძარღვებს აფართოებს. მაგრამ, თუ მაღალი წნევა გაქვთ და დიდი რაოდენობით სვამთ ლუდს, შეიძლება, ჰიპერტონიით დაავადდეთ. ალკოჰოლი, რომელსაც ლუდი შეიცავს, სისხლძარღვიდან და ქსოვილებიდან ქოლესტერინს ღვიძლში გადააქვს, სადაც ის იშლება, ხოლო მისი შემცველობა სისხლში მცირდება. დღეში ერთ ლიტრამდე ლუდის დალევა ნორმალურ დოზად ითვლება.
ლუდი ის ალკოჰოლური სასმელია, რომლის დანამატები ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ნორმალური რაოდენობით ლუდის სმა არ იწვევს სიმსუქნეს, უბრალოდ, აღძრავს მადას, რაც ზედმეტი ჭამის მოთხოვნას აღვივებს. ლუდში შემავალი სვიის დანამატების იზომჟავები ხელს უშლის ოსტეოქონდროზის განვითარებას. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული სასმელია. პოზიტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ვიტამინების მნიშვნელოვანი საბადოა. ლუდი შეიცავს ინაცინს, პანტოტენის მჟავას, პირიდოქსინს, მცირე დოზით კი თიამინს და ბიოტინს. აღნიშნული ვიტამინები დადებითად მოქმედებს კანისა და თმის სიჯანსაღეზე. პირიდოქსინი კი ხელს უშლის სისხლძარღვების დაავადების განვითარებას.
თუ ადამიანი დღეში ერთ ლიტრ ლუდს სვამს, ის დააკმაყოფილებს თუთიის დღიურ მოთხოვნას და მიიღებს რკინას, ფტორს და სპილენძის ნორმის ნახევარს. კალიუმი და მაგნიუმი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ლუდის სმით ორგანიზმი იღებს მცენარეულ სახამებელ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და კუჭის წვენის გამოყოფას.