რატომ ატარებს ადამიანი პოტენციურად ყველა ცოდვას და რატომ არის ყველაზე დიდი მკრეხელობა გამოთქმა – „რაღაც არსებობს“
– ღმერთთან ურთიერთობა – ეს არის სწორი ლოცვა, აზრიანი, დაკვირივებული ლოცვა და არა ისე, როგორც უმრავლესობა ლოცულობს. ადამიანებს მუდმივად აინტერესებთ: ამდენ ხანს რომ ვლოცულობ, ამდენს რომ ვლოცულობ, ამდენჯერ რომ ვლოცულობ სახლში თუ ეკლესიაში, ვიხდი პარაკლისს, ვკითხულობ დაუჯდომელს, აქ ვიყავი, იქ ვიყავი და ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას? არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ღმერთთან პირდაპირ კავშირში არიან; არც წმიდანების მეოხება სჭირდებათ, არც მოძღვარი, არც ეკლესია და მის საუბარს პირდაპირ ისმენს ღმერთი. თუმცა ამ საკითხზე ბევრ წმიდა მამას აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვს. ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს: თქვენი ლოცვები ეკლესიის გუმბათსაც არ სცილდება. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მიწიერია, უშინაარსო, ვითხოვთ მხოლოდ მატერიალურს. მესმის, რომ დღეს მატერიალური სიდუხჭირეა, მაგრამ ლოცვა სულ სხვა რამეა. თუ გინდათ, ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს როგორც ცოცხლებისთვის, ასევე მიცვალებულებისთვის, უნდა განიწმიდოთ ვნებებისგან. როგორც ჭუჭყიანი შუშა არ ატარებს მზის შუქს, ასე არ ატარებს ადამიანი ღვთის მადლს თავის თავში, თუ არის დაბინძურებული მრავალი უკეთურებით. ყველა ჩვენგანი დაბინძურებულია, მაგრამ, თუ დავიწყებთ გასუფთავებას, ნელ-ნელა გამოჩნდება მზის სხივი. რატომ ვევედრებით წმიდანებს? იმიტომ, რომ ისინი განწმენდილები არიან და მათ ლოცვას ისმენს ღმერთი. ღმერთი ისმენს მართლის ლოცვას, ანუ იმის, ვინც განწმენდილია, სასუფეველშია და ვისაც მთელი ყურადღება შემოკრებილი აქვს, მოდის ეკლესიაში და ცდილობს, დაიჭიროს რაღაც მარცვალი იმ ლოცვებიდან, რომელსაც ისმენს. ხუთი წუთი მაინც უნდა ვევედროთ ღმერთს გონებაგაფანტულობის გარეშე. სანამ დავიწყებთ ლოცვებს, ვიფიქროთ იმაზე, რა ვნება გვაწუხებს ყველაზე მეტად და მივხვდებით, ჩვენი გული და სული რამდენი უკეთურებით არის სავსე. ბუნებრივია, უცბად არ მოხდება განწმენდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყოთ მძიმე ცოდვებით – ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, განკითხვით.
– ბევრი ამბობს: მწამს ღმერთი, მჯერა ღმერთის არსებობისო, თუმცა, მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ხშირად სხვადასხვაგვარია. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ ღმერთი სწამს და მეტი არაფერი. როგორია ამ საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება?
– თქვენ იცით, რომ ეშმაკიც მორწმუნეა, მასაც სწამს ღმერთის არსებობის. ადამიანებიც ამბობენ: „მე მწამს” – მაგრამ, რა სწამს? ქართველებს ასეთი გამოთქმაც გვაქვს: „რაღაც არსებობს”. ეს ყველაზე დიდი მკრეხელობაა. არ შეიძლება, თქვა: რაღაცა არსებობს, რაღაცის მწამს. ოცდამეერთე საუკუნეში მაინც ნუ იტყვით ამას, როცა ვრცელი ასპარეზია განათლების, უამრავი რამ შეგიძლიათ მოისმინოთ ინტერნეტში, წიგნი წაიკითხოთ. ჩვენი სარწმუნოება სანთლები და ხატები არ არის. პეტრემ რა უთხრა ქრისტეს: „მრწამს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა”, – აი, რა უნდა სწამდეს ქრისტიანს და არა რაღაცის არსებობის. ვისაც უნდა, რომ ქრისტე მიიღოს, მან უნდა აღიაროს, რომ ცოდვილია, დაზიანებული, დაცემული ბუნება აქვს. დღეს ძალიან ბევრი უკეთური სწავლება გაჩნდა. არ ვსაუბრობ რომელიმე დომინაციაზე, აქ საუბარია ზოგიერთ მართლმადიდებელ მოძღვარზე, ღვთისმეტყველებზე, რომლებიც უტიფრად ცრუობენ. ერთ-ერთი არის ოსიპოვი, მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ასოცირებული პროფესორი. დღესაც არიან ფარისევლები და მწიგნობრები, ისინი, ვინც თავის დროზე არ იღებდნენ ქრისტეს, ეკამათებოდნენ, დღეს კი ჭეშმარიტ სარწმუნოებას ამახინჯებენ და მკრეხელობებს ამბობენ. მაგალითად, რას ამბობს ოსიპოვი: „ადამმა დააშავა, შესცოდა და მე არაფერი დამიშავებია”. პავლე მოციქული კი ამბობს: „ადამში ყველამ შევცოდეთ”. ბევრი თანამედროვე მამა, ისევე, როგორც ოსიპოვი, ქადაგებს დღეს ასეთ მკრეხელობას.
