კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ითანხმებდა ნოე სულაბერიძე ცნობილ ადამიანებს თამამი და ინტიმური დეტალების საჯარო აღიარებაზე

პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს მაყურებელი სხვადასხვა თამამი, სკანდალური და მაღალი რეიტინგის მქონე მეგა-შოუებიდან იცნობს. მათ შორისაა „ცეკვავენ ვარსკვლავებიც“, თუმცა ნოემ ეს პროექტი, გარკვეული მიზეზების გამო, დატოვა. ახლა კი ახალი, ისევ თამამი და პროვოკაციული შოუს სამზადისშია. პარალელურად, სკანდალებს უკავშირდება მისი პირადი ცხოვრებაც.
ნოე სულაბერიძე: პროფესიით ტელევიზიასთან საერთო არაფერი მაქვს. ფილოლოგია, ინგლისური ენის სპეციალიზაციით და პოლიტოლოგია მაქვს დამთავრებული. ტელევიზიაში სხვა გზით მოვხვდი: ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებობდა მონსტრი კომპანია „სარკე“, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობრის, ლევან ბახიას შექმნილი იყო. იქ დავიწყე მუშაობა და სარეკლამო პროდაქშენიდან, ნელ-ნელა სატელევიზიოზე გადავედი. მერე ზაზა შენგელიასთან „თიბისი ტივიში“ ვიყავი გენერალურ პროდიუსერი, მოგვიანებით – გენერალურ დირექტორი და დავიწყე პროექტების კეთება.
– შენი ერთ-ერთი, ყველაზე ხმაურიანი პროექტი იყო „სიმართლის დრო“, – იმ დროისთვის ძალიან თამამი გადაცემა.
– ძალიან მიყვარს თამამი გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული ვარ. საკუთარ თავს ვიწვევ ხოლმე, თუ რამდენად გამომივა თამამი სიახლის შემოტანა. „სიმართლის დრო“ ახალი და ძალიან ხმაურიანი გადაცემა იყო. ამიტომაც ჰქონდა უსაშველო რეიტინგი. მისი ტრეილერი რომ ვნახე, ეგრევე მივხვდი, საქართველოში მაგრად იმუშავებდა.
– იქ ძალიან ბევრი სკანდალური, ინტიმური და თამამი კითხვა იყო. ამის გამო მათთან არასდროს შეგქმნია პრობლემები?
– სხვათა შორის, ამ გადაცემით პოპულარობამოპოვებული ადამიანები, დღეს გადაცემიდან-გადაცემაში დადიან და ისევ რეიტინგს ქმნიან. პრობლემები არასდროს შემქმნია, იმიტომ რომ, კარგად ვიცი, როგორ მივუდგე ადამიანს. ზუსტად ვიცი, რა შეიძლება ეწყინოს და რა არა. რეიტინგს სხვისი მორალური ნგრევის ხარჯზე არ გავიკეთებ. „სიმართლის დროში“, პირველად, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ადამიანმა აღიარა თავის ჰომოსექსუალობა. ის იყო ქუთაისელი პროფესორი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მის აღიარებას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ერთია, როცა ასეთ აღიარებას ისმენ ადამიანისგან, რომელზედაც ისედაც ყველა ლაპარაკობს და მეორე, როცა ხანშიშესული პროფესორი გეუბნება, მთელი ცხოვრება ქვას დავატარებდი და მინდა, ყველას გასაგონად მოვყვე ამის შესახებო. ქუთაისი ძალიან ტრადიციული ქალაქია, თავის კონცეპტუალური მენტალობით და ძალიან ვნერვიულობდით, რა მოჰყვებოდა მის აღიარებას. თუმცა, პირიქით მოხდა, დაგვირეკა და გვითხრა, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიკეთე გამიკეთეთ. თუ ადრე ჩემს შესახებ ჭორის დონეზე იცოდნენ ყველაფერი და ლექციაზე ექვს სტუდენტზე მეტი არ დადიოდა, ამ გადაცემის შემდეგ აუდიტორია გადაჭედილია და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მხრებიდან ქვები მომხსნესო.
– როგორ ითანხმებდი ადამიანებს ასეთი ინტიმური და სკანდალური სიმართლის საჯაროდ აღიარებაზე?
– სიმართლე გითხრა, განსაკუთრებული სირთულე არავისთან მქონია. ადამიანთან საერთო ენაზე ლაპარაკი შედეგის მიღწევაში გეხმარება. მახსოვს, ძალიან რთულად დავითანხმე ქალბატონი გულიკო – დახვრეტილი მღვდლის მეუღლე, რომელიც თვითმფრინავის სკანდალთან იყო დაკავშირებული. ბევრს ფიქრობდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ამბები იცოდა, რომ მე ვხედავდი საჭიროებას, ის საზოგადოებას მოესმინა. იმდენად გრძელი და საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ორ ნაწილად გავყავით და დიდი ხმაურიც მოჰყვა. 
