წმიდა სწავლებანი
ნუ დრტვინავ საკუთარ ჯვარზე
ერთმა ღარიბმა ადამიანმა, რომელიც ყველას შესჩიოდა თავის ჯვარზე – სიღარიბეზე, ძილში ასეთი რამ იხილა: თითქოს იმყოფებოდა სხვადასხვა ზომის ჯვრებით სავსე ოთახში. ჯვრებს გადასაფარებლები ეფინა. ღარიბს მოესმა იდუმალი ხმა: „შენ ჩივი შენს ჯვარზე, შენს სიღატაკეზე – ამოირჩიე შენთვის სხვა ჯვარი, ნებისმიერი, რომელიც გინდა“. ღარიბმა ჯვრის შერჩევა დაიწყო. ამოირჩია ერთი, მაგრამ ვერ ასწია. მიადგა მეორეს და აწევით ასწია, მაგრამ, ჩანდა, რომ ვეღარ წაიღებდა სიმძიმის გამო. მესამე ჯვარი არც ისე მძიმე ეჩვენა, მაგრამ მისმა მახვილმა კუთხეებმა მტკივნეულად დაუჭრა მხარი.
ღარიბმა ყველა ჯვარი მოსინჯა და ვერ იპოვა ვერცერთი, რომელიც მის ძალას არ აღემატებოდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი ჯვარი, რომელსაც ღარიბი არ გაეკარა, რადგან დიდი და მძიმე ჩანდა სახილველად, მაგრამ ბოლოს მასზეც სცადა ბედი. როცა ეს ჯვარი აღმართა, ღარიბმა სიხარულით დაიყვირა: „აი, ამას ავიღებ და, თუმცა კი დიდია, სხვაზე მეტად მსუბუქია“. ჯვარს გადასაფარებელი მოჰხადეს და გამოჩნდა მასზე აღბეჭდილი წარწერა – „სიღარიბე“.
ასე შერჩა ღარიბი საბოლოოდ თავის ჯვარს, თავის სიღარიბეს. იგი მიხვდა, რომ ეს ჯვარი ღმერთმა დააკისრა მას, რომლის წაღებაც თავისუფლად შეეძლო. ეს ჯვარი განაქარვებს სიამაყეს, განდევნის ფუქსავატობას, ფუფუნებას, ყველაფერ იმას, რასაც სიმდიდრისას ადვილად მიჰყავს ადამიანი მემთვრალეობამდე, ნაყროვანებამდე; რომლის შედეგიცაა სხვადასხვაგვარი ავადმყოფობა. ეს ჯვარი ასწავლის ღვთის ნების მინდობას და მხოლოდ ღვთის მოწყალების სასოებას. წარმართავს სულიერ ხედვას მომავალი, უსასრულო ცხოვრებისკენ, სადაც არის არა ავადმყოფობა, სიღარიბე, მწუხარება, არამედ – დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება. სიღარიბე ადამიანისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი და მსუბუქი ჯვარია.
ამგვარად, თითოეულ ჩვენგანს ღვთისგან ის ჯვარი გვაქვს ბოძებული, რომელიც ყველაზე მეტად იოლი წასაღებია ჩვენთვის. ამინ!
გლახაკთათვის გაღებული მოწყალების შესახებ
წმიდა მოციქული თომა ინდოეთში ქადაგებდა. ერთ იქაურ მდიდარს სურდა, ისეთი მდიდრული სასახლე ჰქონოდა, როგორიც ჰქონდათ ხოლმე რომის კეისრებს და ეძებდა კაცს, რომელიც ამგვარ სასახლეს აუშენებდა. მას უთხრეს, რომ წმიდა თომა თითქოსდა დახელოვნებული მშენებელი და ხუროთმოძღვარი იყო. მდიდარი უხმობს მოციქულს, სთავაზობს მას საქმეს და, როცა ეს უკანასკნელი თანხმდება, აძლევს მას დიდძალ ოქროს, თვითონ კი დიდი ხნით მიემგზავრება თავისი საბრძანებლის სხვა ოლქში. მაგრამ წმიდა მოციქულმა თომამ ყველა ოქრო, რაც მდიდარმა მისცა, ღარიბებსა და გლახაკებს დაურიგა. ეს ამბავი მდიდრის ყურამდე მივიდა. იგი შინ დაბრუნდა, უხმო წმიდა მოციქულს და ჰკითხა: „მზად არის სასახლე”? „მზად არის – მიუგო მოციქულმა, – ოღონდ, არა მიწაზე, არამედ – ცაში“. ეს სიტყვები მდიდარმა დაცინვად მიიღო და წმიდა თომა საპყრობილეში ჩაამწყვდია.
სანამ მდიდარი იგონებდა სხვადასხვა ხერხს, თუ როგორ ეწამებინა წმიდანი, ძლიერ ავად გახდა მისი ძმა, რომელიც გულის წასვლის შემდეგ ხანგრძლივ უგონო მდგომარეობაში ჩავარდა. ამგვარ ყოფაში მისმა სულმა იხილა საკვირველი რამ: კეთილმა ანგელოზმა წაიყვანა იგი ზეცაში, სადაც უჩვენა მას სხვადასხვა პალატი, მათგან განსაკუთრებით ერთი იყო ლამაზი. კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ეს საოცარი სავანე, თანმხლებმა აღტაცებულ სულს მიუგო: „ეს სახლი შენს ძმას აუშენა ხუროთმოძღვარმა თომამ“. და როცა სულმა ისურვა ამ სასახლეში დარჩენა, თანმხლებმა დაამატა: „თუ არ დაგენანება შენი ქონება და სთხოვ თომას, შენც აგიშენებს ამგვარ სამყოფელს“. ხილვა დამთავრდა, ავადმყოფი გამოერკვა და მოუყვა თავის ძმას, რაც იხილა და ესმა. მდიდარი გააოცა მონათხრობმა და მაშინვე გაათავისუფლა მოციქული, რომელმაც ორივე ძმა განსწავლა ქრისტეს მოძღვრებაში და მონათლა ისინი. ძმები მოწყალე ქრისტიანები გახდნენ.
ხედავთ, ძმებო, როგორი დიდია მოწყალების ძალა? მისით ჩვენ ბრწყინვალე სასახლეს ვიშენებთ. ჩვენ მიერ გაცემული თითოეული მოწყალება კეთილი ქვაა, რომელსაც მიწაზე ვდებთ, ის კი უხილავად ცაში იქნება შემდგომ გაზიდული. მაშ, ვეძიოთ საგანძური ზეცაში, სადაც არ არის ხრწნა, მატლი, ცეცხლი და სხვა რამ, რასაც კი შეეძლო, დაეღუპა იგი.