რა თანხა მიიღო ბიუჯეტიდან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ომბუდსმენობის ოთხი წლის განმავლობაში
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 1974 წელსაა დაბადებული. განათლება რამდენიმე ადგილას მიიღო: 1991-1996 წლებში პოლიტოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა; 1994-1999-წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2000 წელს – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში (სტრასბურგში); 2002-2005 წლებში – პოლიტოლოგიის ინსტიტუტში (ასპირანტურაში) და იმავე 2002-ში ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის პროგრამაც გაიარა. მისი პროფესიული ბიოგრაფია 1996 წელს იწყება ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში, სადაც 2007-მდე იმუშავა, როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია – სხვადასხვა პოზიციაზე. ამის პარალელურად, 1998-1999 წლებში იყო ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ადამიანის უფლებათა ოფიცერი, ხოლო 2000-2001 წლებში – Amnesty International-ის თბილისის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი. 2000-2002 წლებში თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ლექტორად მუშაობდა, 2003-2004 წლებში კი საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. 2007-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი გახლდათ. ამასთანავე, 2010- 2012 წლებში ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარეც, 2012 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს სახალხო დამცველია.
შესაბამისად, ბ-ნი ნანუაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც ომბუდსმენმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – ირმა მამასახლისი; ორი შვილი – დაჩი და ანი და დედ-მამა – ბ-ნი გოდერძი და ქ-ნი ლაურა. იმხანად ბ-ნ ნანუაშვილს ეკუთვნოდა ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში (32 კვ. მ.), ირმა მამასახლისს კი: ორი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში (16 კვ. მ. და 33 კვ. მ.) და ერთიც მშენებარე მრავალბინიან კორპუსში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (120 კვ.მ.).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში უჩა ნანუაშვილმა ერთ თვეში, როგორც სახალხო დამცველმა, 4 573 ლარი აიღო; როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა – 41 949 ლარი; როგორც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის კოორდინატორმა – 15 007 ლარი; როგორც კავშირ „განიარაღება და არა ძალადობის“ ექსპერტმა – 1 388 ლარი; ასევე, ჰონორარის სახით – 2 520 ლარი; ხოლო, მისმა მეუღლემ, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა – 17 453 ლარი. 2012 წელს უჩა ნანუაშვილმა რემონტში 9 500 ლარი დახარჯა.
ბოლო დეკლარაცია სახალხო დამცველმა 2016 წელს შეავსო. მატებაა ოჯახის უძრავ ქონებაში: უჩა ნანუაშვილს აქვს მიწის ნაკვეთი (300 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი ახალდაბაში (130 კვ. მ.), ირმა მამასახლისს კი, ასევე, მიწის ნაკვეთი ახალდაბაში (460 კვ.მ.). ირმა მამასახლისი ანაბარზე 1 400 აშშ დოლარსაც ინახავს.
2015 წლის განმავლობაში უჩა ნანუაშვილმა, როგორც სახალხო დამცველმა, 101 300 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა – 11 589 ლარი, ხოლო, როგორც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ვებ-რედაქტორმა – 3 781 ლარი.
რაც შეეხება სხვა წლებს: 2013 წლის განმავლობაში უჩა ნანუაშვილმა, როგორც სახალხო დაცველმა, 81 181 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ კი, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა – 16 964 ლარი. 14 000 ლარი კი სახალხო დამცველმა ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შეძენაში დახარჯა.
2014 წლის განმავლობაში უჩა ნანუაშვილის, როგორც სახალხო დამცველის წლიურმა შემოსავალმა 89 670 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის კი, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის შემოსავალმა – 5 462 ლარი.