რა სიტყვები უთხრეს პირველად გიგა ჭიკაძის მეუღლეს ჩემპიონზე და რატომ არ დარჩნენ ისინი ამსტერდამში საცხოვრებლად
ქართველმა კიკ-ბოქსიორმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან უმაღლესი ლიგის, Glory world series-ის ფარგლებში ბრძოლა ამერიკელ მსოფლიოს ჩემპიონ ქრის მაუზერთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დამაჯერებლად, პირველსავე რაუნდში, 2 წუთსა 20 წამში, ნოკაუტით დაამარცხა. ამჟამად გიგა ამერიკის კლუბ kings mma-ის წევრია. მისი პერსონალური მწვრთნელი – რაფაელ კორდეირო 2015 წელს გამართულ world MMA-ის დაჯილოვებაზე „წლის საუკეთესო მწვრთნელად” დასახელდა. გიგა უკვე წლებია, უცხოეთში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს.
– მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ხარ. რა გზა გაიარე წარმატებამდე?
– აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარე. ბავშვობაში კარატეში დავიწყე ვარჯიში. მამას დიდი სურვილის გამო შევედი ამ სპორტში. თვითონ ძიუდოისტი იყო და საკმაოდ წარმატებულიც თავის დროზე, მაგრამ სრულიად ახალგაზრდამ, 20 წლისამ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო სპორტული კარიერის გაგრძელება. ძალიან უნდოდა, სპორტსმენი ვყოფილიყავი და ყველაფერი ჩემში ჩადო. პაატა ჭელიძე იყო ჩემი მწვრთნელი, რომელიც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში თავისი საქმის საუკეთესო ოსტატია. ის არ არის სტანდარტული ტრენერი. ძალიან განათლებული პიროვნებაა, რომელსაც ესმის ადამიანის აღნაგობა, მისი ფიზიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. თითოეულ სპორტსმენს ზუსტად ურჩევს ბრძოლის ტაქტიკას, აძლევს ისეთ რჩვეებს და დარიგებებს, რაც შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანს გამოადგეს და არა ყველას. ბატონი პაატა ბავშვობიდანვე ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. კარატედან ნელ-ნელა დავიწყე კრივში ვარჯიში, რაც მეხმარებოდა კიკ-ბოქსინგში. საქართველოდან გავემგზავრე ჰოლანდიაში – იქ გადავედი საცხოვრებლად, სადაც სისტემატიურად ვვარჯიშობდი. ამ ყველაფერმა ჩამომიყალიბა ბრძოლის საკუთარი სტილი და ასე მივედი წარმატებამდე.
– ჰოლანდიაში სპორტის გამო წახვედი?
– დიახ, სპორტიდან წავედი. იმ დროს კიკ-ბოქსინგი ყველაზე კარგად იქ იყო განვითარებული. ბევრი ცნობილი კლუბიდან მქონდა მიწვევა. 2007 წელს დავტოვე საქართველო და მეუღლესთან ერთად, გადავედი იქ საცხოვრებლად. პარალელურად, თბილისშიც დავდიოდით. ჩემი მეუღლე, თამუნა კი ჩემს მენეჯერებთან ამყარებდა ურთიერთობებს.
– ლოს-ანჯელესში რამდენი ხანია, რაც ცხოვრობთ?