– შემდეგი დიდი პროექტი, რომლის პროდიუსერიც იყავი, „ცეკვავენ ვარსკვლავებია“. მასთან ასოცირდება გოჩა ჩერტკოევი, რომელიც როგორც ვიცი, შენ მოუვლინე ქართულ საზოგადოებას.
– ჩერტკოევი „იუთუბიზე“ ვიპოვე. შესანიშნავი ჟიურის წევრები მყავდა, რომელებიც პერმანენტულად, დღემდე არიან ჟიური. თუმცა, ძალიან მინდოდა, მყოლოდა სამეჯლისო ცეკვების ექსპერტი, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგად განსჯიდა პროექტს, შოუს ეფექტიც ექნებოდა. ჩერტკოევის ორწუთიანი ინტერვიუ ვნახე და მასში მაშინვე დავინახე ის, ვინც მე მჭირდებოდა. როცა დავუკავშირდი, ძალიან დაინტერესდა, რადგან დიდხანს არ იყო საქართველოში ნამყოფი და შეიძლება ითქვას, პირველივე საუბარზე დამთანხმდა.
– შენ რატომ დატოვე „ცეკვავენ ვარსკვლავები“?
– ცხოვრებაში არსებობს მომენტი, როცა განახლება გჭირდება. ბევრი რაღაც დამიგროვდა იმ პერიოდში. პირად ცხოვრებაში მქონდა ძალიან რთული ეტაპი. განქორწინების პერიოდიც იყო და რაც ყველაზე მთავარია, ამხელა შოუს კეთებით გადავიწვი. მოკლედ, ამ მიზეზების გამო პროექტი დავტოვე, თუმცა ერთი დღე არ გავჩერებულვარ, სხვა სფეროშო მშვიდად ვმუშაობდი.
– გარედან როგორ უყურებ პროექტს, რას შეცვლიდი დღეს რომ იქ იყო?
– სიმართლე გითხრა, არ ვუყურებ. მხოლოდ, პირველ და ბოლო ეპიზოდს ვნახულობ. პროექტს ისევ ჩემი გუნდი აკეთებს და ზუსტად ვიცი, რომ ისინი არაფერს გააფუჭებენ. ამიტომ, მშვიდად ვარ.
– ბოლოს საერთაშორისო სეზონი გვქონდა, უკრაინელი თუ ინდოელი მონაწილეებით. სტანისლავ ბონდარენკო განხეთქილების მიზეზიც გახდა – რატომ ის, როცა გვყავს არაჩვეულებრივი ქართველი კონკურსანტიო, ამბობდა ზოგი. 
– არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ჯანო იზორიამ იმდენი პრიზი მიიღო, რომ მგონია, მან მოიგო პროექტი. თავიდანვე ჩანდა, რომ არც არხი და არც სპონსორები მას ისე არ დატოვებდნენ. თუმცა, მგონია, რომ ტალღა „ქართველმა ქართველს დაუმესიჯოს“ არასწორია. რატომ, როცა შენ ხარ ყველაზე სტუმართმოყვარე ერი?! ხალხმაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეთნიკური ნიშნის გამო არ დაჩაგრა სტუმარი, რომელიც ისევ შენი თხოვნითაა ჩამოსული. საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩა.
– შენ არ გაგჩენია სურვილი, პროექტში მიგეღო მონაწილეობა?
– ამ სეზონზე ამაზე ლაპარაკი გვქონდა. ვაპირებდი, მაგრამ შესაფასებლად დავმდგარიყავი ჟიურის წინაშე, რომელიც თავის დროზე მე შევქმენი, ცოტა უხერხული მომენტი იყო და გადავიფიქრე.
– ამბობენ, რომ ახალ გრანდიოზულ პროექტს გეგმავ.
– მთელი ზაფხული ვფიქრობდი და ახლა მინდა, ჩემი გეგმების რეალიზება მოვახდინო. თუ შედგა, ეს იქნება ახალი ტიპის გასართობი მეგა-შოუ – თამამი, გრანდიოზული და ცოტა პროვოკაციული სახის. ნებისმიერი და მათ შორის, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. თუ მოლაპარაკება შედგა, ალბათ, შემოდგომიდან „იმედზე“ დაიწყება.
– გარეგნობასთან დაკავშირებითაც გკითხავ. ერთი პერიოდი წონაში მომატებული იყავი, მაგრამ ბოლო დროს საგრძნობლად გახდი. როგორ?
– მაგიტომაც მინდოდა დასვენება, რომ თავისთვის მიმეხედა. დრო, რომელიც პროექტს მიჰქონდა, შვილებს და საკუთარ თავს დავუთმე. აღვადგინე აქტიური ვარჯიში. ჩავდექი იმაზე მეტად ოპტიმალურ ფორმაში, ვიდრე ვიყავი. დიეტა არ დამიცავს, უბრალოდ, ვცდილობ, ღამე არ ვჭამო და დიდ დროს ვუთმობ სპორტს. ჯამში, შვიდ თვეში ოცი კილოგრამი დავიკელი.
