რა აკავშირებდა დედა-შვილის უსასტიკეს მკვლელობაში ბრალდებულს მსხვერპლის ოჯახთან და როგორ იქადნებოდა ის დამნაშავის დასასჯელად
22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში, ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალდებული, 26 წლის გიორგი ხ., მამფორიების ოჯახის მეგობარი იყო. ის მოკლული ნონას მეუღლის, – ოთარის პირველი (გარდაცვლილი) ცოლის ძმის ძმაკაცი იყო და ოთართანაც მეგობრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დაკავებისას აღიარა დანაშაული, თუმცა, 28 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ყველაფერი უარყო. ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და მომდევნო სასამართლო სხდომა სექტემბრისთვის დაინიშნა.
– ქალბატონო ხათუნა, რა მოხდა გუშინდელ სასამართლოზე (ინტერვიუ ჩაწერილია 29 ივლისს)?
ხათუნა თხილაიშვილი (მოკლული ნონა რომანაძის და): მე ცუდად ვიყავი და ამ სასამართლო პროცესს ვერ დავესწარი, მაგრამ, მითხრეს, რომ ბრალდებულმა ყველაფერი უარყო. ახლა არ აღიარა ის, რაც დაპატიმრებისას უთქვამს. როგორც გავიგე, მაშინ უთქვამს, ფულისთვის შევედი ბინაში, ჯერ ესენი დავხოცე და მერე დავიწყე ფულის ძებნაო. ბავშვი იმიტომ მოვკალი, რომ მიცნოო. მაგრამ, ფული ვერ ვიპოვე. ბოლოს ვაზაში ვნახე 30 ლარი და ის წავიღეო. 30 სიცოცხლის წამი არ ეღირსოს, მაგრამ მაგისთვის სიკვდილიც მადლია. ეგ ისე უნდა აწამოს ხალხმა, თუ ნამდვილად მკვლელია, როგორც ჩემი ნონა და მარიამი აწამა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ მან ყველაფერი უარყო – უთქვამს, მაწამეს და ისე დამაწერინეს ის ჩვენებაო.
– სხვადასხვა ვარაუდი იყო ბრალდებულის ვინაობის შესახებ, თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი დასახელება?
– ძალიან მოულოდნელი იყო. უამრავი ვერსია არსებობდა. ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ და წერდნენ, სულ სხვა ვიღაცისკენ გვქონდა მიმართულება. ქალის ვერსიაც იყო. სულ ვფიქრობდი, ასე მწარედ დაჩეხილი რადგანაა, შეიძლება, ქალის გაკეთებულია, ამას კაცი ვერ იზამდა. ქალმა ალბათ ვერ მოზომა, მართლა ჭკუიდან გადავიდა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იმ ქალზეც ტყუილად გვქონდა ეჭვი. თუმცა, ყველა და ყველაფერი ისე ახლოს იყო თემასთან, რომ სულ ეჭვებში ვიყავი. რაც შეეხება იმ ჩირქს, რომელიც ნონას მოსცხეს, თითქოს მას საყვარელი ჰყავდა და, როგორც თავიდან თქვეს, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა ცოლ-შვილიო, ამაზე აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ბოლოს ვთქვი: თუ საყვარელი ჰყავდა, მაშინ, დაიჭირეთ ის საყვარელი და გამოიყვანეთ-მეთქი. მიცვალებულსაც კი ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ გულის ტკივილს რა გამინელებს?!
– რისი თქმა შეგიძლიათ ბრალდებულზე, რომელიც ახლა დაპატიმრებულია?
– მე მას არ ვიცნობდი. თავიდან ნონას უბანში ცხოვრობდა ქირით და მერე ქვემო ფონიჭალაში გადასულა, სადაც ოთარი (მოკლულების მეუღლე და მამა) მუშაობდა. ოთარის პირველი (გარდაცვლილი) ცოლის ძმებთან მეგობრობდა, ოთარის ძმასთან და თვითონ ოთართან – მათი საერთო მეგობარი იყო. მკვლელობამდე ოცი დღით ადრე, 2 თებერვალს, ოთარის დაბადების დღეზე ყოფილა მათთან მისული. ბავშვი ხელიდან არ გაუშვია, ეთამაშებოდა, ეფერებოდა, ჰკოცნიდა და მასთან ერთად ცეკვავდა. იქიდან ოც დღეში ბავშვიც მოკლა და დედაც.
