კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გახსენება არ უნდა თამარ გვერდწითელს თავისი ცხოვრებიდან და როდიდან იწყება მისი ოჯახის გადარჩენისა და ცხოვრების გაგრძელების ისტორია

თამარ გვერდწითელი –  დიდი ხანია, მისი სახელი და გვარი რუსეთისა და უცხოეთის სხვა ქვეყნების სცენებიდან გამოკვეთილად ჟღერს. ის ყოველთვის აღაფრთოვანებს მსმენელს არა მხოლოდ თავისი საოცარი ხმის ტემბრითა და რეპერტუარით, არამედ, თავისი გარეგნული მონაცემებითაც. მას სულ ახლახან „კარნეგი-ჰოლში” ჰქონდა ძალიან განსხვავებული და შთამბეჭდავი,  ავტობიოგრაფიული კონცერტი. გთავაზობთ თამარ გერდწითელის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამ და სხვა საინტერესო თემაზე. 
– „კარნეგი-ჰოლში” უკვე მესამედ გქონდათ კონცერტი ერთი თვის წინ და, როგორც ვიცი, ძალიან დიდი ოვაციებით ჩაიარა. გვიამბეთ, როგორ ემზადებოდით, რა ემოციები დაგეუფლათ, როგორი იყო რეპერტუარი?  
–  მომღერლები იყვნენ მოსკოვიდან, ორკესტრი, იყო ამერიკელების.  ეს კონცერტი შედგებოდა ორი განყოფილებისგან. ჩვენ ჩავედით ორი დღით ადრე  და, ბევრი რეპეტიცია გავიარეთ. საბოლოოდ, ძალიან შთამბეჭდავი,  არნახული კონცერტი გამოვიდა. იქ არ არსებობს დეკორაცია, განათება, არაფერი.  პირდაპირ გამოდიხარ, მღერი ორკესტრის თანხლებით და უნდა მოახდინო დიდი ემოციური შთაბეჭდილება. ფეხზე დამდგარი გვიკრავდნენ ტაშს ყოველ სიმღერაზე, გაჰკიოდნენ. რაც შეეხება რეპერტუარს, პირველი განყოფილება დაეთმო ომამდე დაწერილ სიმღერებს ებრაულ ენაზე. მუსიკალური ისტორიაა მოთხრობილი მეორე მსოფლიო ომში გადარჩენილი ბავშვის სახელით, ფაქტობრივად, მოვყევი დედაჩემის ბავშვობის ისტორია (მაშინ მასთან ერთად კიდევ ბევრი ბავშვი გადაურჩა სიკვდილს); მეორე განყოფილებაში ვყვებოდი, როგორ გაგრძელდა ცხოვრება, როგორ დავიბადე საქართველოში და ვმღეროდი ქართულ სიმღერებს ანსამბლ „მზიურში“. რეპერტუარში მქონდა ფრანგული სიმღერებიც, რასაც ძალიან ელოდა მსმენელი,  ჟღერდა ოდესური წარმოშობის კომპოზიტორების სიმღერებიც, ასევე ერთი-ორი რუსული სიმღერა, გაგიჟდნენ ქართულ სიმღერებზე... ერთი სიტყვით, ეს იყო ავტობიოგრაფიული ხასიათის კონცერტი.  
– ძალიან დამაინტერესა დედათქვენის ბავშვობის ისტორიამ, ვიცი, რომ ის ებრაელია. გვიამბეთ მასზე, რა გამოიარა, რასაც თქვენ სიმღერა მიუძღვენით ნიუ-იორკის ყველაზე დიდი სცენიდან და როგორი იყო მისი რეაქცია?   