– სკანდალური გადაცემების გარდა, შენი პირადი ცხოვრებაც სკანდალებთანაა დაკავშირებული. მახსოვს, ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალურ ინტერვიუზე, რომელიც ქალისა და კაცის როლს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში შენც გამოთქვი შენი აზრი. რას ფიქრობ გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტუალური თემა გახდა.
– მე მომხრე ვარ გენდერული ბალანსის. მომწონს, როცა ტოპთანამდებობებზე, იქნება ეს ბიზნესსექტორი თუ პოლიტიკა, ვხედავ ქალებს. როცა მამაკაცსა და ქალს ურთიერთობა აქვს, ერთნაირად არიან ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლები. მიმაჩნია, რომ კაცმა ქალს კარი ყოველთვის უნდა გაუღოს, თუ მძიმე ჩანთა აქვს, გამოართვას და ასე შემდეგ. ეს ქალისთვისაც მისაღებია, მაგრამ, როცა გენდერული ბალანსი ფემინიზმში გადადის, ეს არასწორი მგონია.
– ღალატი კაცისთის გამართლებულია, ქალისთვის არა?
– ღალატი არც კაცისთვის არის გამართლებული... ვინ ამბობს ამას? თანასწორ პასუხისმგებლობებში ზუსტად ეგ ვიგულისხმე.
– ზოგადი შეხედულება გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში თუ ხდება ასე შენს შემთხვევაში? იმიტომ გეკითები, რომ, როცა შენ და ეკა სამხარაძე დაშორდით, ამბობდნენ, ნოე ქალების დიდი მოყვარულია და ღალატი გახდა მათი დაშორების მიზეზიო.
– ჩემი და ეკას ურთიერთობა დაინგრა, თუმცა ეკა ჩემთვის ძალიან ღირებული ადამიანი იყო და ასეც დარჩება. წინააღმდეგი ვარ, დაშორების შემდეგ ურთიერთობას ისე რომ აფუჭებენ, ერთმანეთს დასანახადაც ვეღარ იტანენ. ეკა ძალიან კარგი და სწორი ადამიანია. ის ღირებულებები, რომელიც მას გააჩნია, შეუძლებელია, არ დააფასო.
– ირიბი პასუხი ჩემს კითხვაზე. ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– (იცინის). ახლა არაფერი აღარ ხდება, სიმართლე რომ გითხრა. ბევრი რამის გაანალიზების პერიოდი მაქვს. არსად მეჩქარება. მოვასწარი ის, რომ მყავს შვილები, რომლებიც ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა და არც ვფიქრობ პირად ურთიერთობებზე. უბრალოდ, ასეთი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში.
– როგორ დაგიჯეროთ ან მე და ან მკითხველმა, როცა სანამ ასეთ ფორმაში ჩადგებოდი, მანამდე არ გაკლდა ქალები და ახლა, ალბათ, მით უმეტეს.
– ეგ, უბრალოდ, მითია ჩემზე, რადგან შოუ-ბიზნესში ვტრიალებ და ძალიან კონტაქტური ვარ, ამბობენ, რომ ქალები არასდროს მაკლდა. მაკლდა რა, დღესაც არიან, უბრალოდ მათთან ვმეგობრობ. ლამაზ გოგოებთან, ეგრე მამულიჩაც მეგობრობს (იცინის). მე ვგულისხმობ, წმინდა მეგობრობას (იცინის).
– ქალის შეფასების კრიტერიუმები შეგეცვალა?
– კი და ეს ასაკმა მოიტანა. ორი კომპონენტია აუცილებელი საიმისოდ, რომ მიხვდე და გაიაზრო, რომ ეს ქალი შენთვის აუცილებელია: გარეგნული ქიმია და საერთო ღირებულებები. ქალი შენი თანამოაზრე უნდა იყოს. აუცილებელი არაა, მაინცდამაინც ერთ ფეხბურთის გუნდს ვგულშემატკივრობდეთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულებები უნდა ემთხვეოდეს. ჩემთვის შეიძლება, იმას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, შენ მიმტანს როგორ დაელაპარაკები, როცა ჩემ გვერდით ხარ, ვიდრე შენს პოლიტიკურ შეხედულებებს.
– ბოლოს, როგორი მამა ხარ?
– ვცდილობ, ბავშვებს ყურადღება არ მოვაკლო და ძალიან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ბიჭი 12 წლისაა, გოგო – 8-ის. მამობა ყველაზე მაგარი რამაა. როცა იაზრებ, რომ შვილი შენი ნაწილია და ხედავ, როგორ ვითარდება ის ყოველდღიურად, ცხოვრებაში ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

скачать dle 11.3