კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიყიდა ტყვეთა ბაზრებზე იმაზე მეტი ქართველი, ვიდრე დაიღუპა ომებში

სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ თვალწინ საერო თურქეთი იძინებს და ოსმალეთის იმპერია იღვიძებს. და თუმცა გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვებს: როგორი დამპყრობელი იყო ოსმალეთი, რა პრინციპებით მართავდა ქართულ სამეფო-სამთავროებს და რა კვალი დაამჩნია მან ჩვენს არცთუ მზიან ისტორიას? –  ამ თემაზე ისტორიკოსი ვახტანგ გურული გვესაუბრება.
– როდის გამოჩნდა ოსმალეთის იმპერია ჩვენს ცხოვრებაში და, საერთოდაც, რა ინტერესმა მოიყვანა ისინი ჩვენს ქვეყანაში?
– მეთხუთმეტე საუკუნეში საქართველოს სამხრეთით აღმოცენდა ორი ისლამური სახელმწიფო: ოსმალეთი და ირანი. ეს თავისთავად უარყოფითი მოვლენა გახლდათ, რადგან აგრესიული სახელმწიფოები იყვნენ და იმ გაგებითაც, რომ საქართველო იმ დროისთვის დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად. მალევე ირანსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ომები მახლობელ აღმოსავლეთში გაბატონებისთვის. ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ირანი და ოსმალეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ  დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იყო სამხრეთ კავკასია. ომი ირანსა და ოსმალეთს შორის მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგს დაიწყო, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და 1555 წელს დასრულდა ამასიის ზავით. მათ გაიყვეს მახლობელი აღმოსავლეთი და, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაც. ქართლისა  და კახეთის სამეფოები ერგო ირანს, იმერეთის სამეფო და მასში შემავალი, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროები კი – ოსმალეთს. ამასიის ზავის დადებისას დიდი დაპირისპირება გამოიწვია სამცხე-საათაბაგომ, რადგან სტრატეგიული ადგილი იყო: ვინც სამცხე-საათაბაგოში დადგებოდა, მას შეეძლო, მტკვრის ხეობით სწრაფად შემოსულიყო ქართლში და გადასულიყო კახეთში, მეორე მხრივ კი, ზეკარის უღელტეხილით სწრაფად შეეძლო გადასვლა იმერეთის სამეფოში. ამდენად, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ირანმა და ოსმალეთმა სამცხე გაიყვეს შუაზე. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთი –  ოსმალეთს. ამის შემდეგ სამცხე-საათაბაგო მუდამ ოსმალეთს რჩებოდა, რადგან, მართალია, ომი დამთავრდა ამასიის ზავით, მაგრამ ის მაინც დიდხანს გრძელდებოდა და თითოეული ომის დასრულების შემდეგ ახალ-ახალი ზავები იდებოდა ირანსა და ოსმალეთს შორის და ძველი გადანაწილება ძალაში რჩებოდა. ასე დაიდო მათ შორის რამდენიმე ზავი და ყველა მათგანი ეხებოდა საქართველოს.
– საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნებიც შუაზე იყოფოდა ამ ზავებით?
–  არა, მაგალითად, სომხეთი მთლიანად ირანს დარჩა. ჩვენთვის ეს უბედურება იყო, იმიტომ რომ, ამასიის ზავის შემდეგ საქართველოს გაერთიანება საქართველოს საშინაო საქმე აღარ იყო, რადგან საქართველოს გაერთიანება ნიშნავდა, ირანის მმართველობაში მყოფი ქართლ-კახეთისა და ოსმალეთის ქვეშევრდომობაში მყოფი იმერეთის სამეფოს გაერთიანებას. ამას კი არც ირანი დაუშვებდა და არც ოსმალეთი. არც ერთი იმპერია არ დათმობდა ამ ტერიტორიებს. ამასიის ზავიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველო, სვანეთის გარდა, ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს დაპყრობილი ტერიტორია ოსმალეთმა ორ ნაწილად გაყო. სამცხე-საათაბაგო, რომელიც ამასიის ზავის შემდგომ დადებული ზავებით მთლიანად ოსმალეთს ერგო, ასევე აჭარა, ართვინი და მთელი ისტორიული ტაო-კლარჯეთი ოსმალეთმა უშუალოდ შეიერთა და მოაქცია ოსმალეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში.
– რა უცნაურია, რატომ არ შეიერთა იმერეთიც თავისი სამთავროებიანად?
