ახალგაზრდა კაცმა უფროს ძმას თავის ცოლთან ინტიმური კავშირი არ აპატია
42 წლის მალხაზ ნ-შვილი სამართლადამცველებმა ძმის, 49 წლის კოტე ნ-შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, მან სანადირო თოფით გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა უფროს ძმას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ დანაშაულში ეჭვმიტანილ მალხაზ ნ-შვილს, რომელიც ტყეში იმალებოდა. მის დაკავებამდე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სანადირო თოფი, რომლითაც მან დანაშაული დაზარალებული ძმის სახლში ჩაიდინა.
რა გახდა ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რასაც მძიმე დანაშაული მოჰყვა, დაზარალებულის მხრიდან საიდუმლოებით იყო მოცული. დაჭრილი ამის შესახებ არაფერს ამბობდა, თავიდან ისიც კი თქვა, რომ სანადირო თოფი თვითონ გაუვარდა. მისი ჩვენების მიხედვით, სანადირო თოფი მალხაზ ნ-შვილს ეკუთვნოდა და ინციდენტამდე სამი დღით ადრე სთხოვა, რადგან მეგობრებთან ერთად სანადიროდ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. იმ დროს, როდესაც კოტე ნ-შვილის ბინაში ინციდენტი მოხდა, მას ცოლი და ორი შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაგზავნილი და ბინაში მარტო იმყოფებოდა. დაზარალებული კოტე ნ-შვილი აცხადებდა, რომ დილით თოფი გასაწმენდად აიღო და ამ დროს გავარდა. მისი ჩვენების მიხედვით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავდა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს, რომ სანადირო თოფი მამისგან მემკვიდრეობით უმცროს ძმას ერგო, უფროსი კი არც ნადირობით იყო გატაცებული, არც იარაღით და, შესაბამისად, ვერსია, რომ ის სანადიროდ აპირებდა წასვლას, ძალიან საეჭვო იყო. ამას გარდა, დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა მიყენებული, გასროლის ტრაექტორიის მიხედვით, გამორიცხული იყო, მას თავად მიეყენებინა საკუთარი თავისთვის.
რას და რატომ მალავდა დაზარალებული მამაკაცი და რეალურად რის გამო გაიმეტა ის უმცროსმა ძმამ სასიკვდილოდ, მოგვიანებით გახდა ცნობილი. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მეტიც, იმის გამო, რომ უმცროსი ძმა არ მუშაობდა და მთელ დროს ქუჩაში, უსაქმოდ, მთვრალ მდგომარეობაში ატარებდა, უფროსი ძმა ისე იყო გაბრაზებული, რომ მას სახლშიც კი არ უშვებდა. ძმების სახლები ერთმანეთთან ახლოს, ორასი მეტრის მოშორებით იდგა. უფროსი ძმა უმცროსის სახლს გვერდს ისე უვლიდა, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლესთან, ნაირა ნ-ოვასთან, რომელიც მის სახლშიც ხშირად მიდიოდა და, როგორც ძმების მეზობლები ამბობდნენ, ერთმანეთთან საეჭვოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გამოძიებისთვის ეს თემა გახდა ცნობილი, დაიწყო მოკვლევა და დადგინდა, რომ ინციდენტის დღეს, გამთენიისას, მეზობლებმა შეიტყვეს, რომ მალხაზ ნ-შვილი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამონაწერი მალხაზ ნ-შვილის მეზობლის ჩვენებიდან: „ჩემი სახლი მალხაზის სახლის გვერდითაა. დილით ძალიან ადრე შემომესმა მათი სახლიდან ჩხუბისა და მტვრევის ხმა. ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მალე მალხაზმა ცოლს ცემა დაუყო, რასაც ქალის განწირული კივილი მოჰყვა. მალხაზს ცოლი ადრეც ხშირად უცემია, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით დაუნდობლად სცემდა ნაირას, – ეტყობოდა, რომ ძალიან იყო გამწარებული. ჩხუბში მალხაზი თავის ძმასაც ახსენებდა, ნაირას ძალიან ცუდ სიტყვებს ეძახდა, და თავის ძმასთან ინტიმურ კავშირში ადანაშაულებდა.”