– დედა  4 წლის იყო, საქართველოში რომ მოხვდა და აქედან იწყება ჩვენი ოჯახის გადარჩენისა და ცხოვრების გაგრძელების ისტორია. რეპერტუარის რაღაც ნაწილი მანამდე მე თბილისში შევასრულე და დედა შოკირებული იყო, არ ელოდა ასეთ რამეს. რასაკვირველია, ტიროდა. სულ თვალწინ დაუდგა თავისი ბავშვობის მძიმე კადრები. ეს პატრიოტული მუსიკა მათ ხომ ყოველდღე ესმოდათ? ოდესა, სადაც ცხოვრობდნენ, იყო კულტურული ქალაქი, ყოველდღე ორკესტრი ჟღერდა, ასე ვთქვათ, ოდესა მოცული იყო ამ მუსიკით, მაგრამ ერთ დღესაც, დამთავრდა ბედნიერება და დაიწყო ეს უბედურება, ომი.  მატარებლით გამოუსწრიათ, უკვე ბომბავდნენ იმ მატარებელს, რომელშიც საბჭოთა ხალხი იმყოფებოდა. ბებიაჩემს, დედაჩემის დედას, მთელი სამკაულები და ძვირფასეულობა ნიორში გადაუცვლია, რომ ეპიდემია არ გავრცელებულიყო. მისთვის ერთი თავი ნიორი ტონა ოქროს უდრიდა. ბავშვებს აჭმევდნენ და უსვამდნენ.   
–  დიდი ხანია, შოუ-ბიზნესში სიტყვა „ვარსკვლავი” მოდური გახდა. თქვენ მიიჩნევთ თავს ვარსკვლავად? 
–  ახლობლებს ეშინოდათ, რომ მე დამეწყებოდა ვარსკვლავური დაავადება. არ უნდა ახლდეს ამას ქრონიკული ვარსკვლავური დაავადება, მე ასე ვფიქრობ. მახსენდება ჩემი პედაგოგები, რომლებიც საკმაოდ მკაცრად და ამავდროულად, ძალიან გამორჩეულად და გულის ამაჩუყებლად მეპყრობოდნენ. მე ახლაც ვეკითხები მათ რჩევებს. ისინი ყოველთვის მიჩვენებენ გზას, რომ, აი, აქ კაშკაშებ, იქ ნაკლებად ჩანხარ და უნდა მიყვე სინათლეს... 
– გქონიათ მომენტები, როცა აღარ გინდათ ქვეყანაზე არაფერი, არც სიმღერა?             
– პირადი ცხოვრების გამო, რა თქმა უნდა, მქონდა ასეთი პერიოდები, მაგრამ, ისეთი აღშფოთება, აგვისტოს ომის დროს რომ მქონდა, როცა მინდოდა, რომ კედლისთვის მერტყა თავი, ალბათ,  არასდროს მქონია. მე მაშინ ამის გამო 26 დაგეგმილი კონცერტი გადავდე. რომ მკითხეს, რა მიზეზით გადადეო, ვუპასუხე: დღეს მე არავისთვის არაფერი მაქვს სათქმელი მუსიკით და სხვა დროისთვის გადავიტანოთ-მეთქი. ამბობენ, რომ არტისტს არ აქვს ბევრი დრო დეპრესიისთვის. მე ასეთ მომენტში ისევ იმ აქტიურობას გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან – ეს შენი პროფესიაა და ყოველდღე უნდა გამოხვიდე სცენაზე, ვალდებული ხარ! შენი გასავლელი გზა ბოლომდე უნდა გაიარო.
– როცა სახლში დაღლილი მიდიხართ, ოჯახში ვინმეს უყვებით, როგორ ჩაიარა დღემ თუ მაშინვე იძინებთ?  
– რომ იციან თქმა, ოჯახში არ  ვლაპარაკობ საქმეებზეო, არ დაიჯეროთ. ოჯახი ყველაფრის საქმის კურსშია და გამშვიდებს, როცა სახლში დაღლილი, გამოფიტული მიდიხარ. ზოგს კარგი ქმარი ჰყავს, ზოგს – კარგი ცოლი; მივა, თავს მიაყრდნობს, გულს დაიცლის, დამშვიდდება.
ღმერთმა დაიფაროს არტისტი ოჯახის გარეშე! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ელოდება მას ოჯახში.
– ალბათ, გინატრიათ ისეთი ქმარი, რომელსაც დღის ბოლოს სახლში დაღლილი მისული თავს ჩამოადებთ მხარზე, მოუყვებით თქვენს ამბებს და ისიც მოგისმენთ.
