რატომ აღარ აქვს მარკუს მეტრეველს შიშველი მამაკაცებისა და ქალების მიმართ ემოცია და რის გადაკეტვას იწყებს ის საკუთარ თავში
მარკუს მეტრეველს წელს განსაკუთრებულად „ცხელი“ ზაფხული აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმითა და პროექტითაა დაკავებული. ამის გამო ხშირად უწევდა ჯერ ბულგარეთში, შემდეგ ბაქოში, პრაღასა და ბათუმში ყოფნა. ასე რომ, ის ზაფხულის ცხელ დღეებს საქმიანად და საინტერესოდ ატარებს.
მარკუს მეტრეველი: „ძალიან ცხელი“ ზაფხული მაქვს, რომელიც ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო. სილამაზის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის საპატიო წევრი ვარ. ცოტა ხნის წინ ვიყავი ოქროს ქვიშებზე, სადაც ჩატარდა „მის პლანეტა 2016“. მიწვეული ვიყავი, როგორც სტუმარი და მომღერალი. მე გავხსენი კონკურსი. ამის შემდეგ გადავფრინდი ბაქოში, სადაც მქონდა კონცერტი და შემდეგ უკვე ჩემი კონცერტი იყო პრაღაში. ორივე საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. 24 ივლისს კი ბათუმში ჩატარდა „მის და მისტერ პლანეტა საქართველო“. მამაკაცებსა და ქალებშიც ავარჩიეთ გამარჯვებულები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ „მის და მისტერ მსოფლიოზე”, რომელიც ასევე, ბათუმში ჩატარდება სექტემბრის თვეში.
– როგორი ხარ გოგონების შეფასებისას და რა მოთხოვნები გაქვს მამაკაცების მიმართ?
– ძალიან კრიტიკული, თუმცა იმავდროულად, ობიექტური. მოდელი უნდა იყოს ნავარჯიშები, ინტელექტიც უნდა ჰქონდეს. კარგია, თუ ეცოდინება ენები. წელს მამაკაცები მოვიდნენ უფრო დახვეწილები და ნავარჯიშები. გოგონაც თუ არ არის ფორმაში, ვეუბნები, მომავალ წელს მოვიდეს, მანამდე კი მოემზადოს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. ძალიან ემოციური ვარ და ის რომ გამოვხატო, რასაც ვფიქრობ, შეიძლება, მთელი საქართველო გადავიკიდო. მინიმუმ, სერიოზულად გავლანძღავ: როცა გინდა, „მის პლანეტა“ გახდე და სამი ფენა ქონი გაქვს მუცელზე, პლუს ბევრი ცელულიტი, ასეთ დროს ნერვები მეშლება – მეც ადამიანი ვარ.
– ამდენი ლამაზი გოგონას გარემოცვაში რომ ხარ, ვინმეს მიმართ გარკვეული ემოციები არ გიჩნდება? შენ მიმართაც არ დარჩებიან გულგრილნი.
– ჩემი ძმა მეუბნება: ამდენ სილამაზეს რომ ხედავ, როგორ ითმენო. მთელი ცხოვრება ჩემ თვალწინ სულ შიშველი მამაკაცები და შიშველი ქალები არიან, ჩემ წინ იხდიან, იცვამენ და მე უკვე რეაქცია მაქვს – ნული. ამ დროს ვთიშავ ჩემში ყველანაირ ემოციას, რადგან მე რომ დავუწყო გოგონას: ვაიმე, რა კარგი ქალია, ნაშა... – ვერ ვიქნები პროფესიონალი. თანაც, არც იმის გაჭირვება მაქვს, რომ მაინცდამაინც მოდელებთან დავიწყო ფლირტი.
– წლების წინ დიზაინერობით იყავი გატაცებული. ახლა, ამ ეტაპზე რა ხდება?
– რაც სცენაზე მაცვია, ყველაფერი ჩემი შექმნილია. უბრალოდ, ჯერ არ ვაძლევ სერიოზულ სახეს, რადგან დიდი დრო სჭირდება, რაც მე არ მაქვს. მომღერალი, ხელოვანი აუცილებლად გამორჩეული უნდა იყოს. ქუჩაში მოსიარულეს – შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, არ უნდა ჰგავდეს.
– ცოტა ხნის წინ ინგლისურმა გამოცემამ მოდური მამაკაცი მომღერლების სიაში შეგიყვანა.
– ეს რომ გავიგე, შოკში ვიყავი. ერთი წლის წინ „მერსედეს ფეშენ-ვიქზე“ ერთ-ერთმა ბლოგერმა გადამიღო ფოტო – შენი ლუქი მომეწონაო. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი მიგზავნის ლინკს, სადაც არის ბოლო 50 წლის საუკეთესოდ ჩაცმული მსოფლიო ვარსკვლავების სია. პრინცი რომ დავინახე, ჯასტინ ტიმბერლეიკი, კიდევ ბევრი სხვა და მე, მეგონა, სიზმარში ვიყავი. თან, მთელი ისტორია ეწერა, რომ მე ვარ მოდური მომღერალი და მოდის კვირეულზე გამიცნო ბლოგერმა.
– როგორც ყველა, შენც გამოივლიდი რთულ პერიოდებს და ალბათ, ახლაც გაქვს ასეთი მომენტები.
– როდესაც კარიერას ვიწყებდი, ჩემმა მასწავლებელმა, ჯული მასინომ მითხრა: მარკო, როცა შოუ-ბიზნესში მოდიხარ, ძალიან ძლიერი დიაფრაგმა, მუცელი უნდა გქონდეს, რომ ყველა დარტყმას გაუძლოო. ასეთ დროს, იცი, რას ვაკეთებ? ჩემთვის ვარ მარტო, სიწყნარეში და ვუყურებ არაამქვეყნიურ სამყაროს გალაქტიკაში, ღმერთის პლანეტაზე. არ მიყვარს ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ. ჩემი სამყარო მაქვს, გარდა რეალური ცხოვრებისა. ძალიან მიყვარს პარაფსიქოლოგია, ბევრს ვკითხულობ და ვინტერესდები. ვფიქრობ იმაზე, რა უნდა გააკეთო იმისთვის, სული იქ რომ წავა, იყოს უფრო კარგად, ჯანმრთელად.
– რეინკარნაციისაც გჯერა?
– იმპერატორის სულია ჩემში. ერთ-ერთი დიქტატორი იმპერატორის 300 თუ 400 წლის სული მყავს. ბუნებით ვარ დიქტატორი და ეს მაშინ ვლინდება, როცა ძალიან ახლობელთან მაქვს ურთიერთობა. ვერ ვეგუები და ვერ ვიტან ცუდად აღზრდილ ადამიანებს, უზრდელობასა და თავხედობას. შვილებს რომ ვზრდიდი, სულ ვასწავლიდი, რომ არ ყოფილიყვნენ უზრდელები, თავხედები.
– მახსოვს, შვილების ნახვასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდა.
– მშვიდობაა, ყველაფერი კარგად არის... გაიზრდებიან და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ცხოვრებაში ნაძალადევი არაფერი მიყვარს.
– თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე შვილებს ეხება.
– მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი ქმედება, რეაქციაა ნული. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან სირაქლემის პოზიცია არ შემიძლია... და იყოს თავჩარგული ვინც არის. რა თქმა უნდა, ვაკვრიდები, როგორ იზრდებიან. ძალიან მიყვარს და ისინი სულ ჩემ გვერდით არიან, ჩემი სიამაყეები.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავს ვინმე?
– ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. შვილი ძალიან მინდა და თუ ვინმე გამოჩნდება, რომელიც ჩემს პიროვნებას მიიღებს, აუცილებლად დავოჯახდები. თუმცა, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ვინმესთან ჯვარი დავიწერო ან ხელი მოვაწერო, ისედაც შეგვიძლია, კომფორტულად ვიყოთ. ასე რომ, თუ ვინმე გამოჩნდება, ვიქნებით ერთად. თუმცა, მინდა, რომ ის ბოლომდე ჩემთან იყოს. არ ვარ პოლიგამიური, არ მიყვარს ცვლა. არ ვარ მოგულავე ტიპი. მონოგამიური ვარ, ერთგული და თუ მიყვარს ერთი, იმის იქით არავინ მაინტერესებს. რატომ უნდა ვეძებო სხვა, როცა უკვე ავირჩიე და ვისთანაც მაქვს სექსიც, არა მხოლოდ სექსი, მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭიროა. ოღონდ ცოლისგან ვითხოვ ყველაფერს. ლოგინში უნდა იყოს ბოზი, სამზარეულოში – მაგარი კულინარი და შვილებთან – ძალიან მაგარი დედა. ბოზში ვგულისხმობ იმას, რომ მამაკაცს ყველაფერი უნდა მისცეს, როგორც ქმარმა ცოლს, რომ მერე კაცს აღარ გაექცეს თვალები სხვისკენ. ჩემი ცოლი უნდა იყოს აბსოლუტურად ჩემი, კომპლექსები: აქანე ხელი არ დამადო, იქანა ხელი არ დამადო, ეს როგორ მაკადრე, წადი სხვასთან... – ასეთები არ უნდა იცოდეს. ცოლი ჩემთვის მინდა, რომ სრული კომფორტი მქონდეს მასთან.
– როგორი იქნები ოჯახში, თქვენს უფლებებს როგორ გადაანაწილებთ?
– სასტიკად მომთხოვნი, თუმცა ჩემი და ჩემი მეუღლის უფლებები თანაბარი იქნება. ცოლი ჯერ მეგობარი იქნება და მერე პარტნიორი, ერთობლივად გადავწყვეტთ ყველაფერს. ორივემ ერთად უნდა ვმართოთ ოჯახი. იმასაც არ მივესალმები, ცოლი სამზარეულოში უნდა იყოს და მე ვმუშაობდე. ორივე უნდა ვმუშაობდეთ და ვარჩენდეთ ერთმანეთს. არ მიყვარს ცოლი, რომელიც 24 საათის განმავლობაში გილაგებს, გირეცხავს. მე ცოლი მიხარია იმიტომ, რომ ჩემ გვერდით იყოს წარმატებული, ძლიერი, ინტელექტუალური და არა წინსაფარაფარებული.
– სიმკაცრეს რა შემთხვევაში გამოიჩენ?
– სიმკაცრე იმაში გამოიხატება, რომ მიყვარს მოწესრიგებული ქალები. ვერ დავუშვებ ჩემი ცოლი თავშალწაკრული დაიარებოდეს სახლში. ყველაფერი მწყობრში უნდა ჰქონდეს – ფრჩხილები, თმა, ესთეტიურად ლამაზი უნდა იყოს, რომ ყოველ წუთს მსიამოვნებდეს მისი დანახვა. ინტელექტი უნდა ჰქონდეს, რომ შეძლოს შვილის აღზრდა და არა მხოლოდ გაზრდა, რადგან საქართველოში ბევრია გაზრდილი და არა აღზრდილი. შვილი უნდა გაზარდოს სრულყოფილ პიროვნებად. არაფერს ვუწუნებდი ჩემს ადრინდელ პარტნიორს, არაჩვეულებრივი დედა იყო ჩემი მეუღლე. მაგრამ იცვლება ცხოვრებაში რაღაცეები.
– როგორია შეყვარებული მარკუსი?
– გასული ამ პლანეტიდან. მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ, უფრო მეტად მოტივირებული ვხდები, ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. თუმცა, მე სულ შეყვარებული ვარ, რადგან არ მაკლია სიყვარული. არ დავმალავ, ქალებისგან და ვაჟებისგანაც იმდენი სიყვარული მაქვს ყოველდღიურად, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. არ დავიწყებ ჩემი კოლეგებივით იმაზე ლაპარაკს: იმდენი ქალი და კაცი მწერს, უაზრო კომპლექსები... მამაკაცებიც და ქალებიც, თანაბრად დიდ სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ.