როგორ დაუბრუნა მილიციის ოფიცერმა 8 მილიონი მანეთი თბილისელ მაფიოზს
მთავარი მოლარე
გურამ ჩიჩუა, ეგრეთ წოდებული „უმაღლესი სასწავლებლების მაფიის“ მთავარი მოლარე იყო და კორუფციული ფული სწორედ „ყულაბასთან“ გროვდებოდა – სწორედ ამ მეტსახელს ეძახდნენ ჩიჩუას – რადგან ფორმითაც და შინაარსითაც სწორედ ყულაბას ჩამოჰგავდა იატაკქვეშა ქართველი მილიონერი, უზარმაზარღიპიანი გურამ ჩიჩუა... „უმაღლესი სასწავლებლების მაფიას“ კი იმ კომუნისტურ, კორუმპირებულ სისტემას უწოდებდნენ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით შესაბამისი გასამრჯელოს საფასურად აწყობდა აბიტურიენტებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ჩიჩუა ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი იყო, ყოველწლიურად ხვდებოდა მისაღებ კომისიაში, ვისაც აბიტურიენტის „ფულით მოწყობის“ სურვილი ჰქონდა, მისთვის უნდა მიემართა და თანხაც მისთვის გადაეხადა. ამგვარად, სწორედ ყულაბასთან მიდიოდა მთელი ფულის ნაკადი და აგვისტოს ბოლოს მის ბინაში 5-6 მილიონი მანეთი გროვდებოდა. გამოცდების დასრულების შემდეგ კი კორუფციული გზით შეგროვილი თანხა იყოფოდა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებზე, განათლების სამინისტროსა და ცეკაზე ნაწილდებოდა. რა თქმა უნდა, თავის 5 პროცენტს იღებდა ჩიჩუაც და იმდენი ფული დაუგროვდა ათწლიანი მაფიოზობის პერიოდში, რომ ვაკის პრესტიჟულ უბანში უზარმაზარი ორსართულიანი სახლი აიშენა და ახალ-ახალი „ვოლგით“ დადიოდა ყოველ სეზონზე. ჩიჩუას ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა – 16 წლის სალომე და 18 წლის გაიოზი. გოგონა სკოლას ამთავრებდა, ვაჟი კი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.
გამქრალი „ქეში“
ერთ-ერთი „მოსავლიანი სეზონის“ შემდეგ, როდესაც ყულაბას ბინაში 8 მილიონმა მანეთმა მოიყარა თავი, ტყავის უზარმაზარ ჩემოდანში ჩაწყობილი დასტები თავის ჩემოდნიანად გაქრა.
გურამ ჩიჩუას სამალავი შესასვლელში, სახლის პირველ სართულზე, საკიდის უკან ჰქონდა გაკეთებული და „ძვირფასი ჩემოდანი“ სწორედ იქ ჰქონდა შენახული. საიდუმლო სეიფი მექანიკურად იღებოდა და ერთ-ერთი საკიდის 360 გრადუსის მარცხნივ შემობრუნება სჭირდებოდა. სეიფის არსებობის შესახებ ჩიჩუამ და მისმა მეუღლემ – ნონამ იცოდნენ. 23 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ყულაბა სახლში დაბრუნდა, რომ 8 მილიონი მანეთი დანიშნულებისამებრ დაეხარისხებინა, რადგან მასთან ფულის წამღებები უნდა მისულიყვნენ თავიანთი წილებისთვის... ყულაბამ მექანიკური საკიდი გადაწია და, სეიფი რომ გაიღო, პატრონს ენა ჩაუვარდა და ადგილზე გაშეშდა – სეიფი ცარიელი იყო და ფულით სავსე ჩემოდანი არ ჩანდა. ყულაბა ათიოდე წუთი გაოგნებული იდგა. შემდეგ, ცოლს უხმო და ფულის დაკარგვის შესახებ უთხრა, თან ჰკითხა:
– ბავშვები სად არიან?
– სოჩაში გაემგზავრნენ ამ დილით, – მიუგო ქმარს არანაკლებად გაოგნებულმა ნონა ჩიჩუამ და დაამატა, – შენ რა, ბავშვებზე გაქვს ეჭვი?
– რვა მილიონი გაქრა, ქალო! – იღრიალა ყულაბამ, – ასეთ დროს საკუთარ თავს არ ენდობა კაცი და, რაებს ბოდავ, რის ბავშვები, შენ რა იცი, ვინ რა ქნა?
