კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა გიორგი მეგრელიშვილის ფილმი ფრენსის ფორდ კოპოლასთან და იყო თუ არა ერთი კილოგრამი კოკაინი მისი საკუთრება

მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი, იგივე, მეგრელა,  მაყურებლისთვის, ძირითადად, უარყოფითი პერსონაჟების განსახიერებითაა ცნობილი. ბოლო დროს რეჟისურითაც დაკავდა და გადაღებული აქვს სამი ფილმი. საოცნებო ფილმის გადაღებას კი უახლოეს მომავალში აპირებს. მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, საუკეთესო სპორტულ ფორმაშია და ელოდება ახალ, საი ნტერესო შემოთავაზებებს. 
გიორგი მეგრელიშვილი: მე ვთხოვ საქართველოს მთავრობას, ყველა ფონდს, რაც კი არსებობს მსოფლიოში, ყველა ქვეყნის პრეზიდენტს, საელჩოებს, დიპლომატიურ კორპუსებს, ნატოს,  გაეროს და ყველა დანარჩენ საერთაშორისო ორგანიზაციას, მსოფლიო კინოფონდებსა და კინოკომპანიებს,  რომ დამეხმარონ ჩემი საოცნებო ფილმის გადაღებაში, რომელსაც ჰქვია – შექსპირის „ჰამლეტი”. სამი ფილმი მაქვს გადაღებული, მაგრამ ეს იყო ფინანსების გარეშე, ამ შემთხვევაში, დაფინანსების გარეშე არ გამომდის. წლევანდელი წელი შოთა რუსთაველისა და შექსპირის წელია. ბევრს ვფიქრობ ამ ფილმთან დაკავშირებით. მსახიობები აუცილებლად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც შექსპირი უთამაშია. თეატრის მსახიობებმა ეს თემა კარგად იციან და მათთან საუბარიც მქონდა ამასთან დაკავშირებით.  ეს, რაც შეეხება ჩემს ძალიან დიდ გეგმას. სამსახიობო საქმიანობის მხრივ კი საქმე ასეა: გადამიღეს ერთ უცხოურ კლიპში და ერთ ქართულ სერიალშიც. ორივე, ალბათ, მალე იხილავს დღის სინათლეს.
– წლების წინ დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი და დაიწყეთ ვარჯიში. რა იყო ამის მთავარი მოტივაცია?
– 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სიგარეტს თავი დავანებე.  სიგარეტისგან შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, სისხლძარღვების შევიწროება. მოწევას შევეშვი და დავიწყე დარბაზში ვარჯიში. ვარჯიშის პარალელურად, რა თქმა უნდა, სწორი კვებაც დავიწყე. თავის დროზე, 2 კვირაში დავიკელი 12 კილოგრამი. დღემდე აქტიურად ვვარჯიშობ და კვებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დღის განმავლობაში ვჭამ 5-6-ჯერ, დაახლოებით 2 საათის ინტერვალით. უპირატესობას ვანიჭებ ცილოვან საკვებს, თუმცა, ვიღებ ნახშირწყლებსაც. ყველაზე მთავარია, კვებასა და კვებას შორის  ბევრი წყლის მიღება. ზოგი ამბობს, რომ ვარჯიშის დროს წყლის მიღება წონაში მომატებას იწვევს. პური, შაქარი, მარილი, თითქმის ამოღებული მაქვს რაციონიდან, თუმცა ხანდახან მაქვს პერიოდი, როცა მაინც ვჭამ ცოტ-ცოტას. ვარჯიშის პარალელურად, თუ არ ვიცით როგორ ვიკვებოთ და აღვიდგინოთ ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია, მაშინ ვარჯიშს აზრი არ აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ირგვლივ ყველაფერში კარგად ვარ გარკვეული. ბევრს ვკითხულობ და ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი მაინტერესებს. ვარჯიში განსაზღვრავს ჩემს ემოციურ მდგომარეობასაც.  ზოგადად, ვარჯიში ძალიან ძვირი სიამოვნებაა. როდესაც ხელი არ მეწყობა, სახლის პირობებშიც ვვარჯიშობ ხოლმე. დავრბოდი ძალიან ბევრს, ორ დღეში ერთხელ დაახლოებით 7-8 კილომეტრს. ფეხბურთის თამაშის დროს ფეხი ვიღრძე და ამ ეტაპზე ვეღარ დავრბივარ. ზუსტად ისეთ პერიოდში ვიტკინე ფეხი, როცა გადაღებები მქონდა. კიდევ კარგი ისეთი სცენები იყო რომ ძირითადად ვიჯექი. ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მაქვს მიღებული სპორტული დანამატი და რომ გითხრათ, მესიამოვნა ის პროცესი-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, გარკვეული შედეგი მოიტანა. ერთხელ გადაღებები მქონდა და მჭირდებოდა კარგ ფორმაში ყოფნა. მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ბუნებრივად იყო ფორმაში. ჩემი შვილი დადის წყალბურთზე და მისი აუზის გვერდით არის ტრენაჟორების დარბაზი. ვიდრე ის აუზზეა, მე დარბაზში ვარ და როგორც იტყვიან, „ვკაჩაობ,” ოღონდ არა ქუჩურად, არამედ სპორტულად.
