კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმართლეს ახდის ფარდას გოგა ხაინდრავას ფილმი და ვის როლს ასრულებს მასში ზურა ინგოროყვა, რომელიც პოლიტიკაში წავიდა

 რუსთაველის თეატრის მსახიობ ზურა ინგოროყვას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – მან გადაწყვიტა, თავისი შესაძლებლობები პოლიტიკაში მოესინჯა და ირაკლი ალასანიას გუნდის სახელით კენჭს მშობლიურ ქალაქ რუსთავში იყრის. თუმცა საკუთარ პროფესიაზე უარი არ უთქვამს და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გმირის როლის გარდა, გოგა ხაინდრავას ფილმში მთავარი დეტექტივის როლსაც ასრულებს. 
ზურა ინგოროყვა: როცა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი დაიწყო, მითხრეს, რომ ბევრი სცენა უნდა აწყობილიყო ჩემს პერსონაჟ კოტეზე, მაგრამ ამ დროს უკვე ვიცოდი გოგა ხაინდრავას პროექტის – „ცხრას პლუს ერთის“ შესახებ, რომელშიც მთავარი როლი უნდა შემესრულებინა. ამაზე გადმოვერთე და სამწუხაროდ, კოტემ უკან დაიხია, რაღაც პერიოდში კი საერთოდ მივლინებაში წავიდა. „ფორმულა კრეატივმა“ ხელი შემიწყო, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა.
– გოგა ხაინდრავას ფილმში თქვენ ვისი როლი გაქვთ?
– ეს ფილმი აგებულია დოკუმენტურ მასალაზე. სცენარისტები ისხდნენ და, თუ რამე მასალა არსებობდა ნაციონალების მმართველობის ცხრა წელიწადზე, ყველაფერი გამოიყენეს, უბრალოდ, მასალა გაამხატვრულეს. მხოლოდ ჩემი პერსონაჟია გამოგონილი. მე ვარ კერძო დეტექტივი და ჩემს ეპიზოდს ჰქვია „დეტექტივები“, რომელიც აერთიანებს დანარჩენ ნაწილებს: სამთავრობო ამბავსა და თეთრაძის ისტორიას. ისეთი მაგარი სცენარი აქვს ჩემს პერსონაჟს, რომ, ვინც კი წაიკითხა, ყველას უნდოდა მისი თამაში, ქალებსაც კი.
– ალბათ, ბევრი მძიმე კადრია ამ ფილმში.
– დიახ, ძალიან ბევრი მძიმე კადრია, მათ შორის – ციხის ამბები, თვალთვალისა და მოსმენის ისტორიები, რისი გამოძიებაც დღესაც მიმდინარეობს. ამ ყველაფერს ფილმში ფარდა აეხდება. შეიძლება, ჩვენ ყველაფერი საკუთარი თვალით არ გვინახავს, მაგრამ, წარმოდგენა გვქონდა, რაც ხდებოდა იმ პერიოდში. სამწუხაროდ, ადამიანებს ხანმოკლე მეხსიარება გვაქვს და მალე გვავიწყდება მომხდარი. ამ ფილმის შექნის მიზანი, დოკუმენტური მასალის შენახვასთან ერთად, ბევრი დაფარული სიმართლისთვის ფარდის ახდა იყო.
– როგორც ჩანს, ეს ფილმი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს.
– ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. თან, ყველაფერთან ერთად, მაღალმხატვრული ღირებულების ფილმია. მუშაობა რომ დავიწყეთ, ვამბობდი, ჰოლივუდში ვართ-მეთქი. შემოქმედებითი, ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. საქართველოში ასეთი პირობები საოცრებაა. გადასაღებ მოედანზე რომ მივდივარ, მიხარია.
– ციხის უმძიმესი კადრების ფილმში გადმოტანა როგორ მოხდა?