– რას გულისხმობთ?
– როგორც კი გათენდება, ადგებიან, მიდიან ეკლესიაში ან სამსახურში და მაშინვე იმაზე იწყებენ საუბარს, იმას რა აცვია, ის როგორ გამოიყურება, ის როგორ იქცევა და იქცეოდა და არ უნდათ იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს შორის თავად არიან ყველაზე ცოდვილები. პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, არ იყო პირველი ცოდვილთა შორის, მაგრამ ის ამას განიცდიდა. ყველამ უნდა განიცადოს თავისი ცოდვილი მდგომარეობა; უნდა ირწმუნო და დაიჯერო, რომ შენც პოტენციურად ყველა ცოდვას ატარებ. შანსი რომ მოგეცეს, შეიძლება, იმრუშო კიდეც, მოიპარო, ადამიანი მოკლა. ოსიპოვი თავის ბოლო ქადაგებაში ასეთ რამეს ამბობს: თქვენ ნუ გგონიათ, რომ პური და ღვინო, რომელიც ტრაპეზზეა, მოძღვრის ლოცვით გადაიქცევა მაცხოვრის ხორცად და სისხლად. ეს ძალიან დიდი მკრეხელობაა. ასე კი არ არის, უბრალოდ, პური და ღვინო რჩება პურად და ღვინოდ, მაგრამ უერთდება ქრისტეს ღვთაებრიობას და, რაც უერთდება ქრისტეს, ის არის სისხლი და ხორციო. ეს გაუგონარი მკრეხელობაა. ყოველ წირვაზე ვასრულებ იოანე ოქროპირის ლიტურგიას, სადაც წერია: შეცვალე! კი, არ შეიერთო, შეცვალე სულითა წმიდითა, ანუ გარდაქმენი. ანუ, ჩვეულებრივი სეფისკვერი და ღვინო გარდაიქმნება მაცხოვრის სისხლად და ხორცად. შენ თუ ეს არ გწამს, მაშინ, სამწუხაროდ, არ იცი, რას ეზიარები. სამწუხაროა, რომ ამას დამსახურებული პროფესორი ქადაგებს და არა რომელიმე სექტის წარმომადგენელი. ის ამბობს კიდეც, რომ ეს იოანე დამასკელმა თქვა. იოანე დამასკელი ამას არსად არ ამბობს. რომც ამბობდეს, მინდა იცოდეთ, რომ ბევრ წმიდა მამას ჰქონდა რაღაც ცდომილებები. შეიძლება, ზოგიერთი მამა ამბობდეს ასეთ რამეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს ეკლესია ეთანხმება. მაგალითად, იოანე დამასკელი ამბობდა: პატარა ბავშვს 40 დღემდე სული არ აქვსო. რა თქმა უნდა, ეს არასწორია, მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იოანე დამასკელი მკრეხელობდა?! როდესაც შემდეგ ეს საკითხი ეკლესიამ დაადგინა ისე, როგორც სწორი იყო, მანაც აღიარა. ზიარების ლოცვაში ასეთი რამ წერია: „სერობასა მას საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რამეთუ არა მტერთან შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს გიყოფ ვითარცა იუდა“. ამ დროს ბევრს ეშინია და ფიქრობს: უღირსი ვარ, მართლა ამბორით გასცა იუდამ ქრისტე? ქრისტეს ყველა იცნობდა, მაინც შეიპყობდნენ ქრისტეს. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ქრისტესთან არიან, ეკლესიასთან, მოძღვრებთან, პატრიარქთან ჩახუტებულები; ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ ეკლესიის გამყიდველები არიან. სწორედ ამას ვევედრებით: ზიარების შემდეგ რომ გავდივარ ეკლესიიდან, იუდასავით არ გავყიდო ჩემი მაცხოვარი, რომელიც უკვე ჩემშია. თუ შენ იცი ავაზაკის აღიარება, აღარ გაგიჭირდება აღსარების თქმა. აღსარებაში ადამიანები ხშირად, საკუთარი თავის გარდა, მხოლოდ სხვებზე საუბრობენ. რა მდგომარეობაშიც ვართ: საპყრობილეში, გაჭირვებაში, შიმშილში, ეს ჩვენი ბრალია – რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ. უნდა ვთხოვოთ უფალს: მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, – ისევე, როგორც ჯვარზე გაკრულმა ავაზკმა სთხოვა მაცხოვარს: არ ვარ ღირსი, მაგრამ, უბრალოდ, მახსენე, რადგან მეტის ღირსი არ ვარ. ავაზაკი ღმერთმა შეიყვანა ყველაზე წინ სამოთხეში, ამიტომ არის ქრისტიანობა ყველაზე უნივერსალური და მოერგება ყველა რჯულის ადამიანს. ამიტომაც ადამიანზე არ თქვათ არაფერი ცუდი, ავაზაკი სიკვდილამდე ხუთი წუთით ადრე ცხონდა, მაშინ, როცა იუდა მთელი ცხოვრება იყო ქრისტესთან, მისი ჯამიდან ჭამდა და ჯოჯოხეთში აახილა თვალი. ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ, რადგან დღეს უკვე გვიწევს კამათი არა სექტანტებთან, არამედ ეკლესიაში შემოჭრილ გადაცმულ მგლებთან. შვიდივე მსოფლიო კრებაზე კამათი იყო მხოლოდ პატრიარქებთან, განათლებულ ღვთისმეტყველებთან, მაგრამ ეკლესიამ ეს ყველაფერი მოინელა: ჯოჯოხეთის ბჭენი ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ.