ვინ წაართვა გივი ბერიკაშვილს რუსთაველის პრემია და რა ნაძლევი მოიგო მან
ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი მსახიობი, გივი ბერიკაშვილი, დიდი ხანია, აღიარა მაყურებელმა. მისი პერსონაჟების ცნობილი გამონათქვამები დღემდე ყველამ ზეპირად იცის. ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან გამოხატული სიყვარული და პატივისცემა მსახიობის მთავარი მონაპოვარია. ცოტა ხნის წინ ბატონ გივის 83 წელი შეუსრულდა. იგი თავს მშვენივრად გრძნობს და აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას.
გივი ბერიკაშვილი: ახლა ბეთანიაში ვარ აგარაკზე, ჩემს შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილთან ერთად, რომელიც მალე ერთი წლის გახდება. ეს სახლი ოცდაათი წლის წინ ავიშენეთ. წარმოუდგენლად კარგი ადგილია. არის საუბარი, რომ უახლოეს მომავალში მოკლე გზა გაკეთდეს, რისი მეშვეობითაც თბილისამდე მანძილი 10 კილომეტრით შემცირდება. ღმერთს ვეხვეწები ხოლმე, ამასაც მომასწარი და მერე წამიყვანე სადაც გინდა-მეთქი. ჩემი შვილები და შვილიშვილები თბილისში აღარ იცხოვრებენ, აქ იქნებიან და აქედან ივლიან თავიანთ საქმეებზე. ამაზე უკეთესი დასვენება ჩემი ასაკის კაცისთვის არ არსებობს. ყველა ჩემ გვერდითაა, რაც მთავარია, კარგად არიან და ამით ვარ ბედნიერი. ადრე ყოველდღე აქედან დავდიოდი თბილისში სპექტაკლებზე, გადაღებებზე. ახლა, რაც წყნეთის გზა გაფუჭდა და კოჯრიდან გვიწევს შემოვლა, ცოტა შორია და ჩემი ასაკის ადამიანისათვის ძნელია – მოხუცი კაცი ვარ და თავს ვიკავებ.
– მაისში 83 წელი შეგისრულდათ, როგორ აღნიშნეთ?
– 15 მაისს მაქვს დაბადების დღე, მაგრამ მის აღნიშვნას დაახლოებით სამი კვირით ადრე, 26 აპრილიდან ვიწყებთ. მანანას, ჩემი მეუღლის, ჩემი შვილიშვილების და ჩემი დაბადების დღე ერთმანეთის მიყოლებითაა და, ამიტომ, ამ პერიოდში სულ ჟრიამულია ჩვენთან. თუ ვახერხებ, ყოველთვის ოჯახურ გარემოში აღვნიშნავ. მაისი ისეთი პერიოდია, რომ ხშირად ვარ გადაღებებზე, ბევრჯერ ქვეყნიდანაც ვყოფილვარ გასული ჩემს დაბადების დღეზე და ძალიან ხშირად საერთოდ არც აღმინიშნავს. დაბადების დღის გადახდით განებივრებული არ ვარ, ყოფილა შემთხვევა, ისე ჩაუვლია, არც გამხსენებია და მეორე დღეს თავში შემომირტყამს ხელი: უი, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო-მეთქი!
– ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე რომელი იყო?
– მაისში ჩემი ორი შვილიშვილია დაბადებული, უკვე დიდები არიან – 23-ის და 24-ის. ალბათ, ყველაზე მეტად იმ წლებს გამოვარჩევ, როცა ისინი დაიბადნენ. 75 წელი რომ შემისრულდა, ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა რიტუალების სასახლეში გააკეთა დიდი სუფრა, სადაც დაპატიჟა ჩემი ახლობლები და მეგობრები. რამაზ ჩხიკვაძე იყო თამადა და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
– ყველაზე გამორჩეული საჩუქარი რა მიგიღიათ?
