ვინ უზრუნველყოფს ქართველი დეპუტატების გაგრილებას და კონდიცირების სისტემის მონტაჟს პარლამენტში
სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ინსტიტუტი და ასე შემდეგ... ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანო და ქართველი დეპუტატებისთვის პარლამენტის შიდა კლიმატზე ზრუნვა შედის კომპანია „თურსის“ ფუნქციებში. კიდევ უფრო სასიამოვნო კი ჩვენთვის ის ფაქტია, რომ გაზგაყვანილობის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემის სამონტაჟო კომპანიის სათავეში ქალია. მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქალბატონ მარიკა მამფორიას სამუშაო გარემოში, ოფისში ვესტუმრეთ. ქალბატონი მარიკა სამი შვილის დედა და წარმატებული მენეჯერია. მან დაამტკიცა, რომ ქალი და შეუსაბამო ბიზნესი არ არსებობს – საქმიან წარმატებას თავისუფლად შეგიძლია შეუთავსო მეოჯახე ქალის იმიჯიც.
– ქალბატონო მარიკა, რატომ აკეთებენ თქვენზე არჩევანს სახელმწიფო სტრუქტურები და სერიოზული საჯარო დაწესებულებები და განდობენ გათბობა-კონდიცირების სისტემების მონტაჟს?
– ვფიქრობ, რომ რეალურად, ჩვენი საწარმოო კვალიფიკაციაა ნდობის მთავარი განმსაზღვრელი. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ტენდერებში, სადაც, შესაბამისად, მთელი რიგი მოთხოვნებია წარმოდგენილი. ითხოვენ გამოცდილებას, სერტიფიკატებს პროდუქციაზე. მხოლოდ ყველა პარამეტრის დაკმაყოფილების შემდეგ იღებ სამუშაოს და ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი კომპანიის მთავარი მონაპოვარიც – დამონტაჟების პროცესის სრულად, მაღალხარისხიანი წარმოება და მისი კონტროლი.
– რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა იყოს დაცული გათბობისა და კონდიცირების შიდა და გარე ქსელების პროექტირებისას?
– ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ჯერ სწავლობს მონტაჟის ადგილს, დასამონტაჟებელი მასალის ხარისხიანობას, შემდეგ თავად მონტაჟის სქემას განსაზღვრავს, სწავლობს რისკებს და ადგილობრივ ნიუანსებს. შესაძლოა, ნახაზში სრულიად სხვა სიტუაცია იყოს და ადგილზე მისულს სულ სხვა სურათი და მოთხოვნები დაგხვდეს. ამიტომაც, ჩვენი კომპანია დეტალური შესწავლის საფუძველზე ახდენს მონტაჟს.
– თქვენი მოსაზრებით, საქართველოში რამდენად ხარისხიანია იმავე სახელმწიფო სტრუქტურებში გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემები?
– ბუნებრივია, სახელმწიფო სტრუქტურებში მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს აღნიშნულ საკითხს. თუმცა, ხშირად, იმავე ჩვენს მაგალითზე მოგახსენებთ, რომ ვაწყდებით სირთულეებს პროექტირებისას, რომლის შედგენისას, სამწუხაროდ, გათვალისწინებული არაა მთელი რიგი პარამეტრები და ადგილზე მისვლისას სხვა სურათი გვხვდება. ამიტომაც, ამ საკითხების მოგვარება და პროექტირება კომპლექსურად უნდა ხდებოდეს.
– რას ეფუძნება თქვენი კომპანიის სამუშაო პრინციპები?
– კომპანიაში მხოლოდ ამ დარგის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები არიან დასაქმებულნი. ძირითადი გუნდი შედგება 15 ადამიანისგან, თუმცა დიდი პროექტების შემთხვევაში, მათი რიცხვი იზრდება. ეს ადამიანები უკვე რამდენიმე წელიწადია, ამ საქმეს ემსახურებიან და დღეს აღიარებული სპეციალისტები არიან. ჩვენც, ყველანაირად ვცდილობთ, რომ სამუშაო იარაღები მათთვის იყოს უფრო მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს უკეთეს შედეგს.
– ქალბატონო მარიკა, ქალი და გათბობისა და კანალიზაციების სისტემის მონტაჟი, შეუთავსებელ ბიზნესად აღიქმება. მართალია, ბიზნესს ასეთი დეფინიციები არ ახასიათებს, მაგრამ მაინც გვინდა, გკითხოთ, რამე გაკავშირებდათ ამ სფეროსთან?
– არაფერი განსაკუთრებული. პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ, თუმცა არასოდეს მიმუშავია ჩემი პროფესიით. მეუღლის წამოწყება იყო და თავიდან, როცა უმუშევარი ვიყავი, ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი. თავდაპირველად, მცირედ ბიუროკრატიულ მიმართულებაში, თუმცა შემდეგ უკვე დამფუძნებლის ფუნქციაც შევითავსე და ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის...
– სამი შვილის დედა ხართ… დიასახლისობაში ხელს არ გიშლით კომპანიის გაძღოლა? როგორ ახერხებთ შეთავსებას?
– გამოგიტყდებით და ცოტა მიჭირს. დიდი ოჯახი გვაქვს, ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება და დედის ფუნქცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვცდილობ, დრო და ენერგია თანაბრად გავანაწილო, კომპანიაც ხომ ჩემი შვილია... მაგრამ, მიმაჩნია, რომ ქალები, ზოგადად, ძალიან ყურადღებიანები და კომუნიკაბელურები არიან, დიპლომატიურობითა და მოწესრიგებულობით გამოირჩევიან. ამიტომ, ქალები ინტენსიურად უნდა იყვნენ ბიზნესში!
– ქალბატონო მარიკა, ალბათ, სწორედ თქვენი ასეთი დამოკიდებულებაც განსაზღვრავს იმას, რომ სერიოზულ სახელმწიფო დაკვეთებს განდობენ და თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოებიც მაღალხარისხიანია...
– სახელმწიფო მუზეუმში ვენტილაციის სისტემა, სახელმწიფო არქივს – გათბობა, ანაკლიის მოსწავლეთა ბანაკის ცხელი წყლით უზრუნველყოფა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, სატენდერო პირობებიც ჩვენ დავაკმაყოფილეთ და ახლახან ჩავერთეთ პარლამენტში გაგრილების სისტემის მონტაჟის სამუშაოებშიც. სპეციალური დანადგარი ჩამოგვივიდა ჩინეთიდან და ძალიან მალე ჩვენ განვახორციელებთ ამ პროექტსაც. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია და ვფიქრობ, რომ ჩვენი სამუშაო კრიტერიუმი არ შეიცვლება – ხარისხიანად შესრულებული საქმე იქნება მთავარი გარანტი ყველა დამკვეთისთვის!