რა რეკორდი დაამყარა „ცესკოს” თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ აფრიკაში და ვის „აუკრძალა” მან ქორწილები შემოდგომაზე
თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რანგში რიგით მეშვიდე არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. ვადის ამოწურვამდე, მომავალ ორ წელიწადში დაგეგმილ თუ დაუგეგმავ არჩევნებსაც თუ დავამატებთ, „რეკორდსმენი” თავმჯდომარეც კი შეიძლება, გახდეს. თუმცა, იმისთვის ნამდვილად მზადაა, უახლოეს თვეებში მძიმე და რთული დღეები რომ მრავლად ელის. როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა, რას ვერ ელევა წარსულიდან და რა კუნძულები „დარჩა” მას მხოლოდ რუკაზე, ამას თავად თამარ ჟვანიასგან შეიტყობთ, რომელიც ძალიან გულწრფელი და კომფორტული რესპონდენტია.
თამარ ჟვანია: რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვარ, მეშვიდე არჩევნების ჩატარება მიწევს. თითოეული საარჩევნო პროცესი, რაც ამ წლებში გავიარეთ, იყო განვითარების ახალი ეტაპი, სხვა საფეხურზე გადასვლა, ასეა ეს 25 წელი – მას შემდეგ, რაც დავიწყეთ არჩევნების ჩატარების სწავლა. სტარტი იყო საბაზისო პირობები, მინიმალური სტანდარტით, მაგრამ თითოეულ არჩევნებზე სტანდარტი უკეთესობისკენ იცვლება. ყველა არჩვენებს თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა ახლდა, გამორჩეული იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციის სათავეში ახალი მოსული ვიყავი. იმ პროცესების გამო, რაც მაშინ იყო, ჩემთვის ეს გახლდათ დიდი გამოწვევა. ამის შემდეგ იყო 2014 წლის თვითმმართველობის ურთულესი არჩევნები, როცა 2 080 ადამიანი უნდა აგვერჩია. ადმინისტრირების თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნები უფრო რთულია, რადგან ამ დროს ამდენ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარების დიდი რაოდენობის გამო, ბევრი ადგილობრივი ინტერესის გადაკვეთა ხდება. მას შემდეგ იყო ბევრი არჩევნები, მაგრამ ეს ორი, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინც განსაკუთრებული გახლდათ.
– ჩვენთან არჩევის იმდენი მსურველია, როგორც კოლექტიურად, ასევე პერსონალურად, რთული დღეები ამ არჩევნებზეც წინ გაქვთ.
– როდესაც უცხოელი პარტნიორები მეკითხებიან, რამდენი პოლიტიკური პარტიაა ჩვენთან და იგებენ, რომ 200-ზე მეტი რეგისტრირებული პარტიაა, გაოცებას ვერ მალავენ. როდესაც ვამბობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 23 კანდიდატი გვყავდა, ესეც ძალიან უკვირთ. ეს არის ჩვენი ბუნებაც და ისიც, რომ პოლიტიკური რყევებისა და განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეს ახასიათებთ. ამას დრო სჭირდება – ის, რაც ხდებოდა ჩვენთან ათი წლის წინ, არ ხდება ახლა და დარწმუნებული ვარ, რაც ხდება ახლა, ისიც დარჩება წარსულში.
– წინამორბედების მსგავსად, თქვენ გადაურჩით პოლიტიკურ კონიუქტურაში მოყოლას, ბრალდებებს ამ მხრივ. თუმცა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვერ გადაურჩით კორცხელს.
