ვინ დაპატიჟა მონაკოში ახალი თავგადასავლისთვის ჯანეტ ქერდიყოშვილი და სად იზღუდება ის და არ არის თავისუფალი
„მის საქართველოს“, ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – მალე მშვენიერი „მისი“ საზოგადოების წინაშე როგორც დიზაინერი, ისე წარდგება. ამ მხრივ მან უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ახლო მომავალში ამ სფეროში მეტი ცოდნის მიღებასა და პროფესიონალურ დონეზე დაუფლებას გეგმავს.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: ჩემთვის ცოტა გვიან დაიწყო ზაფხული, ანუ, დასვენებას ვგულისხმობ. თუმცა, რამდენიმე დღეში მივფრინავ ევროპაში, სადაც ჩემი მეგობარი, „მის უკრაინა“ მეპატიჟება. მანამდე ვიყავი კიევში, სადაც „მის უნივერს უკრაინაზე“ დამპატიჟეს საპატიო სტუმრის სტატუსით. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ძალიან ლამაზად და კარგად წარმადგინეს დამსწრე საზოგადოების წინაშე და, გარდა ამისა, ყველა კონკურსანტს ორგანზისგან და აბრეშუმისგან გაკეთებული აქსესუარები ვაჩუქე და, ჩემი, როგორც დიზაინერის დებიუტი უკრაინაში შედგა. ეს მცირედი იყო, მაგრამ მოეწონათ. მეორე დღეს გამარჯვებულმა გოგონამ გაიკეთა ჩემი შარფი და სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც: დიდი მადლობა ჯანეტს, რომ ასეთი ლამაზი აქსესუარი მაჩუქაო. უკრაინაში დაახლოებით ორი წელი ვცხოვრობდით, მას მერეც ხშირად ჩავდიოდით და სულ მეგონა, რომ კიევს ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. ჩემმა მეგობარმა, „მის უკრაინამ“ – ანამ სიურპრიზი გამიკეთა – ექსკურსია მომიწყო მთელ კიევში. თვითონ არ იყო ჩამოსული, იფიქრა, მარტომ რა უნდა აკეთოსო, დამახვედრა ავტომობილი თავისი გიდით და დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე საოცარი ექსკურსია გამომივიდა, დაუვიწყარი – იმდენი რამ გავიგე კიევზე, იმდენი ისტორია მოვისმინე... სულ სხვა კიევი დამანახვეს, ულამაზესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ქალაქი ყოფილა. სხვათა შორის, მე და ანამ მონაწილეობა მივიღეთ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინისა და საქართველოს მეგობრობას და ასევე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ 21 ქართველს, რომლებიც უკრაინისთვის ქართული სულისა და გმირობის მაგალითი გახდნენ. ერთ-ერთ პარკში ამ ყველაფრის აღსანიშნავად ხეები დავრგეთ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე ნინო დანელია და უკრაინის საელჩოს მთავარი მრჩეველი ალექსანდრე ყიფიანი. თბილისში რომ ჩამოვედი, სურვილი მქონდა, გიდი ამეყვანა და დაწვრილებით შემეტყო ყველაფერი ჩვენს დედაქალაქზე. ახლა ანა მონაკოში მეპატიჟება – დედამისის დაბადების დღეა, იქ იხდის და წინ საინტერესო თავგადასავალი მელის.
– უკვე დაგეგმე, როგორ გაატარებ დროს მონაკოში?