– მკვლელობის შემდეგაც ჩვეულებრივად განაგრძობდა ოთართან ურთიერთობას?
– ქობულეთში არ ჩამოვიდა გასვენებაში?! ქელეხშიც იჯდა ჩვეულებრივად და ოთარს ეუბნებოდა, შენ გვერდით ვარ, დაგეხმარები მკვლელის პოვნაშიო. ოთარს რომ ვუსმენდი, კაცი გაგიჟებული იყო: გვერდიდან არ მშორდებოდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაიხსნა, იქ ადვოკატი ფასიანი არ იქნება და დაგეხმარები აყვანაშიო. ყველგან დაჰყვებოდა. ოთარ, ნუ გეშიანია, შენ გვერდით ვარო, – „ამხნევებდა“. როცა მკვლელის მისამართით ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ, ეგეც იგინებოდა – დავიჭიროთ, ჩვენს ხელში თუ ჩავარდა, თვითონ მოვკლათ და გავანადგუროთო.
– მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ თუა რამე ცნობილი?
– გაწონასწორებულია, საერთოდ რომ ვერ შეატყობ ვერაფერს, ისეთი. როგორც თვითონ ბიჭები ამბობენ, ერთად ხშირად სვამდნენ და ნასვამსაც კი ვერაფერს შეამჩნევდი და წამოაცდენინებდიო. ღამითაც დარჩენილა იმ ბიჭებთან, მაგრამ, ერთხელაც არაფერი წამოსცდენიაო. არადა, უსასტიკეს მკვლელობაშია ბრალდებული – ნონას 29, მარიამს კი 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კვალის წასაშლელად სახლში ხანძარი გააჩინა. თავიდან თქვეს, ყაჩაღობა იყოო, მაგრამ, რადგან ფული და ოქრო არ იყო წაღებული, ათასი ვერსია წამოვიდა: იქნებ შურისძიება იყოო – მისი ქმარი ისეთ ადგილას მუშაობდა, იქნებ იქ მტრობდა ვინმეო. ოთარი აზერბაიჯანელებთან და სომხებთან მუშაობს მანქანების ყიდვა-გაყიდვაზე: იაფად ყიდულობდნენ, ჩამოჰყავდათ, აწესრიგენებდნენ და მერე ყიდდნენ.
– მეუღლის ბრალეულობასაც განიხილავდნენ. ისიც თქვეს, რომ მისი პირველი ცოლი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
– დიახ, ოთარის პირველ მეუღლეს ეპილეფსია ჰქონდა. აბაზანაში წაიქცა, თავი ჩამოარტყა და გარდაიცვალა – მეტი დეტალი არ ვიცი.
– ეჭვმიტანილის რომელიმე ახლობელთან თუ გქონდათ ურთიერთობა მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ ბრალდებულია?
– და საფრანგეთში ჰყავს, დედა – თურქეთში. მის დას სკაიპში მისწერა ნათესავმა – შენმა ძმამ დაგვღუპაო. ძლივს გვიპასუხა: „არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. მე ბევრად ახალგაზრდა ვარ და როგორმე გადავიტან, მაგრამ დედაჩემს რა ეშველება? მრცხვენია, რა უნდა ვთქვა, სამი წლის ბავშვთან რა უნდოდაო“. სამი წლის ბავშვი როგორ გაიმეტა, 16 ადგილი სად უნახა? ამას ვინ აპატიებს, თორემ, კაცს კაცი მოუკლავს აფექტში. და მომიკლა, მაგრამ, მარიამი?! ბავშვის ცხედარი ისეთ დღეში იყო, სამხარაულში მითხრეს, არ გახსნაო. მაგრამ, რომ ვასაფლავებდით, მესაფლავემ გახსნა – პარკით არ შეიძლებოდა დასაფლავება და ისე შევახვიეთ. ნიკაპს ქვემოთ იყო შეტრუსული, მარტო სახისა და კიკინების გამოჩენა შეიძლებოდა.
– ბრალდებული ადრეც იყო ნასამართლევი ყაჩარობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით, არა?
– დიახ, ყოფილა, ეს მეც ტელევიზიით გავიგე. 26 წლის ბიჭმა როდის მოასწრო ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა?. ორჯერ ყოფილა ნასამართლევი და მერე შეუწყალებიათ. თუ მართლა მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი, მაშინ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მკვლელობა მისი ჩადენილია.