საქმის მასალების მიხედვით, რაც მოგვიანებით დადასტურდა დანაშაულში ეჭვმიტანილი მალხაზ ნ-შვილის ჩვენებითაც, მან ძმა, კოტე ნ-შვილი, თავის ცოლთან ინტიმურ კავშირში დაადანაშაულა და მას სანადირო თოფით შეიარაღებული, ეჭვიანობის ნიადაგზე გაუსწორდა. იმის მიუხედავად, რომ კოტე ნ-შვილი დანაშაულში ძმის მონაწილეობას არ აღიარებდა, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ინციდენტს იგი იმიტომ მალავდა, რომ რძალთან მისი გასაიდუმლოებული ურთიერთობა არ გამჟღავნებულიყო. დაკავებულმა მალხაზ ნ-შვილმა მოგვიანებით აღიარა ჩადენილი დანაშაული. მისი ჩვენების მიხედვით, თავისი ძმისა და ცოლის ურთიერთობის შესახებ მისთვის ნაცნობისგან გახდა ცნობილი.
ამონაწერი მალხაზ ნ-შვილის ჩვენებიდან: „ჩემი ნაცნობის, თანასოფლელი მამაკაცისგან შევიტყვე, რომ ჩემს ძმასა და ნაირას რომანი ჰქონდათ. ეს გავიგე ინციდენტამდე ერთი თვით ადრე. ნაირას შეპარვით ვკითხე, მერე კი მათ ურთიერთობას დავაკვირდი. ჩემი ძმა მე ვერ მიტანდა, მაგრამ ნაირასთან ახლოს იყო. გავიხსენე ბევრი დეტალი და მათი ახლო ურთიერთობა მართლაც საეჭვოდ მომეჩვენა. ნაირა სულ მეჩხუბებოდა, აბუჩად მიგდებდა: შენ ვის ჰგავხარ ასე უსაქმური და უმაქნისი, შენს ძმას შეხედე, ცოლ-შვილს არაფერს აკლებსო. ასე წაქეზებით უფრო მეტად შემაძულა კოტე. ინციდენტის წინა საღამოს სახლში არ ვიყავი. გვიან დავბრუნდი და ნაირა სახლში არ დამხვდა. ბავშვს ვკითხე, დედა სადაა-მეთქი. მეზობელ სოფელში წავიდა, ტანსაცმელი წაიღო გასაყიდადო. ჩემი ცოლი ტანსაცმლითა და წვრილმანებით ვაჭრობდა, მაგრამ ასე გვიანობამდე არსად რჩებოდა. იმ ღამეს ისე დაემთხვა, რომ სახლში ჩემი ძმაც არ იყო. ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა, მთელი ღამე ვუდარაჯე, მაგრამ არ მოვიდა. ნაირა სახლში გამთენიისას დაბრუნდა, ძალიან ვიყავი გაბრაზებული, ჩხუბი დავუწყე – სად იყავი-მეთქი. დამიღამდა და ნაცნობ ქალთან დავრჩიო, მითხრა, მაგრამ შევატყვე, რომ გამოუძინებელი და ღამენათევი იყო. ალბათ, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, რომ ჩემი ძმის მანქანის ხმა გავიგონე – ისიც დაბრუნდა სახლში. ეჭვით ისე ვიყავი გაბოროტებული, ვიფიქრე, რომ ღამით ისინი ერთად იყვნენ. ჯერ ნაირა ვცემე, მერე თოფი ავიღე და ჩემს ძმას, რომელიც სახლში შედიოდა, ვესროლე. ჩემმა საქციელმა მე თვითონ ისე შემაშინა, თოფი იქვე დავაგდე, გავიქეცი და, ორი დღე ტყეში ვიმალებოდი. მერე მწყემსისგან შევიტყვე, რომ ჩემი ძმა გადარჩა. სოფელში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ტყეში დამიჭირა პოლიციამ.”
მალხაზ ნ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა სასამართლო პროცესზეც, სადაც მას ცოლი, ნაირა ნ-ოვა დაუპირისპირდა და მამაკაცი ფიზიკურ ძალადობაში ამხილა. სასამართლომ მალხაზ ნ-შვილი დამნაშავედ ცნო ძმის მკვლელობის მცდელობისთვის და მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.