– ჩვენ გარდა ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და ბავშვები გამორიცხე. გამორიცხე შენი თავიც და ჩემზე იმუშავე. მოდი, დამკითხე, მზად ვარ. იქნებ მათქმევინო სიმართლე! – ისტერიულად აყვირდა ნონა ჩიჩუა.
– კარგი, გეყოფა, მოვიფიქრებთ რამეს... – მიუგო ცოლს ყულაბამ.
ქურდული გამოძიება
ყულაბას ქალ-ვაჟი სოჭის სასტუმრო „მოსკვას“ ლუქსში ცხოვრობდნენ და მან პირდაპირ ნომერში დაურეკა შვილებს და მოიკითხა. ბოლოს კი უთხრა:
– ახლავე წადით ტაქსით ადლერის აეროპორტში, იქ თქვენზე თბილისის რეისის ბილეთებია დაჯავშნილი და სასწრაფოდ გამოფრინდით. მანქანით დაგხვდებით. იჩქარეთ!
– ხომ მშვიდობაა. დედა როგორაა? – შეშინდნენ ყულაბას შვილები.
– კარგადაა, ნუ გეშინიათ. ჩქარა ქენით, გელოდებით! – მიუგო გურამ ჩიჩუამ შვილებს და ტელეფონი გათიშა.
სოჭი-თბილისის ავიარეისი საქართველოს დედაქალაქში ღამის 2 საათზე დაეშვა. ყულაბამ შვილები სახლში მიიყვანა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. გაიოზი მამას გამოუტყდა, რომ სეიფის არსებობის ამბავი კარგა ხანია იცოდა და იმასაც უწყოდა, რომ იქ ფულით სავსე ჩემოდანი იდო. ბოლოს ისიც გაირკვა, რომ მათი გამგზავრების წინა დღეს მან და მისმა ორმა უფროსმა მეგობარმა რესტორანში იქეიფეს, შემდეგ მარიხუანაც მოსწიეს და გაიოზმა მათთან დაიტრაბახა – ჩემი სახლის სამალავში ფულით სავსე ჩემოდანია შენახულიო...
გამწარებულმა ყულაბამ შვილს სილა სთხლიშა სახეში და გაარკვია, რომ მისი უფროსი მეგობრები ზაზა კაშია და ოთარ მახარაძე, მეტსახელად „მახო“ იყვნენ. ისიც გაცხადდა, რომ კაშია და მახარაძე და-ძმასთან ერთად გაემგზავრნენ სოჭში და იმ მომენტშიც იქ იმყოფებოდნენ. გაიოზმა მამას მათი მისამართი უთხრა, ყულაბამ კი თავის ნაცნობ ქურდებს, ომარ ხელაიასა და ანზორ ბაქნიძეს მიაკითხა დახმარების სათხოვნელად, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და 400 ათას მანეთს შეჰპირდა, თუკი ისინი ფულით სავსე ჩემოდანს დააბრუნებდნენ.
– ეს ჩემი წილია იმ რვა მილიონიდან და თქვენი იყოს. ოღონდ დანარჩენი ფული დააბრუნებინეთ იმ ბაცაცებს, თორემ, მომკლავენ, – უთხრა ყულაბამ ქურდებს.
– ბაზარი არ არის, ყულაბაჯან, იასნია, რომ მაყუთი იმ ნაბიჭვრების გაწეულია და დო კაპეიკ ჩაგაბარებთ ფოსტას, შემდეგ კი შენ იცი, რამდენს გამოხვალ, – დააიმედეს ქურდებმა გურამ ჩიჩუა, შემდეგ მას 2 ათასი მანეთი გამოართვეს და გამთენიისას სოჭში გადაფრინდნენ ზაზა კაშიასა და ოთარ მახარაძის „დასაკაჩავებლად“...
ბიჭებს ქურდები საწოლში დაადგნენ თავზე და ფული მოსთხოვეს, თუმცა ზაზამ და ოთარმა ყველაფერი იუარეს. ბიჭებს არც ქურდების მუქარის შეეშინდათ – გაგაფუჭებთო და „სუხოი ატკაზზე“ გავიდნენ. მაშინ გამოცდილმა ქურდებმა ხერხი იხმარეს მათ გამოსატეხად. ბაქნიძემ ბიჭებს უთხრა:
– ძმებო, ქურდები ვართ და უფლება არ გვაქვს, არაქურდულად მოვიქცეთ. მოიპარეთ და ღმერთმა შეგარგოთ. ფაშისტის მაყუთი თქვენზე ალალია, უბრალოდ, იმ ჩემოდანში ჩვენი ორი იარაღიც იდო. იარაღები კი გვჭირდება, მით უმეტეს, რომ დამწვარია – „ძაღლები” კუდზე აზიან და მხოლოდ პისტოლეტები დაგვიბრუნეთ.