– კორცხელის ინციდენტი ჩემთვის ძალიან რთული თემაა. მე მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია არჩევნებზე იყოს ძალადობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის ჩვენს კომპეტენციაში, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას აქვს მშვიდი გარემო და არის დაცული იმისთვის, რომ მივიდეს არჩევნებზე და ხმა, ვისაც უნდა, იმ კანდიდატს მისცეს. კონფლიქტი განსხვავებული პოზიციებისა და მოსაზრებების დროს ყოველთვის იქნება, მაგრამ კონფლიქტი უნდა გვარდებოდეს კანონისმიერი გზით, მოლაპარაკებით და არა ძალადობით. მგონია, რომ ამ ეტაპსაც გადავლახავთ და წინ მშვიდი არჩევნები გველის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს იმის უნარი და ეთიკა, დიალოგით გადაჭრან პრობლემები და ძალადობრივი გზით არ გაარჩიონ ურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს დაკავშირებას პოლიტიკურ კონიუქტურასთან, ეს ალბათ, უპირველესად, გამომდინარეობს იქიდან, რომ არ მაქვს პოლიტიკური წარსული და არ არსებობს ჩემი პოლიტიკური გეგმები, როდესაც აქ აღარ ვიმუშავებ; მეორე – ჩემთან არ არსებობს პრეტენზიები საქმეზე, დამკვირვებლების, ნეიტრალური ადამიანების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, იმდენად არის ინფორმირებული, რომ აღარასდროს დაიჯერებს ლეგენდებს მითიური კალმების, მარკირების იდუმალების შესახებ (იცინის).
– არასდროს თქვა, არასდროს... ასე რომ, თქვენც ნუ გამორიცხავთ პოლიტიკურ მომავალს.
– მე არასდროს ვყოფილვარ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში და არც ვგეგმავ ამ მიმართულებით ცხოვრების გაგრძელებას. მე მოვდივარ სამოქალაქო საზოგადოებიდან, საერთაშორისო გამოცდილებით და ამ პრინციპით ვმუშაობ ახლაც. ერთხელ მაინც, საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე ხელმძღვანელმა უნდა დაარღვიოს ტრადიცია, და თუნდაც სიმბოლურად აჩვენოს, რომ აქედან პოლიტიკაში არ წავა. ჩემი გეგმები უფრო საგანმანათლებლო მხარეს უკავშირდება. ეს შეიძლება, იყოს საერთაშორისო ასპარეზი, გამოცდილება ორივე მიმართულებით მაქვს. საარჩევნო სამართალს ვასწავლიდი რამდენიმე ჯგუფს, თუმცა ახლა ამისთვის დრო აღარ მაქვს.
– რაც შეეხება ბრალდებებს, დროდადრო ხმები თქვენი მითიური ხელფასისა და ეგზოტიკურ კუნძულებზე ვოიაჟების შესახებ, მაინც გვესმის.
– მე ზემოთაც გითხარით, როდესაც საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს პრეტენზიები, ზოგ-ზოგიერთები ამ მხრივ აქტიურდებიან. ასეთ დროს, ძირითადად, პიროვნულ თემებზე გადადიან ხოლმე, რაც, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაწუხებს. დამაბრალეს რამდენიმე კუნძული, რომელთა არსებობაც მხოლოდ რუკაზე ვიცი. ასეთი თემები პოლიტიკოსების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, თვითონაც კარგად იციან, რომ ხუთი დღით იამაიკაზე დასასვენებლად არავინ მიდის, როდესაც ამ ხუთი დღიდან ნახევარზე მეტი გზაში გჭირდება. მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიწევს უცხოეთში ვიზიტი, სადაც მიწვევენ როგორც სპიკერს, ჩვენი გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. თუმცა, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ აფრიკის კონტინენტზე, სადაც არასამთავრობო სექტორში მუშაობისას მომიწია