– ამის გადმოტანა მართლა ძალიან რთულია  – თან სიმართლეს არ უნდა ასცდე და თან მხატვრულობა უნდა შეინარჩუნო. ჩემს პერსონაჟს არ აქვს ციხის კადრებთან შეხება, მაგრამ მე და გოგა ძალიან დავახლოვდით და მანახვებდა ხოლმე კადრებს. გეტყვით, რომ ძალიან მაგრად მოახერხა ამ კადრების ეკრანზე გადმოტანა. ძალიან საინტერესო ფილმი იქნება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც გოგა ამბობს, ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყოს ნაციონალებს და მათ მესვეურებს, არამედ, მისი მხატვრული ღირებულების გამო.
– ნაციონალების მმართველობის მძიმე შედეგები ძალიან ბევრ ხელოვანს შეეხო. თქვენც იყავით მათ შორის?
– დიახ, მეც შემეხო. ზოგადად, რაც ჩემს ქვეყანას სჭირს, ის მეც მჭირს. კონკრეტულად კი, ყველა მოვლენის ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო და, როგორ შემეძლო, ამისთვის თეატრიდან გულგრილად მეყურებინა?! როცა აქ საკნები იყო, ჩვენ გავაკეთეთ სცენა, რომელზეც ყოველ საღამოს გვქონდა „პაემანი“ იქ შეკრებილებთან. მე და დიმა ჯაიანი ვკითხულობდით ილიას, სახარებას და ასე შემდეგ. პრობლემები შემექმნა, რადგან სოლიდარობა გამოვხატე აქციის მონაწილეებისადმი. სახარების წაკითხვის უფლება პატრიარქმა მოგვცა, რის გამოც დიმა ჯაიანი კინაღამ დაიჭირეს და წნეხის ქვეშ მოაქციეს, მე კი მეორე დღეს სრულიად უცნობმა ახალგაზრდა პროკურორმა ბიჭმა დამირეკა და მითხრა, როგორც მსახიობს და ადამიანს დიდ პატივს გცემთო (ერთ-ერთი მსახიობის ახლობელი ყოფილა). მეუბნება, ახლა შენი ათიათასობით ფოტო მიდევს, ყურადღების ცენტრში ხარ და, სცენაზე კი არა, ბორდიურზეც კი არ დადგე, მოერიდე ამ სიტუაციას, თორემ, ცუდად იქნება შენი საქმეო. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა და, რა თქმა უნდა, ხელი არ ამიღია ჩემს გადაწყვეტილებაზე. რუსთაველის თეატრმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, რადგან მისი დამორჩილება ვერ შეძლეს. სტურუას ხომ საერთოდ ვეღარ იტანდნენ და თეატრიდან გაუშვეს. ყველაფერს აკონტროლებდნენ. თუ რამე გადაღება იყო, რეჟისორებს აკრძალული ჰქონდათ რუსთაველის მსახიობების მიწვევა. მათი პროექტი იყო სერიალი „დეტექტივები“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული პროექტია. ის ნაციონალების, კერძოდ, მერაბიშვილის დაკვეთითა და პატრონაჟითაა გადაღებული. ძალიან კარგი რეჟისორი ჰყავდა ამ ფილმს – ლაშა ცერიაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობებს არ უნდა შეხებოდა. 12-სერიიანი იყო ეს ფილმი და რეჟისორმა უთხრა ნაციონალებს, თუ ხარისხიანი ფილმის გადაღება გვინდა, რუსთაველის თეატრის მსახიობებს ვერ ავცდებითო. ნაციონალები დათახმდნენ იმ პირობით, რომ ჩვენ მხოლოდ უარყოფით და ბოროტ პერსონაჟებს ვითამაშებდით და ასეც მოხდა. მე ვითამაშე რეალური ადამიანი, რომელსაც გადაღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოუტანეს განაჩენი – სამუდამო პატიმრობა. მან დისშვილი მოიტაცა და მოკლა, მაგრამ ეს ფილმში აღარ ჩანდა.