– გეტყვით… ეს ტერიტორია შედიოდა ტრაპიზონის საფაშოში, ცოტა მოგვიანებით კი, ახალციხე ცალკე საფაშოდ გამოიყო. ახალციხეში ფაშები იყვნენ გამუსლიმანებული ჯაყელები. დაპყრობილი ტერიტორიის მეორე ნაწილში ოსმალებმა დატოვეს მეფობა. თუმცა იმერეთის მეფე იყო ოსმალეთის ვასალი, რომელსაც ოსმალეთი გამუსლიმანებას არ სთხოვდა და იმერეთის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრები. ოღონდ ეს მორჩილება იმთავითვე ნომინალური იყო: ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდნენ მთავრები იმერეთის მეფეს. ქართლსა და კახეთშიც იგივე მოხდა: ქართლისა და კახეთის მეფეები ირანის ვასალები გახდნენ, ოღონდ ირანმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გამუსლიმანება მოსთხოვა. რაც შეეხება ჰერეთს: ეს ტერიტორია ირანის შაჰმა ირანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში შეიყვანა. იმიტომ რომ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე, როგორც სამცხესა და აჭარას. მართალია, იმერეთიც სტრატეგიული ადგილი იყო, მაგრამ აჭარა, ართვინი, სამცხე-საათაბაგო და ტაო-კლარჯეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს და ამიტომ, უპირველესად, ის უნდა აეთვისებინათ, რომ შემდეგ აქეთაც შემოსულიყვნენ.
– რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა იმერეთის მეფეს?
– იმერეთის სამეფოში მოქმედებდა ქართული სამართალი, არსებობდა მეფის როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მმართველობა. იგივე იყო სასამართლო და ფულად-საფინანსო სისტემა, ოღონდ იმერეთის მეფე იყო ოსმალეთის სულთნის ვასალი.
– ძალები არ ჰყოფნიდა ოსმალეთს, რომ მთლიანად წაეღო დასავლეთი საქართველო?
– ჯარი შემოჰყავდათ ნელ-ნელა. მაგალითად, შავი ზღვის პირზე, ფოთში, ქობულეთსა და აფხაზეთში, ოსმალეთმა ჯარი ვერ ჩაააყენა, ძალები არ ჰყოფნიდა. მარტო საქართველოსთვის ვერ მოცდებოდნენ ირანი და ოსმალეთი. ამიტომ მხოლოდ მაშინ, როდესაც პეტრე პირველი მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს გააქტიურდა, დაიწყო ოსმალეთმა სასწრაფოდ შავი ზღვის სანაპიროზე ციხე-სიმაგრეების აღდგენა და იქ ჯარის ჩაყენება. საბოლოოდ, 1768 წლისთვის, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, ოსმალეთის გარნიზონები იდგა ახალციხეში, ახალქალაქში, ხერთვისში, აწყურში, ბათუმში, ციხისძირში, ქობულეთში, ქუთაისში, ბაღდადში, შორაპასა და ცუცხვათში.
– ოსმალების რა რაოდენობის ჯარი იდგა ამ ციხეებში?
– არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იდგა უზარმაზარი ჯარი. მაგალითად, ახალციხეში ოსმალეთის გარნიზონი 100 კაცსაც არ აღწევდა. კიდევ უფრო მცირე იყო ახალქალაქში, ხერთვისსა და აწყურში. მაგალითად, ქუთაისში იდგა 60 მეციხოვნე, შორაპანში –  უფრო ნაკლები. ფოთში ზამთარში მხოლოდ ორ მეციხოვნეს ტოვებდნენ.
– რა აზრი ჰქონდა ასეთ მცირერიცხოვან გარნიზონებს?
 – რომ ჯარის შემოსვლა გაეადვილებინა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. ის ციხეები აღარ ექნებოდა ასაღები.
– ვინ ინახავდა ოსმალეთის გარნიზონებს?
– ოსმალეთი… რა თქმა უნდა, იმ მეციხოვნეებს შეეძლოთ, მოსახლეობისთვისაც წაერთმიათ პროდუქტი, მაგრამ ვისთვის უნდა წაერთმიათ სანოვაგე ცუცხვათის ციხის 7 მეციხოვნეს?! ხომ დახოცავდა მათ მოსახლეობა?!
– და რატომ არ ხოცავდნენ, ხომ მოერეოდნენ?
– ციხეებში ოსმალებს ჰქონდათ ზარბაზნები და ქართველებს მეციხოვნე რომ მოეკლათ, ისინი შემდეგ ზარბაზნით გადაწვავდნენ სოფელს. წარმოიდგინეთ, ქუთაისის ციხე და რიონის პირას მდებარე იმერეთის მეფის სასახლე. ქუთაისის ციხიდან რამდენიმე წუთში შეეძლოთ ოსმალებს მეფის სასახლის განადგურება და ქალაქის გადაწვა. ამას გარდა, ეშინოდათ ოსმალეთის სადამსჯელო ექსპედიციის. ერთ მეციხოვნეს რომ მოკლავდი, მოვიდოდა 2 000-5 000 ოსმალო. ეს გარნიზონები იმის მანიშნებელი იყო, რომ ქვეყანა უნდა ყოფილიყო მორჩილებაში.
