იდეებმომზიანებულები
შენ რომ ჩემთვის ფოტო არ მოგიტანია?!
რაკი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, ცხადია, რომ ყველას უნდა ამ სტატუსის მიღება. ჰოდა, რაკი უნდა (ან კი რატომ არ ენდომება, როდესაც შეღავათებია დაწესებული?!), შესაბამისი პროცედურაც უნდა გაიაროს.
თითქოს ამ მოთხოვნაში უცნაური არაფერია (ან კი რატომ უნდა იყოს, როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ?!), მაგრამ მხოლოდ თითქოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა დოკუმენტებთან ერთად ამ ჩვენს მაღალმთიანეთში განთავსებულ გამგეობებს მაღალ მთაში ცხოვრების დასტურად შინაურ პირუტყვთან ერთად ყანა-სათიბებში გადაღებული ფოტოებიც მოუთხოვიათ.
როგორც თავად განმარტავენ, მოსახლეობის თხოვნით დაუზუსტებიათ ეს დეტალი, თუმცა დასძენენ, რომ, თუკი სხვა საბუთები წესრიგშია (ორი მოწმის დასტური, კომუნალური გადასახდელების ქვითრები მაინც), ფოტოები, მაინცდამაინც, აუცილებელი არ არის.
მე არ ვიცი, ვის თავში მომზიანდა ეს გენიალური იდეა, თუმცა აი, ის მაინტერესებს, ვინ მოახდენს პირუტყვის იდენტიფიცირებას?!
იქნებ და – სხვის ძროხასთან გადავიღე სელფი?! –