– რა თქმა უნდა, დაბადების დღეებს თან ახლავს საჩუქრები, მაგრამ ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია. არც კი შემიძლია გახსენება, იმდენად არ ვანიჭებ ამას მნიშვნელობას. ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ხალხის სიყვარულია – ქუჩაში რომ გავივლი და არ მეშინია იმის, რომ ვინმე იტყვის, ეს ნაძირალა და საზიზღარი კაციო. ყველა მესალმება, მეფერება და მეუბნება, დიდხანს იცოცხლეო – ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ, რომ ნაწყენი არავინ დამრჩეს. თუ რამე შემიძლია, ყოველთვის მზად ვარ, ყველას დავეხმარო. ერთხელ, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა ქუჩაში და მითხრა: გივი, გენაცვალე, შენისთანა კაცი არ უნდა ბერდებოდესო. მე ვუპასუხე: ქალბატონო, რატომ მწყევლი, არ უნდა დავბერდე, ესე იგი, ახალგაზრდა უნდა მოვკვდე-მეთქი? უი, მომიკვდეს თავი, ეგ არ მიფიქრიაო. უბრალოდ, ყველას ისე უყვარხართ და პატივს გცემენ, რომ, მინდა, სულ ახალგაზრდა და ხალისიანი იყოთო. ნიძლავი მაქვს მოგებული: ერთ ადამიანთან დავნაძლევდი – გავიდეთ ქუჩაში, დილიდან საღამომდე ვიაროთ და, კაცი მიპოვე, ვინც იტყვის, რომ გივი ბერიკაშვილმა რამე აწყენინა, რამე შემეძლო და არ გავუკეთე, ან დავპირდი და მოვატყუე-მეთქი. ერთი კაცი მიპოვე და მე ვიყო წაგებული-მეთქი. მე ისე ვიცხოვრე, რომ, მგონი, ჩემგან გულნატკენი ადამიანი არ არსებობს. ბატონი აკაკი ხორავა იყო თეატრალურში ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი და, მახსოვს, სულ ამბობდა, როდესაც სცენაზე გამოხვალთ, არასდროს არ ითამაშოთ თქვენთვის, სცენაზე თქვენ ყველასი ხართო. დარბაზში ყველა რჯულის ადამიანი ზის, ზოგს უყვარხარ, ზოგი, შეიძლება, არც გიცნობდეს, მაგრამ, იმ მომენტში შენ მაინც ყველას ეკუთვნიო, – ეს ყოველთვის კარგად მქონდა გააზრებული. ალბათ, თუ რამე ჯილდო და პრემია არსებობს, ყველა მიღებული მაქვს და ყოველი მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თეატრის წინ ვარსკვლავს რომ გაგიხსნიან ამაზე ღირებული საჩუქარი რა უნდა იყოს?! რუსთაველის პრემიაც მივიღე და წამართვეს: რუსთაველის პრემიის კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოენიჭებინათ ეს პრემია, მაგრამ, რატომღაც, მაშინდელმა პრეზიდენტმა წამშალა და სხვა ჩაწერა ჩემ მაგივრად. ახლანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის ეს პრემია მოენიჭებინათ.
– ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობთ?
– ვმეგობრობ ივანიშვილების მთელ ოჯახთან. მის მამასთან და ბიძასთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ჩემი მანანა და ბიძინას ძმისშვილი – დათო ივანიშვილი, თანატოლები არიან და ბავშვობიდან ერთად მოდიან. ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვქონდა მთელ მის ოჯახთან, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, იმ პერიოდში ბიძინა არ ცხოვრობდა საქართველოში. რაც დაბრუნდა, მასთანაც ძალიან ახლო მეგობრობა და დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამისთანა ქველმოქმედ კაცთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია.
– დაბადების დღეებზე თუ მოდის ხოლმე თქვენთან?
– ჩემი არ იყოს, მასაც არ უყვარს თავისი დაბადების დღეების გადახდა. ჩვენ ისედაც ძალიან ხშირად ვიკრიბებით, შეძლებისდაგვარად, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას. გვაქვს ასეთი ტრადიცია: ყოველ 2 იანვარს ვიკრიბებით ოჯახებით და ვულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს.
– ბატონ კახი კავსაძესაც დაეხმარა, როცა მას პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?
– ყველას ეხმარება და კახის რატომ გაიმეტებდა?! როდესაც კახის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ, არ იყო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია გერმანიაში. ბატონი ბიძინა, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, მასაც დაუდგა გვერდით გაჭირვებაში. მას შემდეგ კახი პერიოდულად ჩადის გერმანიაში პროფილაქტიკის მიზნით. კახი და მე შემოვრჩით ერთმანეთს, ჩვენი მეგობრობის წლების დათვლა უკვე შეუძლებელია. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ერთად ვაგრძელებთ როგორც მეგობრულ, ასევე შემოქმედებით ცხოვრებას. ჩვენი შვილები, ზურიკო და ირაკლი ერთად სწავლობდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და დღემდე ძალიან მეგობრობენ. როცა თბილისში არ ვარ, თითქმის ყოველდღე ვკონტაქტობთ ტელეფონით. მითხრა, ცოტა ვერ ვარ კარგადო. მე ვუთხარი: სანამ მე მანდ არ ვარ, ცუდად ყოფნა არ გამაგონო, რომ ჩამოვალ, რაც გინდა ის ქენი-მეთქი (იცინის). ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი. ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის უფლება, მათ შორის ჩვენც, მსახიობებს. არჩევნები კარს მოგვადგა და, ერთმანეთის ლანძღვას, ჯობს, ის გვითხრან, ვინ რის გაკეთებას აპირებს ქვეყნისთვის. ხანდახან ისეთ რამეებს ვისმენ, რომ ღამით მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. მე მაინც მგონია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, სწორედ ამიტომ გავუძელით დროს და მოვედით აქამდე, მაშინ, როდესაც უამრავი ერი გადაშენდა. გადამწყვეტ ნაბიჯს ყოველთვის სწორად ვდგამდით ხოლმე.