– რა პირობებს გულისხმობდა ოსმალეთის ვასალობა, რა ხარკს უხდიდა იმერეთის სამეფო ოსმალეთის იმპერიას, როგორც ვასალი?
– იხდიდა ხარკს ფულით და გოგო-ბიჭებით. გარდა ამისა, ეს ციხეები, რომლებშიც ოსმალეთის გარნიზონები იდგა, ფოთის, ახალციხისა და სოხუმის, იყო ტყვეთა ვაჭრობის ადგილები. ამ ციხეებში მიჰყავდათ მოტაცებული ადამიანები და იქიდან გაჰყავდათ ოსმალეთში. ახალციხის ციხეს იყენებდნენ ლეკები ქართლ-კახეთში მოტაცებულთა გასაყიდად, დასავლეთ საქართველოდან მოტაცებულები კი ზამთარში გადაჰყავდათ ფოთის ციხეშიც. დასავლეთ საქართველოში თავადები და აზნაურები ერთმანეთს სტაცებდნენ ყმებს. შემდეგ, როდესაც ერთმანეთს ვეღარ სტაცებდნენ, თავიანთ ყმებს ჰყიდდნენ. ძალიან დიდხანს შემორჩა ახალციხეში ტყვეთა სყიდვა, მას შემდეგაც კი, რაც რუსეთმა დაიპყრო საქართველო, განსაკუთრებით, აფხაზეთში: მეთვრამეტე საუკუნის 20-ან წლებამდე. რუსებმაც კი ვერ აღკვეთეს, თუმცა ჯარით დასდევდნენ. ტყვეთა სყიდვა იყო ფულის შოვნის ერთადერთი წყარო. ადამიანები რომ არ გაეყიდათ, უბრალოდ, თავს ვერ გამოიკვებავდნენ.
– ძალიან იშვიათია შემთხვევები მსოფლიო ისტორიაში, რომ თავისსავე ეროვნების ადამიანები გაეყიდათ ტყვეებად ისე მასობრივად, როგორც ეს ჩვენთან ხდებოდა. რით ხსნით ქართველი აზნაურებისა და თავადების ასეთ დეგრადაციას, რომლებსაც ისტორიულად დიდი დამსახურებაც აქვთ ქვეყნის წინაშე?
– მოიშალა ცენტრალური ხელისუფლება, ქვეყანა გაღატაკდა, თავადები და აზნაურებიც გაღატაკდნენ და ტყვეთა სყიდვა გახდა შემოსავლის ერთადერთი წყარო. მოსავალი ან მოვა, ან არა, ეს კი ნაღდია. 1809-1810 წლებში იმერეთში გაჩნდა შავი ჭირი, მოსავალი არ მოვიდა და შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა ტყვის გაყიდვა.
– შავი ჭირი გაჩნდებოდა, ცხადია, ისე ამაზრზენად იქცეოდნენ.
– იმერეთი, ფაქტობრივად, სახსრის გარეშე დარჩა. ქართლში ზედიზედ სამი წელი იყო მოუსავლიანი, რაც 1812 წელს კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა: რუსის ჯარი პურს ითხოვდა, ქართველ გლეხს კი ხორბალი დასათესად აღარ ჰქონდა. ვერაფრით მოერივნენ ტყვეთა სყიდვას იმერეთის მეფეები: სოლომონ პირველი მათ თვალების დათხრით სჯიდა, სიკვდილითაც სჯიდნენ, ეკლესია განკვეთითაც ემუქრებოდა, მაგრამ ესეც არ აჩერებდა გამტაცებლებს.
– სახარკო გოგო-ბიჭებს როგორ არჩევდნენ?