– თუ მკვლელობამდე ოთარის გარდაცვლილი მეუღლის ძმებთან და თვითონ ოთართანაც მეგობრობდა, ბუნებრივია, ნონასაც და ბავშვსაც კარგად იცნობდა.
– დიახ, ძალიან კარგად იცნობდა. თბილი ურთიერთობა ჰქონდათ დის გამო, რომელიც არაჩვეულებრივი გოგოა. სანამ საფრანგეთში წავიდოდა, ნონასთან და მარიამთან უსაჩუქროდ არ მიდიოდა. იმ უბანში ცხოვრობდნენ. ამ დის გამო იღებდნენ ოჯახში როგორც საპატიო სტუმარს. ისე, ოთარის ცოლისძმებთან, ოთარის ძმასთან და თვითონ ოთართან მეტად მეგობრობდა.
თქვენ არ იცით, რა სადისტურად ჰყავთ ჩემი და და დისშვილი მოკლული, ეს მარტო მე ვნახე ჩემი თვალით სამხარაულში. მიცვალებულები მე გამოვიყვანე და დავუმალეთ დედასაც და დასაც. ჩავაცვი, ყელზე შარფი მოვახვიე, სახეზე მაკიაჟი გავუკეთე და ათასი რამით დავფარე მათი სხეულები, რომ არ ენახათ, როგორ იყვნენ ჩემი ნონა და მარიამი დაჩეხილი. მე ფსიქიატრი დამჭირდა, ფსიქოტროპიულ წამალს ვსვამ დასამშვიდებლად. ემოციებს ავყევი მათი ამ მდგომარეობაში ნახვით და ინფარქტს ძლივს გადავურჩი, მან კი საკუთარი ხელით გააკეთა ეს ყველაფერი. როგორ იყო ასეთი მშვიდი, არ ვიცი. ვინმემ არ თქვას, შეურაცხადიაო, თორემ, ამაზე ნამდვილად გავგიჟდები, იმიტომ, რომ ეგ ბიჭი ჩემზე მეტად მშვიდი იყო. მათ სურათებთან ტიროდა და შესანდობარს სვამდა. ნონა საოცრად მორწმუნე და ეკლესიური იყო, ერთ მარხვას არ გამოტოვებდა. ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა და სულ მასთან ერთად დადიოდა ტაძარში. მეუბნებოდა, ორივე შვილს მორწმუნეს ვზრდი და არ მეშინიაო. მერაბიკო ხომ მისი შვილი არ იყო, მაგრამ საკუთარივით ჰყავდა. კვირას ეკლესიაში წაიყვანა ბავშვები და აზიარა, ორშაბათს მოკლეს. მისგან ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგონებდით, კარგი მეოჯახე იყო. სულ ვეხვეწებოდი, გადმოდი ამ უბნიდან, ძალიან ცუდი ხალხი ცხოვრობს-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერა – ქმარი ახლოს მუშაობს, დაღლილი მოდის და ამხელა გზა როგორ გამოიაროსო. დამღუპა ვიღაცამ. მისი მეუღლე საერთოდ ნახევარი ადამიანიც აღარაა. ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონია, თან, ყოველდღე სვამს. აქამდე მოქეიფე ბიჭი არ იყო, მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდა – მეორე ოჯახი დაემხო კაცს თავზე, ცოლი-შვილი მოუკლეს... უბედურ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული. უფლისთვის მიმინდვია სამართალი: თუ დამნაშავეა, დაისაჯოს, თუ არა და, გამოუშვან, ტყუილად არ გვაწყევლინონ და გვაფურთხებინონ. მაგრამ, თუ დამნაშავეა, დასწყევლოს უფალმა! ხელი რომ მიმიწვდებოდეს, ვაწამებდი ბოლო წუთამდე, როგორც ჩემი და და დისშვილი მიწამა, ისე. მაგრამ, მე არ მოვკლავდი. ციხე მაგისთვის სასახლეა. მაგან ბალანდა უნდა ჭამოს და ჩემი და მიწაში უნდა ლპებოდეს?! მოდგმა არ ჰყავს და, ღმერთს ვთხოვ, წამებით ამოხადოს სული. უკანასკნელი სასჯელი უნდა მიუსაჯონ. თუ გარეთ გამოვიდა, ეგ კიდევ მოკლავს ვიღაცას.