მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ხსნის თუ არა ჯადოს წმიდა კვიპრიანეს ლოცვები და შეიძლება თუ არა ეს ლოცვები სახლში ვიკითხო?
პასუხი: სანამ ქრისტიანი გახდებოდა, წმიდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო. მაგრამ, უფლის ძლიერების ხილვის შემდეგ მან უარყო ცრუმოძღვრება და მღვდელმთავარი გახდა, შემდეგ კი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. ის სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, თავი დაეცვათ ეშმაკეულისგან და ბუნებრივია, იმქვეყნიური საუფლოდანაც დაგეხმარებათ. სასურველია, ამ ლოცვების წაკითხვისთვის ლოცვა-კურთხევა მოძღვარს სთხოვოთ. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დამცველი არის წმიდა ზიარება. თუ არ თქვით აღსარება და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს ძალა არ ექნება.
კითხვა: წმიდა წერილი გვასწავლის: „არა განიკითხო!“ მაგრამ მხილების უფლებას არ გვართმევს. სად გადის ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის?
პასუხი: ეს ზღვარი ადამიანის გულში გადის. როდესაც სხვა ადამიანის საქციელის განსჯისას თქვენ მისი დასჯა გსურთ, იდუმალად გახარებთ მის მიერ ჩადენილი ცოდვა და ფიქრობთ, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია – ეს არის განკითხვა, რაც თავისთავად ცოდვაა. ხოლო, თუ თქვენ ადამიანის ცოდვაზე საუბრისას, ის გეცოდებათ, როგორც დაავადებული, დაჭრილი, დასახიჩრებული არსება, ვისთვისაც არ დაიშურებთ დახმარებას, მაშინ ეს განკითხვაში არ ჩაითვლება.
კითხვა: როგორ ითმენს ღმერთი ამდენი ცოდვილი ადამიანის არსებობას?
პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთა მონანიების მოლოდინზე. როგორც პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.
კითხვა: ჩაგვეთვლება თუ არა ცოდვა შენდობილად, თუ მას მოვინანიებთ ხატებთან და არა მოძღვართან აღსარებისას?
პასუხი: არ ჩაგეთვლებათ, რადგან ეკლესიაში სინანულის საიდუმლო ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებობს და რომ არ ყოფილიყო ის საჭირო, უფალი არ დააწესებდა. ცოდვა მიტევებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც აღსარების ბოლოს მოძღვარი შენდობის ლოცვას წაიკითხავს.
კითხვა: უნდა ვაპკუროთ თუ არა შეძენილ პროდუქტს ნაკურთხი წყალი?
პასუხი: აუცილებელია, შეძენილ პროდუქტზე ჯვრის გადასახვა. შეგიძლიათ, აპკუროთ ნაკურთხი წყალიც.