– ორი წელი გახდება, რაც ლოს-ანჯელესში გადმოვედით. 2014 წელს მიმიწვიეს ფილადელფიაში, ერთ-ერთი მოკრივის სპარინგ-პარტნიორად. მერე შემოთავაზებები მქონდა კრივიდან. მწვრთნელები და მენეჯერები მოტივირებულები იყვნენ, რომ კონტრაქტი გამეფორმებინა და კრივში დამეწყო ვარჯიში. პარალელურად, სხვა კლუბებიც მთხოვდნენ მათთან ჩასვლას. მოკლედ, მოვინახულე ყველა კლუბი და გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი. დაბრუნებამდე, „ინსტაგრამზე“ ავტვირთე ჩემი ფოტო. ის ნახა ჩემმა მეგობარმა, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. დამირეკა და სამი საათი მელაპარაკა. მთხოვდა, არ წავსულიყავი და კალიფორნიაში დავრჩენილიყავი, რადგან ბევრად კარგ შემოთავაზებებს მივიღებდი. არადა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი მქონდა უკვე ნაყიდი. ბევრი ვიფიქრე მის წინადადებაზე. სანამ მე ვფიქრობდი, მას უკვე კალიფორნიის ბილეთი უყიდია ჩემთვის და წავედი მასთან. 10 დღე დავყავი იქ. ყველა ცნობილი კლუბი მოვინახულეთ და დაგვრჩა ერთი, რომლის სახელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „მეფეების საბრძოლო ხელოვნება“. იქ ვარჯიშობდა ყველა ცნობილი და პოპულარული სპორტსმენი. ამ კლუბიდან შემეხმიანენ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე. მეც მივედი და დავრჩი სპარინგებზე. ისე მოხდა, რომ ყველა სპარინგი ნოკაუტით მოვიგე. ამის მერე, დიდი თხოვნით მიმიწვიეს. ორი თვით დავრჩი ლოს-ანჯელესში. დავაკვირდი სიტუაციას, მიღირდა თუ არა აქ საცხოვრებლად გადმოსვლა, რადგან მარტო მე არ უნდა გადმოვსულიყავი. უნდა გადმომეყვანა ჩემი ოჯახიც. საბოლოოდ, გავაფორმე ამ კლუბთან კონტრაქტი და 2015 წლის დასაწყისდან ოჯახით გადმოვედი საცხოვრებლად.
– მსოფლიოში აღიარებული, 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი გავარჯიშებს. როგორ მოხვდი მასთან?
– რაფაელ კორდეირომ მნახა სპარინგებზე. მოვიდა ჩემთან და მითხრა: გიგა, ჩათვალე, ეს ადგილი შენი ოჯახი და შენი სახლია. ჩვენ დაგეხმარებით, რომ აქ გადმოხვიდე საცხოვრებლადო. დღეს ეს ადამიანი ჩემი უახლოესი მეგობარია. სამომავლოდ, ერთად ვგეგმავთ ძალიან დიდ რაღაცეებს.
– აქტიურ სპორტში რამდენ ხანს აპირებ დარჩენას?
– ვფიქრობ, ჯერ დიდხანს დავრჩები. ახლა 27 წლის ვარ. ჩვენს სპორტში არ არის ასაკი შეზღუდული. მაგალითად, ფეხბურთელები, თუ 30 წლის ასაკში ამთავრებენ კარიერას, ჩვენთან 40 წლის ზემოთაც მართავენ ბრძოლებს. შემდეგ, თუ წარმატებული ხარ, კომერციული კუთხით აგრძელებ მოღვაწეობას. ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩემს შემთხვევაში, ვნახოთ, როგორ იქნება. ამ ეტაპამდე სერიოზული ტრავმა არ მქონია. თუმცა, ცხოვრებაში არ მქონია არცერთი ორთაბრძოლა, რაღაც ტრავმით რომ არ გავსულიყავი (იცინის). ექიმები იზღვევენ თავს და როცა მივდივართ, გვეუბნებიან: დაანებეთ ამ სახიფათო სპორტს თავიო. იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამით ვცხოვრობთ. გარდა იმისა, რომ გვიყვარს, ჩვენი შემოსავლის წყაროცაა.
– ასეთი სახიფათო თუა ეს სპორტი, დედას და მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვთ?
