რა პერიოდში გვიქმნის მთვარე პრობლემებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში
თუ გსურთ, არ შეგექმნათ პრობლემები მომავალ საქმიანობაში, პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე, გირჩევთ, გაარკვიოთ, რომელ ფაზაშია მთვარე და ისე იმოქმედოთ – ასე ადვილად დააღწევთ თავს პრობლემებს, საქმესაც გაიიოლებთ და ბარიერებისა და წინაღობების გარეშე დააღწევთ თავს გაურკვევლობასა და უიღბლობას.
სავსემთვარეობის პერიოდში, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ ფარდებით, რათა ოთახში მთვარის შუქი არ შემოვიდეს, რადგან მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი მიზეზია. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში ცხარე კერძების ნაცვლად ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახასა და იის ნაყენის მიღება – ის ორგანიზმს ადუნებს, ამშვიდებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს.
მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, სხეულში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება, ამიტომ, უმჯობესია, ამ დღეებში წვენები სვათ და ტკბილეულს მოერიდოთ.
სავსემთვარეობის დღეებში გაკეთებული საკვების ზამთრის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას; არც მოსავლის აღება-დაბინავებაა კარგი ამ დროს. ამ პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია და, ამიტომ, სასურველია, სავსე მთვარის დროს დაისვენოთ.
აგრეთვე, სხვადასხვა დღეს სხვადასხვაგვარია სასმლის ზემოქმედება ორგანიზმზე: ზოგჯერ ჭარბად მიღებული ალკოჰოლი სერიოზულ ზიანს ვერ აყენებს ადამიანს, ზოგჯერ კი მხოლოდ ასი გრამიც საკმარისია, რომ სავალალო შედეგი მოჰყვეს. ასტროლოგიურად, არსებობს კავშირი სპირტიანი სასმელების მომწამვლელ ზემოქმედებასა და მთვარის ფაზებს შორის. იმის გასაგებად კი, ცუდად იმოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ადამიანზე ამა თუ იმ დღეს, მთვარის კალენდარში ჩაიხედეთ.
ახალმთვარეობის პირველი სამი დღის განმავლობაში, სასურველია, თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან. ამ დღეებში ორგანიზმის ბიორიტმი ყველაზე დაბალია და, ამიტომ, დაზღვეული არ ვართ მოწამვლისგან. ამ პერიოდში ღვიძლიც ნაკლებად აქტიურია. ახალი მთვარის პირველი მეოთხედის დღეებიც საკმაოდ საშიშია ორგანიზმისთვის, რადგან კუჭისა და ღვიძლის მოქმედება სუსტდება; კუჭის კედლები სწრაფად იწოვს ალკოჰოლს, ღვიძლი კი ნაკლებაქტიურია, რის შედეგადაც სისხლში გროვდება ალკოჰოლის ჭარბი დოზა და ადამიანი მალე თვრება.
სავსემთვარეობის ფაზის პერიოდი ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური აქტივობის მწვერვალია. ამ დროს ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება, გადამუშავდება და შეუმჩნევლად აჭარბებს ნორმას. სავსემთვარეობისას ადამიანი სასმლის გარეშეც გაუწონასწორებელია, დალევის შემდეგ კი ისეთ რამეს სჩადის, რასაც შემდეგ ნანობს.
მთვარის მეოთხე მეოთხედის პირველი დღე კრიტიკულია. ამ პერიოდში მიმდინარეობს სასიცოცხლო მოქმედების დაქვეითება. კუჭის კედლების მიერ ალკოჰოლის სწრაფი შეწოვის უნარის ფონზე, ამ დღეს დალევას აუცილებლად მოსდევს მძიმე ნაბახუსევი. ასე რომ, თუკი მაინც უნდა დალიოთ, ეცადეთ, ეს დრო მთვარის ზრდის პერიოდს დაამთხვიოთ, ანუ, ახალმთვარეობიდან მთვარის შევსებამდე.