ყოფნა. ხუთი თვე ვიყავი ნიგერიაში და ამ ხუთი თვის განმავლობაში ექვსი არჩევნები ჩავატარეთ. ამიტომაც არ მიკვირს ის ამბები, რაც ჩვენს არჩევნებს ახლავს ხოლმე (იცინის). ნიგერია საინტერესო ქვეყანაა. ახალი ჩასული ვიყავი, როცა ადგილობრივებმა სადილზე დამპატიჟეს. წარმოშობით მეგრელ ქალს ნიგერიაში სუფრაზე დამხვდა ღომი, რამაც ძალიან გამაოცა. ასევე, მომიტანეს ხარჩო, რომელიც ნიგვზით, ოღონდ, სხვა სახის ნიგვზით მზადდება. ნიგერიაში ცხოვრება იოლი არ იყო. ეს საკმაოდ მძიმე ქვეყანაა საცხოვრებლად. მე ხშირად მიწევდა სხვადასხვა რეგიონში სიარული. ტერორიზმის საფრთხის გამო ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვიყავით გაფრთხილებული, სად შეგვეძლო მისვლა, სად – არა. მარტოს თითქმის არსად გვიშვებდნენ, ყველგან სამსახურის მანქანით უნდა გადავაადგილებულიყავით. ჩემი ჯგუფი საუკეთესოდ აღიარეს და გადაგვისროლეს სხვა ქალაქში, სადაც არჩევნების ჩატარება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ვმუშაობდი ბანგლადეშშიც. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც საარჩევნო დემოკრატიის განვითარებისთვის ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
რაც შეეხება ჩემი ხელფასის საკითხს, ესეც გაზვიადებულია, ისეთ საოცარ თანხებს ასახელებენ, მე თვითონვე მიკვირს. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, არა მხოლოდ მის ხელმძღვანელს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფინანსური გარანტიები. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი ადმინისტრატორი. კანონით მეკუთვნის, რომ საარჩევნო პერიოდში მქონდეს სხვა თანამდებობრივი სარგო იმ ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკის გამო, რაც გვაქვს მე და ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. გუშინ მე და ჩემმა თანამშრომლებმა ღამის თორმეტ საათზე დავტოვეთ სამსახური, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი. სხვათა შორის, გასათენებელი საშუალებები, იმის გამო, რომ ღამეებს აქ გავატარებთ, უკვე მომარაგებული გვაქვს (იცინის).
– სამაგიეროდ, არჩევნებიდან არჩევნებამდე გაქვთ იდილია.
– ეს ასე არაა. ჩვენ ყოველდღე, გვიანობამდე ვმუშაობთ მაშინაც კი, როდესაც არჩევნები არაა დანიშნული. არის მოსამზადებელი სამუშაოები, ახალი პროექტები – საგანმანათლებლო, გენდერული, პროექტები ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. ახალი წელი, აღდგომა გვაქვს გატარებული სამსახურში არჩევნების სამზადისის გამო. ვხუმრობთ, რომ საარჩევნო პერიოდი მოახლოვდა და ცოლის მოყვანა, გათხოვება, ქორწილი, არავინ გაბედოს, პირადი ცხოვრება გადავდეთ საახალწლოდ. ეს ყველაფერი კარგია, ოღონდ არჩევნების მერე (იცინის). არ იფიქროთ, რომ საქართველოს დემოგრაფიაზე არ ვზრუნავ, პირიქით! ძალიან მიყვარს ჩემს თანამშრომლებთან ურთიერთობები. სულ ვფიქრობ, რომ ამ პოზიციას ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია – არაფერია ადამიანური ურთიერთობების ფასი, ყველაფერი შენდება ადამიანურ ურთიერთობებზე. არ არსებობს წარმატება თუ ამისი დეფიციტი და პრობლემაა.
– სახლში გექნებათ დიდი საჩივრის წიგნი. თუმცა, თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან მარჯვე ხართ საოჯახო საქმეში. თქვენს ცხოვრებაში ესეც ხდება?