– იქ მხოლოდ ფული იყო, იარაღები არ გვინახავს, – წამოსცდა ზაზა კაშიას, ეს კი საკმარისი იყო, რომ ქურდები დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ფული მათ ჰქონდათ და ბიჭებს ცემა დაუწყეს...
ქურდული გამოძიება კი იმით დასრულდა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ოთარ მახარაძის მამიდაშვილის, კოტე სანაძის ბინიდან ფულით სავსე ჩემოდანი წამოიღეს. ქურდობაც სწორედ სანაძის ჩადენილი იყო მახოს ნაკოლით.
სიხარბის საფასური
დანარჩენი მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა: ომარ ხელაიამ და ანზორ ბაქნიძემ არ ისურვეს ყულაბასთვის ფულის დაბრუნება, ის „გადააგდეს“ და მას მერე, რაც ფულის უმეტესი ნაწილი საიმედოდ გადამალეს, 30 ათასი მანეთით იალტაში გაემგზავრნენ
„გადაგდებულ“ ყულაბას ისღა დარჩენოდა, რომ საშველად მილიციისთვის მიემართა. ჩიჩუა პოდპოლკოვნიკ თემურ ჯანელიძეს დაუკავშირდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ჯანელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში მუშაობდა და ჩიჩუას მონათხრობი რომ მოისმინა, მიუგო:
– თავიდანვე ჩემთან უნდა მოსულიყავი და საქმე ასე არ გართულდებოდა, მაგრამ, ყველაფერი მოგვარდება, ორივეს ჩავავლებ, დავბერტყავ და ფულსაც დაგიბრუნებ, მაგრამ, ცოტა მე და ჩემს ბიჭებსაც უნდა გაგვიტეხო...
– ოთხასი ათასს მოგცემთ, მთელ ჩემს წილს, ოღონდ არ დამღუპოთ და ფული დააბრუნებინეთ, თორემ, მომკლავენ, – მიუგო ჯანელიძეს აკანკალებულმა ყულაბამ.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ პოდპოლკოვნიკმა ჯანელიძემ და მისმა ჯგუფმა ქურდებს ყირიმის ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს ნომერში მიაგნეს და იმ დროს წაადგნენ თავზე, როდესაც ისინი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ფორთოხლის წვენს სვამდნენ... მილიციელებმა მათ ნომერში 27 ათასი მანეთი და მორფის 80 ამპულა აღმოაჩინეს. ჯანელიძე პირადად აწარმოებდა ეგზეკუციას და ქურდებს ფულის ადგილსამყოფელი ათქმევინა. შემდეგ მარტო დაბრუნდა თბილისში, ფული ამოიღო და ყულაბას მიუტანა, თავისი 400 ათასი მანეთი აიღო, შეინახა და კვლავ ყირიმში გადაფრინდა. შემდეგ მილიციელებმა დატყვევებული ქურდები თავიანთ მორფიანად ერთად ადგილობრივ მილიციას ჩააბარეს და საქართველოს დედაქალაქში ერთად გადმოფრინდნენ...
ქურდები ყირიმში გაასამართლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 6-6 წელი მიუსაჯეს, შემდეგ კი ეტაპით ციმბირში გაუშვეს...
P.S. არაკეთილსინდისიერი ქურდები და ოთარ მახარაძე, იგივე მახო, 4 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს ტიუმენის ერთ-ერთ კოლონიაში. მახო იქ ქურდობითვის იხდიდა სასჯელს, კანონიერი ქურდობისთვის ემზადებოდა და, ძველი ნაცნობები რომ ნახა, ზონაში მყოფ ქურდებს ყველაფერი მოუყვა... სხოდკაზე ხელაიასა და ბაქნიძეს ტიტულები აჰყარეს, მახო კი ქურდად აკურთხეს. ასე გადაუხადა სამაგიერო პატარა თბილისელმა ბიჭმა არაკეთილსინდისიერ ქურდებს მათი სიხარბისთვის...