– ვიცი, რომ შვილს ბიძის სახელი დაარქვით, რომელიც წლების წინ დახვრიტეს...
– დიახ, დედაჩემის ძმა – ალექსანდრე სუთიძე  დახვრიტეს და ტყვიის ფულიც ოჯახს გადაახდევინეს. გადავწყვიტე, ჩემი შვილისთვის, მის პატივსაცემად, მისი სახელი, ალექსანდრე დამერქმია. თუმცა, სანდროს ან სანდრიკას ვეძახით ხოლმე. ზოგადად, ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი.
– ხშირად გიწევთ უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება. ამას რითი ახსნით?
– არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან რთულია უარყოფითი პერსონაჟის განსახიერება. ჩემს გადაღებულ არცერთ ფილმში ასეთი როლი არ მაქვს. ვფიქრობ, რეჟისორები ბევრს კარგავენ, დადებით პერსონაჟებს რომ არ მათამაშებენ. როგორც აღვნიშნე, სამი ფილმი მაქვს გადაღებული. საკუთარ თავს უარი არ ვუთხარი და  სამივეში ვთამაშობ. პირველ ფილმში მთავარი როლი მაქვს, მეორეში – შედარებით მეორეხარისხოვანი, მესამეში – ეპიზოდური. ალბათ, მეოთხე ფილმის გადაღებისას, საერთოდ განზე გავდგები. ვფიქრობ, იმდენად კარგად ვთამაშობ უარყოფით პერსონაჟებს, რომ ბევრი ვერ მიტანს, ჩემი როლებიდან გამომდინარე. ბევრჯერ უთქვამთ სრულიად უცხოებს, რომ კარგად განასახიერე ესა თუ ის პერსონაჟიო. მსახიობში უნდა იჯდეს დემონიც და ანგელოზიც.
– მოგზაურობა თუ გიყვართ და კურიოზულ სიტუაციებში თუ აღმოჩენილხართ მოგზაურობისას?
– ძალიან მიყვარს ჩემს ოჯახთან ერთად მოგზაურობა. არ დამავიწყდება, კანში რომ ვიყავი „დავიწყებული მეფის” პრემიერაზე. ბოლო დროს ქასთინგზე ვიყავი კიევში სამი დღით. ჩემი მეგობარი ჩამოდიოდა ამერიკიდან და მთხოვა, საქართველოდან გამოგატანენ ტყემალს, მჭადის ფქვილს და სხვა პროდუქტებსო. ჩავედი თუ არა კიევში, მე და ერთი აზერბაიჯანელი გაგვიყვანეს. იმას ამოუღეს პატარა პაკეტით ჰეროინი. ახლა შენი ჯერიაო, მითხრეს და მე ორი პარკი მჭადის ფქვილი ამომიღეს. თითოში დაახლოებით კილონახევარი იყო. აზერბაიჯანელი გაგიჟდა, ეს სულ შენიაო? მე ვუთხარი, კი-მეთქი. ნარკოტიკი ეგონათ. მერე ავუხსენი რა იყო და მეგობრისთვის რომ მიმქონდა. ის აზერბაიჯანელი უკვე გაყვანილი ყავდათ, მას, ალბათ, დღემდე ნარკობარონი „ელ ჩაპო” ვგონივარ. ზუსტად ვიცოდი, რომ ის მჭადის ფქვილი იყო და ამის გამო პრობლემა არ შემექმნებოდა. წასვლამდე გავსინჯე კიდეც, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი შეგრძნება იყო.  ადრე ფარულ კამერაში მოვყევი. ერთი კილო კოკაინი დამიდეს და მეუბნებოდნენ, შენიაო. იმ პერიოდში სპექტაკლი იყო „კოკაინი” და იქ ვთამაშობდი. ერთი საათი ვუხსნიდი, რომ ჩემი არ იყო. ზოგადად, ნარკოტიკებთან არასდროს მქონია შეხება. ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ორ-სამ ქასთინგზე ვიყავი უკრაინაში და ველოდები, რომ დამიძახონ გადაღებებზე. მინდა, ფორმაში ვიყო და ჩემი პროფესიით ფული ვიშოვო. წუწუნი დავიწყე, შეიძლება „კლიჩკა” გადავიკეთო და „მეგრელას” მაგივრად „წუწუნა“ დავირქვა. წუწუნი ხომ შველის?! მგონი, ვინც წუწუნებს იმათი საქმე კარგად მიდის (იცინის). მაგრამ, ქართველ კაცს წუწუნი  არ უხდება.  საერთოდ, კაცს არ უხდება წუწუნი.   სავსე უნდა იყო ჟინით და თავდაუზოგავად იშრომო, რომ  მიზანს მიაღწიო. რაც მთავარია, ჯანმრთელობა და  იღბალი ყველაფერთან ერთად, მუდამ გვერდით  უნდა გყავდეს ძმაკაცივით.
 – როგორ მოხვდა თქვენი ფილმი „მკვლელები”  ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის,  ფრენსის ფორდ კოპოლას საიტზე?
– ვიცოდი ამ საიტის შესახებ და მქონდა რაღაც შეხება. ცოტა ხნის წინ მეილზე მომივიდა შეტყობინება, რომ შემეძლო, ამ ლეგენდარული რეჟისორის საიტზე ამეტვირთა ფილმი, ოღონდ, მას შემდეგ, რაც, სხვადასხვა რეჟისორების უკვე ატვირთულ ფილმებს ვნახავდი და ოთხი მათგანის შესახებ დავწერდი რეჟისორულ ანალიზს. თუ ჩემი შეფასებები მოეწონებოდათ, მაშინ შევძლებდი ჩემი ნამუშევრის ატვირთვას. ასეც მოხდა და, გადავწყვიტე „მკვლელები” ამეტვირთა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ფილმი ინგლისურ ენაზეა და მაყურებლისათვის უფრო გასაგები იქნება; ამას გარდა იმიტომაც, რომ ფილმში თამაშობს თავად ფრენსის ფორდ კოპოლას დისშვილი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ფილმზე იმუშავა. საკუთარ თავს ვერ გადავუხდი მადლობას (იცინის).
– „მკვლელების” შესახებ გვიამბეთ.
– ეს ფილმი 2014 წელს გადავიღე, ფესტივალ Pah Nation-ის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული იყო კრისტოფერ კოპოლა და ჩემი მეგობარი ამერიკიდან – ლ. ზამბახიძე და ერთად გადავიღეთ ეს ფილმი. ეს არის ერთგვარი რიმეიქი. ტორკოვსკის თავისი სადიპლომო აქვს ჰემინგუეის მოთხრობაზე გადაღებული და მეც  ყოველთვის მინდოდა მის პატივსაცემად ამ მოთხრობაზე გადამეღო ფილმი.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა რეცენზიები მოყვება ჩემს ნამუშევარს. წავიკითხე კომენტარები და ყველა ძალიან დადებითად აფასებს. მოსწონთ მსახიობების შესრულება, ასევე, აღნიშნავენ ჩემს ხედვას. დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთ სცენას, სადაც დ. ალავიძე თამაშობს. ასევე, დიდი კოპოლა ნახავს თავის პატარა დისშვილს ქართველი რეჟისორის ფილმში. იმედი მაქვს, რომ დიდი კოპოლა დამიწერს ერთ-ორ სიტყვას. რაც მეტ შეფასებას დამიწერენ, მით მეტად გავიზრდები, როგორც რეჟისორი.

скачать dle 11.3