– „რუსთავი 2-თან“ და „ფორმულა კრეატივითან“ როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა, თუკი ნაციონალებთან ურთიერთობის ასეთი წინაპირობა გქონდათ?
– „ჩემი ცოლის დაქალების“ პირველ სეზონებში რუსთაველის მსახიობები არ ყოფილან. ჩვენ 2012 წლიდან, როცა ნაციონალები წავიდნენ, მას შემდეგ დავიწყეთ სერიალში თამაში. მასზე ძალიან ნიჭიერი ხალხი მუშაობს – ლიფონავა, დევდარიანი და სხვები. საბედნიეროდ, მათთან პოლიტიკური შტამპები არ არსებობს. შეიძლება, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ამას ხელი არასდროს შეუშლია მუშაობაში. პროფესიონალები არიან და ამიტომაც აკეთებენ კარგ პროექტს, თორემ, სერიალს, ფაქტობრივად, ფოტოაპარატით იღებენ.
– ხაინდრავას ფილმის გადაღებები რა ეტაპზეა?
– ახლა 24-იდან დაახლოებით 18 სერია უკვე გადაღებულია და ფინიშისკენ მივდივართ. ძალიან აქტიურად მუშაობენ და, ალბათ, ფილმი პირველ სექტემბერს გამოვა. ახლა ცოტა რთული გადაღებები მაქვს, რადგან ივლისში სულ ზამთრის სცენებს ვიღებთ და, სახლშიც და გარეთაც პალტოთი, ჯემპრითა და კაშნეთი დავდივარ დილიდან საღამომდე. წარმოგიდგენიათ, მსახიობები ორ თვეზე მეტხანს იყვნენ ციხეში შესულები ციხის კადრების გადასაღებად. მიშამ ნავთლუღში ააშენა ახალი ციხე. ბოლო წუთამდე ხომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ახალ ციხეში უამრავი მაღალჩინოსნის შეყრას აპირებდა. ცხრასართულიანი ციხე აქვს აშენებული. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იყო და კიდევ ორი იმდენის დაჭერა უნდოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ციხე ვერ მოიხმარა. გოგა ხაინდრავა ამბობდა, ჩემთვის ააშენა ეს ციხე მიშამო. გოგას უნდოდა, მსახიობები ორი თვე საერთოდ არ გამოსულიყვნენ ციხიდან, ფერიც კი პატიმრის შესაფერისი რომ ჰქონოდათ, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან, პარალელურად, ყველას თავისი ცხოვრება და შემოქმედება ჰქონდა. თუმცა, დილიდან საღამომდე იქ იყვნენ.
– სხვა რა სიახლეა თქვენთან?
– პოლიტიკაში წავედი, სამწუხაროდ (იცინის). რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ ირაკლი ალასანიას პარტიიდან, თუმცა ჩემს პროფესიას არ ვტოვებ. ძალიან არ მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, ამიხსნეს და დამარწმუნეს, რომ ამჟამად ძალიან საჭირო ვარ. რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი რუსთაველიც შემეხმიანა და, საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მივიღე. თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, მაქსიმალურად დავიხარჯები. მე, საერთოდ, გამოვირჩევი პუნქტუალობითა და შრომისმოყვარეობით და, პარლამენტში თუ მოვხვდი, იქაც, ბუნებრივია, ასეთი ვიქნები. როგორც მოქალაქე, ჩართული ვიყავი პროცესებში, მაგრამ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი და არც მე აქამდე ახლოს არ ვყოფილვართ პოლიტიკასთან და პარტიასთან. ძალიან ბევრი ვინერვიულე გადაწყვეტილების მიღებისას. თახმობის შემდეგ კი ისე განვიცდი, რომ ნორმალურად არ მძინებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალაქისთვის ბევრ კარგ რამეს გავაკეთებ.

скачать dle 11.3