–   ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ალბათ, შენს ქალურ, ემოციურ ამბებსაც მოისმენს. რასაკვირველია, მას უნდა ესმოდეს, რომ მსახიობთან ერთად ყოველდღიური ცხოვრება რთულია, რომ ის სხვანაირი ვერ იქნება. ისეთი ადამიანი კი, რომელიც გაგიგებს, ან შეგხვდება და ან არა.
– ძალიან დამოუკიდებელი ქალი ხართ. არასდროს გინატრიათ, გვერდით გყოლოდათ მამაკაცი, ვინც ცოტა შეგიმსუბუქებდათ ყოფას, თუნდაც ფინანსურად?  
– იმედანდ დამოუკიდებელი ვიყავი ყოველთვის, არ დამჭირვებია მამაკაცის მხარდაჭერა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემს შვილს კარგი განათლება მიეღო ინგლისში. მე ვუთხარი სანდროს: ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ უზრუნველყოფილი იყო-მეთქი. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, მით უმეტეს, როცა ასეთი პროფესიით მოიპოვებ ფულს. კი, დავიღალე, გასაგებია, მაგრამ, რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, საიდან ვიწყებდი... ვაჟაზე ვცხოვრობდით „ხრუშჩოვკის” პატარა ბინაში. უცებ, გავიხედე და, აღმოვჩნდი ნიუ-იორკში, სცენაზე. თვითონაც არ ელოდა სანდრო, რომ მე, ქალი, ამდენს შევძლებდი. ასე რომ, მამაკაცის მხარდაჭერის იმედი არასდროს მქონია, რადგან ყოველთვის მესმოდა, რომ ამას ფასი ადევს. 
– რას ამოაგდებდით თქვენი ცხოვრებიდან, რომელ ეპიზოდს?
– არის რაღაცეები, რაზეც გული მწყდება. რაღაცეებს ამოვშლიდი, მაგრამ, იმ დროს ძალა არ გაქვს, არ შეგიძლია, იმ მომენტში ხომ არ გესმის, რომ ეს შეცდომაა, იმ მომენტში ცხოვრობ იმ მომენტით. შევცვლიდი კი  არა, რაღაცეების გახსენებაც არ მინდა.
–  ალბათ, პირადი ცხოვრებიდან, როცა პირველად გათხოვდით, იმ პერიოდიდან?
– მაშინ ვიყავი 20 წლის, სულ სხვანაირი. მე  ძალიან შევიცვალე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა ძალიან. თან, არც ის იცი, ის მიგიღებს თუ არა. აქ ერთი მომენტიც არის: ის ადამიანი უნდა ღირდეს დაბრუნებად. თითქოს გენანება, რომ მასთან ურთიერთობა გქონდა, ან, მეგობრობა თუ სიყვარული გაკავშირებდა; შენი თავი გეცოდება. რასაკვირველია, რაღაცეები დასანანია ამ ცხოვრებაში. ბევრი და გახმაურებული რომანი არც მქონია.
– როგორი მამაკაცი უნდა იდგეს თამარ გვერდწითელის გვერდით?
–  პირველ ყოვლისა, ინტელექტუალური, კარგი, საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. წესიერი კაცი უნდა იყოს და თვალებს არ უნდა აცეცებდეს აქეთ-იქით. უწესოს და ვულგარულს ვერ ავიტან, არც მომწონებია ასეთი არასდროს.
–  როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებთ 20 ან 30 წლის შემდეგ: ისევ სცენაზე იდგებით თუ შექმნით ოჯახს, სახლში იჯდებით, ჩაეხუტებით ქმარს,  მოუყვებით ერთმანეთს თქვენს ამბებს?
–  რა ვიცი, მაგ ასაკში, ალბათ, ერთმანეთს წამლებს მივაწვდით; მთხოვს, რომ ჩავიცვა ის კაბა, რომელიც მეცვა ლეგრანის კონცერტზე და დავლევთ შამპანურს. საერთოდ არტისტს, ძალიან ცუდად წარმოუდგენია თავისი სიბერე, მაგრამ, ვინაიდან ძალიან კარგი შვილი მყავს, სიბერეც კარგი მექნება. ვისაც ცუდი შვილი ჰყავს, ისინი ვერ არიან კარგად.

скачать dle 11.3