– ხანდახან ისე გადის დღეები, რომ ვერ ვნახულობ დედას, რომელიც ასაკშია; შვილებს, რომლებიც სტუდენტები არიან. საარჩევნო პერიოდი მარტო ჩემთვის არა, მთელი ჩემი ოჯახისთვის დგება. არჩევნების დროს სულ „დაკარგული” ვარ სახლიდან. ამის მიუხედავად, ოჯახური ურთიერთობები ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას. ორი წლის წინ სიდედრის როლიც მომარგო ჩემმა ქალიშვილმა. მე და ჩემი სიძე ისე ვუგებთ ერთმანეთს, ისე ვგავართ ხასიათით ერთმანეთს, ოჯახში ძალიან კარგი სიძე-სიდედრიანი გვაქვს (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ძალიან დატვირთული ვარ, შემიძლია, ღამის თორმეტ საათზე სახლში მისულმა, დავიწყო მურაბის ან ტყემლის გაკეთება. დაიჯერებთ, რომ მე ამ სეზონზე სამი სხვადსახვა სახის მურაბა მოვხარშე?! კულინარია ის თემაა, სადაც დაღლილმა შემიძლია „დავისვენო” და საქმეზე არ ვიფიქრო. ტყემლის გაკეთების დროსაც ხომ არ დავითვლი?! (იცინის) როდესაც ღამის ორ საათზე საქმის კეთებას ვიწყებ, ოჯახის წევრებსაც უკვირთ და ჩემს მეგობრებსაც, რომლებმაც იციან ჩემი ამბავი. მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც კულინარობა დავიწყე, სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს. დედისა და დედამთილის გარდა, სამი შვილი ისე გავზარდე, დამხმარე არავინ მყოლია, ყველაფერს მე ვაკეთებდი. ახლაც, სულ მაქვს სურვილი, შვილებმა ჩემი მომზადებული სადილი მიირთვან. მათ ჩემგან იმდენი რამ აკლიათ ჩემი მოუცლელობის გამო, ვცდილობ, ამით მაინც გამოვხატო ჩემი „როლი” (იცინის). ქალისთვის, რაც უნდა წარმატებული კარიერა ჰქონდეს, დედის, მეუღლის როლი მაინც სულ სხვაა. ოჯახმა ის უნდა იგრძნოს როგორც დედა და მეუღლე და არა – როგორც მხოლოდ საქმიანი ქალი. ამიტომაცაა, რომ სახლში ყველაფრისთვის ვპოულობ დროს – სახლსაც ვალაგებ, როდესაც გვჭირდება ელიავას ბაზრობაზეც დავდივარ და სუპერმარკეტშიც ვყიდულობ პროდუქტს. საბედნიეროდ, სადღეღამისო მაღაზიები უკვე გვაქვს. მე ხომ კულინარიისთვის ღამე ვიცლი. თქვენ უნდა ნახოთ, ღამის თორმეტ საათზე, ღომის კეთებას რომ ვიწყებ. როგორც ჩანს, ღომი და ბაჟე მაინც გენეტიკის დამსახურებაა (იცინის).
– გენეტიკის წყალობით, კიდევ ერთი გატაცება გაქვთ – მუსიკა.
– გენეტიკურად სიმღერის ნიჭმა ჩემშიც იმძლავრა. ორი წლის ასაკიდან ვუკრავ და ვმღერი. ბებიაჩემი მღეროდა ფალიაშვილის გუნდში, მეორე ბებია მანდოლინაზე უკრავდა. მამაჩემი, სოსო ჟვანია, 17-18 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში”. დედაჩემი, მარინა კახიანი, იმ პერიოდისთვის საკმაოდ ცნობილი მომღერალი და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი იყო. თუმცა, დედასაც და მამასაც რთული პროფესიული გზის გავლა მოუწიათ და მათ ამ გზისთვის, მე ვერ გამიმეტეს. მეც რეალური არჩევანი გავაკეთე. კარგად მახსოვს, ყოველი შეკრება, ჩვენს ოჯახში თუ ნათესავებთან, პრაქტიკულად, იყო ხოლმე კარგი კონცერტი – არც ერთი შეხვედრა არ მთავრდებოდა სიმღერის გარეშე. შემიძლია ვთქვა, რომ კონცერტებზე ვარ გაზრდილი. იმ მუსიკალურმა გარემომ, რომელშიც მე გავიზარდე, მომცა ბევრი უნარი, რაც ცხოვრების სირთულეების გადატანაში ძალიან დამეხმარა. ახლაც, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და პრობლემა მქონდეს, როიალთან მისვლა და დაკვრა, ან უბრალოდ, ღიღინი, ჩემთვის დიდი შვებაა (იცინის).