– 14-15-16 წლის ლამაზ გოგონებსა და ფიზიკურად ძლიერ ვაჟებს. გოგონებს საცოლეებად იყენებდნენ ფაშებისა და სულთნის ჰარამხანებისთვის, ვაჟებს –  იანიჩარის ჯარში, თუ ხელზე მოსამსახურეებად არა. იანიჩარის ჯარი იყო ოსმალეთის არმიის ბირთვი: ქვეითი, რეგულარული ჯარი. ისინი ყაზარმებში იზრდებოდნენ და წესი იყო ასეთი: იქ ოსმალო არ უნდა ყოფილიყო. იანიჩარის ჯარში, ძირითადად, იყვნენ ქართველები, აფხაზები, ჩერქეზები, კაზაკები, ბულგარელებიც. ოსმალეთი ვერ დაუშვებდა იანიჩარის ჯარის დასუსტებას, ამიტომ ტყვეებიც სჭირდებოდა და დიდ ფულს იხდიდნენ. ალბათ, იმდენი ომებში არ დაღუპულა საქართველოდან, რამდენიც ტყვედ გაიყიდა. ერთ-ერთი უცხოელი მოგზაური გვაწვდის ასეთ ცნობას ტყვეთა სყიდვაში შემჩნეულ ქართველზე: დედა გარდაეცვალა და ქელეხზე არავინ მივიდა, შეგვიპყრობს და გაგვყიდისო. მაგრამ მღვდელი და დიაკვანი ხომ უნდა მისულიყვნენ, რომ წესი აეგოთ მიცვალებულისთვის?! რომ არავინ მივიდა, გაბრაზებულა და მღვდელი და დიაკვანი გაუყიდია.
– საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს.
– მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში 17 ქართველი, მონათა ბაზარზე გაყიდული, გახდა ოსმალეთის სულთნის პირველი ვეზირი, ანუ მთავრობის თავმჯდომარე, ესე იგი, რამხელა მასა უნდა ყოფილიყო, რომ 17 გამორჩეულიყო?! ხოლო, როდესაც ოსმალეთის სულთანს აუჯანყდნენ ეგვიპტელი მამლუქები, ეგვიპტის დიდი ბეი, ანუ მმართველი მე-18 საუკუნის 80-იან წლებში გახდა მარტყოფელი აბრამ სინჯიკაშვილი. 12 გუბერნატორიდან, პატარა ბეებიდან კი, რვა იყო ქართველი. ერეკლეს მზვერავს აქვს ეს ცნობა დაცული. ოღონდ ის მხოლოდ დიდ ბეის შეხვდა და დანარჩენების გვარები არ იცის, მხოლოდ მაჰმადიანური სახელები. სინჯიკაშვილმა იცოდა, რომ ქართველი იყო და დედამისს ფულიც კი გამოუგზავნა, სახლთან ეკლესიის ასაშენებლად. დაცულია ცნობა, რომ მან შემდეგ მოიკითხა ეს ამბავი და აღმოჩნდა, რომ ქართველებმა ფული გაფლანგეს და ეკლესია არ ააშენეს.
ოსმალეთის ბატონობა დასავლეთ საქართველოში დამთავრდა ბუქარესტის 1812 წლის ზავით, რის მიხედვითაც, ოსმალური გარნიზონები აღარ უნდა მდგარიყო არც იმერეთში, არც გურიაში, არც სამეგრელოში და არც აფხაზეთში, თუმცა ფოთი უკან დაუბრუნეს რუსებმა და ფოთი, საბოლოოდ, 1828-1829 წლების ანდრიანოპოლის ზავით გათავისუფლდა. ამ ზავითვე გათავისუფლდა სამცხეც, ხოლო აჭარიდან და ართვინიდან ოსმალები 1878 წელს გავიდნენ სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით. 
– ოღონდ შემდეგ მოსკოვისა და ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთმა მხოლოდ აჭარა დაგვიტოვა, დანარჩენი ოსმალეთს დაუბრუნა. როგორი დამპყრობელი იყო ოსმალეთის იმპერია?
– ძალიან მკაცრი დამპყრობელი, მაგრამ არც ისეთი მკაცრი, როგორიც ირანი ქართლ-კახეთისთვის. ოსმალეთს არ ჰყოფნიდა ძალები, რომ დასავლეთ საქართველოში იგივე ამბები დაეტრიალებინა, რაც ირანმა დაატრიალა ქართლ-კახეთში. ირანი მხოლოდ ოსმალეთს ეომებოდა და როგორც კი მოიცლიდა, თხრიდა ქართლ-კახეთს, ოსმალეთს კი გამუდმებული ომები ჰქონდა ევროპასთან და რუსეთთან. ამიტომ ცოტა უფრო მსუბუქი იყო ოსმალეთის ბატონობა, ვიდრე ირანის, თუნდაც, იმიტომ რომ, ისეთი მასობრივი გადასახლება არ ყოფილა, რაც კახეთში დაატრიალა ირანის შაჰმა და არც იმერეთის მეფისთვის წაუყენებია გამუსლიმანება პირობად. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ოსმალეთი რუსეთს ეომებოდა და არ უნდოდა, დასავლეთ საქართველოს ქრისტიანი მოსახლეობა მკაცრი პოლიტიკით რუსეთის ბანაკში გადაესროლა, ამიტომ ცოტ-ცოტას უთმობდა. ირანისთვის კი რუსეთი ამდენად საშიში არ იყო და ამიტომ არც უწევდა მას ანგარიშს.

скачать dle 11.3