– დაახლოებით 10 დღე ვიქნები იქ და შემდეგ იტალიაში ვაპირებ გამგზავრებას. ზღვის კურორტზე მინდა წასვლა, ვნახოთ, ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩემი მეგობარი ნინო მოდის და, შეიძლება, ჯეკო და მისი მეგობარიც ჩამოვიდნენ. ეს უფრო განსხვავებული იქნება მონაკოსგან. რადგან ხშირად კლასიკურად მაცვია და მაკიაჟი მაქვს გაკეთებული, ბევრი მეუბნება: „უი, შენ 23 წლის ხარ? მე უფრო მეტის მეგონე...” როდესაც ისეთ ქალაქში მივდივარ, სადაც ვისვენებ და არავინ მიცნობს, მაშინ ის ბავშვური მომენტები, რომლებიც ჩემში ბევრია, უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ქალური, „დასტოინი”. ამიტომ, იტალიაში ჩასვლას უფრო მეტად ველოდები, ვიდრე მონაკოში წასვლას. მონაკოში უფრო შენი სტატუსის ჩვენების პერიოდია – ვინ რა მანქანით მივიდა, ვის რა აცვია... ეს, ერთი მხრივ, მიხარია, მაგრამ, მეორე მხრივ, დაძაბული ვიქნები და ვერ მოვეშვები. თინეიჯერული სიტუაცია უფრო მესიამოვნებოდა. ამიტომაც მიყვარს ბარსელონა – ცეცხლოვანია, ახალგაზრდული, არ გბეზრდება, ბოლომდე თავისუფალი ხარ, სიტუაცია არაფერში გზღუდავს. თან, ჩვენც გვგვანან რაღაცით, ისევე, როგორც იტალიელები. ფრანგები უფრო თავშეკავებულები არიან.
– საქართველოში ყოფნისას უფრო მეტად ხარ შეზღუდული?
– საერთოდ არ ვარ თავისუფალი, ვიზღუდები. არადა, ზოგჯერ მინდა, რომ შევიდე მაღაზიაში, რაღაც ვიყიდო, მაგრამ შანსი არ არის, ჩურჩული არ გაიგო: „ეს ის არ არის?” პატარა რომ ვიყავი, ეს მსიამოვნებდა, მაგრამ ახლა ვიზღუდები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიამოვნოა, უბრალოდ, ზოგჯერ გაქვს მომენტი, როდესაც უცხო ადამიანებთან არ გინდა კონტაქტი.
– ცოტა ხნის წინ დიზაინერობა დაიწყე. მომიყევი, რა ეტაპზეა შენი ახალი საქმე?
– შარფებით დავიწყე. ვხატავ და მერე მკერავს ვუხსნი, რა როგორ გავაკეთო. ღილების დაკერება და ასეთი რაღაცეებიც მეხერხება. არ მინდა, ეს ისე გამოვიდეს, რომ თქვან: მოუნდა დიზაინერობა და დაიწყოო. არ მინდა, თვითნასწავლი ვიყო, რადგან, რასაც ხელს ვკიდებ, ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. ჯერჯერობით ჩემით ვსწავლობ ყველაფერს, 10-15 მკერავი მყავს, ვისთანაც დავდივარ და რაღაცეებს ვაკერინებ, თან ვსწავლობ. იქიდან ამოვარჩევ რამდენიმე ადამიანს და ჩემს ატელიეს გავხსნი. ასევე, მინდა უცხოეთში წავიდე და ეს საქმე კარგად ვისწავლო. ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. ბევრ რამეში გამოვცადე საკუთარი თავი, მაგრამ ვერცერთში ვერ ვგრძნობდი თავს ისე, რომ მეფიქრა – აქ უნდა დავრჩე-მეთქი. ეს საქმე კი ძალიან მომწონს და მსიამოვნებს კეთება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მომწონს. დიდი შრომაა, მაგრამ დიდ სიამოვნებასაც ვიღებ. მე ვერ ვიქნები ექსტრავაგანტური დიზაინერი, ჩემი კოლექციები კლასიკური იქნება, დახვეწილი, უფრო „დიორის სახლის“ განხრით წავალ. ალბათ, გავაკეთებ იმას, რასაც თავად ჩავიცვამდი.
– როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?
– ოჯახი ამას ისე უყურებს, როგორც ჩემს მორიგ გატაცებას, მაგრამ, მალე დავუმტკიცებ, რომ ეს არ არის გატაცება. სახელიც უკვე მოფიქრებული მაქვს, ლოგოც ჩემი ხელით გავაკეთე. პირველ კოლექციაზეც კი მაქვს ნაფიქრი, რომელიც მინდა, დედაჩემს მივუძღვნა და მასში გადმოვიტანო ის სითბო, რასაც ყველა დედა აძლევს შვილს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ გაიწელება დროში: როგორც კი ჩამოვალ ევროპიდან, დავიწყებ და სერიოზულად მივხედავ საქმეს, თან, ახალი იდეებითა და გეგმებით ვიქნები სავსე.