– თავიდან, დედაჩემს დიდად არ უხაროდა, მაგრამ შემდეგ, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. იცოდა, რომ ძალიან მომწონდა ეს სპორტი. მთელი დღეები ვუყურებდი რამდენიმე სპორტსმენის ვიდეოებს, რომლებიც ჩემთვის მისაბაძები იყვნენ. შემდეგ ეს სპორტსმენები ჩემი გუნდის წევრები გახდნენ. დედაჩემი ცდილობდა, კარგად მესწავლა. სხვათა შორის, არც ისე ცუდად ვსწავლობდი. ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი (იცინის). რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, თამუნას, მან თავიდანვე ასეთი გამიცნო. ალბათ, პირველი სიტყვები, რაც ჩემზე უთხრეს, იყო: აი, იმ ბიჭეს მოსწონხარ, რომ ჩხუბობსო (იცინის). მან კარგად იცის ჩემი სპორტული ცხოვრება და ზუსტად ხვდება, რა დროს, რა მჭირდება. კიკ-ბოქსინგი გარდა იმისა, რომ ტრავმული სპორტია, ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია. ხანდახან დღეში 4-5-6-ჯერ გვაქვს ვარჯიში. შუალედებში ცოტა დრო გვრჩება ძილისთვის და კვებისთვის. ამ დროს, მე და ჩემი ოჯახი ერთი გუნდი ვართ. მათგან დიდი ხელშეწყობა მაქვს.
– რამდენი ხანია, რაც ოჯახი შექმენი?
– უკვე ცხრა წელია. ისე, სკოლიდან ერთად ვართ, დაახლოებით 13 წელია. იმდენი დრო გავიდა, ზუსტად აღარც მახსოვს. ორი შვილი გვყავს – უფროსი გოგონა, ნიტა, რომელიც სექტემბერში შვიდი წლის გახდება და მეორე, მაქსიმე წელს შეგვეძინა.
– ამსტერდამიდან ამერიკულ საგიჟეთს, როგორ შეეგუეთ?
– სასაცილო ის არის, რომ თავიდან ამსტერდამში რომ ჩავედით, ვერ გავძელით, რომ იქ გვეცხოვრა. მაშინ 19 წლის ვიყავი. ორი შემოთავაზება მქონდა – ამსტერდამიდან და ბრედადან. ყველას ეგონა, ამსტერდამში დავრჩებოდი, მაგრამ არა. იქ ვცხოვრობდით ცენტრში და ისეთი ხმაური იყო, ცხოვრების ისეთი სწრაფი ტემპი, რომ სამ დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდით. თან, ამსტერდამში სულ გართობაა. კარგი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, რადგან 19 წლის ბიჭი თავისუფლად შეიძლება, გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც სხვები იყვნენ – მუდამ გართობაზე რომ ფიქრობდნენ. ამიტომ, წავედი ბრედაში. 2 წელი დავყავი იქ და შემდეგ, ისევ ამსტერდამში დავბრუნდი. ოღონდ გარეუბანში დავსახლდით, მშვიდი, წყნარი ადგილი ვიპოვეთ. დღემდე მენატრება ის ადგილი და სახლს რომ ვახსენებ, იქაურობა მახსენდება ხოლმე. რაც შეეხება ლოს-ანჯელესს, აქაც ცენტრისგან მოშორებით ვართ, მაგრამ ჩემს სავარჯიშო დარბაზთან და თამუნას სამსახურთან ახლოს, ასევე, სანაპიროსთანაც.
– საქართველოში თუ ახერხებთ ჩამოსვლას? საცხოვრებლად აღარ აპირებთ დაბრუნებას?
– ამსტერდამში რომ ვცხოვრობდი, თვეში ან ორ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი, მაგრამ, რაც აქ ჩამოვედი, არ ვყოფილვარ და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ. ერთი კვირით ჩამოსვლას აზრი არ აქვს, ფრენებისა და დროის ცვლილებების გამო, ერთი კვირა გამოსაღვიძებლად მჭირდება, იგივეა აქეთ დაბრუნებისას. ერთი თვე უნდა გადავდო იმისთვის, რომ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები კარგად მოვისიყვარულო. ეს ერთი თვე ვერ გამოვნახე. რა თქმა უნდა, ვაპირებთ დაბრუნებას. ჯერ ჩემს სპორტულ კარიერას უნდა მივხედო. რისთვისაც ვარ წამოსული, ის საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. გარდა სპორტისა, 2014 წელს შევქმენი სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებელი ფონდი „დაამარცხე სიმსივნე“, რომელიც მინდა, მსოფლიო მასშტაბის გავხადო. ასე რომ, ჯერ აქ ყოფნის მიზეზი და მიზანი მაქვს, შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით.