დაკაპიტალებული
ანუ დავაქორწინეთ, მაშ?!
რაკი საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები უკვე შეაგროვა რეფერენდუმის ჩასატარებლად, რომ სახალხოდ და საჯაროდ გამოვაცხადოთ, თუ რომელ სქესთა კავშირი მიგვაჩნია ქორწინებად და ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, საზოგადოების ნაწილმა, თავს რომ ნაღებად მიიჩნევს (საზოგადოების ნაღებად ანუ), პეტიცია შეადგინა და პრეზიდენტთან აფრინა, რომ არამც და არამც არ დაუშვას ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა, პათოსით: თავი მოგვეჭრება მთელ თუ არა, ნახევარ დუნიაზეო!
პეტიციაში ვკითხულობთ: „მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება (ეს სიტყვა რას ნიშნავსო, არ მკითხოთ, არც მე ვიცი, თუმცა გუმანით, ანუ კონტექსტიდან კი ვხვდები, რის თქმა სურდათ და მერე რა, რომ ჩიქორთულად ამ ჩვენს ნაღებსა) არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა“.
ეს კიდევ არაფერი, რომ არა შემდეგი (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია, როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი“ და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი“… მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას“, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიო.
მე არ შევუდგები მიმართვის ტექსტის გაანალიზებას, თუმცა თვალის ერთი შევლებითაც ნათელია, რომ, ამ პეტიციით, დასავლეთი, თურმე, ჰომოკავშირებთან ასოცირდება, ხოლო ოკუპანტი ჩრდილოეთი – ჰეტეროსთან. მეორე მხრივ, აქტიურობენ „რესპუბლიკელებიც“, სახელდობრ, ქ-ნი კორძაია იმედოვნებს, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტი ევროპული ღირებულებებით იმოქმედებს, ანუ არ დანიშნავს რეფერენდუმს და 200 000 მოქალაქეს თავის ხელმოწერას თავზე გადაახევს.
და თუმცა პირადად მეც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება, არც ის ვიცი, რა კავშირი აქვს ამ განცხადებას დემოკრატიულ ღირებულებებთან, მაგრამ ნაღების ლოგიკა აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ჰეტეროებს დაბადებით რუსეთუმეობაში დასდონ ბრალი. ჰოდა, ახლა თავად გადაწყვიტეთ, ვინ ვის წისქვილზე და რატომ ასხამს წყალს?!–